გაკვეთილი 10
სწორად წარმოთქმა გამართულ, სასაუბრო სტილში
1–4. ჩამოთვალე გაუმართავი მეტყველების მიზეზები და ნიშნები.
1 აუდიტორიის წინაშე მოხსენების წარმოთქმისას ატყობ საკუთარ თავს, რომ ხშირად ეძებ საჭირო სიტყვებს? ხმამაღლა კითხვისას ბრკოლდები გარკვეულ გამოთქმებზე? თუ ასეა, შენ პრობლემა გაქვს გამართულ მეტყველებასთან დაკავშირებით. გამართულად მეტყველებს ის, ვისაც არ უჭირს სიტყვების პოვნა. ეს არ ნიშნავს „ენაკვიმატ“ პიროვნებას, რომელიც უაზროდ და არაგულწრფელად ისვრის სიტყვებს. ლაპარაკია ლოგიკურად ჩამოყალიბებულ, სასიამოვნო და ადვილად მოსასმენ მოხსენებაზე. გამართულ მეტყველებას რჩევების ბლანკზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
2 მოხსენებაში გაუმართავ მეტყველებას ხშირად ის იწვევს, რომ მომხსენებელს არა აქვს ნათელი წარმოდგენა მასალაზე და არასაკმარისად არის მომზადებული. ის აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სიტყვათა მარაგის სიღარიბემ ან ცუდად შერჩეულმა სიტყვებმა. გაუმართავი კითხვა, ჩვეულებრივ, ხმამაღლა კითხვაში გაუვარჯიშებლობის შედეგია, თუმცა დაბრკოლება ან მერყეობა სიტყვების უცოდინრობამაც შეიძლება გამოიწვიოს. სამქადაგებლო მსახურებაში გაუმართავი მეტყველების მიზეზია ზემოხსენებული ფაქტორები, რასაც ემატება გაუბედაობა ან ყოყმანი. ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, რადგან ზოგ შემთხვევაში მსმენელი, პირდაპირი მნიშვნელობით, მიგატოვებს. სამეფო დარბაზში მსმენელი, პირდაპირი მნიშვნელობით, ვერ მიგატოვებს, მაგრამ ისინი გონებადაფანტულები ისხდებიან, და შენი ნათქვამიდან ბევრი რამე დაიკარგება. ასე რომ, ეს სერიოზული საკითხია; გამართული მეტყველება ნამდვილად საჭირო თვისებაა.
3 მრავალ მომხსენებელს აღელვებისას ჩვევად აქვს ლაპარაკში ჩართოს ისეთი ბგერები, როგორიცაა „ე-ე. . .“ ან სხვა მსგავსი „სიტყვის კუდები“. თუ არ იცი, რამდენად ხშირად ხმარობ მოხსენებაში ასეთ ბგერებს შეიძლება ვინმესთვის გეთხოვა, მოესმინა და ყოველ თქმაზე გაემეორებინა ისინი. შენ შეიძლება გაოცდე.
4 ზოგი ყოველთვის იმეორებს თავის ნათქვამ სიტყვებს, ანუ იწყებს წინადადებას, შემდეგ წყვეტს და ყველაფერს ისევ თავიდან იწყებს. თუ შენც გაქვს ეს ცუდი ჩვევა, ეცადე ყოველდღიურ საუბრებში დასძლიო ის. შეგნებული ძალისხმევა მოახმარე იმას, რომ ჯერ იფიქრო და გონებაში ნათლად ჩამოაყალიბო აზრი, შემდეგ კი ყოველგვარი შეყოვნებისა და შუაზე გაწყვეტის გარეშე გადმოსცე მთლიანად.
5–10. რა რჩევებია მოცემული მომხსენებლისთვის მეტყველების გასაუმჯობესებლად?
5 კიდევ ერთი რამ. ჩვეულებრივ, აზრები სიტყვების საშუალებით გადმოიცემა. ამიტომ სიტყვები ბუნებრივად უნდა მოდიოდეს, თუ ზუსტად იცი, რის თქმაც გინდა. სიტყვებზე აღარ გჭირდება ფიქრი. ფაქტიურად, პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა ყურადღება იმისთვის მიგექცია, რომ აზრი გონებაში ნათლად ჩამოგეყალიბებინა და სიტყვებზე მხოლოდ წარმოთქმისას გეფიქრა. თუ ასე იქცევი და სიტყვებზე ფიქრის ნაცვლად, ფიქრობ იმ აზრზე, რომელიც უნდა თქვა, სიტყვები თავისთავად წარმოიშობა და აზრები ისე იქნება გადმოცემული, როგორც სინამდვილეში გინდოდა. მაგრამ როგორც კი აზრების ნაცვლად, სიტყვებზე დაიწყებ ფიქრს, მაშინვე ენა დაგებმება.
6 თუ სიტყვების მარაგის სიმცირის გამო გიჭირს გამართული მეტყველება, მაშინ მის შესავსებად აუცილებელია გარკვეული რეგულარული მეცადინეობა. „საგუშაგო კოშკსა“ და საზოგადოების სხვა პუბლიკაციებში მონიშნე შენთვის უცხო სიტყვები და ზოგიერთი მათგანი ყოველდღიურ საუბრებში გამოიყენე.
7 რადგან გაუმართავი კითხვა, ჩვეულებრივ, უცნობი სიტყვებითაა განპირობებული, თუ ეს შენი პრობლემაც არის, კარგი იქნებოდა, სისტემატურად გევარჯიშა ხმამაღლა კითხვაში.
8 ამის გაკეთების ერთ-ერთი ხერხი ასეთია: ამოარჩიე ერთი ან ორი აბზაცი და ყურადღებით იკითხე უხმოდ, ვიდრე ამ მონაკვეთის მთელი აზრები შენთვის ნათელი არ გახდება. გამოყავი აზრობრივი დატვირთვის მქონე წინადადებები და, თუ აუცილებელია, ხაზი გაუსვი მათ. შემდეგ ივარჯიშე ამ ნაწილის ხმამაღლა კითხვაში. მანამდე იკითხე, ვიდრე ყოველ აზრს ყოველგვარი უადგილო შეყოვნების გარეშე არ წაიკითხავ.
9 უცნობი და ძნელი სიტყვები იქამდე უნდა იმეორო, სანამ არ გაგიადვილდება მათი წარმოთქმა. მას შემდეგ, რაც შეძლებ ამ სიტყვის ცალკე წარმოთქმას, იკითხე ამ სიტყვის შემცველი მთლიანი წინადადება მანამ, სანამ წინადადებაში მას ისევე ადვილად არ წაიკითხავ, როგორც შენთვის უფრო კარგად ცნობილ სიტყვებს.
10 რეგულარულად ივარჯიშე ხმამაღლა კითხვაშიც. მაგალითად, ყოველთვის ხმამაღლა იკითხე ყოველდღიური მუხლი და მისი კომენტარი. ჩვევად გაიხადე, კითხვის დროს დაინახო იმ სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გადმოსცემს, და არა ცალკეული სიტყვები. თუ ვარჯიშობ, შეძლებ დაეუფლო გამართულ მეტყველებასა და კითხვაში დამხმარე ამ მნიშვნელოვან პუნქტს.
-•-◂▸-•-
11–15. როგორ არის სასაუბრო სტილი დამოკიდებული გამოყენებულ გამოთქმებზე?
11 კიდევ ერთი სასურველი ნიშან-თვისება, რომელიც მოხსენებას უნდა ჰქონდეს, რჩევების ბლანკზე მოცემულია როგორც „სასაუბრო სტილი“. მას შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებ, მაგრამ იყენებ მოხსენების წარმოთქმის დროს? რატომღაც პიროვნებები, რომლებიც ადვილად ამყარებენ ურთიერთობას ადამიანთა დიდ ჯგუფებთანაც კი, ხშირ შემთხვევაში ძალიან ოფიციალურები და რამდენადმე „ჭკუის დამრიგებლები“ ხდებიან, როდესაც მათ სთხოვენ, წინასწარ მოემზადონ „მოხსენების წარმოსათქმელად“. მაგრამ დიდი აუდიტორიის წინაშე მოხსენების წარმოთქმის ყველაზე ეფექტური სტილი სასაუბრო სტილია.
12 გამოყენებულია სასაუბრო გამოთქმები. სასაუბრო სტილის ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული მასში გამოყენებულ გამოთქმებზე. გეგმის მიხედვით წარმოსათქმელი მოხსენების მომზადების დროს გამოთქმების ზუსტად ისე გამეორება, როგორც დაწერილია, არ არის კარგი. წერის სტილი განსხვავდება სალაპარაკო სტილისგან. ამიტომ ეს დაწერილი აზრები შენებურად გამოთქვი. მოერიდე ჩახლართული სტრუქტურის წინადადებების გამოყენებას.
13 სცენაზე წარმოთქმული მოხსენება შენს ყოველდღიურ გამოთქმებს უნდა ირეკლავდეს. მოერიდე მაღალფარდოვანი სიტყვების გამოყენებას. და მაინც, შენ მიერ მომზადებული მოხსენება უკეთესად იქნება გადმოცემული, ვიდრე ჩვეულებრივ ლაპარაკობ, ვინაიდან აზრები გულმოდგინედ გაქვს წინასწარ მოფიქრებული და მათ ბევრად უფრო გამართულად გადმოსცემ. ამიტომ შენი გამოთქმების კონსტრუქციაც უკეთესად უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
14 ეს ხაზგასმით მიანიშნებს, რომ მნიშვნელოვანია ყოველდღიური ვარჯიში. ილაპარაკე ბუნებრივად. მოერიდე ჟარგონების გამოყენებას. მოერიდე ერთი და იმავე გამოთქმებისა და ფრაზების გამოყენებას ნებისმიერი აზრის გადმოსაცემად. ისწავლე აზრიანი ლაპარაკი. ღირსეულად ილაპარაკე ყოველდღიურ საუბრებში და სცენაზე სიტყვები ბევრად უფრო თავისუფლად წამოვა და შეძლებ სასაუბრო სტილში ლაპარაკს, რომელიც ხატოვანი, მარტივი და მისაღები იქნება ნებისმიერი აუდიტორიისთვის.
15 ეს განსაკუთრებით კარგია სამქადაგებლო მსახურების დროს. და, როდესაც სკოლაში დავალების შესრულებისას მობინადრეს ესაუბრები, ეცადე ის ბუნებრივი და უბრალო გამოთქმები გამოიყენო, რომლებსაც სამქადაგებლო მსახურებაში გამოიყენებდი. ეს მოხსენებას არაოფიციალურსა და რეალურს გახდის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სამქადაგებლო მსახურებაში უფრო ეფექტური შეთავაზებების გაკეთებაში დაგახელოვნებს.
16–19. აღნიშნე თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს სასაუბრო სტილში წარმოთქმამ?
16 სასაუბრო სტილში წარმოთქმა. სასაუბრო სტილი მხოლოდ გამოყენებულ გამოთქმებზე არ არის დამოკიდებული. აგრეთვე მნიშვნელოვანია წარმოთქმის მანერა, ანუ სტილი. ამაში შედის ხმის ტონი, ინტონაცია და გამოთქმის ბუნებრიობა. ეს არის ყოველდღიური საუბარივით თავისუფალი საუბარი, თუმცა ის მსმენელებისკენაა მიმართული.
17 სასაუბრო სტილში წარმოთქმა მაღალფარდოვანი ლაპარაკის საპირისპიროა. ის მოკლებულია „ჭკუის სწავლების“ ყოველგვარ ელემენტსა და ნებისმიერ ხელოვნურობას.
18 ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დამწყები მომხსენებლები ხშირად კარგავენ სასაუბრო სტილს, არის მასალის წინასწარ მომზადებისას გამოთქმების უდიდესი გულმოდგინებით მომზადება. ნუ იფიქრებ, რომ მოხსენების სათანადოდ მომზადება თემის გაზეპირებას ნიშნავს. გეგმის მიხედვით წარმოსათქმელი მოხსენების მომზადებისას ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს იმ აზრების გამეორებაზე, რომლებიც უნდა გადმოიცეს. ისინი მანამდე უნდა იმეორო, სანამ შენს გონებაში ერთმანეთის მიყოლებით, თანამიმდევრულად არ დალაგდება. თუ ისინი ლოგიკურად ვითარდება და კარგად არის დაგეგმილი, ეს ძნელი არ იქნება და მოხსენების წარმოთქმის დროს გაგიადვილდება აზრების თავისუფლად და მარტივად გადმოცემა. აქედან გამომდინარე, თუ მოხსენებას წარმოთქვამ იმ სურვილით, რომ მსმენელს რაღაც გადასცე, ის სასაუბრო სტილში უნდა წარმოთქვა.
19 ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შეგიძლია ამისთვის თავის გართმევა, არის აუდიტორიაში სხვადასხვა პიროვნებებთან საუბარი. ერთ გარკვეულ მომენტში ელაპარაკე უშუალოდ ერთ პიროვნებას. წარმოიდგინე, რომ მან კითხვა დაგისვა და შემდეგ უპასუხე მის შეკითხვას. აზრის განვითარებისას წარმოიდგინე, რომ მოცემულ პიროვნებას განმარტოებით ესაუბრები. შემდეგ გადადი აუდიტორიაში მყოფ სხვა პიროვნებაზე და იგივე გაიმეორე.
20–23. როგორ შეიძლება კითხვას ბუნებრივი ჟღერადობა მიეცეს?
