გაკვეთილი 18
თავდაჭერილობა და გარეგნობა
1–9. განმარტე, რა არის დაჯერებულობა და თავდაჭერილობა და აღნიშნე, თუ როგორ შეიძლება მათი შეძენა.
1 თავდაჭერილი მომხსენებელი თავს თავისუფლად გრძნობს. ის მშვიდი და თავშეკავებულია, ვინაიდან სიტუაციას აკონტროლებს. ამის საპირისპიროდ, თავდაჭერილობის უქონლობა დაჯერებულობის ნაკლებობაზე მიუთითებს. ეს ორი რამ მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ამიტომ „დაჯერებულობა და თავდაჭერილობა“ რჩევების ბლანკზე ერთ პუნქტად არის მოცემული.
2 მაშინ, როცა სასურველია, რომ მომხსენებელმა გამოავლინოს დაჯერებულობა და თავდაჭერილობა, ის არ უნდა აგვერიოს თავდაჯერებულობაში, რომელიც ყოყოჩობით, მედიდურობით, სკამზე მოშვებულად ჯდომით ან კარდაკარ ქადაგებისას კარის წირთხლზე დაუდევრად მიყრდნობით ვლინდება. თუ შენს მოხსენებაში რამე თავდაჯერებულობაზე მიუთითებს, სკოლის ზედამხედველი, ეჭვგარეშეა, პირად რჩევას მოგცემს, რადგან ის დაინტერესებულია, დაგეხმაროს ყოველგვარი ისეთი შთაბეჭდილების დატოვების დაძლევაში, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოს ეფექტურ მსახურებაში.
3 მაგრამ, თუ დამწყები მომხსენებელი ხარ, ალბათ, სცენაზე გამოსვლისას თავს შეზღუდულად და უხერხულად იგრძნობ. შეიძლება ნამდვილად ნერვიულობ ან მორცხვი ხარ, რაც შენში იმის გრძნობას იწვევს, რომ მოხსენება არაეფექტური გამოგივა. ასე არ უნდა იფიქრო. დაჯერებულობისა და თავდაჭერილობის შეძენა შესაძლებელია გულმოდგინე ძალისხმევითა და ამ თვისებების უქონლობის მიზეზის ცოდნით.
4 რატომ არა აქვს ზოგ მომხსენებელს დაჯერებულობა? ჩვეულებრივ, ორიდან ერთი ან ორივე მიზეზის გამო. პირველია მოუმზადებლობა ან მასალაზე არასწორი წარმოდგენა. მეორე, საკუთარ ორატორულ მონაცემებზე უარყოფითი თვალსაზრისი.
5 რამ შეიძლება შეგმატოს დაჯერებულობა? ძირითადად იმის ცოდნამ და რწმენამ, რომ შეგიძლია მიზნის მიღწევა. იმაში დარწმუნებამ, რომ ფლობ სიტუაციას და აკონტროლებ მას. სცენაზე გამოსვლისას ამისათვის შესაძლოა გარკვეული გამოცდილება იყოს საჭირო. რამდენიმე მოხსენების წარმოთქმის შემდეგ საფუძვლიანი მიზეზი გაქვს, გჯეროდეს, რომ ამჯერადაც ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ მაშინაც კი, როცა შედარებით ახალი მომხსენებელი ხარ, ადრე წარმოთქმულმა მოხსენებებმა ძალა უნდა შეგმატოს; ასე რომ, ეს საშუალებას მოგცემს მალე გარკვეულწილად განავითარო ეს თვისება.
6 მიუხედავად იმისა, გამოცდილი მომხსენებელი ხარ თუ არა, დაჯერებულობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მასალის ცოდნა და იმაში დარწმუნება, რომ მასში არის რაღაც საყურადღებო. ეს ნიშნავს არა მარტო თემის წინასწარ გულმოდგინედ მომზადებას, არამედ მის წარმოსათქმელად გულდასმით მომზადებასაც. თუ გესმის, რომ ეს კეთდება როგორც შენი თეოკრატიული წინსვლის, ასევე აუდიტორიაში მყოფი ძმების დასარიგებლად, ილოცებ მოხსენების წარმოთქმის შესახებ. თემაში ჩაეფლობი და დაგავიწყდება საკუთარი თავიც და ნერვიულობაც. შენ იფიქრებ იმის შესახებ, რომ ღვთისთვის იყო მოსაწონი და არა ადამიანებისთვის (გალ. 1:10; გამ. 4:10–12; იერ. 1:8).
7 ეს ნიშნავს, რომ დარწმუნებული უნდა იყო ყველაფრის სისწორეში, რის თქმასაც აპირებ. მომზადებისას დარწმუნდი, რომ ეს ასეა. და, როცა უკვე, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს გააკეთებ, რათა საინტერესო და ცოცხალი მოხსენება მოამზადო, რის შემდეგაც მაინც გაწუხებს იმის გრძნობა, რომ ის მონოტონური და უსიცოცხლოა, გახსოვდეს, რომ მსმენელის არსებობა სითბოს შემატებს შენს მოხსენებას. ამიტომ დააინტერესე მსმენელი მოხსენებით და მათი ინტერესი დაჯერებულობას შეგმატებს იმის მიმართ, რის თქმასაც აპირებ.
8 ზუსტად ისე, როგორც ექიმი ეძებს დაავადების სიმპტომებს, რჩევების მიმცემი შეამჩნევს აღელვების ნებისმიერ ნიშანს. და როგორც კარგი ექიმი მკურნალობს დაავადების გამომწვევ მიზეზს და არა სიმპტომებს, ისე რჩევების მიმცემი ცდილობს, დაგეხმაროს დაჯერებულობის ან თავდაჭერილობის უკმარისობის ნამდვილი მიზეზების დაძლევაში. მაგრამ სიმპტომების ცოდნა და მათი გაკონტროლების სწავლა ნამდვილად დაგეხმარება ამ სიმპტომების გამომწვევი მიზეზების დაძლევაში. რა სიმპტომებია ესენი?
9 ზოგადად რომ ვთქვათ, შეკავებული გრძნობები ან დაძაბულობა ორგვარად ვლინდება. მათი კლასიფიცირება შეიძლება შემდეგნაირად: ფიზიკურად ანუ მთელი სხეულის საშუალებით გამოხატული და ხმით გამოვლენილი. როცა ესენი რაიმე სახით ვლინდება, ვამბობთ, რომ პიროვნებას თავდაჭერილობა აკლია.
10, 11. როგორ შეიძლება დაჯერებულობის ნაკლებობა მანერებში გამოვლინდეს?
10 თავდაჭერილობა მანერებში ვლინდება. თავდაჭერილობის პირველი ნიშანი მანერებში ვლინდება. ზოგი რამის საშუალებით ადვილად ამოიცნობა თავდაჭერილობის უკმარისობა. უმთავრესად, ყურადღება მიაქციე: უკან დაწყობილ, გვერდებზე გაუნძრევლად ჩამოშვებულ ან კათედრას ჩაბღაუჭებულ ხელებს; ხელების გამუდმებით ჯიბეებში ჩაწყობასა და ამოღებას, პიჯაკის ღილების შეკვრა-გახსნას, ლოყაზე, ცხვირზე ან სათვალეზე უმიზეზო შეხებას; დაუსრულებელ ჟესტებს; ჯიბის საათის, ფანქრის, ბეჭდის ან ჩანაწერების ხელში თამაშს. ან ყურადღება მიაქციე ფეხების განუწყვეტელ გადაადგილ-გადმოადგილებას, სხეულის ქანაობას, გაჭიმულად დგომას ან მოხრილ მუხლებს, ტუჩების ლოკვას, გამუდმებით ნერწყვის ყლაპვას, სწრაფ და ზერელე სუნთქვას.
11 შეგნებული ძალისხმევის გამოყენებით შესაძლებელია ნერვიულობის ყოველი გამოვლინების გაკონტროლება ან მინიმუმამდე დაყვანა. თუ ძალისხმევას ახმარ, შენი პოზით თავდაჭერილობის შთაბეჭდილებას დატოვებ. ამიტომ ისუნთქე ჩვეულებრივად და თანაბრად, ასევე იზრუნე იმისთვის, რომ თავისუფლად იგრძნო თავი. საუბრის დაწყებამდე გააკეთე პაუზა. მსმენელის რეაქცია უსათუოდ დადებითი იქნება და ეს კი, თავის მხრივ, საჭირო დაჯერებულობის მიღწევაში დაგეხმარება. კონცენტრირება მოახდინე შენს მასალაზე და არა მსმენელზე და საკუთარ თავზე.
12–14. რის გაკეთება შეიძლება თავდაჭერილობის მისაღწევად, თუ ხმა დაჯერებულობის ნაკლებობას გამოხატავს?
12 თავდაჭერილობა ხმაში ვლინდება. ნერვიულობა ვლინდება უჩვეულოდ მაღალი ტონით, აკანკალებული ხმით, გამუდმებული ჩახველებით, ხმის უჩვეულოდ დაწვრილებით, რაც დაძაბულობის გამო ბგერის არასაკმარისი სიძლიერით წარმოთქმის შედეგია. თუ ყოველ ღონეს ვახმართ, შესაძლებელია მსგავსი სიძნელეებისა და არაბუნებრივი მოქმედებების დაძლევაც.
13 ნუ აჩქარდები, როცა სცენისკენ მიემართები ან, როდესაც ჩანაწერები წესრიგში მოგყავს, არამედ იყავი თავისუფალი და გიხაროდეს, რომ შესაძლებლობა გაქვს, შენ მიერ მომზადებული საკითხები სხვებს გაუზიარო. თუ იცი, რომ მოხსენების დასაწყისში ნერვიულობა გახასიათებს, განსაკუთრებული ძალისხმევა გჭირდება, რომ შესავალ ნაწილში ილაპარაკო უფრო ნელა, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებ და უფრო დაბალი ტონით, ვიდრე გგონია, რომ ნორმალურია. ეს ნერვიულობის დაძლევაში დაგეხმარება. ნახავ, რომ ჟესტიკულაცია და პაუზები დაგეხმარება, თავი თავისუფლად იგრძნო.
14 მაგრამ ნუ დაელოდები იმ დროს, როცა მოგიწევს სცენაზე გამოსვლა და ყოველივე ამის პრაქტიკულად გამოყენება. ისწავლე თავდაჭერილობა და კონტროლი გაუწიე შენს ყოველდღიურ მეტყველებას. ეს დიდად დაგეხმარება დაჯერებულობის განვითარებაში სცენასა და სამქადაგებლო მსახურებაში, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მშვიდი გადმოცემა მსმენელს იმდენად გაუადვილებს მოსმენას, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ გონების კონცენტრირება მასალაზე მოახდინონ. კრების შეხვედრებზე კომენტარებში რეგულარულად მონაწილეობა დაგეხმარება, მიეჩვიო აუდიტორიის წინაშე ლაპარაკს.
-•-◂▸-•-
15. რატომ არის კარგი გარეგნობა მნიშვნელოვანი?
15 კარგი გარეგნობა დაჯერებულობას შეგმატებს, მაგრამ ის მნიშვნელოვანია სხვა მიზეზის გამოც. თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ღვთის მსახურმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი გარეგნობა იმდენად თვალში საცემია, რომ მსმენელი, ფაქტიურად, მის ნათქვამს ყურადღებას არ აქცევს. პირიქით, მომხსენებელს მთელი ყურადღება თავის თავზე გადააქვს, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გააკეთოს. თუ პიროვნება ძალიან უგულისყუროდ ეკიდება თავის გარეგნობას, ამან შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომ სხვებმა ორგანიზაციას, რომლის წევრიც ის არის, ზემოდან დაუწყონ ყურება და მის მიერ წარდგენილი ცნობა არ მიიღონ. ეს არ უნდა მოხდეს. ამიტომ, თუმცა „გარეგნობა“ რჩევების ბლანკზე ყველაზე ბოლოსაა მოცემული, ის ყველაზე ნაკლები მნიშვნელობის მქონე საკითხად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
16–21. რა რჩევა გვეძლევა შესაფერის ჩაცმულობასა და ვარცხნილობასთან დაკავშირებით?
16 სათანადო ჩაცმულობა და ვარცხნილობა. უნდა მოვერიდოთ ჩაცმულობაში უკიდურესობებს. ქრისტიანი მსახური არ მიჰყვება წუთისოფლის გულისთქმებს, რომელსაც მთელი ყურადღება საკუთარ თავზე გადააქვს. ის მოერიდება ისე მდიდრულად ან გამომწვევად ჩაცმას, რომ მთელი ყურადღება მისი ჩაცმულობისკენ იყოს მიმართული. აგრეთვე ის იზრუნებს, რომ უგემოვნოდ არ იყოს ჩაცმული. კარგი ჩაცმა არ ნიშნავს ახალი კოსტიუმის ტარებას, არამედ სუფთად და აკურატულად ჩაცმას. შარვალი დაუთოებული უნდა იყოს, ხოლო ჰალსტუხი კოხტად გაკეთებული. ეს კი ნებისმიერს შეუძლია.
17 მოციქულ პავლეს რჩევა ჩაცმულობასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ლი ტიმოთეს 2:9-შია მოცემული, მართებულია დღევანდელი ქრისტიანი ქალებისთვისაც. როგორც ძმებმა, ისე დებმაც არ უნდა ჩაიცვან იმგვარად, რომ ყურადღება მიიპყრონ; არც ის იქნებოდა მართებული, უკიდურესად წუთისოფლისეულ სტილში ჩაეცვათ, რაც მოკრძალებულობის ნაკლებობის დამადასტურებელი იქნებოდა.
18 რა თქმა უნდა, საჭიროა ისიც გვახსოვდეს, რომ ყველა ერთნაირად ვერ ჩაიცვამს. ამას არც უნდა ველოდეთ. ადამიანებს განსხვავებული გემოვნებები აქვთ და ეს სავსებით ნორმალურია. სათანადოდ მიჩნეული ჩაცმულობის ნორმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაა, მაგრამ ყოველთვის კარგია, მოვერიდოთ ისეთ ჩაცმას, რაც მსმენელის გონებაში არასასურველ აზრებს აღძრავდა და, რაც დამაბრკოლებელი იქნებოდა მათთვის, ვინც ჩვენს შეხვედრებს ესწრება.
19 რაც შეეხება სკოლასა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე მოხსენებით გამომსვლელი ძმების სათანადო ჩაცმულობას, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ისევე უნდა იყვნენ ჩაცმული, როგორც საჯარო მოხსენების წარმოთქმისას. თუ იქ, სადაც შენ ცხოვრობ, საჯარო მოხსენების წარმომთქმელები ჩვეულებისამებრ ჰალსტუხსა და პიჯაკს ატარებენ, მაშინ ასეთნაირად ჩაცმა მართებული იქნებოდა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოხსენების წარმოთქმის დროსაც, რადგან სკოლა, ფაქტიურად, საჯარო გამოსვლისთვის გამზადებს.
20 ყურადღება უნდა მიექცეს ვარცხნილობას. დაუვარცხნელი თმა ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. საჭიროა ზომიერი ყურადღების გამოვლენა, რათა პიროვნება ამ მხრივ აკურატულად გამოიყურებოდეს. ასევე, როცა მამაკაცებს კრების შეხვედრაზე დავალება აქვთ მიცემული, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ სათანადოდ იყვნენ გაპარსული.
21 რაც შეეხება სათანადო ჩაცმულობისა და ვარცხნილობის შესახებ რჩევებს, ყოველთვის მართებული იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით სცენიდან შექება. ჩვეულებრივ, როცა აქებენ მას, ვინც სათანადოდ არის ჩაცმული და დავარცხნილი, ეს სხვებს წაახალისებს, მიჰყვნენ მის კარგ მაგალითს. მაგრამ, როცა საჭიროა ჩაცმისა და ვარცხნილობის გაუმჯობესება, უკეთესი იქნებოდა სკოლის ზედამხედველს ეს რჩევები მოწაფისთვის მეგობრულად ცალკე მიეცა, ვიდრე სცენიდან.
22–28. განიხილე, თუ როგორ შეიძლება ჩვენმა პოზამ გავლენა იქონიოს ჩვენს გარეგნობაზე.
22 მართებული პოზა. გარეგნობაში მართებული პოზის დაჭერაც შედის. და ისევ, ყველამ თავისებური დგომა იცის, ამიტომ არავის არა აქვს იმის უფლება, რომ ძმები გარკვეულ მკაცრ ნიმუშს დაუქვემდებაროს. მაგრამ უკიდურესობები, რომლებიც არასასურველია და რომლებსაც მთელი ის ყურადღება, რომელიც ცნობას უნდა მიექცეს, პიროვნებაზე გადააქვს, საჭიროა გამოსწორებულ ან მოშორებულ იქნეს.
23 მაგალითად, ლაპარაკისას ყველა ზუსტად ერთნაირად როდი დგას და, თუ სწორად დგახარ, მცირე სხვაობებს ამ საკითხში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ, თუ მომხსენებელს ისე ძალიან აქვს ფეხები გაშლილი, რომ მსმენელს მასზე მხედრის შთაბეჭდილება ექმნება, ამან შეიძლება მათ ყურადღება გააფანტინოს.
24 ასევე, როცა მომხსენებლი ძალიან მოხრილად დგას, მსმენელს მის მიმართ სიბრალულის გრძნობა ეუფლება, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის თავს კარგად ვერ გრძნობს, რის გამოც, რა თქმა უნდა, მათი ყურადღება იფანტება და წარდგენილ მასალას სათანადოდ ვერ ისმენენ. მათი აზრები მიმართულია არა მისი ნათქვამის, არამედ მის მიმართ.
25 ცალ ფეხზე დგომა, ხოლო მეორე ფეხის მის უკან შემოდება, ისევე როგორც ერთი ხელის ჯიბეში ჩადება, კარგი მანერების ნაკლებობის აშკარა გამოვლენაა. ამას უნდა მოვერიდოთ.
26 მსგავსად ამისა, მაშინ, როცა არაფერია ცუდი იმაში, რომ მომხსენებელმა დროდადრო ხელები კათედრაზე დააწყოს, რასაკვირველია, ის არ უნდა დაეყრდნოს მას, ისევე როგორც სამქადაგებლო მსახურებისას მქადაგებელი არ უნდა მიეყრდნოს კარის ჩარჩოს. ეს არასასურველ შთაბეჭდილებას ტოვებს.
27 მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან. ყველა ერთნაირად არ დგას და ამიტომ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ყურადღება უნდა მიექცეს გამოსვლისას პიროვნების მიერ გამოვლენილ მხოლოდ არასასურველ უკიდურესობებს, რომლებიც ყურადღების გამფანტავია.
28 პიროვნების პოზის გამოსწორება მხოლოდ და მხოლოდ მომზადების საქმეა. თუ ამ მხრივ გაუმჯობესებას საჭიროებ, წინასწარ უნდა იფიქრო და, როცა სცენაზე ადიხარ, მხედველობაში გქონდეს, რომ ლაპარაკის დაწყების წინ სათანადო პოზა დაიჭირო. ამის გამოსწორება შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადო პოზის დაჭერით.
29–31. რატომ უნდა გვქონდეს წესრიგში ჩვენი აღჭურვილობა?
29 აკურატული აღჭურვილობა. თუ პიროვნება მობინადრეს კართან ესაუბრება ან სცენაზე მოხსენებას წარმოთქვამს და ამ დროს ბიბლიიდან ფურცლები უცვივა, ეს, რა თქმა უნდა, ყურადღების გამფანტავი იქნება. ეს ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიაში არ შეიძლება ჩანაწერების ჩადება, მაგრამ, როცა სირთულეები წამოიჭრება, ამან შეიძლება შეასუსტოს ყურადღება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად მეტი ყურადღების გამოვლენაა საჭირო. კარგი იქნებოდა ჩვენი ბიბლიის გარეგნული იერის შემოწმებაც. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება ის გააჭუჭყიანა ან გაცვითა და არასასიამოვნო შესახედავია. ამიტომ კარგი იქნებოდა შეგვემოწმებინა, რომ ბიბლია, რომელსაც სცენაზე გამოსვლისა და სამქადაგებლო მსახურებისას ვიყენებთ, ისეთ ფორმაში ხომ არ არის, რომ აღიზიანებდეს პიროვნებას, რომლის დახმარების სურვილიც გვაქვს.
30 იმავეს თქმა შეიძლება ლიტერატურის ჩანთის შესახებ. არსებობს ჩანთის აკურატულად ჩალაგების მრავალი ხერხი, მაგრამ, თუ კარდაკარ მსახურების დროს ჩანთიდან ლიტერატურის ამოღებისას მის საპოვნელად შეიძლება მრავალი ქაღალდის ამოღება დაგვჭირდეს ან, როდესაც ჟურნალს ვიღებთ, კარის ზღურბლთან შეიძლება სხვა ნივთები გადმოიყაროს, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ზომების მიღებაა საჭირო.
31 მსმენელზე ყურადღების გამფანტავად მოქმედებს ისიც, თუ მომხსენებელს გარეთა ჯიბეში ულაგია ფანქრები, კალმები და სხვა ნივთები ისე, რომ აშკარად ჩანს. არ შეიძლება რაიმეს დაკანონება იმასთან დაკავშირებით, თუ სად შევინახოთ ეს ნივთები, მაგრამ, როცა ეს ყურადღებას იპყრობს, საჭიროა შესწორებების შეტანა.
32–34. რა როლს ასრულებს სახის გამომეტყველება ჩვენს გარეგნობაში?
32 სახის სათანადო გამომეტყველება. მოხსენების მომზადებისას რეკომენდებულია მხედველობაში იქნეს მიღებული ის განწყობილება, რომელსაც მასალა მოითხოვს. მაგალითად, სიკვდილისა და განადგურების შესახებ ლაპარაკისას სახეზე ღიმილის აღბეჭდვა მიუღებელი იქნებოდა. მსგავსად ამისა, ახალ ქვეყნიერებაში ბედნიერების მომტანი მდგომარეობის აღწერისას შეუსაბამო იქნებოდა მსმენელისთვის წარბშეკრულად მიმართვა.
33 ჩვეულებრივ, სახის გამომეტყველება პრობლემას არ წარმოადგენს და, რა თქმა უნდა, არიან პიროვნებები, რომლებსაც უფრო სერიოზული გამომეტყველება აქვთ, ვიდრე სხვებს. მაგრამ სიფხიზლეა საჭირო, რათა უკიდურესობაში არ ჩავვარდეთ, და ამით მოხსენებიდან ყურადღების გადატანას არ ექნეს ადგილი. თუ სახის გამომეტყველება მსმენელში მომხსენებლის გულწრფელობისადმი ეჭვს აღძრავს, ეს, რასაკვირველია, არასასურველი იქნებოდა.
34 ამგვარად, მოხსენების მომზადებისას კარგია, ყურადღება მიექცეს მისი წარმოთქმის ხასიათს. თუ მოხსენება სერიოზულია და ბოროტების განადგურებას ეხება, სერიოზულად უნდა წარმოითქვას. და, თუ ფიქრობ მასალაზე და ყოველთვის გონებაში გაქვს ის, შენი სახის გამომეტყველება უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივად აირეკლავს მას. თუ თემა სასიხარულოა და მსმენელის მხრიდან მომხსენებელი სიხარულის გამომხატველ რეაქციას მოელის, მაშინ ის ამაღლებული გრძნობებით უნდა გადმოიცეს. და, თუ სცენაზე თავს მშვიდად გრძნობ, შენი სახის გამომეტყველება, ჩვეულებრივ, სიხარულს აირეკლავს.