-
როგორ დავიწყოთ შესწავლები წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“სამეფო მსახურება — 2006 | იანვარი
-
-
როგორ დავიწყოთ შესწავლები წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“
ბევრი სიამოვნებით დაიწყებდა ბიბლიის შესწავლას, ამის შესაძლებლობა თუ მიეცემოდა. ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დაგვეხმარება ბიბლიის შესწავლების დაწყებაში. მე-3—7 გვერდებზე მოცემული შესავლის გამოყენებით შევძლებთ მობინადრის საუბარში ჩაბმას. ამ წიგნის მეშვეობით ბიბლიის შესწავლის დაწყება ნაკლები გამოცდილების მქონე მაუწყებლებსაც გაუადვილდებათ.
◼ შეგიძლიათ გამოიყენოთ მე-3 გვერდზე მოცემული მასალა:
შემზარავი ახალი ამბების ან იმ პრობლემების მოხსენიების შემდეგ, რომლებიც შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს აწუხებს, მობინადრის ყურადღება გადაიტანე მე-3 გვერდზე მუქი შრიფტით დაბეჭდილ კითხვებზე და აღძარი საკუთარი აზრის გამოთქმისკენ. შემდეგ გადაფურცლე მე- 4 და 5 გვერდზე და ისაუბრე ღვთის დანაპირებზე.
◼ შეიძლება არჩიო, საუბარი მე-4 და მე-5 გვერდებზე მოცემული მნიშვნელოვანი აზრების განხილვით დაიწყო:
შეგიძლია თქვა: „განა შესანიშნავი არ იქნება, რომ ამ სურათზე აღწერილი ცვლილებები ნამდვილად მოხდეს?“ ან შეგიძლია მობინადრეს ჰკითხო: „ღვთის ამ დაპირებებიდან რომლის შესრულებას ისურვებდით?“ პასუხი ყურადღებით მოისმინე.
თუ მობინადრე რომელიმე ბიბლიური მუხლისადმი განსაკუთრებულ ინტერესს გამოავლენს, აჩვენე, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამისათვის განიხილე ამ წიგნში მოცემული აბზაცები, რომლებიც ამ მუხლებს ხსნის. (იხილე დანართის ამ გვერდზე მოცემული ჩარჩო). საკითხი ისე განიხილე, როგორც ამას ბიბლიის შესწავლის დროს გააკეთებდი. ამის გაკეთება პირველივე მონახულებისას შეგიძლია მობინადრის კართან, რასაც ხუთი ან ათი წუთი დასჭირდება.
◼ მობინადრის საუბარში ჩაბმა მე-6 გვერდზე მოცემული ინფორმაციითაც შეიძლება:
მობინადრის ყურადღება მე-6 გვერდის ბოლოში დასმულ კითხვებზე გადაიტანე და ჰკითხე: „გიფიქრიათ რომელიმე ამ კითხვაზე?“ თუ მას რომელიმე კითხვაზე პასუხი დააინტერესებს, განიხილე ის აბზაცები, რომლებიც ამ კითხვაზე სცემს პასუხს (იხილე დანართის ამ გვერდზე მოცემული ჩარჩო). მობინადრესთან რომელიმე ბიბლიური თემის განხილვა ბიბლიის შესწავლად ითვლება.
◼ მე-7 გვერდი შეგიძლია გამოიყენო იმის საჩვენებლად, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა:
წაიკითხე პირველი სამი წინადადება და გადაშალე მე-3 თავზე. პირველი სამი აბზაცის განხილვით აჩვენე, როგორ ტარდება შესწავლა. შეთანხმდით, რომ მე-3 აბზაცში დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად განმეორებით მიაკითხავ.
◼ როგორ შეთანხმდეთ განმეორებით მონახულებაზე:
პირველი შესწავლის ჩატარების შემდეგ განმეორებითი მონახულების გაკეთების მიზნით მობინადრეს შეგიძლია უთხრა: „სულ რაღაც რამდენიმე წუთში გავიგეთ, რას გვასწავლის ბიბლია ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. შემდეგში კი ამ საკითხზე ვიმსჯელებთ [მოიხსენიე საკითხი, რომელსაც განიხილავთ]. შეიძლება შემდეგ კვირას ამ დროს მოვიდე?“
რადგან იეჰოვას დანიშნული დრო დღითი დღე ახლოვდება, ის ყოველმხრივ გვამზადებს დავალების შესასრულებლად (მათ. 28:19, 20; 2 ტიმ. 3:17). დაე ეფექტურად გამოვიყენოთ ეს შესანიშნავი ახალი წიგნი ბიბლიის შესწავლების დასაწყებად.
-
-
როგორ შევთავაზოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“სამეფო მსახურება — 2006 | იანვარი
-
-
როგორ შევთავაზოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“
ამ დანართში მოცემულია სხვადასხვა შეთავაზებები, რომლებიც წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია?“, გავრცელებაში დაგეხმარება. შეთავაზება უფრო ეფექტური იქნება, თუ მას შენი სიტყვებით გააკეთებ, შენს უბანზე მცხოვრები ხალხის ინტერესებს მოარგებ და წიგნიდან წინასწარ ისეთ თემას შეარჩევ, რომელზეც საუბარს ააგებ. შეგიძლია გამოიყენო სხვა შეთავაზებაც, რომელიც პრაქტიკული იქნება შენს უბანზე (იხილე 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8).
არმაგედონი
◼ „არმაგედონის გაგონებაზე ბევრს მასიური განადგურების სურათი წარმოუდგება თვალწინ. ხომ არ გაგაოცებთ იმის გაგება, რომ არმაგედონი სინამდვილეში ერთ–ერთი საუკეთესო მოვლენაა, რაც კი შეიძლება მოხდეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე გამოცხადების 16:14, 16]. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორი ცხოვრება იქნება არმაგედონის შემდეგ“. წაიკითხე 21–ე აბზაცი 82–ე გვერდზე.
ბიბლია
◼ „ხშირად ბიბლიას ღვთის სიტყვას უწოდებენ. გიფიქრიათ, რატომ ეწოდება ამ წიგნს ღვთის სიტყვა, მაშინ როცა ის ადამიანებმა დაწერეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე 2 პეტრეს 1:21 და მე–5 აბზაცი მე–19 გვერდზე]. ეს წიგნი შემდეგ კითხვებზე ბიბლიიდან სცემს პასუხს“. აჩვენე მე–6 გვერდზე მოცემული კითხვები.
◼ „დღეს უფრო მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე. მაგრამ თქვენი აზრით, სად შეიძლება გონივრული რჩევების მიღება, რაც ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების მოწყობაში დაგვეხმარება? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე 2 ტიმოთეს 3:16, 17 და მე–12 აბზაცი 23–ე გვერდზე]. ამ წიგნში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს და მივიღოთ კურთხევები“. მისი ყურადღება გადაიტანე 122—123–ე გვერდებზე მოცემულ ჩარჩოსა და სურათზე.
იესო ქრისტე
◼ „იესო ქრისტეს შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სმენიათ. ზოგი ამბობს, რომ ის მხოლოდ გამოჩენილი ადამიანი იყო. სხვებს ის ყოვლისშემძლე ღმერთად მიაჩნიათ. თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია იესოს ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა?“ [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იოანეს 17:3 და მე–3 აბზაცი 37–ე გვერდზე]. მობინადრის ყურადღება ამ თავის შესავალ კითხვებზე გადაიტანე.
იეჰოვა ღმერთი
◼ „ბევრ მორწმუნე ადამიანს უნდა, რომ ღმერთს უფრო მეტად დაუახლოვდეს. იცოდით, რომ ბიბლია გვიწვევს, დავუახლოვდეთ ღმერთს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე იაკობის 4:8ა და მე-20 აბზაცი მე-16 გვერდზე]. ეს წიგნი იმისთვის გამოიცა, რომ ადამიანებმა თავიანთივე ბიბლიიდან უფრო მეტი გაიგონ ღვთის შესახებ“. წაუკითხე შესავალი კითხვები მე–8 გვერდზე.
◼ „ბევრი ლოცულობს, რომ ღვთის სახელი განიწმინდოს. გიფიქრიათ ოდესმე, რომელ სახელზე ლოცულობენ ისინი? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ფსალმუნების 83:18, აქ (82:19) და მე-2 და მე-3 აბზაცები 195–ე გვერდზე]. ეს წიგნი გვიხსნის, რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ“.
ლოცვა
◼ „გიფიქრიათ, როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებზე? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე 1 იოანეს 5:14, 15 და მე–16—18 აბზაცები 170—172 გვერდებზე]. ამ თავში ასევე ახსნილია, რატომ უნდა ვილოცოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები“.
მარადიული სიცოცხლე
◼ „უმეტესობას კარგი ჯანმრთელობა და ხანგრძლივი ცხოვრება სურს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ისურვებდით მარადიულ სიცოცხლეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე გამოცხადების 21:3, 4 და მე-17 აბზაცი 54-ე გვერდზე.] ამ წიგნიდან გავიგებთ, როგორ შეგვიძლია მარადიული ცხოვრების მიღება. მასში იმის შესახებაც არის საუბარი, თუ როგორი ცხოვრება იქნება მაშინ, როცა ღვთის ეს დაპირება შესრულდება“.
ომი/მშვიდობა
◼ „მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს მშვიდობა სწყურიათ. როგორ ფიქრობთ, დედამიწაზე მშვიდობის დამყარების იმედი მხოლოდ ოცნებაა? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ფსალმუნების 45:9, 10]. ამ წიგნში ახსნილია, როგორ შეასრულებს ღმერთი თავის დაპირებას და როგორ დაამყარებს მთელ მსოფლიოში მშვიდობას“. აჩვენე 35–ე გვერდზე მოცემული სურათი და განიხილე 17—21 აბზაცები 33–ე და 34–ე გვერდებზე.
ოჯახი
◼ „ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას გვსურს ბედნიერი ოჯახი გვქონდეს. [გიპასუხოს] ბიბლიაში საუბარია იმაზე, რომ ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია ხელი შეუწყოს ოჯახის ბედნიერებას, თუ სიყვარულის გამოვლენაში ღმერთს მიბაძავენ“. წაუკითხე ეფესოელების 5:1, 2 და მე–4 აბზაცი 135–ე გვერდზე.
რელიგია
◼ „ბევრი რელიგიას კაცობრიობის პრობლემების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს და არა მათი მოგვარების საშუალებად. თქვენი აზრით, სწორი გზით მიჰყავს რელიგიას ხალხი? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე მათეს 7:13, 14 და მე–5 აბზაცი 145–ე გვერდზე]. ამ თავში განხილულია ღვთის მოსაწონი თაყვანისმცემლობის ამოსაცნობი ექვსი ნიშანი“. აჩვენე 147–ე გვერდზე ჩამოთვლილი ეს ნიშნები.
საცხოვრებელი ადგილი
◼ „ბევრ ქვეყანაში უფრო და უფრო რთულდება შესაფერისი საცხოვრებელი ადგილის პოვნა. თქვენი აზრით, დადგება ისეთი დრო, როცა ყველას თავისი სახლი ექნება? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ესაიას 65:21, 22 და მე–20 აბზაცი 34–ე გვერდზე]. ამ წიგნში ახსნილია, თუ როგორ შესრულდება ღვთის ეს დაპირება“.
სიკვდილი/აღდგომა
◼ „ბევრს აინტერესებს, სინამდვილეში, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. თქვენი აზრით, შესაძლებელია ამის გაგება? [გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე ეკლესიასტეს 9:5 და მე-5 და მე-6 აბზაცები 58–ე გვერდზე]. ამ წიგნში აგრეთვე ახსნილია, თუ რას ნიშნავს ბიბლიაში მოცემული აღდგომის იმედი გარდაცვლილთათვის“. აჩვენე სურათი 75–ე გვერდზე.
◼ „ალბათ დამეთანხმებით, რომ საყვარელი ადამიანი როცა გვიკვდება, კვლავ გვინდა მისი ნახვა? [გიპასუხოს]. აღდგომასთან დაკავშირებულმა ბიბლიურმა იმედმა ბევრი მგლოვიარე ანუგეშა. [წაუკითხე იოანეს 5:28, 29 და მე-16 და მე-17 აბზაცები 71—72–ე გვერდებზე]. ეს თავი აქ დასმულ კითხვებსაც პასუხობს“. წაუკითხე მე–7 თავის შესავალი კითხვები 66–ე გვერდზე.
ტრაგედია/ტანჯვა
◼ „როცა ტრაგედია ხდება ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი არ ზრუნავს ადამიანებზე და მისთვის სულერთია იტანჯებიან თუ არა ისინი. თქვენც ასე ფიქრობთ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 პეტრეს 5:7 და მე–11 აბზაცი მე–11 გვერდზე]. ამ წიგნში ახსნილია, როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ადამიანთა ტანჯვას“. წაუკითხე 106–ე გვერდზე მოცემული შესავალი კითხვები.
[ჩარჩო 4 გვერდზე]
შესაწირავების მოხსენიების საშუალებები
„თუ გსურთ მცირეოდენი შესაწირავი გაიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად, მას სიამოვნებით ავიღებდით“.
„მართალია, ლიტერატურას უფასოდ ვავრცელებთ, მაგრამ მსოფლიო საქმიანობის მხარდასაჭერად მცირე შესაწირავსაც კი სიამოვნებით ავიღებდით“.
„შეიძლება გაინტერესებთ, როგორ ხდება ამ საქმის მატერიალური მხარდაჭერა. ეს საქმე, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, ნებაყოფლობითი შესაწირავების ხარჯზე სრულდება. თუ თქვენც გსურთ მცირეოდენი შესაწირავი გაიღოთ, სიამოვნებით ავიღებთ“.
-
-
1) შეკითხვა, 2) ბიბლიური მუხლი და 3) თავისამეფო მსახურება — 2006 | იანვარი
-
-
1) შეკითხვა, 2) ბიბლიური მუხლი და 3) თავი
წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მარტივად შეთავაზება ასე შეიძლება: 1) მობინადრეს დაუსვი დამაფიქრებელი კითხვა, 2) წაუკითხე სათანადო ბიბლიური მუხლი და 3) გადაშალე წიგნი იმ თავზე, რომელიც აღნიშნულ საკითხს განიხილავს და წაუკითხე დასაწყისში მოცემული კითხვები. თუ მობინადრე ინტერესს გამოავლენს, შესავალი აბზაცების განხილვით აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. ეს მეთოდი შეგიძლია გამოიყენო ბიბლიის შესწავლის დასაწყებად პირველივე ან განმეორებითი მონახულებისას.
◼ „როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ყოვლისშემძლე შემოქმედის გაცნობა, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი?“ წაუკითხე საქმეების 17:26, 27 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება პირველ თავზე გადაიტანე.
◼ „დღევანდელი პრობლემების მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია ნუგეშისა და იმედის პოვნა, როგორც ამას ეს მუხლი ამბობს?“ წაუკითხე რომაელების 15:4 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მოკლედ შეეხე მე-2 თავს.
◼ „ძალა რომ შეგწევდეთ, მოახდენდით ასეთ ცვლილებებს?“ წაიკითხე გამოცხადების 21:4 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-3 თავზე გადაიტანე.
◼ „თქვენი აზრით, იცხოვრებენ ოდესმე ჩვენი შვილები ისეთ პირობებში, როგორიც ამ უძველეს საგალობელშია აღწერილი?“ წაუკითხე ფსალმუნების 36:10, 11 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მოკლედ მიმოიხილე მე-3 თავი.
◼ „თქვენი აზრით, ოდესმე დადგება ისეთი დრო, როცა ეს სიტყვები შესრულდება?“ წაუკითხე ესაიას 33:24 და პასუხს დაელოდე. შემდეგ ყურადღება მე-3 თავზე გაამახვილე.
◼ „როგორ ფიქრობთ, იციან მკვდრებმა, რას აკეთებენ ცოცხლები?“ პასუხს დაელოდე. შემდეგ წაუკითხე ეკლესიასტეს 9:5 და იმსჯელე მე-6 თავზე.
◼ „თქვენი აზრით, შესაძლებელია კვლავ ვიხილოთ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ახლობლები?“ წაუკითხე იოანეს 5:28, 29-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები და პასუხს დაელოდე. შემდეგ მიმოიხილე მე-7 თავი.
◼ „თქვენი აზრით, როგორ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე, ისე როგორც ეს ზეცაშია, რის შესახებაც იესომ მოიხსენია ამ ლოცვაში?“ წაუკითხე მათეს 6:9, 10 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-8 თავზე გადაიტანე.
◼ „თქვენი აზრით, იმ დროში ხომ არ ვცხოვრობთ, რომელიც ამ წინასწარმეტყველებაშია აღწერილი?“ წაუკითხე 2 ტიმოთეს 3:1—4 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-9 თავზე გადაიტანე.
◼ „ბევრს აინტერესებს, რატომ უარესდება დღითი დღე კაცობრიობის პრობლემები. იცოდით, რომ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზზე ამ მუხლშია საუბარი?“ წაუკითხე გამოცხადების 12:9 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-10 თავზე გადაიტანე.
◼ „არასოდეს დაფიქრებულხართ, ასეთ კითხვაზე პასუხი მიგეღოთ?“ წაუკითხე იობის 21:7 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მიმოიხილე მე-11 თავი.
◼ „თქვენი აზრით, შეუწყობდა ხელს ოჯახის ბედნიერებას ამ ბიბლიური რჩევის გათვალისწინება?“ წაუკითხე ეფესოელების 5:33 და პასუხს დაელოდე. შემდეგ მისი ყურადღება მე-14 თავზე გადაიტანე.
ორი ასეთი შეხვედრის შემდეგ შეგიძლია შესწავლა ანგარიშის ბლანკში ჩაიწერო, თუ ფიქრობთ, რომ ის გაგრძელდება.
-