საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • fy თ. 16 გვ. 183-191
  • იზრუნეთ ოჯახის საიმედო მომავალზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იზრუნეთ ოჯახის საიმედო მომავალზე
  • ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • თავშეკავების ფასი
  • სწორი თვალსაზრისი მეთაურობაზე
  • სწრაფი მოსმენაში
  • სიყვარულის მნიშვნელოვანი როლი
  • ოჯახი, რომელიც ღვთის ნებას ასრულებს
  • ოჯახი და თქვენი მომავალი
  • მიჰყევი ღვთიურ მშვიდობას ოჯახურ ცხოვრებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მტკიცე ქორწინების ორი გასაღები
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ხელი შევუწყოთ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • გამოავლინე ღვთისადმი ერთგულება ოჯახში
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
იხილეთ მეტი
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
fy თ. 16 გვ. 183-191

თავი მეთექვსმეტე

იზრუნეთ ოჯახის საიმედო მომავალზე

1. რა განზრახვით შექმნა იეჰოვამ ოჯახი?

როდესაც იეჰოვამ ადამი და ევა შეაუღლა, ადამმა სიხარული ლექსად გამოხატა. ეს იყო პირველი ლექსი ებრაულ ენაზე (დაბადება 2:22, 23). მაგრამ შემოქმედს თავისი მიწიერი შვილებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე მეტი ჰქონდა განზრახული. მას სურდა, რომ დაქორწინებულებს, და საერთოდ ოჯახებს, მისი ნება შეესრულებინათ. მან უთხრა პირველ წყვილს: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28). რა სასიამოვნო დავალება იყო! რა ბედნიერები იქნებოდნენ ადამი და ევა თავიანთ შთამომავლობასთან ერთად, თუ სრული მორჩილებით შეასრულებდნენ იეჰოვას ნებას!

2, 3. რა ხდის ოჯახებს ბედნიერს?

2 დღესაც ასეა, თუ ოჯახში ყველა იეჰოვას ნებას ასრულებს, ასეთი ოჯახები ყველაზე ბედნიერები არიან. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღვთისადმი ერთგულება . . . ყველაფერში სასარგებლოა, რადგან გვპირდება სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8). ოჯახები, რომლებიც ღვთისადმი ერთგულებას ავლენენ და მიჰყვებიან იეჰოვას ხელმძღვანელობას უკვე ბედნიერები არიან (ფსალმუნები 1:1—3; 119:105; 2 ტიმოთე 3:16). თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც იყენებს ბიბლიურ პრინციპებს, ოჯახური ატმოსფერო უმჯობესდება.

3 ამ წიგნში განხილული იყო ოჯახური ბედნიერების ხელშემწყობი ბიბლიური პრინციპები. ალბათ შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი მათგანი არაერთხელ მეორდება. რატომ? ამ პრინციპებში უცილობელი ჭეშმარიტებაა ასახული და ყველას საკეთილდღეოდ მოქმედებს ოჯახური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ოჯახი, რომელიც ამ ბიბლიური პრინციპების გამოყენებას ცდილობს, ხედავს, რომ ღვთისადმი ერთგულება ნამდვილად „გვპირდება სიცოცხლეს ახლაც“. შევიხსენოთ ოთხი მნიშვნელოვანი პრინციპი.

თავშეკავების ფასი

4. რატომ არის თავშეკავება მნიშვნელოვანი ცოლქმრულ ურთიერთობაში?

4 მეფე სოლომონმა თქვა: „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგავები 25:28; 29:11). თავშეკავების გამოვლენის გარეშე წარმოუდგენელია ბედნიერი ცოლქმრობა. რისხვამ ან უზნეობამ შეიძლება ისე დააზიანოს ოჯახი, რომ წლები დასჭირდეს მდგომარეობის გამოსწორებას, საერთოდ თუ გამოსწორდა.

5. როგორ შეუძლიათ არასრულყოფილ ადამიანებს თავშეკავების სწავლა და რა შედეგი მოჰყვება ამას?

5 რასაკვირველია, ადამის არც ერთ შთამომავალს არ შეუძლია არასრულყოფილი სხეულის სრულად მოთოკვა (რომაელები 7:21, 22). მაგრამ თავშეკავება სულის ნაყოფია (გალატელები 5:22, 23). ამიტომ, თუ ვლოცულობთ ამ თვისებაზე, ცხოვრებაში ვიყენებთ სათანადო ბიბლიურ რჩევებს, მაგალითად, ურთიერთობა გვაქვს მათთან, ვინც ავლენს ამ თვისებას და ვერიდებით მათ, ვისაც არ აქვს ის, ღვთის სულის დახმარებით ვისწავლით თავშეკავებას (ფსალმუნი 119:100, 101, 130; იგავები 13:20; 1 პეტრე 4:7). თუ თავშეკავება გვექნება, ცდუნებასაც დავძლევთ და ‘გავექცევით სიძვას’ (1 კორინთელები 6:18). თავშეკავება ხელს არ აგვაწევინებს სხვაზე და მისი წყალობით არ გავებმებით ალკოჰოლიზმის მახეში, ან გავთავისუფლდებით მისგან. ჩვენ უფრო მშვიდად შევხვდებით კრიტიკულ სიტუაციებსა და იმას, რაც გვაღიზიანებს. მოდი, დიდებმაც და პატარებმაც, ყველამ ვისწავლოთ წმინდა სულის ამ აუცილებელი ნაყოფის განვითარება (ფსალმუნი 119:1, 2).

სწორი თვალსაზრისი მეთაურობაზე

6. ა) მეთაურობის როგორი პრინციპი დაადგინა ღმერთმა? ბ) რა უნდა ახსოვდეს მამაკაცს, რომ მისმა მეთაურობამ ოჯახს ბედნიერება მოუტანოს?

6 მეორე მნიშვნელოვანი პრინციპია მეთაურობის აღიარება. პავლემ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა ეს პრინციპი: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). ეს ნიშნავს, რომ ოჯახის მეთაურობა კაცს აკისრია, ცოლი ერთგულად უდგას მას გვერდში, ბავშვები კი ემორჩილებიან მშობლებს (ეფესოელები 5:22—25, 28—33; 6:1—4). მაგრამ აღსანიშნავია, რომ მეთაურობას ბედნიერება მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა ის სწორად ხორციელდება. ღვთისმოშიშმა ქმრებმა იციან, რომ მეთაურობა დიქტატორობა არ არის. ისინი ჰბაძავენ თავიანთ მეთაურს, იესოს. თუმცა იესო ‘დაყენებულია ყველაფრის თავად’, ის „არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს“ (ეფესოელები 1:22; მათე 20:28). მსგავსად ამისა, ქრისტიანი მამაკაცი არ ფიქრობს პირად მეზე, როცა მეთაურობას ახორციელებს, არამედ ზრუნავს ცოლ-შვილის კეთილდღეობაზე (1 კორინთელები 13:4, 5).

7. რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება ცოლს, ღვთისგან დადგენილი როლი შეასრულოს ოჯახში?

7 თავის მხრივ, ღვთისმოშიში ცოლი მეტოქეობას არ უწევს ქმარს და არ ცდილობს მასზე ბატონობას. ის სიხარულით უდგას ქმარს გვერდში და თანამშრომლობს მასთან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქმარი ცოლის ‘პატრონია’ და ეს ნათელს ხდის, რომ ის მისი მეთაურია (დაბადება 20:3). გათხოვილი ქალი ‘ქმრის კანონის’ ქვეშ ექცევა (რომაელები 7:2). ამავე დროს, ბიბლია მას ‘დამხმარეს’ და ‘შემავსებელს’ უწოდებს (დაბადება 2:20). ცოლს აქვს ისეთი თვისებები და უნარი, რომელიც ქმარს არა აქვს, და მას საჭირო დახმარებას უწევს (იგავები 31:10—31). ბიბლია აგრეთვე ამბობს, რომ ცოლი არის მეგობარი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ქმრის მხარდამხარ შრომობს (მალაქია 2:14). ეს ბიბლიური პრინციპები ეხმარება ცოლ-ქმარს, გაიგონ ერთმანეთის თვალსაზრისი და ღირსეულად და პატივისცემით მოეპყრონ ერთმანეთს.

სწრაფი მოსმენაში

8, 9. განმარტეთ ზოგიერთი პრინციპი, რომელიც ყველას დაეხმარება ოჯახში ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

8 ამ წიგნში ურთიერთობის აუცილებლობას ხშირად ესმება ხაზი. რატომ? პრობლემების მოგვარება უფრო ადვილია, როცა ვესაუბრებით და ვუსმენთ ერთმანეთს. არაერთხელ იყო აღნიშნული, რომ ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. მოწაფე იაკობმა ეს ასეთი სიტყვებით გამოხატა: ‘ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში’ (იაკობი 1:19).

9 იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვლაპარაკობთ. დაუფიქრებელი, დამამცირებელი და კრიტიკული სიტყვები კარგ ურთიერთობას არ უწყობს ხელს (იგავები 15:1; 21:9; 29:11, 20). სიმართლესაც რომ ვამბობდეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დადებით შედეგს გამოიღებს, თუ მას გამოვხატავთ მკაცრად, აგდებულად და უგულოდ. ჩვენი საუბარი უნდა იყოს სასიამოვნო, „მარილით შეზავებული“ (კოლოსელები 4:6). ჩვენი სიტყვები უნდა ჰქავდეს „ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავები 25:11). ოჯახები, რომლებიც კარგ ურთიერთობას სწავლობენ, დიდ ნაბიჯს დგამენ ბედნიერებისკენ.

სიყვარულის მნიშვნელოვანი როლი

10. რა სახის სიყვარულია მნიშვნელოვანი ქორწინებაში?

10 სიტყვა სიყვარული არაერთხელ გვხვდება ამ წიგნში. გახსოვთ ძირითადად რომელი სახის სიყვარული განვიხილეთ? მართალია, რომ რომანტიკული სიყვარული (ბერძნულად ეროს) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქორწინებაში, ხოლო წარმატებულ ქორწინებაში ცოლ-ქმარს შორის ძლიერი სიყვარული და მეგობრობა (ბერძნულად, ფილია) იზრდება. მაგრამ ყველაზე ღრმა მნიშვნელობა აქვს სიყვარულს, რომელიც წარმოდგენილია ბერძნული სიტყვით აგაპე. ეს არის სიყვარული, რომელსაც ვავითარებთ იეჰოვა ღმერთისადმი, ქრისტესა და მოყვასისადმი (მათე 22:37—39). ასეთ სიყვარულს ავლენს იეჰოვა ადამიანების მიმართ (იოანე 3:16). რა შესანიშნავია, რომ სწორედ ასეთი სიყვარული შეგვიძლია გამოვავლინოთ ჩვენი მეუღლისა და შვილების მიმართ! (1 იოანე 4:19).

11. როგორ მოქმედებს სიყვარული ოჯახის სასიკეთოდ?

11 ეს ამაღლებული სიყვარული ნამდვილად „სრულყოფილი კავშირია“ ქორწინებაში (კოლოსელები 3:14). ის აკავშირებს ცოლ-ქმარს და წარმოქმნის მათში სურვილს, მხოლოდ საუკეთესო აკეთონ ერთმანეთისთვის და შვილებისთვის. როცა ოჯახში პრობლემები წამოიჭრება, სიყვარული ეხმარება მათ მოგვარებაში. როცა ცოლ-ქმარს ასაკი ემატება, სიყვარული ეხმარება მათ ერთმანეთის დაფასებასა და თანადგომაში. „სიყვარული . . . თავისას არ ეძიებს . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).

12. რატომ არის მტკიცე იმათი ქორწინება, ვისაც იეჰოვა უყვარს?

12 ცოლქმრული კავშირი განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც მხოლოდ ურთიერთსიყვარულით კი არ არის განმტკიცებული, არამედ უმთავრესად იეჰოვასადმი სიყვარულით (ეკლესიასტე 4:9—12). რატომ? მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3). მაშასადამე, ცოლ-ქმარმა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ასწავლონ შვილებს ღვთის ერთგულება, რომ ძლიერ უყვართ შვილები, არამედ იმიტომ, რომ ამას იეჰოვა მოითხოვს (მეორე კანონი 6:6, 7). ისინი უზნეობას მხოლოდ ერთმანეთისადმი სიყვარულის გამო კი არ უნდა მოერიდონ, არამედ უმთავრესად იეჰოვასადმი სიყვარულის გამო, რომელიც „მეძავებსა და მრუშებს . . . გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). ქორწინებაში ერთ-ერთი პარტნიორი სერიოზულ პრობლემებსაც რომ ქმნიდეს, იეჰოვასადმი სიყვარული აღძრავს მეორეს, მიჰყვეს ბიბლიურ პრინციპებს. სინამდვილეში, ბედნიერები არიან ოჯახები, რომლებშიც ერთმანეთის სიყვარული განმტკიცებულია იეჰოვასადმი სიყვარულით!

ოჯახი, რომელიც ღვთის ნებას ასრულებს

13. როგორ დაგვეხმარება ღვთის ნების შესრულება, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ?

13 ქრისტიანის მთელი ცხოვრება კონცენტრირებულია ღვთის ნების შესრულებაზე (ფსალმუნი 143:10). აი, ამას ნიშნავს ღვთისადმი ერთგულება. ღვთის ნების შესრულება ოჯახებს ეხმარება, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ (ფილიპელები 1:9, 10). მაგალითად, იესო აფრთხილებდა: „მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის. კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათე 10:35, 36). იესოს გაფრთხილების თანახმად, მრავალი მისი მიმდევარი დევნილია ოჯახის წევრების მიერ. ეს ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნოა. მიუხედავად ამისა, ოჯახურმა კავშირმა არ უნდა გადაწონოს ჩვენი სიყვარული იეჰოვა ღმერთისა და ქრისტესადმი (მათე 10:37—39). თუ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ვითმენთ, მოწინააღმდეგეები, როდესაც ღვთისადმი ერთგულების კარგ შედეგებს დაინახავენ, შეიძლება შეიცვალონ (1 კორინთელები 7:12—16; 1 პეტრე 3:1, 2). ასეც რომ არ მოხდეს, იეჰოვასადმი მსახურების შეწყვეტა წინააღმდეგობის გამო ხანგრძლივ სარგებლობას არ მოგვიტანს.

14. როგორ დაეხმარება მშობლებს ღვთის ნების შესრულების სურვილი, რომ შვილების სასიკეთოდ იმოქმედონ?

14 ღვთის ნების შესრულება მშობლებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში მშობლები თვლიან, რომ შვილების აღზრდით კაპიტალს აბანდებენ, და მოხუცებულობის დროს შვილებისგან ზრუნვას მოელიან. თუმცა სწორი და სამართლიანია, რომ მოხუც მშობლებზე ზრდასრული შვილები ზრუნავდნენ, მაგრამ ასეთმა თვალსაზრისმა არ უნდა აღძრას მშობლები, რომ შვილებს მეტი ფულის შოვნისკენ უბიძგონ. შვილებს კარგს არაფერს მოუტანს, თუ მშობლები მათ ისე ზრდიან, რომ სიმდიდრე და ქონება უფრო დააფასონ, ვიდრე სულიერი საკითხები (1 ტიმოთე 6:9).

15. რა მაგალითს აძლევს მშობლებს ტიმოთეს დედა ევნიკე ღვთის ნების შესრულებაში?

15 ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითია ევნიკე — პავლეს ახალგაზრდა მეგობრის, ტიმოთეს დედა (2 ტიმოთე 1:5). მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნო მეუღლე ჰყავდა, ევნიკემ ტიმოთეს ბებია ლოისთან ერთად ტიმოთე ღვთის ერთგულ მსახურად აღზარდა (2 ტიმოთე 3:14, 15). როდესაც ტიმოთე გაიზარდა, ევნიკეს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რომ ის პავლეს გაჰყოლოდა მისიონერულ მსახურებაში და ექადაგა სამეფოს შესახებ (საქმეები 16:1—5). როგორ გაუხარდებოდა მას, როცა მისი შვილი გამოჩენილი მისიონერი გახდა! კარგმა აღზრდამ შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო, ტიმოთე ღვთის ერთგულ მსახურად ჩამოყალიბდა. უეჭველია, ევნიკეს ენატრებოდა შვილი, მაგრამ მას ახარებდა და სიამოვნებდა ტიმოთეს ერთგული მსახურების ამბების მოსმენა (ფილიპელები 2:19, 20).

ოჯახი და თქვენი მომავალი

16. როგორც შვილმა, როგორი მართებული პატივისცემა გამოავლინა იესომ, მაგრამ რა იყო მისი მთავარი მიზანი?

16 იესო ღვთისმოშიშ ოჯახში აღიზარდა და უკვე ზრდასრულმა იზრუნა თავის დედაზე (ლუკა 2:51, 52; იოანე 19:26). მაგრამ იესოს მთავარი მიზანი ღვთის ნების შესრულება იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ კაცობრიობას გზა გაუხსნა მარადიული სიცოცხლისკენ. ეს მან გააკეთა, როდესაც თავისი სრულყოფილი სიცოცხლე შესწირა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად (მარკოზი 10:45; იოანე 5:28, 29).

17. რისკენ გაუხსნა იესომ გზა ღვთის ნების შემსრულებლებს?

17 სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ ზეციერი ცხოვრებისთვის აღადგინა იესო და მისცა დიდი ძალაუფლება. ღმერთმა ის თავისი ზეციერი სამეფოს მეფედ დანიშნა (მათე 28:18; რომაელები 14:9; გამოცხადება 11:15). იესოს გამოსასყიდმა ზოგიერთ ადამიანს შესაძლებლობა მისცა, რომ ზეციერ სამეფოში მასთან ერთად ემმართველათ. დანარჩენ გულწრფელ ადამიანებს კი იმის იმედი აქვთ, რომ დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში სრულყოფილი სიცოცხლით დატკბებიან (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 4; 21:3—5; 22:1—4). ჩვენთვის დიდი პატივია, ვამცნოთ ჩვენს მოყვასს ეს ბრწყინვალე სასიხარულო ცნობა (მათე 24:14).

18. რა უნდა ახსოვდეთ ოჯახებს და ინდივიდუალურად ყველას?

18 მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, ღვთისადმი ერთგულება ‘მომავალში’ კურთხევებით დაჯილდოვდება. ეს არის საუკეთესო გზა ბედნიერების მოსაპოვებლად! გახსოვდეთ: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). ამიტომ, მშობელი ხართ თუ შვილი, ქმარი თუ ცოლი, შვილები გყავთ თუ არა, შეეცადეთ ღვთის ნება შეასრულოთ. როცა ზეწოლას განიცდით ან სერიოზული პრობლემები გაქვთ, ნურასოდეს დაგავიწყდებათ, რომ ცოცხალი ღვთის მსახური ხართ. ეცადეთ, თქვენი საქციელით გაახაროთ იეჰოვა (იგავები 27:11). ისე იცხოვრეთ, რომ თქვენმა ცხოვრების წესმა დღესვე მოგიტანოთ ბედნიერება, მომავალში კი მარადიული სიცოცხლე!

როგორ დაეხმარება ეს ბიბლიური პრინციპები თქვენს ბედნიერებას?

თავშეკავების სწავლა შესაძლებელია (გალატელები 5:22, 23).

თუ ცოლ-ქმარს სწორი თვალსაზრისი აქვთ მეთაურობაზე, ისინი ოჯახის კეთილდღეობაზე იზრუნებენ (ეფესოელები 5:22—25, 28—33; 6:4).

ურთიერთობა წარმოუდგენელია მოსმენის გარეშე (იაკობი 1:19).

იეჰოვასადმი სიყვარული განამტკიცებს ქორწინებას (1 იოანე 5:3).

ღვთის ნების შესრულება ოჯახისთვის საუკეთესო მიზანია (ფსალმუნი 143:10; 1 ტიმოთე 4:8).

დაუქორწინებლობის ძღვენი

ყველა არ ქმნის ოჯახს და არც ყველა დაქორწინებული წყვილი ირჩევს შვილების ყოლას. იესო დაუქორწინებელი იყო და „ზეციერი სამეფოსთვის“ დაუქორწინებლობას ძღვნად თვლიდა (მათე 19:11, 12). მოციქულმა პავლემაც დაუქორწინებლობა არჩია. მან ‘ძღვნად’ მოიხსენია დაუქორწინებლობაც და ოჯახიც (1 კორინთელები 7:7, 8, 25—28). ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში ძირითადად განხილულია ქორწინებასთან და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მრავალი კურთხევა და ძღვენი, რომლებიც დაუქორწინებლობას ან ქორწინებაში უშვილოდ ყოფნას მოჰყვება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება