გაკვეთილი 10
ენთუზიაზმი
ენთუზიაზმი გამოსვლას აცოცხლებს. ცხადია, მნიშვნელოვანია შინაარსიანი მასალის მომზადება, მაგრამ მსმენელმა ყურადღებით რომ მოგისმინოს, მასალა ენთუზიაზმით უნდა გადასცე. ენთუზიაზმით ლაპარაკის სწავლა ნებისმიერი წარმომავლობისა და ხასიათის ადამიანს შეუძლია.
ილაპარაკე გრძნობით. სამარიელ ქალთან საუბარში იესომ აღნიშნა, რომ ადამიანები იეჰოვას თაყვანს უნდა სცემდნენ „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოან. 4:24). ადამიანი ღმერთს მადლიერების გამო, ღვთის სიტყვის შესაბამისად უნდა სცემდეს თაყვანს. მადლიერება მეტყველებაზეც აირეკლება. მადლიერი ადამიანი ხალისით ილაპარაკებს იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიყვარულსა და მზრუნველობაზე. ის სახის გამომეტყველებით, ჟესტებითა და ხმით გამოხატავს გრძნობებს.
მაშ, რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგჯერ იმ ადამიანსაც აკლია ენთუზიაზმი, რომელსაც უყვარს იეჰოვა და დარწმუნებულია საკუთარი სიტყვების სისწორეში? ენთუზიაზმით ლაპარაკისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მასალის მომზადება. საჭიროა, გულითა და სულით ჩაეფლო თემაში და გრძნობები ჩააქსოვო სიტყვებში. ვთქვათ, მომხსენებელმა იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლზე უნდა ილაპარაკოს. მოხსენების წაკითხვის დროს ის მხოლოდ ფაქტებზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ იმაზეც, თუ პირადად მისთვის და მისი მსმენელისთვის რა დიდი მნიშვნელობა აქვს იესოს მსხვერპლს. ის მთელი სისავსით უნდა გრძნობდეს მადლიერებას იეჰოვასა და იესო ქრისტეს მზრუნველობისთვის და უნდა ფიქრობდეს უდიდეს იმედზე, რომელიც ამ მსხვერპლის საფუძველზე მიეცა კაცობრიობას — დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეზე, მარადიულ ბედნიერებასა და სრულყოფილ ჯანმრთელობაზე! ამგვარად, საჭიროა მომხსენებელმა საკუთარი გული შეამზადოს და მთელი გულით ილაპარაკოს.
ეზრას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გული განაწყო იეჰოვას კანონში რჩევის საძებნელად, მის შესასრულებლად და ისრაელში . . . სასწავლებლად“ (ეზრ. 7:10). თუ მივბაძავთ ეზრას და მასალის მომზადებასთან ერთად გულსაც განვაწყობთ, ჩვენც შევძლებთ გულით ლაპარაკს. გულწრფელი ლაპარაკით დიდ წვლილს შევიტანთ იმაში, რომ მსმენელმაც მთელი არსებით შეიყვაროს ჭეშმარიტება.
იფიქრე მსმენელზე. ენთუზიაზმის გამოსავლენად აგრეთვე მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყო, რომ მსმენელს ნამდვილად სჭირდება ინფორმაცია, რომელიც უნდა მიაწოდო. ამიტომაც მასალის მომზადების დროს საინტერესო ინფორმაციის ძებნის გარდა, იეჰოვას ლოცვაში უნდა სთხოვო დახმარება, რომ მსმენელის დასახმარებლად შეძლო მასალის საუკეთესოდ გამოყენება (ფსალმ. 32:8; მათ. 7:7, 8). დაფიქრდი, რატომ სჭირდება მას ამ ინფორმაციის მოსმენა, რა მხრივ იქნება ის მისთვის სასარგებლო და როგორ უნდა წარმოადგინო მასალა ისე, რომ მსმენელმა მისი მნიშვნელობა დაინახოს.
განაგრძე მასალის მომზადება, ვიდრე ისეთ აზრს იპოვი, რომელიც ძალიან მოგეწონება. აუცილებელი არ არის რაღაც ახლის აღმოჩენა; მთავარია, ახლებურად მიუდგე საკითხს. ენთუზიაზმით ლაპარაკის მიზეზი ნამდვილად გექნება, თუ მოამზადებ მასალას, რომლის დახმარებითაც მსმენელი იეჰოვასთან ურთიერთობას განიმტკიცებს და უფრო დააფასებს იმას, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს, უკეთ გაუმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს ან უკეთესად შეძლებს ქადაგებას.
დავუშვათ, კრებაში ხმამაღლა წაკითხვა დაგევალა. ენთუზიაზმით წაკითხვაში მხოლოდ სიტყვების სწორად წარმოთქმა და სათანადოდ დაჯგუფება ვერ დაგეხმარება. ამიტომ შეისწავლე ტექსტი. თუ ბიბლიის რომელიმე მონაკვეთი უნდა წაიკითხო, მოძებნე ამ მონაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, სწორად გესმოდეს მასალა. დაფიქრდი, რა მხრივ არის ის სასარგებლო როგორც შენთვის, ისე მსმენელისთვის. შემდეგ ხმამაღლა წაიკითხე და შეეცადე, მსმენელისთვის ადვილად დასანახი იყოს ეს მხარეები.
რა უნდა გააკეთო, როდესაც სამქადაგებლო მსახურებისთვის ემზადები? გაიმეორე თემა, რომელზეც ილაპარაკებ და მუხლები, რომელთა გამოყენებასაც აპირებ. გაითვალისწინე, რა აინტერესებთ ადამიანებს. რა გადმოსცეს ახალ ამბებში? რა პრობლემები აქვს ხალხს? როდესაც დაინახავ, რომ ღვთის სიტყვის დახმარებით მათ შეგიძლია აუხსნა ამ პრობლემების გადაჭრის გზები, უფრო მეტად გექნება ქადაგების სურვილი და ენთუზიაზმით ბუნებრივად ილაპარაკებ.
ენთუზიაზმის გამოვლენა ცოცხალი გადმოცემით. ენთუზიაზმი საუკეთესოდ ვლინდება ცოცხალი გადმოცემით. ცოცხლად რომ გადმოსცე, სახის გამომეტყველებაც შესაბამისი უნდა გქონდეს. უნდა ილაპარაკო დამაჯერებლად, მაგრამ არა დოგმატურად.
ამავე დროს, საჭიროა გაწონასწორება. ზოგი ყველაფრის შესახებ ემოციურად ლაპარაკობს. მათ უნდა იცოდნენ, რომ მეტისმეტად ემოციურ ლაპარაკს მსმენელის ყურადღება თავად გამომსვლელზე გადააქვს და არა მის სიტყვებზე. მეორე მხრივ, ბუნებით მორცხვ ადამიანებს გამხნევება დასჭირდებათ, რომ უფრო თამამად ილაპარაკონ.
ენთუზიაზმი გადამდებია. თუ აუდიტორიასთან კარგ კონტაქტს დაამყარებ და აღფრთოვანებით ილაპარაკებ, მსმენელსაც გადაედება შენი ენთუზიაზმი. აპოლოსი ცოცხლად ლაპარაკობდა და ბიბლია მას მჭერმეტყველ კაცად მოიხსენიებს. თუ ჩვენც ღვთის სულით ავინთებით, ჩვენი ცოცხალი გადმოცემა მოქმედებისკენ აღძრავს მსმენელს (საქ. 18:24, 25; რომ. 12:11).
მასალის შესაფერისი ენთუზიაზმი. ფრთხილად იყავი, რომ მთელი გამოსვლის განმავლობაში მეტისმეტი ენთუზიაზმით ლაპარაკით არ დაღალო მსმენელი. დაღლილი მსმენელი ნებისმიერ მოწოდებას უყურადღებოდ დატოვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისე მოამზადო მასალა, რომ სულ ერთნაირად არ მოგიწიოს ლაპარაკი. გულგრილად ლაპარაკსაც მოერიდე. თუ გულდასმით მოამზადებ მასალას, ერთი სული გექნება, გულით გაუზიარო ის სხვებს. ამასთანავე, გაითვალისწინე, რომ ზოგი აზრი უფრო მეტი ენთუზიაზმით გადმოცემას მოითხოვს, ვიდრე სხვა და ისინი მთელ თემაში ლამაზად უნდა მონაცვლეობდნენ.
განსაკუთრებული ენთუზიაზმით მთავარი აზრები უნდა წარმოადგინო. მასალაში აუცილებლად უნდა იყოს კულმინაციური მომენტები, რომლებამდეც მსჯელობით მიხვალ. სწორედ ეს კულმინაციური მომენტები აღძრავს მსმენელს კონკრეტული მოქმედებისკენ. მას შემდეგ, რაც დაარწმუნებ რაღაცის ჭეშმარიტებაში, მსმენელი მოქმედებისკენ უნდა აღძრა. ამისათვის მას უნდა დაანახვო, რამდენად სასარგებლოა მიღებული ინფორმაციის პირად ცხოვრებაში გამოყენება. ენთუზიაზმი დაგეხმარება, მსმენელის გულამდე მიიტანო მასალა. აუცილებელია, ენთუზიაზმი ბუნებრივი იყოს. ამისათვის მიზეზი უნდა გქონდეს. მიზეზს კი მასალის შინაარსი დაგანახვებს.