გაკვეთილი 9
ინტონაცია
აზრობრივ მახვილს თუ გამოიყენებ, მსმენელი შენი სიტყვებიდან უფრო ადვილად გამოიტანს აზრს; და თუ ამასთან ერთად ხმის სიმაღლეს, ლაპარაკის ტემპსა და ტონსაც შეცვლი, გაცილებით დიდი სიამოვნებით მოგისმენს. გარდა ამისა, ინტონაციის ცვლილებით განსახილველი საკითხისადმი შენს დამოკიდებულებას ცხადყოფ. შენი დამოკიდებულება კი გავლენას მოახდენს მსმენელის დამოკიდებულებაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, სცენიდან ელაპარაკები მას თუ ქადაგებისას პირადად ესაუბრები.
ადამიანის ხმა უდიდესი შესაძლებლობის მქონე საოცარი ინსტრუმენტია. თუ ამ ინსტრუმენტს სწორად გამოვიყენებთ, გამოვაცოცხლებთ მოხსენებას, მსმენელის გულამდე მივიტანთ მასალას, გრძნობებს გავუღვიძებთ და კონკრეტული მოქმედებისკენ აღვძრავთ მას. მაგრამ ამისათვის საკმარისი არ არის, ჩანაწერებში ჩავინიშნოთ, სად უნდა შევცვალოთ ხმის სიმაღლე, ტემპი თუ ტონი. ასეთი ნიშნების მიხედვით ინტონაციის ცვლილება არაბუნებრივი იქნება; და მოხსენება, იმის მაგივრად რომ გამომაცოცხლებელი იყოს, რთული მოსასმენი გახდება. ინტონაცია მაშინ არის სათანადო, როდესაც გულიდან მომდინარეობს.
კარგი მომხსენებელი ისე ცვლის ინტონაციას, რომ მსმენელის ყურადღება საკუთარ თავზე არ მიიქციოს. ინტონაციის სწორად ცვლილება მსმენელს ეხმარება, განსახილველი თემის არსს ჩასწვდეს.
ხმის სიმაღლის ცვლილება. წარმოთქმის გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საშუალება ხმის სიმაღლის ცვლილებაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს ხმის პერიოდულად, ერთი და იმავე შუალედით აწევასა და დაწევას. ასეთი მეტყველება არათუ ერთფეროვანი იქნება, არამედ ნათქვამის აზრსაც დაამახინჯებს. თუ ძალიან ხშირად აუწევ ხმას, მსმენელს არასასიამოვნო გრძნობა დარჩება.
ხმის სიმაღლე მასალის შესაფერისი უნდა იყოს. მიზანშეწონილია ხმის აწევა, თუ კითხულობ მნიშვნელოვან მოწოდებას, როგორიც გამოცხადების 14:6, 7-ში ან 18:4-შია მოცემული, ან დამაჯერებელ განაცხადს, მაგალითად გამოსვლის 14:13, 14-ში. მსგავსად ამისა, თუ მკაცრ განაჩენს კითხულობ ბიბლიიდან, მაგალითად იერემიას 25:27—38-დან, ხმის სიმაღლის ცვლილებით შეძლებ ზოგიერთი ფრაზის გამოკვეთას.
გაითვალისწინე შენი მიზანიც. გინდა კონკრეტული მოქმედებისკენ აღძრა მსმენელი? გსურს მთავარი აზრების გამოყოფა? ამაში ხმის ზომიერად აწევა დაგეხმარება. მაგრამ ხმის უადგილოდ აწევა ხელს შეგიშლის მიზნის მიღწევაში. რატომ? ზოგი აზრის გადმოსაცემად საჭიროა არა ხმამაღალი, არამედ სითბოთი და გრძნობით ლაპარაკი. ამ საკითხს მე-11 გაკვეთილში განვიხილავთ.
სათანადო დროს ხმის დაწევა მსმენელს ინტერესს აღუძრავს. მაგრამ შემდეგ, ჩვეულებრივ, საჭიროა მეტი შემართებით განაგრძო ლაპარაკი. ხმის დაწევითა და მისი გაძლიერებით შესაძლებელია წუხილის ან შიშის გამოხატვა. ხმას მაშინაც შეგიძლია დაუწიო, როდესაც გინდა მსმენელს დაანახვო, რომ ის, რასაც ამბობ, მეორეხარისხოვანი აზრია. თუ ყოველთვის ხმადაბლა ილაპარაკებ, ნათქვამს დამაჯერებლობა დააკლდება ან მსმენელს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ დაინტერესებული არა ხარ განსახილველი საკითხით. როგორც ვხედავთ, უნდა დავფიქრდეთ, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ ადგილას ხმის დაწევა.
ტემპის ცვლილება. ყოველდღიურ საუბრებში აზრების გამოსახატავად სიტყვები თავისთავად სწყდება ბაგეებს. როდესაც ვღელავთ, სწრაფად ვლაპარაკობთ. მაგრამ, როდესაც გვინდა, რომ მსმენელმა ჩვენი ნათქვამი დაიმახსოვროს, აუჩქარებლად წარმოვთქვამთ სიტყვებს.
მიუხედავად ამისა, დამწყებ მომხსენებლებს ხშირად უჭირთ ტემპის ცვლა. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ მეტისმეტ ყურადღებას აქცევენ სიტყვებს. ზოგჯერ მთელ ტექსტსაც კი სიტყვა-სიტყვით წერენ. ფურცლიდანაც რომ არ კითხულობდნენ, სიტყვები თითქმის ზეპირად იციან. ამიტომაც მთელ მასალას ერთსა და იმავე ტემპში გადმოსცემენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, მათ მოხსენების გეგმის გამოყენება ისწავლონ.
ისე უეცრადაც არ მოუმატო ტემპს, როგორც ძაღლის დანახვაზე დამფრთხალი მოსეირნე კატა გავარდება ხოლმე ელვის სისწრაფით. ისე სწრაფად არასდროს ილაპარაკო, რომ დიქციაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ტემპის ცვლილება ერთი და იმავე შუალედით ტემპის აჩქარებასა და შენელებას არ ნიშნავს. ასეთი ჩვევა მოხსენებას ვერაფერს შემატებს და მსმენელს ყურადღებას გაუფანტავს. ტემპი უნდა ცვალო იმისდა მიხედვით, თუ რას ამბობ, რა გრძნობის გამოხატვა გინდა და რა არის შენი მიზანი. ძირითადად, მასალა ზომიერ ტემპში გადმოეცი. აღელვების ან სიხარულის გამოსახატავად უფრო სწრაფად ილაპარაკე, როგორც ამას ვინმესთან საუბრის დროს გააკეთებდი. ტემპის აჩქარება მაშინაც მართებულია, როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვან აზრებს გადმოსცემ ან ყვები ისეთ მოვლენას, სადაც დეტალებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ტემპის აჩქარება შენს გამოსვლას გამოაცოცხლებს და მსმენელისთვის უფრო ადვილად მოსასმენი იქნება. მეორე მხრივ, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მნიშვნელოვან არგუმენტებს, მთავარ აზრებსა და კულმინაციურ მომენტებს, ჩვეულებრივ, ნელი ტემპი უხდება.
ტონის ცვლილება. წარმოიდგინე, რომ მუსიკალური ინსტრუმენტის ხმა გესმის. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვიღაც მხოლოდ ერთ ნოტს უკრავს — ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა, ხან სწრაფად და ხანაც ნელა. ხმის სიმაღლე და ტემპი იცვლება, მაგრამ ტონი უცვლელია, ამიტომაც „მუსიკა“ არცთუ სასიამოვნო მოსასმენია. მონოტონურად თუ ვილაპარაკებთ, ჩვენი ხმაც არასასიამოვნო მოსასმენი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ტონის ცვლილება ყველა ენაში ერთი და იგივე როლს არ ასრულებს. ტონურ ენებში, მაგალითად ჩინურში, ტონის ცვლილებამ შეიძლება სიტყვის მნიშვნელობა შეცვალოს. მიუხედავად ამისა, ასეთ ენაზეც კი შეუძლია ადამიანს სასიამოვნო მოსასმენი გახადოს თავისი მეტყველება, თუ ხმის სიმაღლეს შეცვლის, ხოლო ტონს ერთი და იმავე დონეზე შეინარჩუნებს. ამით მაღალი ბგერები უფრო მაღლდება, ხოლო დაბალი ბგერები უფრო დაბლდება.
ტონის ცვლილება წინადადების შინაარსზე არატონურ ენებშიც კი ახდენს გავლენას. მაგალითად, ტონისა და ხმის სიმაღლის ოდნავი აწევა შეიძლება აზრობრივი მახვილისთვის იქნეს გამოყენებული. ზოგჯერ ტონის ცვლილებით შესაძლებელია მოცულობისა და მანძილის ხაზგასმა. ზოგ ენაში წინადადების ბოლოს ტონის ოდნავი აწევით წინადადება კითხვითი ხდება. ზოგ ენაში კი პირიქით, ამისათვის დაღმავალი ტონია საჭირო.
მღელვარება და სიხარული ხშირად მაღალი ტონით გამოიხატება (ტონურ ენებში დიაპაზონის გაზრდით). მწუხარებისა და დარდის გამოსახატავად კი დაბალი ტონია საჭირო (ტონურ ენებში დიაპაზონის შემცირება). სწორედ ამ ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა ეხმარება მომხსენებელს მსმენელის გულამდე მასალის მიტანაში. გრძნობების გადმოსაცემად საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვების წარმოთქმა. შენს ხმაში უნდა შენიშნოს მსმენელმა, რომ ნამდვილად გრძნობ იმას, რასაც ამბობ.
საფუძვლის ჩაყრა. როდის უნდა დაიწყო ინტონაციაზე ფიქრი? მასალის მომზადებისას. თუ მხოლოდ არგუმენტების მოყვანითა და დარიგებით შემოიფარგლები, ნაკლებად გექნება ინტონაციის ცვლილების შესაძლებლობა. ამიტომაც, გადახედე გეგმას და დააკვირდი, გაქვს თუ არა მასში ჩართული ისეთი მომენტები, რომლებიც შენს მოხსენებას შინაარსიანსა და საინტერესოს გახდიდა.
დავუშვათ, მოხსენებით გამოსვლის დროს გრძნობ, რომ საჭიროა, მსმენელი რაღაცით გამოაცოცხლო. რა უნდა გააკეთო? შეეცადე რამის შეცვლას. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ლაპარაკი გააგრძელო, შეგიძლია ბიბლია გადაშალო და მსმენელს შესთავაზო, თავის ბიბლიაში მოძებნოს მუხლი, რომელსაც წაიკითხავ. შეგიძლია, რომელიმე მტკიცება შეკითხვად გადააქციო და ხაზგასმის მიზნით პაუზა გააკეთო. აგრეთვე კარგია უბრალო მაგალითის მოყვანა. ამ ხერხებს გამოცდილი მომხსენებლები იყენებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოცდილება არა გაქვს, მასალის მომზადების დროს შეგიძლია გაითვალისწინო ეს პრინციპები.
შეიძლება ითქვას, რომ ინტონაცია მოხსენების მარილია. თუ ამ „მარილს“ საჭიროების შემთხვევაში და ზომიერად გამოიყენებ, მსმენელი იგრძნობს შენი გამოსვლის „გემოს“ და სიამოვნებით მოგისმენს.