საკმარისს ვაკეთებ მსახურებაში?
1. რაზე შეიძლება წუხდეს ერთგული ქრისტიანი?
1 დაგისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა? შესაძლოა ასაკის, სუსტი ჯანმრთელობის ან ოჯახური პასუხისმგებლობების გამო ძველებურად ვეღარ ვმსახურობთ, რაც გულს გვიტეხს. ერთმა დამ, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, დაწერა, რომ ის ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ოჯახს ახმარს და მსახურებაში იმდენს ვეღარ აკეთებს. რა დაგვეხმარება გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნებაში?
2. რას ელის იეჰოვა ჩვენგან?
2 რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? უეჭველია, თითოეულ ჩვენგანს მსახურებაში მეტის გაკეთება სურს, მაგრამ ხშირად ჩვენი სურვილები ძალიან განსხვავდება ჩვენი შესაძლებლობებისგან. ის ფაქტი, რომ მეტის გაკეთება გვსურს, ცხადყოფს, რომ თვითკმაყოფილები არა ვართ. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვამ კარგად იცის, რა შეგვიძლია და არასდროს გვთხოვს ამაზე მეტს (ფსალმ. 103:13, 14). რას ელის ის ჩვენგან? მას უნდა, რომ მთელი სულითა და გულით ვემსახუროთ და მისთვის საუკეთესო გავიღოთ (კოლ. 3:23).
3. როგორ შევაფასოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მსახურებაში?
3 რა დაგვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების განსაზღვრაში? შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, სიტუაციის ობიექტურად შეფასებაში დაგვეხმაროს (ფსალმ. 26:2). ასევე კარგი დახმარების გაწევა შეუძლია სანდო, მოწიფულ ქრისტიან მეგობარს, რომელიც კარგად გვიცნობს და არ ეშინია იმის თქმის, თუ რაში გვჭირდება გამოსწორება (იგავ. 27:9). ასევე გვახსოვდეს, რომ ვინაიდან მდგომარეობა იცვლება, კარგი იქნება ჩვენი სიტუაციის რეგულარულად შემოწმება (ეფეს. 5:10).
4. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მსახურებასთან დაკავშირებულ ბიბლიურ შეხსენებებზე?
4 რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს შეხსენებებზე? სირბილში შეჯიბრების დროს გულშემატკივრები მორბენალს შეძახილებით ამხნევებენ. ეს შეძახილები მორბენალს გულს კი არ უტეხს, არამედ მიზნის მიღწევაში ეხმარება. მსგავსად, კრების შეხვედრებზე და ჩვენს პუბლიკაციებში ბიბლიური შეხსენება, ‘ვიქადაგოთ სიტყვა გადაუდებლად’, ჩვენ სასარგებლოდ გვეძლევა და არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის (2 ტიმ. 4:2). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თუ ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს ჩვენს „სიყვარულსა და შრომას“ (ებრ. 6:10).