20 როდესაც მოხსენების წარმოთქმისას კითხვა გიწევს, სასაუბრო სტილის შენარჩუნებაში დახელოვნება ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პუნქტია, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანიც. დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას უმეტესწილად, რასაკვირველია, გიწევს მოხსენებაში შემავალი ბიბლიური მუხლების კითხვა. ბიბლია გრძნობებით უნდა იქნეს წაკითხული და უნდა ჩანდეს, რომ გესმის წაკითხულის მნიშვნელობა. ის ცოცხლად უნდა იქნეს წაკითხული. მეორე მხრივ, ღვთის ჭეშმარიტი მსახურები არასოდეს შეიცვლიან ხმის ტონს ფარისევლურად, როგორც ამას სამღვდელოება აკეთებს. იეჰოვას მსახურები მის სიტყვას წაიკითხავენ ბუნებრივი ხაზგასმით და ყოველგვარ თვალთმაქცობას მოკლებული ნამდვილი გრძნობით, რასაც ამ წიგნის ცოცხალი ენა იმსახურებს.
21 იგივე შეიძლება ითქვას „საგუშაგო კოშკის“ ან წიგნის შესწავლაზე აბზაცების წაკითხვის შესახებ. ამ შემთხვევებშიც გამოთქმებისა და წინადადებების სტრუქტურა არ არის სასაუბრო სტილში, ამიტომ ყოველთვის სასაუბრო სტილში ვერ წაიკითხავ მათ. მაგრამ, თუ გესმის წაკითხულის შინაარსი და კითხულობ რაც შეიძლება ბუნებრივად და გამოთქმით, შენი ხმა ხშირად შეიძლება ისევე ჟღერდეს, როგორც გეგმის მიხედვით წარმოსათქმელი მოხსენების გადმოცემისას, თუმცა, შესაძლოა, ჩვეულებრივთან შედარებით ცოტა ოფიციალური ჩანდეს. ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვს წინასწარ მოემზადო, ჩვევად გაიხადე, დასვა რაღაც დამხმარე ნიშნები, და გააკეთე ყველაფერი, რის ძალაც შეგწევს, რათა მასალა ბუნებრივად გადმოსცე.
22 სასაუბრო სტილში კითხვისა და ლაპარაკის დროს მთავარია გულწრფელობა და ბუნებრიობა. დაე შენი სიტყვები გამომდინარეობდეს სუფთა გულიდან, რომელიც მსმენელისადმი საუკეთესო გრძნობებითაა სავსე.
23 დახვეწილი ენით, ისევე როგორც დახვეწილი მანერებით, შეუძლებელია მხოლოდ დროდადრო ისარგებლო. მაგრამ, თუ ყოველდღიურ საუბრებში დახვეწილ ენას იყენებ, ეს შესამჩნევი იქნება სცენაზე გამოსვლის დროსაც, ისევე როგორც, სახლში გამოვლენილი კარგი მანერები საზოგადოებაშიც ვლინდება.
-•-◂▸-•-
24, 25. რატომ არის გამოთქმების დამახინჯება არასასურველი?
24 გამოთქმა. მნიშვნელოვანია სწორად გამოთქმაც და ის რჩევების ბლანკზე ცალკეა მოცემული. ვინაიდან ყველა ქრისტიანი არ არის საკმაოდ განათლებული, ისევე როგორც პეტრესა და იოანეზე ამბობდნენ, რომ უწიგნური და უბრალო ადამიანები არიანო, მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ გამოთქმების დამახინჯებით ცნობის მნიშვნელოვნების შესუსტება. თუ სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, ეს ადვილი გამოსასწორებელია.
25 თუ პიროვნებას ძალიან ცუდი გამოთქმა აქვს მან შეიძლება მსმენელს არასწორადაც კი გადასცეს აზრები, რაც, რასაკვირველია, არასასურველია. როცა არასწორად გამოთქმულ სიტყვას ისმენ, ეს გონებაში შუქნიშნის წითელი შუქის მსგავსად ინთება. შეიძლება შეწყვიტო კიდეც არგუმენტაციის მოსმენა და არასწორად წარმოთქმულ სიტყვაზე დაიწყო ფიქრი. ამან კი შენი ყურადღება შეიძლება ნათქვამიდან წარმოთქმის ფორმაზე გადაიტანოს.
26, 27. რა სიძნელეებია აღსანიშნავი გამოთქმასთან დაკავშირებით?
26 შეიძლება მოვიხსენიოთ გამოთქმასთან დაკავშირებული პრობლემების ორი ზოგადი ტიპი. პირველი, გამოთქმა შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ იმდენად მაღალფარდოვანი და ისე მკვეთრი, რომ არაბუნებრიობის და, შეიძლება, ქედმაღლობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდეს, რაც არასასურველია. მეორე პრობლემაა უგულისყურო საუბარი, რომელიც ხასიათდება სიტყვების გამუდმებით ჩაყლაპვით, მარცვლების გამოტოვებით ან სხვა მსგავსი რამეებით. საჭიროა ამის თავიდან აცილება.
27 საერთოდ, ყოველდღიურ საუბარში ჩვენთვის კარგად ცნობილ სიტყვებს ვიყენებთ; ამიტომ მათი წარმოთქმა ჩვენთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. უდიდესი პრობლემა წამოიჭრება კითხვის დროს. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს ბევრის კითხვა უწევთ როგორც პირადად, ისე სხვებთანაც. კარდაკარ მსახურებისას ხალხს ბიბლიას ვუკითხავთ. ზოგჯერ გვთხოვენ „საგუშაგო კოშკის“, ბიბლიის საშინაო ან კრების წიგნის შესწავლაზე აბზაცების წაკითხვას. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად, სწორი გამოთქმით წაკითხვა. თუ ასე არ ვაკეთებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ გვესმის, რასაც ვკითხულობთ. ეს ყურადღებასაც ფანტავს.
28–32. როგორ შეიძლება ვინმეს გამოთქმის გაუმჯობესებაში დაეხმარო?
28 არასწორი გამოთქმების დროს რჩევების მიცემისას საჭირო არ არის გადაჭარბება. თუ საქმე ეხება ერთ ან ორ სიტყვას, პირადი რჩევა საკმარისია. მაგრამ ზოგჯერ მაშინაც კი, როცა მოხსენებაში არასწორად არის წარმოთქმული მხოლოდ რამდენიმე სიტყვა, და ეს ის სიტყვებია, რომლებსაც რეგულარულად ვიყენებთ მსახურებაში ან ყოველდღიურ საუბრებში, სასარგებლო იქნებოდა, თუ სკოლის ზედამხედველი ყურადღებას გაამახვილებდა მათზე, რათა მოსწავლემ ისწავლოს მათი სწორად წარმოთქმა.
29 მეორე მხრივ, თუ ბიბლიიდან კითხვისას მოწაფე არასწორად წარმოთქვამდა ერთ ან ორ ებრაულ სახელს, ეს არ იქნებოდა მაინცდამაინც დიდი შეცდომა. მაგრამ, თუ ბევრი სახელი იქნებოდა არასწორად წარმოთქმული, ეს მოუმზადებლობის მაჩვენებელია და საჭიროა რჩევის მიცემა. მოწაფეს უნდა დაეხმარონ, რათა ისწავლოს სწორი გამოთქმა და შემდეგ გამოიყენოს.
30 ასევეა გადაჭარბებული არტისტიზმით წარმოთქმის დროსაც. თუ ამას გამუდმებული სახე ეძლევა და ფანტავს ყურადღებას, მოწაფეს დახმარება უნდა გაეწიოს. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სწრაფად საუბრისას მრავალს აქვს სიტყვების ჩაყლაპვისადმი მიდრეკილება. ამ შემთხვევაში არავითარი რჩევა არ არის საჭირო, მაგრამ, თუ ეს ხშირად მეორდება და მოწაფე გამუდმებით ყლაპავს სიტყვებს, რის გამოც მისი საუბარი ძნელი გასაგებია ან მცირდება ინფორმაციის მნიშვნელოვნება, მიზანშეწონილი იქნებოდა გარკვევით გამოთქმის საკითხში გარკვეული დახმარების აღმოჩენა.
31 გამოთქმების გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალებაა ისეთ ვინმესთან კითხვა, რომელსაც კარგი გამოთქმა აქვს, როცა მას სთხოვ, ყოველი შეცდომის დაშვებისას გაგაჩეროს და შეგისწოროს.
32 კიდევ ერთი საშუალებაა ყურადღებით მოუსმინო კარგ მომხსენებლებს. მოსმენისას იფიქრე; ყურადღება მიაქციე იმ სიტყვებს, რომლებსაც ისინი შენგან განსხვავებულად წარმოთქვამენ. ჩაიწერე ეს სიტყვები; შეამოწმე ისინი ლექსიკონში და ივარჯიშე მათ სწორად წარმოთქმაში. მალე შენც სწორი გამოთქმა გექნება. გამართული მეტყველება, სასაუბრო სტილი და სწორი გამოთქმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შენს მეტყველებას.