გაამხნევეთ ერთმანეთი მსახურების დროს
1 ყველა ჩვენგანს სიამოვნებს „დროულად ნათქვამი“ გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა (იგავ. 25:11). როდესაც და-ძმებთან ვთანამშრომლობთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი საუბარი მათთვის გამამხნევებელი გავხადოთ?
2 გამამხნევებელი საუბარი: თითოეული ჩვენგანი ძალიან ვმხნევდებით, როდესაც სამქადაგებლო მსახურების დროს სულიერ საკითხებზე ვსაუბრობთ (ფსალმ. 37:30). ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეთავაზებას გავაკეთებთ მობინადრესთან, ან მოვყვეთ ბოლო დროს მომხდარი გამამხნევებელი შემთხვევები მსახურებიდან (საქ. 15:3). ჩვენს საუბრებში შეგვეძლო ჩაგვერთო ის საინტერესო აზრები, რომლებსაც ბიბლიის პირადი შესწავლისას მივაქციეთ ყურადღება, ან რომლებიც ჟურნალების ბოლო ნომრებში ამოვიკითხეთ და კრების შეხვედრებზე მოვისმინეთ. შეგვეძლო, აგრეთვე, გვესაუბრა იმ ზოგიერთ საკითხზე, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული ბოლო დროს წარმოთქმულ საჯარო მოხსენებაში.
3 შესაძლოა, გული გვიტყდება, როდესაც მობინადრე ისეთ საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, რომელსაც ვერ ვპასუხობთ. ასეთ შემთხვევაში ძალიან სასარგებლო იქნებოდა, რომ მობინადრესთან დამშვიდობების შემდეგ ჩვენს თანამშრომელთან ერთად წიგნ „მსჯელობის“ საფუძველზე რამდენიმე წუთი გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციასთან გამკლავება მომავალში. მაგალითად, თუ მოგვეწონა, როგორ აკეთებს შეთავაზებას ჩვენი და ან ძმა, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, გულწრფელი შექებით შეგვეძლო გაგვემხნევებინა ის.
4 ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ: არიან ჩვენი წიგნის შესწავლის ჯგუფში ისეთები, ვისთანაც ამ ბოლო დროს არ გვითანამშრომლია? თუ მათ მსახურებას შევთავაზებთ, შედეგად შეიძლება „გავამხნეოთ ერთმანეთი“ (რომ. 1:12). პიონერები და დამხმარე პიონერები ძალიან მადლიერნი არიან, როდესაც და-ძმები მათთან ერთად თანამშრომლობენ მსახურებაში, განსაკუთრებით კი დილის საათებში ან შუადღის შემდეგ, როცა მაუწყებლები შედარებით ნაკლებად გადიან ხოლმე საქადაგებლად. ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ პიონერებს იმით, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ მათთან. არის კრებაში ისეთი მაუწყებელი, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა გარკვეულწილად ზღუდავს მსახურებაში? თუ ასეთ ადამიანს თანამშრომლობას შევთავაზებდით, მაგალითად ვთხოვდით, რომ ერთად ჩაგვეტარებინა ბიბლიის შესწავლა, ეს შეიძლება ორივესთვის სასარგებლო ყოფილიყო (იგავ. 27:17).
5 ადამიანს ყოველთვის ამხნევებს, როდესაც მას თუნდაც სულ მცირე მიზეზის გამო აქებენ ან მის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. ამიტომ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს, როდესაც სხვებთან ერთად ვმსახურობთ, რადგან ჩვენი მიზანია, ‘აღვაშენოთ ერთმანეთი’ (1 თეს. 5:11).