გაკვეთილი 11
სითბო და გრძნობების გამოხატვა
ემოციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როდესაც ადამიანი ემოციებს გამოხატავს, სხვები ხედავენ, რა აქვს მას გულში, როგორი პიროვნებაა, რას ფიქრობს ამა თუ იმ სიტუაციაზე ან ადამიანზე. ბევრი საკუთარი გრძნობების დამალვას ცდილობს — ზოგი მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, ზოგი კი იმის გამო, რომ მათ კულტურაში მიღებული არ არის ემოციების გამოხატვა. მაგრამ იეჰოვა მოგვიწოდებს, შევიძინოთ დადებითი თვისებები და სათანადოდ გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები (რომ. 12:10; 1 თეს. 2:7, 8).
სიტყვიერად შეიძლება გამოვხატოთ ის, თუ რას ვგრძნობთ, მაგრამ თუ სათანადო გრძნობით არ ვილაპარაკებთ, მსმენელს, ალბათ, ეჭვი შეეპარება ჩვენს გულწრფელობაში. სათანადო გრძნობით წარმოთქმული სიტყვები კი ნათქვამს სასიამოვნო ელფერს შესძენს და გაამდიდრებს, რის შედეგადაც ის მსმენელის გულამდე მიაღწევს.
სითბოს გამოხატვა. ხშირ შემთხვევაში თბილი გრძნობები გვაკავშირებს მათთან, ვის შესახებაც ბევრი კარგი რამ ვიცით. აქედან გამომდინარე, როდესაც იეჰოვას მიმზიდველ თვისებებზე ვლაპარაკობთ და მისი სიკეთისთვის მადლიერებას გამოვხატავთ, ჩვენს ხმაში შესაბამისი სითბო უნდა შეინიშნებოდეს (ეს. 63:7—9). ასევე, ადამიანებთან საუბრების დროსაც უნდა გამოვავლინოთ სითბო.
ერთხელ ერთმა კეთროვანმა იესოს განკურნება სთხოვა. წარმოიდგინე, როგორი ტონით ეტყოდა მას იესო: „მსურს, განიწმიდე!“ (მარ. 1:40, 41). აგრეთვე წარმოიდგინე: ერთი ქალი, რომელიც 12 წლის განმავლობაში სისხლდენით იტანჯებოდა, იესოს უახლოვდება და მის ტანსაცმელს ეხება. ქალი ხედავს, რომ მისი მოქმედება შეუნიშნავი არ რჩება; ძრწოლით მიდის იესოსთან, ემხობა მის წინ და ყველას წინაშე აღიარებს, რა მიზეზით შეეხო მის ტანსაცმელს და როგორ განიკურნა. დაფიქრდი, როგორ ეტყოდა მას იესო: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით“ (ლუკ. 8:42ბ—48). იესოს მიერ ამ შემთხვევებში გამოვლენილი სითბო ჩვენც სითბოთი გვივსებს გულს.
იესოს მსგავსად თუ თანავუგრძნობთ ადამიანებს და ნამდვილად გვაქვს მათი დახმარების სურვილი, ეს ჩვენს ლაპარაკზეც აირეკლება. ასეთ შემთხვევაში გულწრფელად გამოვავლენთ სითბოს და არაბუნებრივად არ გამოვხატავთ ემოციებს. სითბოს გამოვლენამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გამოგვეხმაურება ადამიანი. სამქადაგებლო მსახურების დროს საუბრის თემა თითქმის ყოველთვის გვაძლევს თბილად ლაპარაკის შესაძლებლობას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვმსჯელობთ, ვინმეს ვამხნევებთ, შევაგონებთ ან თანავუგრძნობთ.
ადამიანების მიმართ თუ ნამდვილად გაქვს თბილი გრძნობები, შეეცადე, ეს სახის გამომეტყველებითაც გამოხატო. შენი სითბო მათთვის ისეთივე მიმზიდველი იქნება, როგორც კოცონი ცივ ღამეში. თუ სახეზე თბილი გრძნობები არ გექნება აღბეჭდილი, მსმენელი ვერ დარწმუნდება იმაში, რომ ნამდვილად დაინტერესებული ხარ მისით. თბილი გრძნობები შეუძლებელია ნიღაბივით აიფარო სახეზე — აუცილებელია ბუნებრიობა.
სითბო ხმაშიც უნდა შეინიშნებოდეს. თუ ბუნებრივად მკაცრი ან ჩახლეჩილი ხმა გაქვს, ალბათ, გაგიჭირდება ლაპარაკის დროს სითბოს გამოვლენა, მაგრამ, თუ მოინდომებ, თანდათანობით შეძლებ ამ პრობლემის გადალახვას. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ერთი რამ დაგეხმარება — გახსოვდეს, რომ მეტყველებას ამკაცრებს ბგერების მოკლედ წარმოთქმა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკი. ამიტომ შეეცადე ხმოვნების გაწელვას. ეს სითბოს შემატებს შენს სიტყვებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რით ხარ დაინტერესებული. თუ მთელ ყურადღებას მსმენელებზე გადაიტან და გულწრფელად გენდომება ისეთი ინფორმაციის მოწოდება, რომელიც მათ ნამდვილად გამოადგებათ, შენი გრძნობები მეტყველებაზეც აირეკლება.
ცოცხალი გადმოცემა გამამხნევებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თბილად ლაპარაკი. ყოველთვის საკმარისი არ არის, მსმენელს მხოლოდ აუხსნა და გააგებინო ესა თუ ის საკითხი. საჭიროა, მის გულამდე მიიტანო მასალა.
სხვა გრძნობების გამოხატვა. განსაცდელში მყოფ ადამიანს ხშირად უარყოფითი გრძნობები ეუფლება. მაგალითად, მღელვარება, შიში და დარდი. ცხოვრებაში უფრო ხშირად სიხარულს უნდა ვავლენდეთ და მას სიამოვნებით გამოვხატავდეთ საუბარში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არის ემოციები, რომლებიც ქრისტიანს არ შეეფერება და რომელთა გამოვლენასაც უნდა მოერიდოს (ეფეს. 4:31, 32; ფილ. 4:4). სიტყვებით, ხმის ტონით, ლაპარაკის მანერით, სახის გამომეტყველებითა და ჟესტებით ნებისმიერი გრძნობის გამოხატვა შეიძლება.
ბიბლიაში კარგად შეიძლება ადამიანებისთვის ჩვეული მრავალი გრძნობის დანახვა. ზოგჯერ ასეთი გრძნობები უბრალოდ ჩამოთვლილია, ზოგჯერ კი მოთხრობილ ამბებში ან ვინმეს სიტყვებში ჩანს ესა თუ ის ემოცია. ასეთი ინფორმაცია როგორც შენთვის, ისე შენი მსმენელისთვის უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნება, თუ ხმამაღლა კითხვის დროს შენს ხმაშიც აისახება ეს ემოციები. ამისათვის საკუთარი თავი წარმოიდგინე იმ ადამიანების ადგილზე, რომელთა შესახებაც კითხულობ. მაგრამ გახსოვდეს, რომ მოხსენება თეატრალური წარმოდგენა არ არის. ამიტომ ფრთხილად იყავი, რომ როლებში არ შეიჭრა. შენი მიზანია, მსმენელმა ნათლად წარმოიდგინოს ნათქვამი.
გაითვალისწინე მასალა. ენთუზიაზმის მსგავსად, სითბოსა და სხვა გრძნობების გამოხატვაც, ძირითადად, იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვამბობთ.
გადაშალე მათეს 11:28—30 და დაუკვირდი, რა არის იქ ნათქვამი. შემდეგ წაიკითხე მათეს 23-ე თავი, სადაც იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს განსჯის. შეუძლებელია, იესოს გულგრილად წარმოეთქვა ეს მამხილებელი სიტყვები.
როგორ ფიქრობ, რა გრძნობით უნდა წაიკითხო დაბადების 44-ე თავი, სადაც იუდა თავისი ძმის, ბენიამინის, გათავისუფლებას ევედრება იოსებს? რა გრძნობა ჩანს მე-13 მუხლში? მე-16 მუხლის თანახმად, რას გრძნობს იუდა, როდესაც მომხდარი უბედურების მიზეზზე ლაპარაკობს? დაუკვირდი თავად იოსების რეაქციასაც, რაც დაბადების 45:1-შია გადმოცემული.
ამრიგად, კითხვისა და ლაპარაკის დროს ნათქვამმა მსმენელის გულს რომ მიაღწიოს, სიტყვებისა და აზრების გარდა ყურადღება უნდა მიაქციო გრძნობებს.