გაკვეთილი 42
მსმენელისთვის შინაარსიანი მასალა
მასალა მსმენელისთვის შინაარსიანი და საინტერესო რომ იყოს, საკმარისი არ არის მნიშვნელოვან თემაზე ლაპარაკი. ჰკითხე საკუთარ თავს: „რატომ საჭიროებს ეს აუდიტორია მაინცდამაინც ამ თემის მოსმენას? რა ვუთხრა მსმენელს იმის დასანახვებლად, რომ ამ თემის განხილვა მისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება?“
ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის ჩვენი მსმენელი. მაგალითად, თუ კარდაკარ ქადაგების ინსცენირება უნდა წარმოადგინო, ამ დროს შენი მსმენელი მობინადრე იქნება. სხვა შემთხვევებში კი აუდიტორია შეიძლება მთელი კრება იყოს.
რა იცის უკვე შენმა მსმენელმა. დაფიქრდი: „რა იცის მსმენელმა ამ საკითხის შესახებ?“ ამის მიხედვით განსაზღვრე, როგორ ააგო თემა. თუ ისეთი აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ, სადაც უმრავლესობა მოწიფული ქრისტიანია, არ შემოიფარგლო ბევრი მათგანისთვის უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი ძირითადი სწავლებების გამეორებით. განავითარე ეს სწავლებები. რასაკვირველია, თუ კრებას ბევრი დაინტერესებულიც ესწრება, ორივე ჯგუფის მოთხოვნილებები უნდა გაითვალისწინო.
ლაპარაკის ტემპიც იმის მიხედვით უნდა ცვალო, თუ რა არის მსმენელისთვის ცნობილი. უმრავლესობისთვის ნაცნობი საკითხები სწრაფად თქვი; ხოლო ის აზრები, რომლებიც ბევრისთვის ახალი იქნება, ნელა წარმოთქვი, რათა მსმენელმა უკეთ აღიქვას.
რას ნიშნავს „შინაარსიანი“. შინაარსიანი მასალის გადაცემა მაინცდამაინც რაიმე ახლის თქმას არ ნიშნავს. ზოგი მომხსენებელი ისეთი სახით და იმდენად მარტივად გადასცემს ნაცნობ სწავლებებს, რომ ბევრი მხოლოდ მაშინ იგებს ამ სწავლებებს ბოლომდე.
სამქადაგებლო მსახურებაში, მაგალითად, იმის საჩვენებლად, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, ახალი ამბებიდან რაიმე შემთხვევის მოხსენიება საკმარისი არ იქნება. ბიბლიის გამოყენებით ახსენი, რა კავშირია ამ შემთხვევასა და ბოლო დღეებთან დაკავშირებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას შორის. ამგვარად, შენი საუბარი მსმენელისთვის ნამდვილად შინაარსიანი იქნება. ასევე, როდესაც ბუნების კანონებსა თუ მცენარეებსა და ცხოველებზე ჩამოაგდებ საუბარს, შენი მთავარი მიზანი ის არ უნდა იყოს, რომ მობინადრეს მისთვის უცნობი საინტერესო მეცნიერული ფაქტები გააცნო; ეს ფაქტები ბიბლიურ აზრებს დაუკავშირე და აჩვენე, რომ არსებობს მზრუნველი შემოქმედი, რომელსაც ვუყვარვართ. ეს მას დაეხმარება, საკითხებს სხვა თვალით შეხედოს.
იოლი არ არის, მსმენელს იმის შესახებ ესაუბრო, რაც არაერთხელ სმენია. მაგრამ ეფექტური მასწავლებელი რომ გახდე, საჭიროა ისწავლო ამის წარმატებით გაკეთება. მაინც როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
ამ საქმეში გამოკვლევა დაგეხმარება. ნაცვლად იმისა, რომ მოხსენებაში მხოლოდ ის აზრები ჩართო, რომელიც უცბად მოგივა გონებაში, გამოიყენე გამოკვლევაში დამხმარე საშუალებები, რომლებზეც 33—38-ე გვერდებზეა ლაპარაკი. გაითვალისწინე იქ მოცემული რჩევები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარება. გამოკვლევისას შეიძლება აღმოაჩინო ნაკლებად ცნობილი ისტორიული მოვლენა, რომელიც უშუალოდ ეხება შენი მოხსენების თემას; ან შეიძლება ახალი ამბებიდან გაიგო ისეთი ინფორმაცია, რომელიც კარგ მაგალითად გამოდგებოდა ამა თუ იმ აზრთან დაკავშირებით.
მასალის გამოკვლევისას იფიქრე შემდეგ კითხვებზე: რა? რატომ? როდის? სად? ვინ? და როგორ? მაგალითად: „რატომ არის ეს სიმართლე? როგორ დავამტკიცო? რომელი გავრცელებული რელიგიური შეხედულებები უშლის ხელს ხალხს ამ ბიბლიური ჭეშმარიტების მიღებაში? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როგორ უნდა იმოქმედოს ამან მსმენელის ცხოვრებაზე? რა ცხადყოფს, რომ ცხოვრებაში მისი გამოყენება სასარგებლოა? რას ვიგებთ ამ ბიბლიური ჭეშმარიტებიდან იეჰოვას შესახებ?“ თუ მასალა მოგცემს ამის საშუალებას, შეგეძლო დაფიქრებულიყავი: „როდის მოხდა ეს? დღეს როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკულად?“ რამდენიმე ასეთი კითხვის დასმა და მათზე პასუხის გაცემა დაგეხმარება მოხსენების უფრო ცოცხლად წარმოდგენაში.
შეიძლება მოხსენებაში საჭირო გახდეს მსმენელისთვის კარგად ნაცნობი მუხლების გამოყენება. რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მათი განხილვა შინაარსიანი იყოს? არ დაკმაყოფილდე მუხლების წაკითხვით — ახსენი ისინი.
ნაცნობ მუხლს მეტ შინაარსს შესძენ, თუ გამოყოფ იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება თემას და ახსნი. მიქას 6:8-ის მაგალითზე განვიხილოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რას ნიშნავს „სამართლის ქმნა“? ვის სამართალზეა ლაპარაკი? რომელი მაგალითით შეიძლებოდა იმის ჩვენება, თუ რას ნიშნავს „სამართლის ქმნა“ ან „სიკეთის სიყვარული“? რა იგულისხმება „მოკრძალებულად სიარულში“? როგორ გამოიყენებდი მასალას ხანდაზმულებისთვის? ცხადია, მასალის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო შემდეგი ფაქტორები: მოხსენების თემა, მიზანი, მსმენელი და მოხსენებისთვის გამოყოფილი დრო.
ხშირად, სასარგებლოა უცნობი სიტყვების ახსნა. ზოგისთვის ნამდვილი აღმოჩენაა მათეს 6:10-ში მოხსენიებული „სამეფოს“ მნიშვნელობის გაგება. მუხლში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობის გამეორებამ ზოგჯერ შეიძლება დიდი ხნის მონათლულ ქრისტიანებსაც მოუტანოს სარგებლობა; ისინი უფრო ზუსტად გაიგებენ მოცემული მუხლის მნიშვნელობას. ამაში უკეთ დარწმუნდები, თუ წაიკითხავ 2 პეტრეს 1:5—8-ს და განმარტავ, რას ნიშნავს რწმენა, ზნეობა, ცოდნა, თავშეკავება, მოთმინება, ღვთისადმი ერთგულება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული. როდესაც ერთმანეთის გვერდით მონათესავე სიტყვებია გამოყენებული, მათი განმარტების შედეგად ამ სიტყვებს შორის არსებულ სხვაობას მსმენელი უკეთესად დაინახავს. ეს ეხება იგავების 2:1—6-ში გამოყენებულ ისეთ სიტყვებსაც, როგორიცაა სიბრძნე, ცოდნა, გამჭრიახობა და გაგების უნარი.
ბიბლიურ მუხლზე მსჯელობითაც შეგიძლია, განხილვა მსმენელისთვის შინაარსიანი გახადო. ბევრი განცვიფრებას ვერ მალავს, როდესაც იგებს, რომ ზოგ თარგმანში დაბადების 2:7-ში ადამი „ცოცხალ სულად“ არის მოხსენიებული და რომ, ეზეკიელის 18:4-ის თანახმად, სული კვდება. ერთხელ იესომ გააოცა სადუკეველები, როდესაც გამოსვლის 3:6 (რომელზეც ამბობდნენ, რომ სწამდათ) მიცვალებულების აღდგომასთან დაკავშირებით გამოიყენა (ლუკ. 20:37, 38).
ხანდახან საკითხის გასაშუქებლად კარგია მუხლის დაწვრილებით ახსნა. ამისათვის ყურადღება გაამახვილე კონტექსტზე და იმ ვითარებაზე, რომელშიც ის იწერებოდა; მოიხსენიე, ვინ დაწერა ეს სიტყვები ან ვისთვის დაიწერა. ფარისევლებისთვის 110-ე ფსალმუნი კარგად იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, იესომ მათი ყურადღება პირველ მუხლში ჩაწერილ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა. იესომ ჰკითხა მათ: «„რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?“ „დავითის“ — უპასუხეს მათ. მან [იესომ] უთხრა: „მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით დავითი უფალს, როცა ამბობს: ‘იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ’“? თუ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?» (მათ. 22:41—45). ბიბლიურ მუხლებზე თუ იესოს მსგავსად იმსჯელებ, ადამიანებს დაეხმარები იმაში, რომ ღვთის სიტყვა მეტი ყურადღებით იკითხონ.
როდესაც მომხსენებელი მოიხსენიებს ბიბლიის რომელიმე წიგნის დაწერის დროს ან იმას, თუ როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა, მან იმ დროს არსებული ვითარებაც უნდა აღწეროს. ასეთნაირად, მსმენელი უფრო ნათლად დაინახავს ამ წიგნისა თუ მოვლენის მნიშვნელობას.
შედარებების გაკეთება შენს მოხსენებას უფრო შინაარსიანს გახდის. ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული შეხედულება შეადარე ბიბლიის თვალსაზრისს; ან ბიბლიიდან ერთმანეთს ორი პარალელური მონაკვეთი შეადარე. არის მათ შორის განსხვავება? რატომ? რას გვასწავლის ეს? ასეთი განხილვა მსმენელს დაეხმარება, საკითხს სხვა თვალით შეხედოს.
როდესაც ქრისტიანული მსახურების რომელიმე მხარეზე უნდა ილაპარაკო, განხილვა უფრო საინტერესო გამოგივა, თუ მას მოკლე მიმოხილვით დაიწყებ. იმსჯელე, რა უნდა გაკეთდეს, რატომ არის საჭირო ამის გაკეთება და როგორ უკავშირდება ეს ჩვენს — იეჰოვას მოწმეების — საერთო მიზანს. შემდეგ ახსენი, სად, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს ეს.
როგორ მოვიქცეთ, თუ მოხსენება „ღვთის სიღრმეების“ განხილვას მოითხოვს? (1 კორ. 2:10). თუ რამდენიმე ძირითად მომენტს დასაწყისშივე გამოყოფ და მაშინვე ახსნი, მსმენელი უფრო ადვილად გაიგებს დეტალებს. და თუ მოხსენებას მოკლე შეჯამებით დაასრულებ, მსმენელს ალბათ კმაყოფილების გრძნობა დარჩება იმის გამო, რომ რაღაც ისწავლა.
ქრისტიანულ ცხოვრებასთან დაკავშირებული რჩევები. შენი მოხსენება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ მსმენელს დაანახვებ, რა კავშირი აქვს განხილულ მასალას მათ ცხოვრებასთან. როდესაც დავალებაში მოცემულ ბიბლიურ მუხლებს იკვლევ, დაფიქრდი: „რატომ არის ეს ინფორმაცია დღემდე შემონახული?“ (რომ. 15:4; 1 კორ. 10:11). გაიხსენე სიტუაციები, რომლებშიც შენი მსმენელები იმყოფებიან. ბიბლიური რჩევები და პრინციპები მათ მდგომარეობას დაუკავშირე. მოხსენებისას გაარჩიე ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც მსმენელებს არსებულ მდგომარეობაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მოერიდე განზოგადებას. იმსჯელე კონკრეტულ შეხედულებებსა და მოქმედებებზე.
თავიდან, მასალის მომზადებისას, ამ თავში მოცემული ერთი ან ორი რჩევის გათვალისწინებას შეეცადე. ხოლო, როდესაც მეტ გამოცდილებას შეიძენ, უფრო მეტ რჩევას მიაქციე ყურადღება. დროთა განმავლობაში დაინახავ, რომ მსმენელები მოუთმენლად დაელოდებიან შენს გამოსვლებს, რადგან დარწმუნებული იქნებიან, რომ რაღაცა კარგსა და სასარგებლოს გაიგებენ.