მითითებები უცხოენოვანი კრებებისა და ჯგუფებისთვის
1. რატომ არის მრავალენოვან რაიონებში კრებების ტერიტორიები ენების მიხედვით დაყოფილი?
1 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, წმინდა სულის მიღების შემდეგ, იესოს მოწაფეებმა „დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი“ დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებთან (საქ. 2:4). შედეგად 3 000-მდე ადამიანი მოინათლა. როგორც ჩანს, ჩამოსულთაგან უმრავლესობა ლაპარაკობდა იმ დროისთვის გავრცელებულ ენებზე, ებრაულზე ან ბერძნულზე. მაგრამ იეჰოვას სურდა, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მათ თავიანთ მშობლიურ ენაზე მოესმინათ. უეჭველია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხშირად ადამიანები სასიხარულო ცნობას უფრო ეხმაურებიან მშობლიურ ენაზე. ამიტომ, დღეს მრავალენოვან რაიონებში კრებების ტერიტორიები ენების მიხედვით არის დაყოფილი („ორგანიზებულნი“, გვ. 107, აბზ.1, 2). უცხოენოვან ჯგუფებს არ ენიშნებათ ტერიტორია, თუმცა მათ შეუძლიათ უქადაგონ იმ ენაზე მოლაპარაკეებს, რომელ ენაზეც ტარდება ჯგუფის შეხვედრები, პასუხისმგებელი ან ახლომდებარე კრებების ტერიტორიებზე.
2. ა) როდის არის საჭირო უცხოენოვანი მოსახლეობის მოძებნა? ბ) როგორ შეუძლიათ კრებებს დაეხმარონ ერთმანეთს მრავალენოვან ტერიტორიაზე? გ) რა უნდა გავაკეთოთ, თუ დავაინტერესებთ სხვა ენაზე მოლაპარაკეს?
2 თუ იმ ტერიტორიაზე ცხოვრობ, სადაც ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს, შეგიძლია კარდაკარ ქადაგებისას ყველა კარზე დააკაკუნო. მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად არის, თუ ცხოვრობ ისეთ ქალაქში, სადაც ხალხი მრავალ ენაზე ლაპარაკობს. სხვადასხვაენოვანი კრება შეიძლება ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ქადაგებდეს. კრებებმა შესაძლოა, მოგაწოდონ ინფორმაცია შენს ენაზე მოლაპარაკე ადამიანების შესახებ, მაგრამ ასეთი ხალხის მოძებნა შენი კრების ან ჯგუფის უმთავრესი პასუხისმგებლობაა (იხილეთ ჩარჩო „დაეხმარეთ ერთმანეთს“). ასე რომ, აუცილებელია იმის დადგენა, თუ სად ცხოვრობენ ამა თუ იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები. როგორ შეიძლება ამის ორგანიზება?
3. რაზეა დამოკიდებული, სად და რამდენ დროს დაუთმობს კრება ან ჯგუფი უცხოენოვანი ადამიანების მოძებნას?
3 უცხოენოვანი ადამიანების ძებნის ორგანიზება. ის თუ რამდენი დრო დაეთმობა უცხოენოვანი ხალხის მოძებნას, დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე. მაგალითად, რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ამა თუ იმ უცხო ენაზე? რამდენი მაუწყებელია უცხოენოვან კრებაში ან ჯგუფში? რამდენი მისამართი აქვს უკვე კრებას ან ჯგუფს? არ მოითხოვება, რომ კრებამ ყველგან ერთნაირად ეძებოს უცხოელები. მათ მართებთ, განსაკუთრებული ყურადღება იმ უბნებზე გაამახვილონ, სადაც უფრო მეტი უცხოელი ცხოვრობს. მათ აგრეთვე შეუძლიათ იქადაგონ დაშორებულ ტერიტორიებზეც, თუ ძალიან შორი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს კარგად ორგანიზება, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, მოუხმონ იეჰოვას სახელს (რომ. 10:13, 14).
4. ა) როგორ უნდა გაეწიოს ორგანიზება უცხოენოვანი ხალხის მოძებნას? ბ) რა და რა საშუალებები არსებობს უცხოენოვანი ადამიანების მოსაძებნად?
4 ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება რამდენიმე მაუწყებელი ეძებდეს უცხოენოვან ხალხს. ეს რომ არ მოხდეს, კრების უხუცესთა საბჭომ და განსაკუთრებით სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გაუწიოს ორგანიზება და ზედამხედველობა ამ საქმეს (1 კორ. 9:26). იმ კრების უხუცესთა საბჭო, რომელსაც ეკუთვნის უცხოენოვანი ჯგუფი, ხელმძღვანელობის გასაწევად ნიშნავს გამოცდილ უხუცესს ან მომსახურეს. ბევრი კრება ან ჯგუფი რეგულარულად ეძებს სატელეფონო ცნობარებსა და ინტერნეტში უცხო ენისთვის დამახასიათებელ სახელებსა და გვარებს. შემდეგ ტელეფონით ან მონახულებით ადგენს, თუ რომელი მისამართი შეიძლება დაემატოს უბნებს. იმ კრების უხუცესთა საბჭომ, რომელსაც ეკუთვნის უცხოენოვანი ჯგუფი, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დროდადრო მთელმა კრებამ მიიღოს მონაწილეობა უცხოენოვანი ადამიანების ძებნაში (იხილეთ ჩარჩო „როგორ ვიპოვოთ ისინი, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს“).
5. ა) როგორ მოვძებნოთ უცხოენოვანი ადამიანები? ბ) რა ვუთხრათ მათ, ვისაც ვიპოვით?
5 როცა ამ საქმეში მონაწილეობ, ყოველთვის კონკრეტული მიზანი უნდა გქონდეს დასახული. ვინაიდან ესეც მსახურებაა, ისე უნდა გეცვას, როგორც მსახურებისას გაცვია ხოლმე. ბევრმა აღნიშნა, რომ ძებნის პროცესში შეთავაზებების გამეორება და ამ ენაზე ლაპარაკი დაეხმარა მათ ენთუზიაზმის შენარჩუნებასა და ენის გაწაფვაში. მსახურების დრო უშუალოდ ძებნის დროს აღირიცხება და არა ტერიტორიის რუკებისა თუ სიების მომზადებისას. როცა იპოვი უცხოენოვანს, ეცადე, უქადაგო სასიხარულო ცნობა. შემდეგ შეატყობინე სამსახურებრივ ზედამხედველს ან მის მიერ დანიშნულ ძმას, რომ შეიტანოს ცვლილებები უბნების მონაცემებში. ეს მაშინაც უნდა გააკეთო, როცა უცხოენოვანი მობინადრე ინტერესს არ გამოავლენს. თუმცა უცხოენოვანი ადამიანების ძებნა ძალიან მნიშვნელოვანია, გვმართებს, ვიყოთ გაწონასწორებულები და მსახურების ყველა სფეროში მივიღოთ მონაწილეობა (იხილეთ ჩარჩო „რა ვუთხრათ მათ, ვისაც ვიპოვით“).
6. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ყრუ-მუნჯების პოვნა?
6 ყრუ-მუნჯების მოძებნა. ასეთი ადამიანების პოვნა სირთულეებთან არის დაკავშირებული და მოითხოვს ძალისხმევასა და შეუპოვრობას. სახელით, გარეგნობითა თუ ტანსაცმლით მათი ამოცნობა შეუძლებელია. ყრუ-მუნჯის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიძლება მათი დაცვის მიზნით არ მოგაწოდონ მათ შესახებ ინფორმაცია. შემდეგი რჩევები დაგეხმარება ყრუ-მუნჯების მოძებნაში.
7. ა) როგორ მოვძებნოთ ყრუ-მუნჯები? ბ) როგორ გავუქარწყლოთ მობინადრეს ეჭვები?
7 ჟესტების ენაზე არსებულმა კრებებმა თუ ჯგუფებმა საკმაო წარმატებას მიაღწიეს ყრუ-მუნჯების მოძებნის საქმეში. შესაძლოა, მობინადრეს ჰყავს ჟესტების ენაზე მოლაპარაკე მეზობელი, თანამშრომელი, კლასელი ან ნათესავი. გაითვალისწინე, რომ შენმა ინტერესმა მობინადრეებში შეიძლება გარკვეული ეჭვები გამოიწვიოს. ამიტომ მობინადრეს ყველანაირი შიში რომ გაუქარწყლო, ეცადე, იყო მეგობრული და გულწრფელად აუხსენი შენი მისვლის მიზანი. ზოგი კარგ შედეგებს აღწევს, როცა ბიბლიას ან სხვა DVD დისკებს იმ მობინადრეს აჩვენებს, რომელიც ჟესტების ენაზე მოლაპარაკეს იცნობს. შემდეგ უბრალოდ ეუბნება, რომ სურს ბიბლიური იმედი გაუზიაროს ასეთ ადამიანებს. შეიძლება მობინადრეს არ უნდა, გითხრას ყრუ-მუნჯის კოორდინატები, მაგრამ სიამოვნებით გამოგართვას შენი მისამართი ან ჩაიწეროს, სად და როდის ტარდება კრება ჟესტების ენაზე; შესაძლოა ის, ამ ინფორმაციას მოგვიანებით გადასცემს თავის ყრუ-მუნჯ ნათესავს ან მეგობარს.
8. როგორ შეუძლია ახლომდებარე კრებას დაეხმაროს ჟესტებისენოვან კრებას?
8 დიდ ქალაქებში არსებულ ჟესტებისენოვან კრებას შეუძლია სთხოვოს ახლომდებარე კრებას, დაეხმაროს ყრუ-მუნჯების მოძებნაში წელიწადში ერთი ან ორი დღით. ჟესტებისენოვანი კრების სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის დროს წარმოდგენილი იქნება მითითებები და ინსცენირება. თითოეულ ჯგუფში იქნება სულ ცოტა ერთი მაუწყებელი ჟესტებისენოვანი კრებიდან. თითოეულ ჯგუფს ექნება რუკა, თუ სად ეძებონ ყრუ-მუნჯები.
9. როგორ ვიქადაგოთ იქ, სადაც ყრუ-მუნჯები იკრიბებიან ან სადაც გარკვეულ დახმარებას ღებულობენ?
9 ყრუ-მუნჯების მოძებნა შესაძლებელია იქ, სადაც ისინი იკრიბებიან და გარკვეულ დახმარებას ღებულობენ. მაუწყებლებს სიტუაციის შესაბამისად უნდა ეცვათ. ბევრად უკეთესია, თუ ერთს ან ორს გამოელაპარაკები, ნაცვლად იმისა, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. თუ საუბარი შედგა, შესაძლოა საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალოთ.
10. როგორ ვიპოვოთ ყრუ-მუნჯები საქმიან ტერიტორიებზე?
10 კიდევ ერთი რჩევა: შეიძლება მომზადდეს რუკები, რომლებზეც მითითებული იქნება საქმიანი ტერიტორიები. ერთ რუკაზე შეიძლება აღინიშნოს ბენზინგასამართი სადგურები, მეორეზე — ქიმწმენდები, სამრეცხაოები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა. თუ თითოეულ რუკაზე აღნიშნულია ერთი და იგივე სახის საქმიანი ტერიტორია, მაუწყებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ერთი და იგივე მიდგომა. ამით ისინი შეიძენენ გამოცდილებასა და უფრო დახელოვნდებიან. მაგალითად, სასტუმროებში შეიძლება გაჩერდნენ ყრუ-მუნჯები, ამიტომ შეგვიძლია სასტუმროს მიმღებში მომუშავეს მოკლედ ავუხსნათ ჩვენი მისვლის მიზანი და ყრუ-მუნჯი სტუმრებისთვის გადასაცემად დავუტოვოთ წინასწარ მომზადებული პაკეტი, რომელშიც დევს DVD დისკი და კრების შესახებ ინფორმაცია. ზოგ შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ ვიკითხოთ, ხომ არ ჰყავთ ჟესტების ენაზე მოლაპარაკე თანამშრომლები ან მუდმივი კლიენტები. თუ არის ყრუ-მუნჯებისთვის განკუთვნილი სკოლები, შეგვიძლია სკოლის ბიბლიოთეკისთვის შევთავაზოთ ზოგიერთი ჩვენი DVD.
11. რატომ არის უცხოენოვანი ადამიანების მოძებნა მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი?
11 მნიშვნელოვანი საქმე. უცხოენოვანი ადამიანების მოძებნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამასთანავე, ვინაიდან ადამიანები ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, ძალიან ძნელია, უბნის ჩანაწერები ყოველთვის ასახავდეს რეალურ სურათს. მიუხედავად ამისა, ასეთი სახის მსახურება მნიშვნელოვანია. იეჰოვა, რომელმაც ქადაგების საქმე მოგვანდო, არ არის მიკერძოებული (საქ. 10:34). მისი „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს (1 ტიმ. 2:3, 4). მაშ, მოდი, ვითანამშრომლოთ იეჰოვასთან და ერთმანეთთან, რათა ვიპოვოთ ყველა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები „კარგი და კეთილი გულით“ (ლუკ. 8:15).
[ჩარჩო 5 გვერდზე]
დაეხმარეთ ერთმანეთს
თუ უცხოენოვან კრებას ან ჯგუფს სურს, რომ დაეხმარონ მათ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების მოძებნაში, სამსახურებრივი ზედამხედველი უნდა დაუკავშირდეს მეზობელი კრებების უხუცესებს. კარგი იქნებოდა, მხოლოდ იმ კრებებთან დაკავშირება, რომლებიც ძალიან შორს არ არიან ან იმ კრებებთან, რომელთა ტერიტორიაზეც საკმაოდ არიან უცხო ენაზე მოლაპარაკეები. ამ კრების უხუცესები ეტყვიან მაუწყებლებს, რომ თუ იპოვიან ამა თუ იმ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს, უნდა ჩაიწერონ მათი მისამართი და მისცენ სამსახურებრივ ზედამხედველს. ის ამ ინფორმაციას გადასცემს უცხოენოვან კრებას ან ჯგუფს, რომელმაც დახმარება ითხოვა. კრებების სამსახურებრივმა ზედამხედველებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, რათა შეიმუშაონ მრავალენოვანი ტერიტორიის დამუშავების სისტემა და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულები შესაბამის კრებასა თუ ჯგუფს დააკავშირონ.
თუ მაუწყებლები იპოვიან უცხო ენაზე მოლაპარაკეს (ან ყრუ-მუნჯს), რომელიც ავლენს გულწრფელ ინტერესს, უნდა შეავსონ ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43) და გადასცენ კრების მდივანს. ასეთი სახით ადამიანი დაუყოვნებლივ მიიღებს სულიერ დახმარებას (იხილეთ km 5/11, გვ. 3).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
როგორ ვიპოვოთ ისინი, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს
• ჰკითხე ბიბლიის შემსწავლელებს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებსა და სხვებს.
• გამოიყენე სატელეფონო ცნობარი, რათა იპოვო იმ ენისთვის დამახასიათებელი სახელები და გვარები. ინტერნეტით ან სატელეფონო კომპანიების მეშვეობით შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ცნობარების ნახვა, რომელთა მეშვეობითაც ხდება ნაპოვნი სახელებისა თუ გვარების მისამართებით დახარისხება.
• განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როდესაც უცხოენოვან ადამიანებს ვეძებთ ბიბლიოთეკებში, სამთავრობო დაწესებულებებში, სასწავლებლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
• შეამოწმე ადგილობრივ გაზეთებში, ხომ არ გეგმავენ რაიმე ღონისძიებას უცხოელები.
• ესტუმრე მაღაზიებს ან დაწესებულებებს, რომლებიც ემსახურება უცხოელებს.
• პასუხისმგებელი პირის ნებართვის მიღების შემთხვევაში, დატოვე ლიტერატურა ოფისებში, სტუდენტურ ცენტრებსა და სადგურებში, სადაც ხშირად არიან უცხოელები.
• თუ თქვენი ქვეყნის კანონმდებლობით ნებადართულია, შეიძინე ცნობარი ან კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინტერნეტში უცხოენოვანი მოსახლეობის ძებნის შესაძლებლობას იძლევა.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
რა ვუთხრათ მათ, ვისაც ვიპოვით
მეგობრული და გულწრფელი დამოკიდებულება გააქარწყლებს მობინადრის ეჭვებს. ხშირად დამხმარეა თუ მაშინვე ვაჩვენებთ ლიტერატურას უცხო ენაზე.
მისალმების შემდეგ შეგეძლო გეთქვა: „ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც ლაპარაკობს ______ ენაზე და გვსურს მათ ბიბლიური იმედი გავუზიაროთ. ხომ არ იცნობთ ვინმეს, ასეთს?“
თუ ეძებ ყრუ-მუნჯებს, შეგეძლო გეთქვა: „გამარჯობათ. მინდა რაღაც გაჩვენოთ. [გამოიყენე პორტატიული ვიდეოპლეიერი და აჩვენე ბიბლიური მუხლი DVD-დან «ბიბლია — „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“»] ეს არის ბიბლიის მონაკვეთი რუსული ჟესტების ენაზე. ბიბლიის გარდა ჩვენ გვაქვს არაერთი ვიდეოფილმი, რომლებსაც უსასყიდლოდ ვაძლევთ ყრუ-მუნჯებს სულიერი დახმარების აღმოსაჩენად. ხომ არ იცნობთ ყრუ-მუნჯს ან სმენადაქვეითებულს, რომელიც ლაპარაკობს ჟესტების ენაზე?“. თუ მობინადრე ვერავის იხსენებს, შეახსენე ისეთი ადგილები, სადაც ის შეიძლება შეხვედრია ყრუ-მუნჯს, მაგალითად: სამსახური, სკოლა ან სამეზობლო.