საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გვ. 66-გვ. 70 აბზ. 3
  • „იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • განსაზღვრე, რატომ წამოიჭრა შეკითხვა
  • გაითვალისწინე, რა თვალსაზრისი აქვს მოსაუბრეს ბიბლიის შესახებ
  • „ყოველთვის მადლიანი“
  • პირადი არჩევანი და სინდისით გადასაწყვეტი საკითხები
  • კომენტარები კრების შეხვედრებზე
  • როგორ გავაკეთოთ კარგი კომენტარები
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • როგორ შეგიძლია უპასუხო?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • გაამხნევეთ ერთმანეთი კრების შეხვედრებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • განადიდეთ იეჰოვა კრების წინაშე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გვ. 66-გვ. 70 აბზ. 3

„იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“

ზოგი შეკითხვა ჰგავს აისბერგს, რომლის მთავარი ნაწილი წყლითაა დაფარული. ხშირად შეკითხვაზე მნიშვნელოვანი ის საკითხია, რომელიც მას უდევს საფუძვლად ანუ მის მიღმა იმალება.

უნდა განსაზღვრო, რის თქმაა საჭირო და რა კუთხით მიუდგე საკითხს მაშინაც კი, თუ მოუთმენლად ელიან პასუხს (იოან. 16:12). იესოსა და მისი მოციქულების საუბრიდან ჩანს, რომ ადამიანი ზოგჯერ შეიძლება იმითაც დაინტერესდეს, რაც მას არ ეხება ან სულაც არ არის მისთვის სასარგებლო (საქ. 1:6, 7).

ბიბლია გვირჩევს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:6). ამიტომაც, პასუხის გაცემამდე მხოლოდ იმაზე კი არ უნდა დავფიქრდეთ, თუ რა ვთქვათ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვთქვათ.

განსაზღვრე, რატომ წამოიჭრა შეკითხვა

სადუკეველებმა სიტყვაში დაჭერის მიზნით იესოს ჰკითხეს, როგორ გადაწყდებოდა რამდენიმეჯერ გათხოვილი ქალის საკითხი აღდგომისას. იესომ იცოდა, რომ, სინამდვილეში, მათ არ სწამდათ აღდგომა. ამიტომ პასუხის გაცემისას ის შეეხო სწორედ იმ მცდარ თვალსაზრისს, რომლის გამოც შეკითხვა წამოიჭრა. მიზანმიმართული მსჯელობითა და წმინდა წერილებიდან კარგად ცნობილი შემთხვევის მოყვანით იესომ მათ დაანახვა ის, რაზეც მანამდე არასდროს დაფიქრებულან. მან დაასაბუთა, რომ ღმერთს ნამდვილად აქვს განზრახული მკვდრების აღდგენა. მისმა პასუხმა იმდენად განაცვიფრა სადუკეველები, რომ ვეღარ გაბედეს სხვა შეკითხვის დასმა (ლუკ. 20:27—40).

იმისათვის, რომ იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე, შენც უნდა განსაზღვრო, რატომ წამოიჭრა საკითხი და რა აინტერესებს ადამიანს. მაგალითად, შეიძლება თანაკლასელმა ან თანამშრომელმა გკითხოს, რატომ არ აღნიშნავ ახალ წელს. რატომ დაგისვა ეს შეკითხვა? მართლა მიზეზი აინტერესებს თუ უბრალოდ იმის გაგება უნდა, ნებადართულია თუ არა შენთვის გართობა? ამის გამოსარკვევად შეგიძლია ჰკითხო, რატომ გეკითხება ამას. შემდეგ კი შესაბამისად უპასუხე. შეგიძლია ისარგებლო შემთხვევით და ისიც აუხსნა, თუ როგორ გვიცავს ბიბლიური რჩევები იმედგაცრუებისგან, რომლის მიზეზიც ხალხისთვის ტვირთად ქცეული დღესასწაულებია.

ვთქვათ გაკვეთილზე ან ლექციაზე თანაკლასელების ან თანაკურსელების წინაშე უნდა ილაპარაკო იეჰოვას მოწმეებზე. ბოლოს ისინი ალბათ შეკითხვებს დაგისვამენ. თუ შეკითხვა გულწრფელი და პირდაპირია, საუკეთესო იქნება მოკლე და კონკრეტული პასუხი. იმ შემთხვევაში კი, თუ შეკითხვაში ამჩნევ საზოგადოებაში შექმნილი არასწორი აზრების გავლენას, უკეთესი იქნება, პასუხის გაცემამდე მოკლედ ისაუბრო იმაზე, თუ რა აყალიბებს ასეთი საკითხების შესახებ საზოგადოებრივ აზრს. შემდეგ კი ახსენი, რატომ მიმართავენ იეჰოვას მოწმეები ბიბლიას. ხშირად უმჯობესია, შეკითხვაში მსმენელისთვის საჭირბოროტო საკითხი დაინახო და არ აღიქვა ის დაპირისპირებად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამდვილად დაპირისპირების მიზნით არის დასმული. პასუხის გაცემით შესაძლებლობა გეძლევა, მსმენელს სრული სურათი დაანახვო, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდო და აუხსნა, რომ ჩვენი რწმენა ბიბლიაზეა დაფუძნებული.

რას ეტყვი შენს უფროსს, თუ მას არ სურს, რომ კონგრესზე დასასწრებად გაგიშვას? პირველ რიგში, მისი თვალით შეხედე მდგომარეობას. იქნებ თანახმაა, რომ გაცდენილი საათების ნაცვლად სხვა დროს დამატებით იმუშაო? იქნებ აზრი შეიცვალოს, თუ ეტყვი, რომ კონგრესზე მიღებული განათლება გვეხმარება, სამსახურშიც პატიოსანი და სანდო თანამშრომლები ვიყოთ? თუ დაანახვებ, რომ მხედველობაში იღებ მის ინტერესებს, ალბათ, ისიც ხელს შეგიწყობს იმაში, რაც შენთვის არის მნიშვნელოვანი. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ უფროსი ისეთი რამის გაკეთებას გთხოვს, რაც ნამდვილად უპატიოსნობაა? თუ გარკვევით ეტყვი, რომ თანახმა არა ხარ და ბიბლიიდან მოიყვან შესაფერის აზრს, ამით შენს პოზიციას დაანახვებ. მაგრამ, ალბათ, უკეთეს შედეგს მიაღწევ, თუ დააფიქრებ, რომ ის, ვინც დღეს მისთვის იცრუებს ან მოიპარავს, სავსებით შესაძლებელია, რომ ხვალ თავად მასაც მოატყუებს ან მოჰპარავს.

ავიღოთ სხვა შემთხვევა: როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე, თუ მას არ სურს მონაწილეობა სკოლის იმ ღონისძიებებში, რომლებიც ბიბლიის თვალსაზრისით მიუღებელია. გახსოვდეს, რომ მასწავლებელი, ალბათ, არ იზიარებს შენს შეხედულებებს და კლასში დისციპლინის დაცვა მისი მოვალეობაა. ამიტომაც სამი რამ არის საჭირო: 1) უნდა დაანახვო, რომ შენთვის სულერთი არ არის ის, რაც მას აღელვებს; 2) ტაქტიანად უნდა აუხსნა შენი პოზიცია; 3) სიმტკიცე უნდა გამოავლინო იმაში, რაც იცი, რომ იეჰოვას ახარებს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება იმის პირდაპირ და მოკლედ თქმა, თუ რა გწამს (იგავ. 15:28). თუ ჯერ კიდევ გიჭირს, მოიფიქრო, რა და როგორ თქვა, მშობლები უეჭველად დაგეხმარებიან.

შესაძლებელია, ზოგჯერ ბრალდებები წაგიყენონ და ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ახსნა-განმარტების მიცემა მოგიწიოს. პოლიციელმა, მოსამართლემ ან სხვა სახელმწიფო მოხელემ შეიძლება დაგისვას კითხვები რომელიმე კანონის მორჩილების, ქრისტიანული ნეიტრალიტეტის ან პატრიოტულ ღონისძიებებში მონაწილეობის თაობაზე. როგორ უნდა უპასუხო? „რბილად და ღრმა პატივისცემით“, — გვირჩევს ბიბლია (1 პეტ. 3:15). აგრეთვე დაფიქრდი, რატომ აღელვებთ მათ ეს საკითხები და პატივი ეცი მათ თვალსაზრისს. შემდეგ რა უნდა გააკეთო? პავლე მოციქულმა მოითხოვა, რომ მისი უფლებები რომის კანონით ყოფილიყო დაცული. შენც შეგიძლია მიუთითო უფლებებზე, რომლებსაც კანონი გაძლევს (საქ. 22:25—29). პირველ ქრისტიანთა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა მაგალითების მოყვანით შეიძლება დახმარებოდი სახელმწიფო მოხელეს, ობიექტურად შეეხედა საკითხისთვის. ან შეგეძლო აღგენიშნა, რომ ის, ვინც ღვთის ძალაუფლებას აღიარებს, უფრო მეტად ემორჩილება ადამიანთა მიერ დადგენილ კანონებს, რომლებიც მის მრწამსს არ ეწინააღმდეგება (რომ. 13:1—14). ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა დროული, ბიბლიის დახმარებით აგეხსნა შენი პოზიცია.

გაითვალისწინე, რა თვალსაზრისი აქვს მოსაუბრეს ბიბლიის შესახებ

როდესაც პასუხზე ფიქრობ, კარგი იქნება, მხედველობაში მიიღო, რას ფიქრობს წმინდა წერილებზე შენი მოსაუბრე. იესო სწორედ ასე მოიქცა, როდესაც სადუკეველებმა მკვდრეთით აღდგომის თაობაზე ჰკითხეს. მან იცოდა, რომ სადუკეველები მხოლოდ მოსეს წიგნებს აღიარებდნენ, ამიტომაც მსჯელობის საფუძვლად ხუთწიგნეული აიღო და პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა“ (ლუკ. 20:37). მსგავსად ამისა, უმჯობესია, ბიბლიის იმ წიგნებიდან მოიყვანო მუხლები, რომლებსაც შენი მსმენელი აღიარებს და იცნობს.

როგორ უნდა მოიქცე, თუ მოსაუბრე ბიბლიას არ აღიარებს? დააკვირდი, როგორ მოიქცა პავლე მოციქული არეოპაგში, საქმეების 17:22—31-ში გადმოცემული შემთხვევის დროს. თუმცა ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე საუბრობდა, პირდაპირ ბიბლიიდან არ მოჰყავდა მუხლები. საჭიროების შემთხვევაში, შენც შეგიძლია ამის გაკეთება. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე საუბრის შემდეგ მოგეცემა ბიბლიის გადაშლის შესაძლებლობა. ამ დროს გონივრული იქნება, უბრალოდ ის კი არ აღნიშნო, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, არამედ მოიხსენიო ზოგიერთი მიზეზი, თუ რატომ იმსახურებს ბიბლია ჩვენს ყურადღებას. ნებისმიერ შემთხვევაში, შენი მიზანია, ადამიანს ღვთის განზრახვები აუწყო და დაანახვო, რა არის ბიბლიაში ნათქვამი. ბიბლიის სიტყვები ჩვენს სიტყვებზე ბევრად უფრო დამაჯერებელია (ებრ. 4:12).

„ყოველთვის მადლიანი“

თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, ბიბლია მართლაც რომ საფუძვლიანად მოგვიწოდებს მის მსახურებს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლ. 4:6; გამ. 34:6). ეს იმას ნიშნავს, რომ საუბრის დროს ყველას მიმართ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე, მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ მოსაუბრე ამას არ იმსახურებს. ყოველთვის თავაზიანები უნდა ვიყოთ და არასდროს უნდა ვილაპარაკოთ უხეშად ან უტაქტოდ.

ადამიანებს უამრავი საზრუნავი აქვთ და საკუთარი თავის მისამართით ყოველდღიურად ესმით უხეში სიტყვები. როდესაც კარდაკარ ვქადაგებთ, შეიძლება მათ თავადაც უხეშად მოგვმართონ. ჩვენ როგორღა უნდა ვუპასუხოთ? ბიბლიაში ნათქვამია: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“. მშვიდმა პასუხმა შეიძლება მოწინააღმდეგეც კი დაამშვიდოს (იგავ. 15:1; 25:15). უხეშ სიტყვებს მიჩვეული ხალხი შესაძლოა სწორედ ჩვენმა თავაზიანმა მოპყრობამ და საუბარმა აღძრას სასიხარულო ცნობის მოსასმენად.

ჩვენი მიზანი არ არის კამათი იმ ადამიანებთან, რომელთაც არ აინტერესებთ ჭეშმარიტება. ჩვენ მათთან გვსურს ბიბლიის საფუძველზე მსჯელობა, ვისაც აქვს ამის სურვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას თავაზიანად უნდა ვუპასუხოთ და ჩვენს პასუხებში უნდა იგრძნობოდეს დამაჯერებლობა, რომ ღვთის ფასდაუდებელი აღთქმები სანდოა (1 თეს. 1:5).

პირადი არჩევანი და სინდისით გადასაწყვეტი საკითხები

რა უნდა უპასუხო, თუ ბიბლიის შემსწავლელი ან თანამორწმუნე გეკითხება, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში? შეიძლება იცი, პირადად როგორ მოიქცეოდი. მაგრამ თითოეული ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე (გალ. 6:5). პავლე მოციქულს სურდა, რომ მათ, ვისაც უქადაგებდა, „რწმენით გამოევლინათ მორჩილება“ (რომ. 16:26). ეს კარგი მაგალითია ჩვენთვის. თუ ბიბლიის შემსწავლელი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ძირითადად, იმ მიზნით მიიღებს, რომ თავის მასწავლებელს ან ვინმე სხვას ასიამოვნოს, ეს ადამიანთა მსახურება იქნება და არა რწმენით ცხოვრება (გალ. 1:10). ამრიგად, მოკლე და კონკრეტული პასუხი შეიძლება არ იყოს საუკეთესო დახმარება მისთვის, ვინც გვეკითხება, როგორ მოიქცეს.

მაშ, როგორ უნდა უპასუხო ისე, რომ ბიბლიის რჩევები გაითვალისწინო? შეგიძლია ყურადღება გაამახვილო შესაბამის ბიბლიურ პრინციპებზე ან მაგალითებზე. ზოგჯერ შეგიძლია ადამიანს ასწავლო, როგორ გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საკითხი, რომ თავად იპოვოს საჭირო პრინციპები და მაგალითები. აგრეთვე შეგიძლია მასთან იმსჯელო ბიბლიურ პრინციპებზე და მაგალითებზე, მაგრამ ნუ შეეხები მის კონკრეტულ მდგომარეობას. ჰკითხე, ხედავს თუ არა მათში რამეს, რაც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ურჩიე, მხედველობაში მიიღოს ბიბლიური პრინციპები და მაგალითები და აწონ-დაწონოს, თუ როგორი საქციელით გაახარებს იეჰოვას. ამით მას დაეხმარები, ‘გაიწაფოს აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრ. 5:14).

კომენტარები კრების შეხვედრებზე

კრების შეხვედრებზე ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი რწმენა. ამის ერთ-ერთი საშუალება კომენტარებში მონაწილეობაა. როგორ უნდა ვუპასუხოთ კრების შეხვედრებზე? ჩვენი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს. სწორედ ასე იქცეოდა ფსალმუნმომღერალი დავითი „შეკრებილ ხალხში“ (ფსალმ. 26:12). კომენტარის მიცემისას უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევა — გავამხნევოთ თანამორწმუნეები და „წავახალისოთ . . . სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:23—25). ამაში მასალის წინასწარ მომზადება დაგვეხმარება.

შეეცადე, შენი პასუხი მარტივი, გასაგები და მოკლე იყოს. მთელ აბზაცს ნუ მოჰყვები, მხოლოდ ერთ აზრზე გაამახვილე ყურადღება. თუ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხებ, სხვებსაც მისცემ პასუხის გაცემის შესაძლებლობას. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება, თუ მასალაში მოყვანილ ბიბლიურ მუხლებზე გაამახვილებ ყურადღებას. შეეცადე, გამოკვეთო მუხლის ის მონაკვეთი, რომელიც განსახილველ საკითხს უკავშირდება. ისწავლე აზრის გადმოცემა საკუთარი სიტყვებით; ნუ წაიკითხავ აბზაციდან. არ იდარდო, თუ კარგად ვერ გამოხატავ აზრს. დროდადრო ეს ყველას ემართება.

ცხადია, „იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“, პასუხის ცოდნაზე მეტს ნიშნავს. სათანადო პასუხის გასაცემად გამჭრიახობა გვჭირდება. ჩვენ ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვგრძნობთ, როდესაც მსმენელის კითხვას მთელი გულით ვპასუხობთ და ვხედავთ, რომ ჩვენი სიტყვები მის გულამდე აღწევს! (იგავ. 15:23).

პასუხის გაცემამდე დაფიქრდი. . .

  • რატომ დაგისვეს შეკითხვა

  • რა უნდა თქვა პასუხის გაცემამდე, რომ სწორად გაიგონ შენი სიტყვები

  • როგორ უნდა აუხსნა მსმენელს შენი პოზიცია ისე, რომ პატივისცემით ილაპარაკო იმაზე, რაც მას აღელვებს

  • როგორ უნდა გამოთქვა საკუთარი აზრი თავაზიანად და დამაჯერებლად

  • როგორ აჯობებს — პირდაპირ უპასუხო თუ მოიყვანო ბიბლიური პრინციპი ან მაგალითი, რომელიც ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება

როგორ უნდა უპასუხო კრების შეხვედრებზე

  • თუ პირველი პასუხობ, მარტივად და კონკრეტულად უპასუხე შეკითხვას

  • პასუხის გასავრცობად: 1) ახსენი, როგორ უკავშირდება მოყვანილი ბიბლიური მუხლი განსახილველ საკითხს; 2) ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ როგორ გვეხება საკითხი პირადად ჩვენ; 3) ახსენი, როგორ შეიძლება მოცემული ინფორმაციის გამოყენება; 4) მოკლედ მოყევი შემთხვევა, რომელიც ძირითად აზრს უკავშირდება

  • ყურადღებით მოუსმინე კომენტარებს, რომ საჭიროების შემთხვევაში იცოდე, როგორ შეავსო პასუხი

  • ეცადე, შენი სიტყვებით უპასუხო

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება