ჩვენ კვლავაც გულმოდგინედ უნდა ვიმსახუროთ
1 იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში გულმოდგინედ ქადაგებენ. ამას ცხადყოფს ის, რომ 1992 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმეს ისინი მილიარდ საათზე მეტს უთმობენ. ჩვენ მართლაც გვაქვს სიხარულის მიზეზი, რადგან შეგვიძლია ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ამ დიდებულ საქმეში! (მათ. 28:19, 20).
2 რა თქმა უნდა, ქება-დიდება ეკუთვნის იეჰოვას, რადგან ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ სწორედ ის გვიჭერს მხარს მსახურების შესასრულებლად (2 ტიმ. 3:1). რა მოითხოვება ჩვენი მხრიდან, თუ გვსურს, კვლავაც გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საქმეში?
3 გულმოდგინედ ქადაგების მიზეზი: ღვთისა და მოყვასის სიყვარული, აგრეთვე ჩვენი გულწრფელი სურვილი, ვიცხოვროთ მიძღვნის თანახმად, აღგვძრავს, სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ (მათ. 22:37—39; 1 იოან. 5:3). სიყვარული გვეხმარება, რომ გამოვავლინოთ თავგანწირვის სული და სრულად მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში (ლუკ. 9:23).
4 ყველანაირად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ გულმოდგინება: ჩვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი ყოველმხრივ ცდილობს, რომ გულმოდგინება დაგვაკარგვინოს მსახურებაში. ჩვენს უბნებზე მცხოვრები ხალხის მიერ გამოვლენილი გულგრილობა, მრავალი რამ, რითაც ქვეყნიერება ცდილობს ჩვენი ყურადღება სულიერი საკითხებიდან სხვა რამეზე გადაიტანოს, ყოველდღიური საზრუნავი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები — ეს ყოველივე მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც სატანა იყენებს იმისთვის, რომ მხნეობა დაგვაკარგვინოს.
5 ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ გულმოდგინება. ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაგვინელდეს „თავდაპირველი სიყვარული“. ამაში შედის ის, რომ რეგულარულად ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, ბიბლია და ვიფიქროთ წაკითხულზე. აგრეთვე, გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რითაც იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით უზრუნველგვყოფს (გამოცხ. 2:4; მათ. 24:45; ფსალმ. 119:97).
6 როგორც ბიბლიური წინასწარმეტყველებებიდან ვიგებთ, იეჰოვას დღე, რომელიც უღვთო კაცობრიობას დაატყდება თავს, სწრაფად ახლოვდება (2 პეტ. 2:3; 3:10). მოდი ყოველთვის გვახსოვდეს ეს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გულმოდგინება შევინარჩუნოთ მსახურებაში და სრულად მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს ცნობის გავრცელებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს!