რატომ არა აქვს მრავალს რწმენა?
რწმენა ღვთის სულის ნაყოფია და ღმერთი სიხარულით აძლევს თავის სულს ყველა მის მაძიებელს (გალ. 5:22, აქ; ლუკ. 11:13). მაგრამ ურწმუნოები არ ეძებენ ამ სულს, ან ეძებენ არასწორი მიზნის მისაღწევად. ზოგი ეწინააღმდეგება კიდეც ამ სულს. ასე მოქმედება ბევრი ფაქტორით არის განპირობებული:
არა აქვთ ზუსტი ბიბლიური ცოდნა. ბიბლია ღვთის სულით არის დაწერილი, ანუ ღვთივსულიერია (2 ტიმ. 3:16, 17; 2 მეფ. 23:2). შესწავლის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი რწმენის განვითარება. თუმცა ეკლესიის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ ბიბლია, მაგრამ თუ ღვთის სიტყვის ნაცვლად ადამიანთა იდეები ასწავლეს, ღვთისა და მისი განზრახვებისადმი ნამდვილი რწმენა ვერ ექნებათ. ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას ისინი უფრო საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებს ენდობიან, ვიდრე ბიბლიას (შეადარეთ მათე 15:3—9).
რელიგიაზე გული აქვთ აცრუებული. მრავალმა განიცადა იმედგაცრუება იმის გამო, რომ ხედავდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების პირმოთნეობას, სამღვდელოებისა, რომელიც აცხადებს, რომ ღვთის სიტყვის მასწავლებელია, მაგრამ არ ცხოვრობს ამ სწავლებების თანახმად. სხვები, რომლებიც არაქრისტიანული რელიგიების მიმდევრები არიან, ხედავენ, რომ მათ საქმიანობას კარგი ნაყოფი არ გამოაქვს ან რომ მათ ეს რწმენა ვერ შველის ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას. იმის გამო, რომ არა აქვთ ზუსტი შემეცნება ჭეშმარიტი ღვთის შესახებ, ისინი ერიდებიან ყველაფერს, რაც კი რელიგიასთანაა დაკავშირებული (შეადარეთ რომაელთა 3:3, 4; მათე 7:21—23).
არ ესმით, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას. უმრავლესობა ვერ ხვდება, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ადანაშაულებს მას ყველაფერში, თუკი რაიმე ცუდი ხდება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ცუდის კეთებისკენ ადამიანის მიდრეკილება ღვთის ნების კი არა, ადამის ცოდვის შედეგია (რომ. 5:12). მათ შეიძლება არ სწამთ, რომ არსებობს სატანა ეშმაკი და ის გავლენას ახდენს მსოფლიო მოვლენებზე. ამიტომ ღმერთს აწერენ ყოველივე იმ სისაძაგლეს, რასაც სატანა აკეთებს (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:12). თუ ისინი ამ ცუდ საქმეებში ნაწილობრივ არიან გარკვეული, ფიქრობენ, რომ ღმერთი აყოვნებს მოქმედებას, რადგან ნათლად არ ესმით ღვთის უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი და არ სარგებლობენ ღვთის მოთმინებით, რომელიც მათ გადარჩენის საშუალებას აძლევს (რომ. 2:4; 2 პეტ. 3:9). ამასთანავე, ისინი სრულად ვერ აანალიზებენ, რომ ღმერთს დადგენილი აქვს დრო, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის (გამოცხ. 22:10—12; 11:18; აბაკ. 2:3).
მათს ცხოვრებაში ხორციელი სურვილები და თვალსაზრისი დომინირებს. ძირითადად ისინი, რომელთა რწმენასაც მყარი საფუძველი არა აქვს, თავს სხვა საქმიანობას უძღვნიან. ზოგი ამბობს, რომ ბიბლიის სჯერა, მაგრამ არასოდეს უცდია მისი გულდასმით შესწავლა ან წაკითხულზე ღრმად დაფიქრება, იმის არსში წვდომა, თუ რატომ არის ამის გაკეთება მართებული და როგორ შეიძლება ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება (შეადარეთ 1 ნეშტთა 28:9). ზოგ შემთხვევაში კი, მათ ვერ შეძლეს რწმენის შენარჩუნება და ნაცვლად ამისა, არასწორ სურვილებს ნება დართეს, რომ ჩამოშორებოდნენ ღმერთსა და მის გზებს (ებრ. 3:12).