საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 25 გვ. 166-გვ. 169 აბზ. 6
  • გეგმის გამოყენება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გეგმის გამოყენება
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • აუდიტორიასთან კონტაქტი და ჩანაწერების გამოყენება
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • გეგმის შედგენა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • საკუთარი სიტყვებით გადმოცემა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • საჯარო მოხსენების მომზადება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 25 გვ. 166-გვ. 169 აბზ. 6

გაკვეთილი 25

გეგმის გამოყენება

რა უნდა გააკეთო?

ლაპარაკის დროს, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვასიტყვით დაწერილი მზა ტექსტი წაიკითხო, გეგმით იხელმძღვანელე. გეგმა შეგიძლია ფურცელზე დაწერო ან დაიმახსოვრო.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

გეგმის შედგენა აზრების ჩამოყალიბებასა და განლაგებაში დაგეხმარება. გეგმას თუ გამოიყენებ, გაგიადვილდება მასალის სასაუბრო სტილით გადმოცემა და გულწრფელად ლაპარაკი.

ბევრს აშინებს გეგმის გამოყენებით ლაპარაკი. ისინი თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, როდესაც მთელი მასალა სიტყვასიტყვით დაწერილი ან დაზეპირებული აქვთ.

ცხოვრებაში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან საუბრის დროს, ყოველგვარი წინასწარ შედგენილი ტექსტის გარეშე ვლაპარაკობთ. არც ქადაგების დროს ვიყენებთ მზა ტექსტს; არც ლოცვის დროს, იმისდა მიუხედავად, მარტო ვლოცულობთ თუ ჯგუფის წინაშე.

განა აქვს რაიმე მნიშვნელობა, სცენაზე გამოსვლისას მზა ტექსტით იხელმძღვანელებ თუ გეგმით? მართალია, მზა ტექსტის გამოყენება აზრების ზუსტად გადმოცემასა და სათანადოდ შერჩეული სიტყვებით ლაპარაკში დაგეხმარება, მაგრამ გაგიჭირდება მომზადებული მასალის მსმენელის გულამდე მიტანა. ალბათ, ერთი-ორი წინადადების წაკითხვის შემდეგ შეგეცვლება მეტყველების ტემპი და ინტონაცია — ისე აღარ ილაპარაკებ, როგორც ჩვეულებრივი საუბრის დროს. თუ ყურადღებას უფრო ტექსტზე გაამახვილებ, ვიდრე მსმენელზე, მათ შეიძლება ისე ყურადღებით არ მოგისმინონ, როგორც ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ იგრძნობდნენ, რომ ნამდვილად იფიქრე მათზე და ცდილობ დაანახვო, რა კავშირი აქვს შენ მიერ მომზადებულ მასალას მათ ცხოვრებასთან. შენმა გამოსვლამ მოქმედებისკენ რომ აღძრას მსმენელი, უმჯობესია, ბუნებრივად, მზა ტექსტის გარეშე ილაპარაკო.

თეოკრატიული მსახურების სკოლის მიზანია, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგვეხმაროს. მეგობრებთან საუბრის დროს ხელში ფურცელი არ გვიჭირავს და აზრის სწორად, საჭირო სიტყვებით გამოსახატავად მზა ტექსტს არ ვკითხულობთ. არც ქადაგების დროს ვიყენებთ წინასწარ შედგენილ ტექსტს იმის შიშით, რომ რაღაცის თქმა დაგვავიწყდება. ამიტომ, როდესაც სცენაზე გამოდიხარ და ინსცენირებით აჩვენებ, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციებში ქადაგება, რაც შეიძლება ბუნებრივად ილაპარაკე. კარგად თუ მოემზადები, დაინახავ, რომ დამახსოვრებული ან ფურცელზე დაწერილი გეგმა სრულიად საკმარისი იქნება მთავარი აზრების გასახსენებლად. მაგრამ რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გაბედულად შეძლო გეგმის გამოყენება?

ჩამოაყალიბე აზრები. გეგმის დახმარებით რომ შეძლო ლაპარაკი, საჭიროა აზრების წინასწარ ჩამოყალიბება. ეს არ ნიშნავს ყოველი სიტყვის წინასწარ შერჩევას. უბრალოდ, უნდა დაფიქრდე იმაზე, თუ რას იტყვი.

იმპულსური ადამიანი საუბარში ხშირად დაუფიქრებლად ამბობს რაღაცას, რაზეც მოგვიანებით ნანობს. ზოგი აბდაუბდად ლაპარაკობს და ერთი აზრიდან მეორეზე გადახტება ხოლმე, მეორიდან — მესამეზე და ასე დაუსრულებლად. ასეთ ჩვევებს მოიშორებ, თუ, უბრალოდ, მცირე ხნით შეყოვნდები და დაფიქრდები სათქმელზე. უპირველესად, განსაზღვრე, რა მიზანი გაქვს. ასევე დაფიქრდი, რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე ლაპარაკი.

რა უნდა გააკეთო, თუ ქადაგებისთვის ემზადები? მხოლოდ ჩანთის ჩალაგება არ კმარა. საჭიროა დრო გამოყო აზრების გონებაში ჩამოსაყალიბებლად. თუ „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული შეთავაზების გამოყენებას აპირებ, რამდენიმეჯერ წაიკითხე, რათა გონებაში ჩაგებეჭდოს მთავარი აზრები. შემდეგ შეეცადე ამ აზრების მოკლედ, ერთი-ორი წინადადებით გამოხატვას. შეგიძლია შეთავაზება ოდნავ შეცვალო — შენი სიტყვებით გადმოსცე და შენს უბანს მოარგო. დაინახავ, როგორ დაგეხმარება გონებაში გეგმის შედგენა. რისგან უნდა შედგებოდეს ასეთი გეგმა? 1) საუბრის დასაწყებად კარგი იქნება, მოიხსენიო რაიმე პრობლემატური საკითხი, რაც ხალხს აღელვებს. შემდეგ კი მოსაუბრეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცი. 2) გონებაში უნდა გქონდეს კონკრეტული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთი-ორი ბიბლიური მუხლი, რომელიც მსმენელს დაანახვებს, რას გვპირდება ღმერთი ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუ შესაძლებლობა მოგეცემა, ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ იეჰოვა ამას თავისი სამეფოს, ზეციერი ხელისუფლების საშუალებით გააკეთებს. 3) უნდა აღძრა ადამიანი, იმოქმედოს იმის შესაბამისად, რაზეც იმსჯელეთ. შესთავაზე ლიტერატურა და (ან) ბიბლიის შესწავლა. აგრეთვე შეუთანხმდი, სად და როდის განაგრძობთ საუბარს.

ქადაგების დროს საუბრის დასაწყებად, ალბათ, საკმარისი იქნება გონებაში მონახაზის გაკეთება. მაგრამ, თუ გეგმის დაწერა და მსახურებამდე მისი გადახედვა გირჩევნია, შედგენისას ჩაიწერე პირველი სიტყვები, ჩაინიშნე ერთი-ორი მუხლი და ის, თუ რას იტყვი საუბრის ბოლოს. ასეთი გეგმის მომზადებითა და გამოყენებით თავიდან აიცილებ უმიზნოდ ლაპარაკს და ნათლად გამოხატავ აზრებს. მსმენელი კი შენს სიტყვებს ადვილად დაიმახსოვრებს.

თუ შენს უბანზე რაიმე თემის ირგვლივ ხშირად გაძლევენ ერთი და იმავე შეკითხვას, კარგი იქნება, ეს თემა გამოიკვლიო. საკმარისი იქნება ორი-სამი საკვანძო აზრისა და რამდენიმე ბიბლიური მუხლის შერჩევა. გეგმისთვის შეგიძლია გამოიყენო „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ ან მსხვილი შრიფტით მოცემული ქვესათაურები წიგნში „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“. შეიძლება საინტერესო ინფორმაცია იპოვო სხვა პუბლიკაციაში. გააკეთე ასლი ან ამოიწერე საჭირო მონაკვეთი, მიამაგრე შედგენილ გეგმას და იმ ნივთებთან ერთად შეინახე, რომლებსაც სამქადაგებლო მსახურებაში იყენებ. ქადაგების დროს, როდესაც მოსაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვას დაგისვამს ან საწინააღმდეგო აზრს წამოჭრის, უთხარი, რომ სიამოვნებით აუხსნი, რა არის შენი შეხედულებების საფუძველი (1 პეტ. 3:15). პასუხის გაცემის დროს გეგმით იხელმძღვანელე.

საჭიროა წინასწარ ჩამოაყალიბო აზრები, ვიდრე ოჯახის წევრებთან ერთად, წიგნის შესწავლაზე ან კრების სხვა შეხვედრაზე ილოცებ. ლუკას 11:2—4-ის თანახმად, იესომ თავის მოწაფეებს შინაარსიანი ლოცვის მარტივი გეგმა მისცა. იერუსალიმში, ტაძრის მიძღვნაზე სოლომონმა ვრცელი ლოცვა წარმოთქვა. ცხადია, ის წინასწარ დაფიქრდებოდა იმაზე, თუ რას მოიხსენიებდა ლოცვაში. მან ჯერ თავად იეჰოვაზე და დავითისთვის მიცემულ აღთქმაზე გაამახვილა ყურადღება, შემდეგ — ტაძარზე, ხოლო ბოლოს ცალ-ცალკე მოიხსენია სხვადასხვა მდგომარეობა და ადამიანთა ჯგუფი (1 მეფ. 8:22—53). შეგვიძლია გავითვალისწინოთ ეს მაგალითები.

შეადგინე მარტივი გეგმა. ვთქვათ, მოხსენების გეგმას ადგენ. რამხელა უნდა იყოს ის?

გახსოვდეს, რომ გეგმის მიზანია, აზრები გაგახსენოს. შესაძლებელია, პირველი რამდენიმე წინადადების, შესავლის, სრულად დაწერა ამჯობინო. მაგრამ ამის შემდეგ აზრებზე უნდა გაამახვილო ყურადღება და არა სიტყვებზე. თუ ამ აზრებს სრული წინადადებებით გამოხატავ, მოკლე წინადადებების გამოყენებას შეეცადე. გეგმაში უნდა გამოკვეთო მთავარი აზრები — შეგიძლია დიდი ასოებით ან სხვა ფერის კალმით დაწერო; აგრეთვე შესაძლებელია ხაზი გაუსვა. თითოეული მთავარი აზრის ქვემოთ დაწერე მსჯელობაში გამოსაყენებელი დამატებითი აზრები. ჩაინიშნე ბიბლიური მუხლები, რომლებსაც წაიკითხავ. უმჯობესია, მუხლები უშუალოდ ბიბლიიდან წაიკითხო. თუ მაგალითის მოყვანას აპირებ, ესეც აღნიშნე. შეგიძლია ჩართო რომელიმე წყაროდან აღებული ციტატა. გეგმაში კონკრეტული აზრები და ფაქტებიც უნდა შეიტანო. გეგმის გამოყენება გაგიადვილდება, თუ მას აკურატულად დაწერ.

ზოგი მომხსენებელი ძალიან მოკლე გეგმას იყენებს. ასეთი გეგმა შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე მთავარი სიტყვისგან, ბიბლიური მუხლებისგან, რომელთა ციტირებასაც ზეპირად აპირებს, და რამდენიმე პირობითი ნიშნისგან ან გამოსახულებისგან, რომლებიც მას აზრებს გაახსენებს. ასეთი მარტივი გეგმა მასალის ლოგიკურად ჩამოყალიბებისა და სასაუბრო სტილში გადმოცემის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ეს არის ამ გაკვეთილის მიზანი.

ამ წიგნის 39—42-ე გვერდებზე მოცემული თავის სათაურია „გეგმის შედგენა“. კარგი იქნება, ეს თავიც წაიკითხო, თუ გეგმის გამოყენებაზე მუშაობ.

როგორ უნდა გამოიყენო გეგმა. შენი მიზანი უბრალოდ გეგმის შედგენა კი არ არის, არამედ ამ გეგმის სწორად გამოყენება.

გეგმის გამოყენება გამოსვლისთვის მომზადებისას უნდა დაიწყო. ყურადღება მიაქციე თემას, წაიკითხე მთავარი აზრები და დააკვირდი, როგორ უკავშირდება თემას თითოეული მათგანი. განსაზღვრე, რა დროს გამოუყოფ თითოეულ მთავარ აზრს. ახლა პირველ მთავარ აზრს დაუბრუნდი და კარგად შეისწავლე. გაიმეორე არგუმენტები, ბიბლიური მუხლები და მაგალითები, რომელთა გამოყენებასაც ამ აზრთან დაკავშირებით აპირებ. კარგად დაამუშავე მასალა, რათა გონებაში ჩაგებეჭდოს ეს ნაწილი. თითოეული მთავარი აზრი ასე შეისწავლე. დაფიქრდი, რას გამოტოვებ საჭიროების შემთხვევაში იმისათვის, რომ თავის დროზე დაამთავრო. ახლა მთელი მასალა ერთად გაიმეორე. ყურადღება სიტყვებს კი არ მიაქციო, არამედ აზრებს. ნუ ეცდები მასალის დაზეპირებას.

სცენაზე გამოსვლის დროს მსმენელთან მხედველობითი კონტაქტი უნდა შეინარჩუნო. მუხლის წაკითხვის შემდეგ ჩანაწერებში ჩახედვის გარეშე, მხოლოდ ბიბლიის დახმარებით უნდა შეძლო მსჯელობის გაგრძელება. აგრეთვე, როდესაც მაგალითი მოგყავს, არ იყურო ჩანაწერებში. ილაპარაკე ისე, როგორც მეგობრებს მოუყვებოდი ამას. ჩანაწერებში ნუ ჩაიხედები ყოველი წინადადების ბოლოს. ბუნებრივად და გულწრფელად თუ ილაპარაკებ, მსმენელს გულში ჩასწვდება შენ მიერ მომზადებული მასალა.

გეგმის გამოყენებით გამოსვლის ხელოვნებას თუ დაეუფლები, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამ კარგ გამომსვლელად ჩამოყალიბების გზაზე.

როგორ უნდა ისწავლო გეგმის გამოყენება

  • ყოველთვის გახსოვდეს, რით უპირატესობს გეგმით გამოსვლა.

  • საუბრების დროს გონებაში წინასწარ ჩამოაყალიბე სათქმელი.

  • გეგმის გამოყენების დროს მშვიდად და დამაჯერებლად რომ ილაპარაკო, ილოცე; შეეცადე, ხშირად მიიღო მონაწილეობა კრების შეხვედრებზე კომენტარებში.

  • შეადგინე მარტივი გეგმა, რომ ერთი ჩახედვით შეგეძლოს საჭირო აზრის წაკითხვა.

  • გამოსვლისთვის მომზადების დროს გაიმეორე აზრები. მასალა სიტყვასიტყვით არ დაიზეპირო.

სავარჯიშო: ამ კვირაში სამქადაგებლო მსახურებაში გასვლამდე შეადგინე გეგმა, თუ კონკრეტულად რაზე ილაპარაკებ, და დაიმახსოვრე (იხილე გვერდი 167, აბზაცი 3). ქადაგების დროს დააკვირდი, რამდენჯერ შეძლებ გეგმის მიხედვით ლაპარაკს ან თუნდაც მთავარი აზრის გადაცემას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება