საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lv თ. 13 გვ. 144-159
  • ღვთისთვის მიუღებელი დღესასწაულები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღვთისთვის მიუღებელი დღესასწაულები
  • „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შობა — მზის თაყვანისმცემლობის სახეცვლილება
  • რას ამბობს ბიბლია დაბადების დღეებზე?
  • აღდგომა — ნაყოფიერების ქალღმერთის შენიღბული თაყვანისმცემლობა
  • წმინდა დღესასწაულია ჰელოუინი?
  • იეჰოვას თვალში შეუბღალავი ქორწილი
  • რელიგიური რიტუალის ნაწილია სადღეგრძელოები?
  • „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“
  • განადიდე ღმერთი სიტყვითა და საქმით
  • დაიკავე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • რელიგიური მრავალგვარობით გამოწვეული სიძნელე
    იეჰოვას მოწმეები და განათლება
  • ყველა დღესასწაულს იწონებს ღმერთი?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • დღესასწაულები
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
„დარჩით ღვთის სიყვარულში“
lv თ. 13 გვ. 144-159
პატარა ბიჭი ხსნის მშობლების საჩუქარს

თავი 13

ღვთისთვის მიუღებელი დღესასწაულები

„ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10)

1. ვის იზიდავს იეჰოვა, და რატომ უნდა ვიფხიზლოთ სულიერად?

„ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“, — თქვა იესომ (იოანე 4:23). როცა იეჰოვა პოულობს ასეთ ადამიანებს, ისევე როგორც შენ გიპოვა, ის იზიდავს მათ თავისკენ და თავისი ძისკენ (იოანე 6:44). ეს მართლაც დიდი პატივია! მაგრამ ჭეშმარიტების მოყვარულებმა ყოველთვის უნდა შეამოწმონ, „რა არის მოსაწონი უფლისთვის“, ვინაიდან სატანა დახელოვნებული მატყუარაა (ეფესოელები 5:10; გამოცხადება 12:9).

2. ახსენი, რას ფიქრობს იეჰოვა მათზე, ვინც ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლობას ერთმანეთში ურევს.

2 განვიხილოთ, რა მოხდა სინას მთასთან, როცა ისრაელებმა აარონს ღმერთის გაკეთება სთხოვეს. აარონი დათანხმდა და ჩამოასხა ოქროს ხბო, თუმცა მიანიშნა ხალხს, რომ კერპი იეჰოვას წარმოადგენდა. მან თქვა: „ხვალ იეჰოვას დღესასწაულია!“. სულერთი იყო იეჰოვასთვის ჭეშმარიტი და ცრუ თაყვანისმცემლობის ერთმანეთში არევა? არა. იეჰოვამ დაახლოებით 3 000 კერპთაყვანისმცემელი სიკვდილით დასაჯა (გამოსვლა 32:1—6, 10, 28). რას ვსწავლობთ აქედან? ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, არ უნდა მივეკაროთ უწმინდურს და ჭეშმარიტება განსაკუთრებული ერთგულებით უნდა დავიცვათ გარყვნილებისგან (ესაია 52:11; ეზეკიელი 44:23; გალატელები 5:9).

3, 4. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიური პრინციპები დღეს გავრცელებულ წეს-ჩვეულებებსა და დღესასწაულებთან დაკავშირებით?

3 სამწუხაროდ, მოციქულების სიკვდილის შემდეგ, რომლებიც განდგომილების გავრცელებას უშლიდნენ ხელს, ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა არ შეიყვარეს ჭეშმარიტება და თანდათანობით შეითვისეს წარმართული წეს-ჩვეულებები და დღესასწაულები, რომელთაც შემდგომ ქრისტიანული უწოდეს (2 თესალონიკელები 2:7, 10). ზოგიერთი ასეთი დღესასწაულის განხილვისას ყურადღება მიაქციე, როგორ ირეკლავს ისინი ქვეყნიერების სულს. ქვეყნიურ დღესასწაულებს, ძირითადად, ის ახასიათებს, რომ მათი აღნიშვნის დროს ხდება ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება და იმ ცრუ რელიგიური სწავლებებისა და სპირიტიზმის განდიდება, რაც „დიდი ბაბილონისთვის“ არის დამახასიათებელი (გამოცხადება 18:2—4, 23).a აგრეთვე გახსოვდეს, რომ იეჰოვა საკუთარი თვალით ხედავდა იმ საზიზღარ წარმართულ რიტუალებს, რომლებიც საფუძვლად დაედო დღეს გავრცელებულ დღესასწაულებს. უეჭველია, მისთვის დღესაც მიუღებელია ისინი. ამიტომ მისი თვალსაზრისი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს (2 იოანე 6, 7).

4 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ვიცით, რომ ზოგი დღესასწაული იეჰოვასთვის მიუღებელია, ამიტომ მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყველანაირად მოვერიდოთ მათში მონაწილეობას. განვიხილოთ, რატომ არის ეს დღესასწაულები იეჰოვასთვის მიუღებელი. ეს განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ხელს შეგვიშლის, რომ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.

შობა — მზის თაყვანისმცემლობის სახეცვლილება

5. საიდან ვიცით, რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა?

5 ბიბლიაში არაფერი წერია იესოს დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ. მისი დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა ვიცით, რომ ის არ დაბადებულა 25 დეკემბერს, შუა ზამთარში.b ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ იესოს დაბადების დროს მწყემსები ველად იყვნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ (ლუკა 2:8—11). ამის მოხსენიებას აზრი არ ექნებოდა, თუ ისინი მთელი წლის განმავლობაში ველად იქნებოდნენ. ვინაიდან ბეთლემში ზამთრობით ხშირად წვიმს და თოვს, მწყემსებს ცხვარი ფარეხში ეყოლებოდათ და არა ველად. ამასთანავე, იოსები და მარიამი კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით ბეთლემში გაემგზავრნენ, რათა აღწერილიყვნენ (ლუკა 2:1—7). საეჭვოა, რომ შუა ზამთარში კეისარს რომის მმართველობით უკმაყოფილო ხალხისთვის მშობლიურ ქალაქებში წასვლა ებრძანებინა.

6, 7. ა) საიდან იღებს სათავეს შობის დღესასწაულისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები? ბ) რით განსხვავდება საშობაოდ საჩუქრების გაცემა ჭეშმარიტი ქრისტიანების მიერ საჩუქრების გაცემისგან?

6 შობის დღესასწაული სათავეს იღებს არა ბიბლიიდან, არამედ ძველი წარმართული დღესასწაულებიდან, მათ შორის რომაული სატურნალიიდან, რომელიც მიწათმოქმედების ღვთაებას, სატურნს ეძღვნებოდა. ამასთანავე, „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ წერია, რომ მითრას თაყვანისმცემლები 25 დეკემბერს „უძლეველი მზის დაბადების დღეს“ აღნიშნავდნენ. „შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული“, ანუ ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ.

ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით გასცემენ საჩუქრებს

7 წარმართები დღესასწაულის დროს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ და ნადიმებს მართავდნენ; დღესაც იგივე ხდება შობის დღესასწაულზე. მაგრამ უმეტესწილად, ამ დღესასწაულზე საჩუქრების ჩუქება არ ხდებოდა იმ პრინციპის თანახმად, რომელსაც 2 კორინთელების 9:7-ში ვკითხულობთ: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით გასცემენ საჩუქრებს; ისინი ამას არ აკეთებენ მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ან გამორჩენის მიზნით (ლუკა 14:12—14; წაიკითხეთ საქმეების 20:35). მათ უხარიათ, რომ თავისუფლები არიან საშობაო ორომტრიალისგან და დიდი ფინანსური ხარჯებისგან, რაც ბევრს მძიმე ტვირთად აწევს წელიწადის ამ დროს (მათე 11:28—30; იოანე 8:32).

8. მიართვეს ასტროლოგებმა იესოს საჩუქრები დაბადების დღის აღსანიშნავად? ახსენი.

8 მაგრამ ვინმემ შეიძლება იკითხოს: განა ასტროლოგებმა იესოს საჩუქრები დაბადების დღეზე არ მიუტანეს?! არა. მათ საჩუქრები იესოს პატივისცემის ნიშნად მიართვეს, რადგან ძველად მიღებული იყო პატივდებული ადამიანისთვის საჩუქრების მირთმევა (1 მეფეები 10:1, 2, 10, 13; მათე 2:2, 11). სინამდვილეში ისინი იესოსთან მისი დაბადების ღამეს არ მისულან. მათ არ უნახავთ ბაგაში მწოლიარე ახალშობილი იესო; ასტროლოგები მასთან თვეების შემდეგ, სახლში მივიდნენ.

მივიღო თუ არა მონაწილეობა დღესასწაულში?

ქრისტიანი ქალი უარს ამბობს სამუშაო ოთახის სადღესასწაულოდ მოწყობაში მონაწილეობაზე

პრინციპი: «„გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ“» (2 კორინთელები 6:17)

ჰკითხე საკუთარ თავს გავრცელებულ დღესასწაულებსა და წეს-ჩვეულებებზე:

  • იღებს ის სათავეს ცრუ რელიგიური ჩვეულებიდან, სწავლებიდან ან სპირიტიზმიდან? (ესაია 52:11; 1 კორინთელები 4:6; 2 კორინთელები 6:14—18; გამოცხადება 18:4).

  • განადიდებს მეტისმეტად ან მიაგებს პატივს რომელიმე ადამიანს, ორგანიზაციას ან ეროვნულ სიმბოლოს? (იერემია 17:5—7; საქმეები 10:25, 26; 1 იოანე 5:21).

  • აყენებს რომელიმე ერს ან ეთნიკურ ჯგუფს სხვაზე მაღლა? (საქმეები 10:34, 35; 17:26).

  • ირეკლავს ის „ქვეყნიერების სულს“, რომელიც ღვთის წმინდა სულს ეწინააღმდეგება? (1 კორინთელები 2:12; ეფესოელები 2:2).

  • დავაბრკოლებდი ვინმეს, თუ მონაწილეობას მივიღებდი მასში? (რომაელები 14:21).

  • თუ მონაწილეობაზე უარს ვამბობ, როგორ ავუხსნი სხვებს მიზეზს პატივისცემით? (რომაელები 12:1, 2; კოლოსელები 4:6).

ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლები დაგეხმარება, უპასუხო გავრცელებულ წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებულ კითხვებს:

  • „[ორგული ისრაელები] შეერივნენ სხვა ხალხებს და ისწავლეს მათი საქმეები“ (ფსალმუნი 106:35).

  • „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა“ (ლუკა 16:10).

  • „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19).

  • «შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც» (1 კორინთელები 10:21).

  • „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 პეტრე 4:3).

რას ამბობს ბიბლია დაბადების დღეებზე?

9. რა მოხდა ბიბლიაში მოხსენიებულ დაბადების დღეებზე?

9 თუმცა ბავშვის დაბადებას დიდი სიხარული მოაქვს, ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, რომ ღვთის რომელიმე მსახური დაბადების დღეს აღნიშნავდა (ფსალმუნი 127:3). გამორჩათ ამის ჩაწერა ბიბლიაში? არა. ბიბლიაში მოხსენიებულია ორი ადამიანის, ეგვიპტის ფარაონისა და ჰეროდე ანტიპას, დაბადების დღის აღნიშვნა (წაიკითხეთ დაბადების 40:20—22 და მარკოზის 6:21—29). მაგრამ ბიბლიაში ორივე შემთხვევა უარყოფითად არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი ჰეროდე ანტიპას დაბადების დღე, რომლის დროსაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს.

10, 11. რა თვალსაზრისი ჰქონდათ ადრინდელ ქრისტიანებს დაბადების დღეებზე? ახსენი.

10 ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ აღნიშნულია, რომ „ადრინდელი ქრისტიანები დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ“. მაგალითად, ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ყველა ადამიანს თავისი მფარველი სული ჰყავდა, რომელიც მას დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა და მფარველობდა. ამ სულს „იდუმალი კავშირი ჰქონდა ღვთაებასთან, რომლის დაბადების დღესაც ეს ადამიანი იყო დაბადებული“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Lore of Birthdays). ასტროლოგიასა და ჰოროსკოპთან დაბადების დღის კავშირს დიდი ხნის ისტორია აქვს.

დღესასწაულები და სატანიზმი

აღსანიშნავია, რომ დაბადების დღე სატანიზმში ყველაზე მნიშვნელოვან დღედ ითვლება. რატომ? სატანისტებს სწამთ, რომ ნებისმიერი ადამიანი ღმერთია, თუ მას სურს, ღმერთი იყოს. ასე რომ, მათი აზრით, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნით ადამიანი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ღმერთის დაბადების დღეს აღნიშნავს. რა თქმა უნდა, უმეტესობას არა აქვს დაბადების დღეებზე ასეთი უკიდურესი და ეგოისტური თვალსაზრისი. თუმცა ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „სხვა დღესასწაულები გულს ახარებს, დაბადების დღე კი — საკუთარ მეს“ (The Lore of Birthdays).

სატანისტებისთვის აგრეთვე „წმინდა“ დღესასწაულებად ითვლება ვალპურგის ღამე და ჰელოუინი. ერთ-ერთი ლექსიკონი შემდეგნაირად განმარტავს ვალპურგის ღამეს: „ეს არის პირველი მაისის წინა ღამე, როცა ჯადოქრები დათქმულ ადგილზე იკრიბებიან“ (Merriam-Webster’s Collegiate Dictionary).

11 ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები არ აღნიშნავდნენ დაბადების დღეს. ამის მიზეზი მხოლოდ დაბადების დღის წარმართულ ტრადიციებთან და სპირიტიზმთან კავშირი არ იყო; მათ სხვა მიზეზიც ჰქონდათ. ეს თავმდაბალი მამაკაცები და ქალები თავიანთ დაბადებას იმდენად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ, რომ ეზეიმათ (მიქა 6:8; ლუკა 9:48).c პირიქით, სიცოცხლისთვის ისინი იეჰოვას მადლობდნენ და განადიდებდნენd (ფსალმუნი 8:3, 4; 36:9; გამოცხადება 4:11).

12. რა გაგებით არის სიკვდილის დღე დაბადების დღეზე უკეთესი?

12 ერთგული ადამიანები სიკვდილის შემდეგ ღვთის მეხსიერებაში რჩებიან და აღდგომა გარანტირებული აქვთ (იობი 14:14, 15). ეკლესიასტეს 7:1-ში ვკითხულობთ: „კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე — დაბადების დღეს“. „კარგ სახელს“ ჩვენ ღვთისადმი ერთგული მსახურებით ვიძენთ. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი დღე, რომლის აღნიშვნაც ქრისტიანებს ევალებათ, დაბადების დღე კი არა, სიკვდილის დღეა — იესო ქრისტეს სიკვდილის დღე, რომლის აღმატებულმა სახელმაც ხსნა მოგვიტანა (ებრაელები 1:3, 4; ლუკა 22:17—20).

აღდგომა — ნაყოფიერების ქალღმერთის შენიღბული თაყვანისმცემლობა

13, 14. საიდან იღებს სათავეს აღდგომის წეს-ჩვეულებები?

13 დღესასწაული, რომელიც ქრისტეს აღდგომის სახელითაა ცნობილი, სინამდვილეში ცრუ რელიგიიდან იღებს სათავეს. როგორ გახდა კვერცხი აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი? როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ წერია, კვერცხი „ახალი სიცოცხლისა და ხელახლა დაბადების სიმბოლოდაა ცნობილი“. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ნაყოფიერების კულტთანაა დაკავშირებული.e

14 ნუთუ თვალს ხუჭავს იეჰოვა, იმაზე რომ ამ საზიზღარი რიტუალებით იხსენებენ მისი ძის აღდგომას? არავითარ შემთხვევაში! (2 კორინთელები 6:17, 18). ბიბლია არც მოგვიწოდებს და არც იწონებს იესოს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ დღესასწაულის დროს იმ რიტუალების შესრულებაზე, რომლებიც ნაყოფიერების ქალღმერთის თაყვანისმცემლობას უკავშირდება.

წმინდა დღესასწაულია ჰელოუინი?

15. საიდან იღებს სათავეს ჰელოუინის დღესასწაული და რით არის აღსანიშნავი მისი თარიღი?

15 ჰელოუინი, ყველა წმინდის წინა დღე, ცნობილია ჯადოქრობით, მოჩვენებებით და უცნაური დეკორაციებით. ის შემოიღეს ძველ დროში ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებმა კელტებმა. პირველი ნოემბრისთვის, სავსე მთვარობისას, კელტები დღესასწაულობდნენ სამჰეინს, რაც „ზაფხულის დასასრულს“ ნიშნავს. მათ სწამდათ, რომ სამჰეინის დღესასწაულზე მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის ბარიერი იხსნებოდა და როგორც კეთილი, ისე ბოროტი სულები დედამიწაზე დაეხეტებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ მიცვალებულთა სულები თავიანთ სახლებს უბრუნდებოდნენ, ამიტომაც ოჯახის წევრები მათ გულის მოსალბობად საჭმელ-სასმელს უმზადებდნენ. ასე რომ, დღეს, როდესაც ბავშვები მოჩვენებებივით და ჯადოქრებივით იმოსებიან, კარდაკარ დადიან და გამასპინძლებას ითხოვენ ან წინააღმდეგ შემთხვევაში მასპინძელს ზიანის მიყენებით ემუქრებიან, ისინი უნებურად სამჰეინის ძველ რიტუალებს უკვდავყოფენ.

იეჰოვას თვალში შეუბღალავი ქორწილი

16, 17. ა) რატომ უნდა გამოიკვლიოს წყვილმა ბიბლიური პრინციპების დახმარებით ადგილობრივი წეს-ჩვეულებები? ბ) რის გათვალისწინება მართებთ ქრისტიანებს, როცა საქმე ეხება ქორწილში ბრინჯისა და მსგავსი რამის გამოყენებას?

16 მალე „ნეფისა და პატარძლის ხმა აღარასოდეს გაისმება“ დიდ ბაბილონში (გამოცხადება 18:23). ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დიდ ბაბილონს სპირიტიზმთან დაკავშირებული არაერთი ჩვეულება აქვს, რომლებიც ქორწინებას ქორწილის დღიდანვე ბღალავს (მარკოზი 10:6—9).

17 სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წეს-ჩვეულება არსებობს. ზოგი ჩვეულება, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, შეიძლება მომდინარეობდეს ბაბილონური რიტუალებიდან, რომელთაც თითქოსდა „იღბალი“ მოაქვს ახალდაქორწინებულებისა და მათი სტუმრებისთვის (ესაია 65:11). ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების დროს ნეფე-პატარძალს აყრიან ბრინჯს ან მსგავს რამეს. შესაძლოა ეს ჩვეულება დაკავშირებულია რწმენასთან, რომლის თანახმადაც საჭმელი გულს ულბობდა ბოროტ სულებს, რომ ნეფე-პატარძლისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. გარდა ამისა, დიდი ხანია ადამიანები ბრინჯს მისტიკურ ძალას ანიჭებენ და მიაჩნიათ, რომ მას ნაყოფიერების, ბედნიერებისა და დღეგრძელობის მოტანა შეუძლია. ცხადია, ქრისტიანი, რომელსაც ღვთის სიყვარულში დარჩენა სურს, თავს შორს დაიჭერს მსგავსი ჩვეულებებისგან (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:14—18).

18. რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა გაითვალისწინონ ნეფე-პატარძალმა და სტუმრებმა?

18 იეჰოვას მსახურები ასევე არ ჰბაძავენ ქვეყნიერებას — თავიანთი საქციელით არ ბღალავენ ქორწილს და არ აბრკოლებენ ვინმეს. მაგალითად, ისინი ერიდებიან ქორწილში სარკასტულ ლაპარაკს, მინიშნებებს სექსზე, უხამს და უხეშ ხუმრობებს ან ისეთ შენიშვნებს, რომლებიც ნეფე-პატარძალს და სტუმრებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა (იგავები 26:18, 19; ლუკა 6:31; 10:27). ისინი ცდილობენ, მოკრძალება გამოავლინონ და ზღაპრულ ქორწილებს არ იხდიან, რათა ქონებით არ იტრაბახონ (1 იოანე 2:16). თუ ქორწილის გადახდას აპირებ, არ დაგავიწყდეს, რომ იეჰოვას სურს, ეს განსაკუთრებული დღე შენთვის ყოველთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი იყოს და არა პირიქით.f

რელიგიური რიტუალის ნაწილია სადღეგრძელოები?

19, 20. რა არის ნათქვამი ერთ ნაშრომში სადღეგრძელოების წარმოშობაზე და რატომ არის ეს ჩვეულება ქრისტიანებისთვის მიუღებელი?

19 ქორწილებსა თუ სხვა წვეულებებზე სადღეგრძელოების წარმოთქმა გავრცელებული ჩვეულებაა. ერთ წიგნში ნათქვამია: „სადღეგრძელოს წარმოთქმა, როგორც ჩანს, იმ ძველი რელიგიური რიტუალის გადმონაშთია, რომლის თანახმადაც წმინდა სითხეს ღვთაებებს უღვრიდნენ . . . რათა შესრულებოდათ სხვისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის წარმოთქმული სათხოვარი“ (International Handbook on Alcohol and Culture, 1995).

20 დღეს ბევრი სადღეგრძელოების წარმოთქმას რელიგიას ან ცრურწმენას არ უკავშირებს. და მაინც, ზეცისკენ ღვინით სავსე ჭიქის აწევა შეიძლება მივიჩნიოთ „ზეცისთვის“ ანუ ზებუნებრივი ძალისთვის კურთხევის თხოვნად, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას (იოანე 14:6; 16:23).g

„იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“

21. რომელ არარელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობას ერიდებიან ქრისტიანები, და რატომ?

21 დიდი ბაბილონი იწონებს ან იწყნარებს დღევანდელი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ ზნედაცემულობას, რაც იმ კარნავალებსა და ზეიმებში აისახება, რომლებსაც ზოგი ქვეყანა ყოველწლიურად აფინანსებს. ამ ზეიმებისთვის დამახასიათებელია ვულგარული ცეკვები და ჰომოსექსუალური თუ ლესბოსური ცხოვრების წესის განდიდება. იქნებოდა მისაღები „იეჰოვას მოყვარულთათვის“ ასეთ ზეიმებში მონაწილეობა ან მათი ყურება? ცხადყოფდა ეს, რომ მათ ნამდვილად სძულთ ბოროტება? (ფსალმუნი 1:1, 2; 97:10). ბევრად უკეთესი იქნებოდა, მათ ფსალმუნმომღერლისთვის მიებაძათ, რომელიც ლოცულობდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37).

22. რა შემთხვევაში წყვეტს ქრისტიანი პირადად, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამა თუ იმ დღესასწაულში?

22 ქრისტიანებისთვის მიუღებელი დღესასწაულების დროს ქრისტიანი უნდა მოერიდოს ისეთი შთაბეჭდილების დატოვებას, რომ მონაწილეობს ამ დღესასწაულში. პავლემ დაწერა: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31; იხილეთ ჩარჩო „გონივრული გადაწყვეტილების მიღება“.). თუ წეს-ჩვეულება ან დღესასწაული არ უკავშირდება ცრუ რელიგიას ან პოლიტიკას, არ არის პატრიოტული სულით გამსჭვალული და ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას. ამავე დროს, მან უნდა გაითვალისწინოს სხვების აზრიც, რომ ისინი არ დააბრკოლოს.

განადიდე ღმერთი სიტყვითა და საქმით

23, 24. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ დავამოწმოთ იეჰოვას სამართლიანი ნორმების შესახებ?

23 ბევრი ადამიანი დღესასწაულებს ძირითადად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრების შესაძლებლობად მიიჩნევს. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიბლიის პოზიცია მკაცრი და მეტისმეტად შემზღუდავია, ჩვენ შეგვიძლია ტაქტიანად ავუხსნათ, რომ იეჰოვას მოწმეები აფასებენ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრებას (იგავები 11:25; ეკლესიასტე 3:12, 13; 2 კორინთელები 9:7). ახლობლებთან შეკრება წელიწადის სხვადასხვა დროს შეგვიძლია. თუმცა ღვთისა და მისი სამართლიანი ნორმების სიყვარული გვიბიძგებს, ასეთი სასიამოვნო შეკრებები ღვთისთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებებით არ შევბღალოთ (იხილეთ ჩარჩო „ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უდიდესი სიხარული მოაქვს“.).

ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უდიდესი სიხარული მოაქვს

იეჰოვა ბედნიერი ღმერთია და სურს, რომ მისი მსახურები ბედნიერები იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). ეს ქვემოთ მოყვანილი მუხლებიდანაც ჩანს:

  • „გულმხიარულს მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15).

  • „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:12, 13).

  • „ხელგაშლილი სხვებს ხელგაშლილობისკენ უბიძგებს და ხელგაშლილობის მხარდასაჭერად აღსდგება“ (ესაია 32:8).

  • „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე [იესო] გამოგაცოცხლებთ . . . ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28, 30).

  • „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).

  • „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).

  • „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა . . . სიკეთე, ყოველივე კარგი“ (გალატელები 5:22).

  • „სინათლის ნაყოფია ყოველივე კარგი, სიმართლე და ჭეშმარიტება“ (ეფესოელები 5:9).

24 ზოგმა იეჰოვას მოწმემ გამოიყენა წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“h მე-16 თავში მოცემული ინფორმაცია, რათა თავიანთი პოზიცია აეხსნათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გულწრფელად აინტერესებდათ ეს საკითხი. ამან კარგი შედეგები გამოიღო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანი გულების შეძენაა და არა კამათში გამარჯვება! ამიტომ გამოავლინე პატივისცემა და რბილი ხასიათი, და შენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი, „მარილით შეზავებული“ იყოს (კოლოსელები 4:6).

25, 26. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვასადმი რწმენა და სიყვარული განუმტკიცონ თავიანთ შვილებს?

25 იეჰოვას მსახურები კარგად ვართ განსწავლულები. ჩვენ გვესმის, რაზე არის დაფუძნებული ჩვენი რწმენა და რატომ არის ზოგი მოქმედება ჩვენთვის მისაღები ან მიუღებელი (ებრაელები 5:14). ასე რომ, მშობლებო, ასწავლეთ შვილებს ბიბლიური პრინციპების გამოყენება. ამით განუმტკიცებთ რწმენას, დაეხმარებით, რომ ბიბლიის მეშვეობით დაიცვან ის, და დაარწმუნებთ იეჰოვას სიყვარულში (ესაია 48:17, 18; 1 პეტრე 3:15).

26 ყველა, ვინც ღმერთს თაყვანს სცემს „სულითა და ჭეშმარიტებით“, ერიდება არაბიბლიური დღესასწაულების აღნიშვნას და ცდილობს, ცხოვრების ყველა სფეროში პატიოსნად მოიქცეს (იოანე 4:23). თუმცა ბევრის აზრით, დღეს პატიოსნება არავის არაფერში ადგება. მომდევნო თავიდან გავიგებთ, რომ ღვთის ნების თანახმად ცხოვრებას ყოველთვის საუკეთესო შედეგები მოაქვს.

a იხილეთ ჩარჩო „მივიღო თუ არა მონაწილეობა დღესასწაულში?“. ზოგიერთი დღესასწაულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

b ბიბლიური ქრონოლოგიიდან და ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ იესო სავარაუდოდ დაიბადა ძვ. წ. 2 წელს, ებრაული კალენდრის მიხედვით ეთანის თვეში, რომელიც შეესაბამება სექტემბერ/ოქტომბრის თვეებს. იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ [ინგლ.], ტომი II, გვერდები 56, 57; ქართულად იხილეთ ონლაინ ბიბლიოთეკაში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

c იხილეთ ჩარჩო „დღესასწაულები და სატანიზმი“.

d მოსეს კანონის თანახმად, ქალს მშობიარობის შემდეგ ცოდვის შესაწირავი უნდა მიეტანა ღვთისთვის (ლევიანები 12:1—8). ეს ისრაელებს შეახსენებდა იმ არასასიამოვნო ფაქტს, რომ შვილებს ცოდვას გადასცემდნენ. ეს მოთხოვნა ეხმარებოდა მათ, რომ ბავშვის დაბადებაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონოდათ და არ გადმოეღოთ დაბადების დღესთან დაკავშირებული წარმართული წეს-ჩვეულებები (ფსალმუნი 51:5).

e აღდგომა აგრეთვე დაკავშირებულია ფინიკიელთა ნაყოფიერების ქალღმერთის, ასტარტეს, კულტთან, რომლის ერთ-ერთ სიმბოლოდ კვერცხი ითვლებოდა. ქალღმერთი ასტარტე ხშირად გამოსახული იყო ქალის სახით, რომელსაც სასქესო ორგანოები გადიდებული ჰქონდა ან ხელში კვერცხი ეჭირა.

f სტატიები ქორწილებსა და მეგობრულ შეხვედრებზე იხილეთ 2006 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 18—31.

g იხილეთ 2007 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31.

h გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გონივრული გადაწყვეტილების მიღება

ზოგჯერ შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომლის დროსაც ცხადი ხდება, რამდენად გვიყვარს იეჰოვა და გვესმის ბიბლიის პრინციპები. მაგალითად, ქვეყნიური დღესასწაულის დროს ქრისტიანს შეიძლება ურწმუნო მეუღლემ სთხოვოს, მასთან ერთად წავიდეს ნათესავებთან ვახშამზე. შესაძლოა, ზოგმა ქრისტიანმა სუფთა სინდისით გადაწყვიტოს წასვლა, ზოგმა კი — არა. ქრისტიანი წასვლას თუ გადაწყვეტს, მისმა საქციელმა უნდა ცხადყოს, რომ დღესასწაულში მონაწილეობას არ იღებს და, უბრალოდ, ნათესავებთან ერთად ვახშმობს.

გონივრული იქნება, თუ ქრისტიანი წინასწარ დაელაპარაკება მეუღლეს და აუხსნის, რა უხერხული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, როცა მათთან ერთად არ მიიღებს მონაწილეობას ამ დღესასწაულში. ურწმუნო მეუღლემ შეიძლება გადაწყვიტოს, ნათესავებს სხვა დღეს ესტუმრონ (1 პეტრე 3:15).

როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ქალი, თუ ქმარი არ იშლის, რომ მასთან ერთად წავიდეს ნათესავებთან? მან შეიძლება დაასკვნას, რომ ოჯახის თავი ვალდებულია, ოჯახი საკვებით უზრუნველყოს (კოლოსელები 3:18). ამ შემთხვევაში ვახშამი ნათესავებთან იმართება. საჭმელი უწმინდური არ არის იმის გამო, რომ ის ქვეყნიური დღესასწაულისთვის მომზადდა. ამასთანავე, შესაძლოა, ქრისტიან ქალს იქ ქადაგების შესაძლებლობა მიეცეს (1 კორინთელები 8:8). ქრისტიანმა შეიძლება ის ჩვეულებრივ ვახშმად ჩათვალოს და მონაწილეობა არ მიიღოს სადღესასწაულო მილოცვაში, სიმღერებში, სადღეგრძელოებსა და სხვა რიტუალებში.

მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, როგორ იმოქმედებს მისი გადაწყვეტილება სხვებზე; ისინი შეიძლება დაბრკოლდნენ, რადგან ამ დღესასწაულის დროს ის ურწმუნო ნათესავებს ესტუმრა (1 კორინთელები 8:9; 10:23, 24).

მოახდენს ოჯახი მასზე ზეწოლას, რომ კომპრომისზე წავიდეს? უხერხულობის თავიდან არიდების სურვილმა მასზე შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ აწონ-დაწონოს და გაითვალისწინოს ყველაფერი. აგრეთვე მან ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმასაც უნდა მოუსმინოს (საქმეები 24:16).

ავიღო თუ არა საშობაო პრემია?

შობის პერიოდში დამსაქმებელმა შეიძლება ქრისტიანს საჩუქარი ან პრემია მისცეს. უარი უნდა თქვას ქრისტიანმა მასზე? გააჩნია სიტუაციას. დამსაქმებელი შეიძლება არ ფიქრობს, რომ პრემიის აღება შობის დღესასწაულში მონაწილეობას ნიშნავს. შესაძლოა, დამსაქმებელს უბრალოდ უნდა თანამშრომლებს კომპანიის მოგებიდან საჩუქარი გაუკეთოს; ან შეიძლება სურს მადლობა გადაუხადოს მათ შრომისთვის, რაც მთელი წლის მანძილზე გასწიეს, და წაახალისოს ისინი. მან შეიძლება ეს საჩუქარი ყველა თანამშრომელს მისცეს — ებრაელებს, მუსლიმანებს ან სხვებს — მიუხედავად იმისა, ზეიმობენ თუ არა ისინი შობას. ასე რომ, თუ საჩუქრის მიცემის დრო დაემთხვევა რომელიმე დღესასწაულს, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეს არ შეუძლია მისი აღება.

მაშინაც კი, თუ საჩუქარს რომელიმე რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩუქნიან, არ ნიშნავს, რომ საჩუქრის მიმღები მონაწილეობს ამ რელიგიურ დღესასწაულში. თანამშრომელმა ან ნათესავმა შეიძლება უთხრას იეჰოვას მოწმეს: „ვიცი, რომ არ ზეიმობ ამ დღესასწაულს, მაგრამ მინდა ეს საჩუქარი ჩემგან გქონდეს“. თუ ქრისტიანს სინდისი ნებას რთავს, მას შეუძლია აიღოს საჩუქარი და ყოველგვარი საპასუხო მილოცვის გარეშე მადლობა გადაუხადოს (საქმეები 23:1). ქრისტიანს შეუძლია სხვა, უფრო ხელსაყრელ დროს ტაქტიანად აუხსნას მას თავისი პოზიცია.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ საჩუქრის მიმცემს სურს დაანახვოს, რომ ის მტკიცედ არ იცავს თავის მრწამსს ან გამორჩენის მიზნით დათმობაზე მიდის? ამ შემთხვევაში ქრისტიანმა უარი უნდა თქვას საჩუქარზე. ჩვენ გვინდა, რომ იეჰოვა ღმერთისადმი განსაკუთრებული ერთგულება გამოვავლინოთ (მათე 4:8—10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება