არ დაუშვა, რომ ღირსება სისუსტედ გექცეს
წყალშეუღწევი 16-ნაკვეთურიანი მშვენიერი ლაინერი „ტიტანიკი“ ჩაუძირავად მიაჩნდათ. პირველი ცურვისას, 1912 წელს, მასზე მაშველი ნავების საჭირო რაოდენობის დაახლოებით ნახევარი იყო. გემი აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა, რამაც 1500-ზე მეტი კაცის სიცოცხლე შეიწირა.
ძველი დროის იერუსალიმის მეფე, ღვთისმოშიში ყუზიაჰუ, შესანიშნავი მხედართმთავარი იყო. იეჰოვას დახმარებით ის ზედიზედ ამარცხებდა თავის მტრებს. ყუზიაჰუმ „შორს გაითქვა სახელი, რადგან საკვირველად იყო შეწევნილი, ვიდრე არ გაძლიერდა“. მაგრამ შემდეგ „გადიდგულდა და. . . შესცოდა უფალს, თავის ღმერთს“. ქედმაღლობის გამო ყუზიაჰუს ღმერთმა კეთრი შეჰყარა (მეორე ნეშტთა 26:15—21; იგავნი 16:18).
ეს ორი შემთხვევა გვასწავლის, რომ ღირსება, თუ მას გონიერება, უბრალოება და თავმდაბლობა არ ახლავს, ადვილად შეიძლება სისუსტედ ან ნაკლად იქცეს. ეს საყურადღებო რამეა, რადგან, ასე თუ ისე, ყველას გვაქვს რაიმე ღირსება ან ნიჭი და გვინდა, რომ ის სიკეთის კეთებას მოვახმაროთ, ისე რომ, არა მარტო ჩვენ გვანიჭებდეს სიხარულს, არამედ სხვებსაც და განსაკუთრებით კი ჩვენს შემოქმედს ახარებდეს. დიახ, სრულად უნდა გამოვიყენოთ ღვთის მიერ მოცემული ნიჭი და, ამავე დროს, გაწონასწორებული ვიყოთ, რომ ის ყოველთვის ჩვენი დადებითი თვისება იყოს.
მაგალითად, ის, ვისაც ძალიან მოსწონს თავისი სამსახური, შეიძლება იმდენად გაიტაცოს მან, რომ სისუსტედ ექცეს. ფრთხილ ადამიანს კაცი ადვილად ვერ გაასულელებს და ვერ მოატყუებს, მაგრამ ის შეიძლება იმდენად ფრთხილობდეს, რომ ვერასოდეს გამოჰქონდეს საბოლოო გადაწყვეტილება. უნარიანობაც კარგი თვისებაა, მაგრამ, თუ უკიდურესობაში ჩავცვივდებით და არ გავითვალისწინებთ სხვების გრძნობებს, შეიძლება ცივი, მკაცრი გარემო წარმოიშვას, რაც არ მოგვანიჭებს ბედნიერებას. ასე რომ, დაფიქრდით თქვენს ღირსებებზე. გონივრულად იყენებთ მათ? სხვებსაც სიამოვნებთ ისინი? და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყენებთ მათ იეჰოვას სადიდებლად, რომელიც „ყველა კეთილი საბოძვარის“ წყაროა? (იაკობი 1:17). მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ღირსება სისუსტედ ან დაბრკოლებადაც კი გვექცეს, თუ სიფრთხილე არ გამოვავლინეთ.
გონივრულად გამოიყენეთ გონებრივი შესაძლებლობები
კარგია, როდესაც გონება გვიჭრის, მაგრამ ეს შეიძლება სისუსტედ გვექცეს, თუ ამის გამო მეტისმეტად თავდაჯერებული ვხდებით და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გვექმნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან გვაქებენ ან გვეპირფერებიან; ან შეიძლება ღვთის სიტყვისა და მასზე დაფუძნებული სასწავლო მასალის შესახებ ჩვენეული თვალსაზრისი შეგვექმნას.
ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიძლება სხვადასხვა რამეში გამომჟღავნდეს. მაგალითად, როდესაც გონებრივი შესაძლებლობების მქონე რომელიმე ქრისტიანი კრებაში მოხსენებით უნდა გამოვიდეს, შესაძლოა საჯარო მოხსენება ან თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალება მიეცა, ის შეიძლება ბოლო წუთს ემზადებოდეს და იეჰოვას ლოცვით არც კი სთხოვდეს დახმარებას. მას თავისი ცოდნის მარაგისა და მოუმზადებლად გამოსვლის უნარის იმედის აქვს. მისი შესაძლებლობების გამო გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ასეთი დაუდევრობა, მაგრამ იეჰოვას კურთხევების გარეშე მან შეიძლება შეანელოს ან შეწყვიტოს კიდეც სულიერი წინსვლა. ეს მშვენიერი ნიჭის არაგონივრული გამოყენებაა (იგავნი 3:5, 6; იაკობი 3:1).
გონებამახვილ ადამიანს შეიძლება თავისებური შეხედულება ჰქონდეს ბიბლიასა და მის შესასწავლად განკუთვნილ დამხმარე ლიტერატურაზე. მაგრამ ასეთი ცოდნა მხოლოდ „აამპარტავნებს“ ან აამაყებს ადამიანს; ის არ „აშენებს“ ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე ურთიერთობას (1 კორინთელთა 8:1; გალატელთა 5:26). სულიერი კაცი კი, მიუხედავად თავისი გონებრივი შესაძლებლობებისა, ყოველთვის ლოცვით სთხოვს ღმერთს სულიწმიდას და მასზეა მინდობილი. მისი ღირსება სულ უფრო უმჯობესდება, როდესაც სიყვარულში, თავმდაბლობაში, შემეცნებასა და სიბრძნეში იზრდება და ამავე დროს წონასწორობას არ კარგავს (კოლასელთა 1:9, 10).
უნარიანობაც მაშინ იქცევა სისუსტედ, როდესაც საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გვექმნება, რითაც თავმდაბლობის ნაკლებობას ვავლენთ. ნიჭიერმა პიროვნებამ და მისმა მომხრეებმა შეიძლება დაივიწყონ, რომ იეჰოვა «ბრძენებს [„თავდაჯერებულებს“, აქ] არად აგდებს», როგორი ნიჭიერებიც უნდა იყნენ ისინი (იობი 37:24). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ‘სიბრძნე თვინიერებთან არის’ (იგავნი 11:2). მოციქულმა პავლემ, რომელიც მართლაც გონიერი და განათლებული პიროვნება იყო, კორინთელებს მისწერა: „და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო. . . არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით . . . და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში. და ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით“ (1 კორინთელთა 2:1—5).
ის, ვინც ნამდვილად ბრძენია, არ მოტყუვდება წუთისოფლისეული წარმოდგენით გონიერებასა და წარმატებაზე. იმის ნაცვლად, რომ თავისი ნიჭი ადამიანებისაგან მოწონების დამსახურებასა თუ ამქვეყნიური სიმდიდრის მოხვეჭას მოახმაროს, საუკეთესოს უძღვნის იმას, ვინც სიცოცხლე და ნიჭი უბოძა (1 იოანე 2:15—17). ამ მიზნით ის პირველ ადგილს ცხოვრებაში სამეფოს ინტერესებს უთმობს, რითაც ‘წყლის ნაკადებთან დანერგილ ხეს’ ემსგავსება. ასეთი ადამიანი „ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ არა საკუთარი ნიჭის გამო, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვა აკურთხებს (ფსალმუნი 1:1—3; მათე 6:33).
დაე შენს სიძლიერეს ქრისტიანული რწმენა ახლდეს
ქრისტიანული რწმენა იმდენად მდიდარია თავისი ღირსებებით, რომ წუთისოფლის ფილოსოფია ვერ შეედრება. მაგალითად, ქრისტიანული ცხოვრების გზა ეხმარება ადამიანებს, იყვნენ საუკეთესო ქმრები და ცოლები, საუკეთესო მეზობლები და მუშები, პატიოსნები, თავაზიანები, მშვიდობიანები და გულმოდგინეები (კოლასელთა 3:18—23). გარდა ამისა, ქრისტიანული განსწავლა საუბარსა და ბიბლიის სწავლებაში სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში გვეხმარება (1 ტიმოთე 4:13—15). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქრისტიანებს სამსახურებში ხშირად მეტ პასუხისმგებლობებს ანდობენ და აწინაურებენ. მაგრამ, თუ ადამიანმა სიფრთხილე არ გამოავლინა, ასეთი ღირსება შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. დაწინაურებისა თუ მომგებიანი სამსახურის შემოთავაზება შეიძლება, ფაქტობრივად, კომპანიისადმი თავის მიძღვნას, ქრისტიანული შეხვედრების რეგულარულ გაცდენას ან ოჯახისთვის განკუთვნილი დროის შეწირვას ნიშნავდეს.
ავსტრალიაში ერთ ცოლშვილიან უხუცესს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო, გამდიდრებისა და პრესტიჟის მოხვეჭის შესაძლებლობა მიეცა. მაგრამ მან უარი თქვა ასეთ ცდუნებაზე. „მინდოდა, მეტი დრო მქონოდა ოჯახისა და ქრისტიანული მსახურებისთვის, — ამბობს ის. — ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა, ნაკლები დრო დამეთმო სამსახურისთვის. რატომ უნდა ვმუშავობდე კვირაში ხუთი დღე, თუ არ არის ამის საჭიროება?“ მან კარგად აწონ-დაწონა, რა ცვლილებები შეიძლებოდა შეეტანა თავის ცხოვრებაში და დაინახა, რომ თავისუფლად შეეძლო ოჯახის რჩენა, კვირაში სამი-ოთხი დღეც რომ ემუშავა. მოგვიანებით ამ უხუცესს მსახურებაში მეტი მიანდეს, ის ადგილობრივი საკონგრესო დარბაზის კომიტეტისა და საოლქო კონგრესების ადმინისტრაციის წევრად დანიშნეს. თავისი ღირსებების გონივრულად გამოყენებამ მას და მის ოჯახს სიხარული და კმაყოფილება მოუტანა.
გაწონასწორებული თვალსაზრისი უპირატესობებთან დაკავშირებით
ქრისტიან მამაკაცებს მოუწოდებენ, რომ მსახურების უპირატესობებისკენ ისწრაფვოდნენ. „თუ ვინმეს ეპისკოპოსობა [სამსახურებრივი თანაშემწეობა] სურს, კეთილი საქმე ნდომია.“ — ნათქვამია ბიბლიაში (1 ტიმოთე 3:1). ისევე როგორც ზემოთ მოხსენიებულ ღირსებებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობების მიღებისთვის მზადყოფნასაც საღი აზროვნება უნდა აწონასწორებდეს. არავინ უნდა ითავოს იმდენი, რომ სიხარული დაკარგოს იეჰოვასადმი მსახურებაში. დიახ, მზადყოფნის სული საქებარი და აუცილებელიც არის, რადგან იეჰოვას არ მოსწონს საკუთარი თავის ზედმეტად შემბრალებლები, მაგრამ მზადყოფნასთან ერთად ადამიანი თავმდაბლობასა და ‘აზრიანობას’ უნდა ავლენდეს (ტიტე 2:12; გამოცხადება 3:15, 16).
იესოსთან ყველაზე მორიდებულებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ თავს. იმიტომ, რომ ის გულკეთილი იყო, ესმოდა მათი და თანაუგრძნობდა. ასევე დღეს, ხალხი იმასთან გრძნობს თავს თავისუფლად, ვის ღირსებასაც თანაგრძნობა და მზრუნველობა წარმოადგენს. ქრისტიანულ კრებაში ასეთი თბილი და გულისხმიერი უხუცესები ნამდვილად არიან ძვირფასი ‘ძღვენი ადამიანების სახით’. ისინი არიან „როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ეფესელთა 4:8, აქ; ესაია 32:2).
მაგრამ უხუცესები არა მარტო სხვების დახმარებას უნდა უთმობდნენ დროს, არამედ თავიანთ პირად საჭიროებებსაც, მაგალითად, პირად შესწავლას, წაკითხულზე დაფიქრებას, ლოცვასა და სამქადაგებლო მსახურებას. რასაკვირველია, ცოლშვილიანმა უხუცესმა თავისი ოჯახის წევრებსაც უნდა გამოუყოს დრო და მათ მიმართ განსაკუთრებულ გულისხმიერებას უნდა ავლენდეს.
უნარიანი ქალები — დიდებული კურთხევა
ისევე როგორც უნარიანი უხუცესები, სულიერად მოაზროვნე ქალებიც დიდებულ კურთხევას წარმოადგენენ იეჰოვას ორგანიზაციისთვის. ჩვეულებრივ, ქალები უფრო მეტად არიან დაინტერესებული სხვებით; ამ თვისებას იეჰოვა აფასებს და მოგვიწოდებს კიდეც ამისკენ. „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც,“ — დაწერა მოციქულმა პავლემ (ფილიპელთა 2:4). მაგრამ ‘სხვებზე ზრუნვას’ თავისი საზღვრები გააჩნია, რადგან ქრისტიანები არ უნდა იყვნენ ‘სხვის საქმეში ჩამრევები’ და ჭორიკნები (1 პეტრე 4:15; 1 ტიმოთე 5:13).
ქალი ბევრი სხვა ნიჭითაც არის დაჯილდოებული. მაგალითად, ქრისტიანი ცოლი შეიძლება უფრო გონიერი იყოს, ვიდრე მისი მეუღლე. მიუხედავად ამისა, ღვთის მოშიში ‘გამრჯე დედაკაცი’ აფასებს თავის მეუღლეს და მეტოქე კი არა, მისი დამატებაა. გონიერ და თავმდაბალ ქმარს კი არ შურს მეუღლის ან შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, არამედ აფასებს მის ღირსებებს და ხარობს ამით. ქმარი ახალისებს ცოლს, გამოიყენოს თავისი ნიჭი ოჯახის წევრების გასამხნევებლად და ისეთივე „უფლის მოშიში“ შვილების აღსაზრდელად, როგორიც თვითონაა (იგავნი 31:10, 28—30; დაბადება 2:18). ასეთი უბრალო და თავმდაბალი მეუღლეები ბედნიერები არიან და მართლაც პატივს მიაგებენ იეჰოვას.
ძლიერი ხასიათის მოთოკვა
ძლიერი ხასიათი, რომელიც სამართლიანობასა და იეჰოვას ნების მთელი გულით შესრულებაში გამოიხატება, დიდებული თვისებაა, თუ უბრალოება და თავმდაბლობა ახლავს. მაგრამ ის სისუსტეა, თუ ადამიანი ბატონობს სხებზე ან თავისი მოქმედებით აშინებს მათ. ეს განსაკუთრებით საშიშია ქრისტიანულ კრებაში. ქრისტიანები თავისუფლად უნდა გრძნობდნენ თავს როგორც ერთმანეთთან, ისე კრების უხუცესებთან (მათე 20:25—27).
უხუცესები კი, თავის მხრივ, თავისუფლად უნდა გრძნობდნენ თავს ერთმანეთთან. როდესაც ისინი იკრიბებიან, სულიწმიდა და არა ვინმეს ხასიათის სიძლიერე უნდა ახდენდეს გავლენას გადაწყვეტილებებზე. სულიწმიდას შეუძლია ნებისმიერ უხუცესზე იმოქმედოს, იქნება ის ახალი ამ დანიშნულებით თუ უფრო სიტყვაძვირი. ასე რომ, ის, ვისაც შედარებით ძლიერი ხასიათი აქვს, რომც ფიქრობდეს, რომ მართალია, საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოს და ‘პატივი სცეს’ სხვა უხუცესებს (რომაელთა 12:10). ეკლესიასტეს 7:16-ში ჩაწერილია სიყვარულით აღსავსე გაფრთხილება: „ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები — რად გინდა, რომ შეძრწუნდე?“.
იეჰოვა, „ყველა კეთილი საბოძვარის“ წყარო, თავის დიდებულ ღირსებებს სრულყოფილად იყენებს (იაკობი 1:17; მეორე რჯული 32:4). ის ჩვენი მასწავლებელია! მოდი მივბაძოთ მას, განვავითაროთ ნიჭი თუ სხვა რაიმე ღირსება და გონივრულად, თავმდაბლად და სიყვარულით გამოვიყენოთ ისინი. ასეთნაირად ჩვენ ნამდვილად დიდი კურთხევა ვიქნებით სხვებისთვის!
[სურათები 27 გვერდზე]
სულიერი წინსვლა დამოკიდებულია ღვთის სიტყვის მთელი გულმოდგინებით შესწავლასა და იეჰოვასადმი მინდობაზე.
[სურათი 29 გვერდზე]
სხვებისადმი ინტერესი, რომელსაც თავმდაბლობა ახლავს, კურთხევაა.
[საავტორო უფლება 26 გვერდზე]
Courtesy of The Mariners’ Museum, Newport News VA