ნუ იქნებით „ამაოთა მდევნელი“
1 დღეს ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება ელექტრონული ფოსტაა (E-mail). იმ დროს, როცა ამ სახით პირადი შემთხვევებისა და აზრების გაზიარება ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისთვის სავსებით მისაღებია, რა „ამაო“ და უსარგებლო საკითხებს უნდა ვერიდოთ ელექტრონული ფოსტის შეუზღუდავად გამოყენებასთან დაკავშირებით? (იგავ. 12:11).
2 სიფრთხილე ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ უფრო ახლოს გრძნობს თავს იეჰოვას ორგანიზაციასთან, როდესაც ელექტრონული ფოსტით ცინცხალ ინფორმაციას ღებულობს. ეს შეიძლება იყოს შემთხვევები მსახურებიდან, ბეთელში მომხდარი მოვლენები, შეტყობინებები უბედური შემთხვევებისა თუ დევნის შესახებ და სამეფო მსახურების სკოლაში გაცხადებული კონფიდენციალური ინფორმაციაც კი. ზოგი მეტისმეტი მონდომებით ცდილობს ასეთი შეტყობინებების გაგზავნას, იმ იმედით, რომ პირველი მიაწვდის თავის მეგობრებს ამ ინფორმაციას.
3 ხანდახან ინფორმაცია და შემთხვევები დამახინჯებული ან ზედმეტად გაზვიადებული სახით გადაიცემა. სენსაციურობის ელფერის მისაცემად ზოგი შეგნებულად აყალბებს ფაქტებს. ის, ვინც ცდილობს, რაც შეიძლება მალე გაავრცელოს რაიმე ინფორმაცია, ხშირად გაცნობილი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ფაქტთან (იგავ. 29:20). რაც უფრო დაუჯერებელია შემთხვევა, მით უფრო გადაიცემა იგი როგორც ცნობისმოყვარეთა დასაკმაყოფილებელი „გემრიელი ლუკმა“. ასეთი არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები შეიძლება ჩაითვალოს „ზღაპრებად“, რომელიც არ უწყობს ხელს ღვთისადმი ერთგულებაში გაწაფვას (1 ტიმ. 4:6, 7, აქ).
4 თუ სხვებს გადავუგზავნეთ ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზუსტი არ იყო, ამ ინფორმაციით გამოწვეულ პრობლემებსა და გაუგებრობაზე ჩვენც ვიქნებით პასუხისმგებლები. როდესაც დავითმა მიიღო გაზვიადებული ინფორმაცია, რომ მისი ყველა ვაჟი მოკლეს, გულმოკლულმა მამამ „შემოიხია სამოსელი“. მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ ერთი ვაჟი დაიღუპა. თუმცა ესეც საკმაოდ გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ არასწორმა ინფორმაციამ დავითს უფრო მეტი ტკივილი მიაყენა (2 მეფ. 13:30—33). რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც შეცდომაში შეიყვანდა ან დაანაღვლიანებდა რომელიმე ძმას.
5 ღვთის მიერ არჩეული არხი. გვახსოვდეს, რომ ჩვენს ზეციერ მამას არჩეული აქვს საკომუნიკაციო არხი — „ერთგული და გონიერი მონა“. ამ „მონას“ აკისრია ვალდებულება, განსაზღვროს, რა ინფორმაცია მიაწოდოს რწმენით გაერთიანებულ სახლეულს და როდის არის „დროული“ მისი მიწოდება. ეს სულიერი საზრდო ხელმისაწვდომია მხოლოდ თეოკრატიულ ორგანიზაციაში. სანდო ინფორმაციას ყოველთვის ღვთის მიერ არჩეული არხიდან და არა ინტერნეტის მომხმარებლებისგან უნდა ველოდოთ (მათ. 24:45).
6 ინტერნეტის ვებ-საიტები. ჩვენი ოფიციალური ვებ-საიტის მისამართია: www.watchtower.org ამ საიტში მოცემულია სათანადო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ყველამ ნახოს. ამიტომ არ არის საჭირო, რომ ვინმემ პირადად, ჯგუფურად ან მთელმა კრებამაც კი განათავსოს ვებ-საიტი იეჰოვას მოწმეების შესახებ. ზოგი შესაწირავის ფასად მკითხველს სთავაზობს ჩვენი პუბლიკაციების შინაარსს ყველა ბიბლიური მუხლის მითითებით და სრული განმარტებებით, აგრეთვე კონგრესის მასალებსაც კი. იმისდა მიუხედავად, სასარგებლოა ამის გაკეთება თუ არა, „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების ელექტრონული სახით გამრავლება და გავრცელება საავტორო უფლებების დარღვევაა. ზოგი ამას შეიძლება ძმების მომსახურებად მიიჩნევდეს, მაგრამ ეს მიზანშეწონილი არ არის და საჭიროა შეწყდეს ამის კეთება.
7 თუ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისას გონიერებას ვავლენთ და ამ საკითხს საღი აზროვნებიდან გამომდინარე ვუდგებით, ჩვენი გონება ნამდვილად ყოველივე „ძვირფასით და საუცხოოთი“ აივსება (იგავ. 24:4).