მხოლოდ გარეგნობას ხედავ?
1 მსახურებისას შეიძლება ზოგ ადამიანზე პირველმა შთაბეჭდილებამ ხელი შეგვიშალოს, კეთილ ცნობაზე ვესაუბროთ მას. მაგალითად, როგორ მოიქცეოდი, თუ მრისხანე გამომეტყველების მამაკაცი ყოველთვის ეჭვის თვალით გიყურებს, როდესაც მიდიხარ მის მეზობელთან, რომელიც ჭეშმარიტებისადმი ინტერესს ავლენს? პიონერმა დამ, რომელსაც ასეთი რამ შეემთხვა გადაწყვიტა მასთან გასაუბრება. მამაკაცი უხეშად მიესალმა, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ მან მოისმინა ბიბლიური ცნობა და აღფრთოვანებით დაეთანხმა შესწავლაზე. იმის გამო, რომ დამ გარეგნობით არ განსაჯა, ამ მამაკაცს და მის მეუღლეს ჭეშმარიტების შესწავლის საშუალება მიეცათ.
2 სხვა დასაც ეშინოდა თავდაპირველად ერთი ახალგაზრდა გრძელთმიანი მამაკაცის, მაგრამ ერთი-ორი სიტყვით ყოველთვის ქადაგებდა მასთან, როცა ეს მამაკაცი მიდიოდა მაღაზიაში, სადაც და მუშაობდა. მისმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და ის ახალგაზრდა მამაკაცი ახლა მონათლული მაუწყებელია. რა დაგვეხმარება, რომ არ გავაკეთოთ ნაჩქარევი დასკვნა, თითქოსდა ასეთები ჭეშმარიტებას არ გამოეხმაურებიან?
3 იესოს მაგალითის მიბაძვა. იესომ იცოდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს ყველასთვის გაიღებდა. ამიტომ სხვების გარეგნობა ხელს არ უშლიდა. მას ესმოდა, რომ, თუ თვით ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანები სწორ დახმარებასა და აღძვრას მიიღებდნენ, შეიძლება მზად ყოფილიყვნენ შესაცვლელად (მათ. 9:9–13). ის ცდილობდა ერთნაირად დახმარებოდა მდიდარსა და ღარიბს (მათ. 11:5; მარ. 10:17–22). არ განვსაჯოთ გარეგნულად ადამიანები, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით, ვინაიდან მათ შეიძლება კეთილი გული ჰქონდეთ (მათ. 7:1; იოან. 7:24). რა დაგვეხმარება, რომ მივბაძოთ იესოს ამ შესანიშნავ მაგალითს?
4 ბიბლიის შესწავლის შედეგად დავინახეთ, რომ ღვთის სიტყვას ადამიანის აზროვნების, ქცევისა და თვისებების შეცვლის ძალა შესწევს (ეფეს. 4:22–24; ებრ. 4:12). ამიტომ, დადებითი განწყობილება უნდა შევინარჩუნოთ და დანარჩენი იეჰოვას მივანდოთ, რომელიც ხედავს ადამიანის გულს (1 მეფ. 16:7; საქ. 10:34, 35).
5 დაე ყველანაირ ადამიანთან მიუკერძოებლად კეთილი ცნობის შესახებ საუბარმა, მიუხედავად მათი გარეგნობისა, მოიტანოს კარგი ნაყოფი ამ უკანასკნელ დღეებში (1 ტიმ. 2:3, 4).