გაკვეთილი 41
ილაპარაკე გასაგებად
ლაპარაკის დროს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით არ დაკმაყოფილდე. ეცადე, მსმენელისთვის გასაგები ენით ილაპარაკო. ეს დაგეხმარება მასალის ეფექტურად გადაცემაში როგორც კრების შეხვედრებზე გამოსვლისას, ისე მათთან საუბრისას, ვინც მოწმე არ არის.
გასაგებ ლაპარაკში ბევრი რამ იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარე განხილულია 26-ე გაკვეთილში, სათაურით „მასალის ლოგიკურად განლაგება“, ზოგი კი 30-ეში — „ადამიანებისადმი ინტერესის გამოვლენა“. ამ გაკვეთილში კიდევ რამდენიმე მხარეს განვიხილავთ.
მარტივი სიტყვები, გადმოცემის მარტივი სტილი. ჩვეულებრივ, მარტივი სიტყვებითა და მოკლე წინადადებებით აზრი უფრო ძლიერად გადმოიცემა. მაგალითად, იესოს მთაზე ქადაგება შესანიშნავი მოხსენებაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები, ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანისთვის არის გასაგები. როდესაც ადამიანი ამ ქადაგებას კითხულობს, აზრი შეიძლება ახალი იყოს მისთვის, მაგრამ იესოს ნათქვამს ადვილად იგებს, რადგან ის ეხება ყველასთვის საჭირბოროტო საკითხებს. კერძოდ, რა არის ბედნიერებისთვის საჭირო, როგორ გავაუმჯობესოთ სხვებთან ურთიერთობა, როგორ ავიცილოთ თავიდან ზედმეტი საზრუნავი და როგორ ვიპოვოთ სიცოცხლის აზრი. იესო ყველასთვის გასაგები ენით ლაპარაკობდა (მათე, თავები 5—7). რა თქმა უნდა, ბიბლიაში ბევრი სხვადასხვა სიგრძისა და სტრუქტურის წინადადება გვხვდება. და მაინც, შენი მთავარი მიზანი აზრის ნათლად და გასაგებად გადაცემა უნდა იყოს.
მსმენელი რთულ მასალასაც კი ადვილად გაიგებს, თუ მას მარტივი ენით გადასცემ. როგორ უნდა გადასცე მასალა მარტივად? ნუ გადატვირთავ მსმენელს არასაჭირო წვრილმანებით. მასალა ისე განალაგე, რომ მთავარი აზრები შეავსოს. ყურადღებით შეარჩიე ძირითადი მუხლები. არ იჩქარო ერთი მუხლიდან მეორეზე გადასვლა. წაიკითხე და ახსენი თითოეული მუხლი. კარგ აზრს სიტყვების კორიანტელში ნუ ჩამარხავ.
ეს პრინციპები მაშინაც გამოიყენე, როცა ბიბლიის შესწავლას ატარებ. ნუ ეცდები ყველა დეტალის ახსნას. ბიბლიის შემსწავლელს ძირითადი აზრების კარგად გაგებაში დაეხმარე. დროთა განმავლობაში კი, პირადი შესწავლისა და კრების შეხვედრებზე დასწრების წყალობით, თავად გაერკვევა დეტალებში.
მასალის მარტივად გადასაცემად კარგი მომზადებაა საჭირო. თუ გინდა, რომ სხვებმა კარგად გაიგონ შენ მიერ განხილული საკითხი, პირველ რიგში, თავად უნდა ერკვეოდე მასში. როდესაც ადამიანს ნამდვილად კარგად ესმის რამე, მას საკუთარი სიტყვებითაც შეუძლია დაამტკიცოს, რატომ არის ეს ასე.
განმარტე მსმენელისთვის უცნობი ტერმინები. ხანდახან მასალის მარტივად გადასაცემად საჭიროა, განმარტო უცნობი ტერმინების მნიშვნელობა. ნურც გადაჭარბებულად შეაფასებ შენი მსმენელის ცოდნას და ნურც იმას იფიქრებ, რომ ყველა სიტყვა უნდა დაუღეჭო. რადგანაც ბიბლიას სწავლობ, ალბათ, იყენებ სიტყვებს, რომლებიც სხვებისთვის არ არის ნაცნობი. ვისაც ურთიერთობა არა აქვს იეჰოვას მოწმეებთან, ახსნის გარეშე ვერ გაიგებს, რომ ისეთ ტერმინებში, როგორიცაა „დარჩენილი ნაწილი“, „ერთგული და გონიერი მონა“, „სხვა ცხვარი“ და „უამრავი ხალხი“, ადამიანთა ჯგუფები იგულისხმება (რომ. 11:5; მათ. 24:45; იოან. 10:16; გამოცხ. 7:9). მსგავსად, ვინც იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას არ იცნობს, ვერ გაიგებს ისეთი ტერმინების მნიშვნელობას, როგორიცაა „მაუწყებელი“, „პიონერი“, „სარაიონო ზედამხედველი“ და „გახსენების საღამო“.
ჩვეულებრივ, ზოგ ბიბლიურ სიტყვას თუ ფრაზას ისინიც იყენებენ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. მიუხედავად ამისა, ხანდახან საჭიროა მათი ახსნა. ბევრისთვის „არმაგედონი“ ბირთვულ ომს ნიშნავს. ბევრი ფიქრობს, რომ „ღვთის სამეფო“ ადამიანის გულშია ან მიცვალებულთა სულების ადგილსამყოფელია, მაგრამ ვერაფრით წარმოუდგენიათ, რომ „სამეფოში“ ხელისუფლება იგულისხმება. მრავალს ჰგონია, რომ „სული“ არის ადამიანში არსებული არამატერიალური ძალა, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. მილიონობით ადამიანს ნასწავლი აქვს, რომ „სულიწმიდა“ სამების შემადგენელი ერთ-ერთი პიროვნებაა. რადგანაც ბევრი არ იცავს ბიბლიაში ჩაწერილ ზნეობრივ ნორმებს, ადვილი შესაძლებელია, რომ ისინი დახმარებას საჭიროებდნენ იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს ბიბლიური ფრაზა „გაექეცით სიძვას“ (1 კორ. 6:18).
ადამიანმა, რომელიც რეგულარულად არ კითხულობს ბიბლიას, შეიძლება სწორად ვერ გაიგოს შენ მიერ ნათქვამი ასეთი ფრაზები: „პავლემ დაწერა . . .“ ან „ლუკამ თქვა . . .“. პავლე ან ლუკა შეიძლება მის რომელიმე მეგობარს ან მეზობელს ერქვას. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა დაამატო, რომ ისინი ბიბლიის დამწერები ან იესოს მოციქულები იყვნენ.
დღევანდელ მსმენელს ხშირად დახმარება სჭირდება, რათა კარგად გაერკვეს იმ ბიბლიურ მუხლებში, სადაც ძველი დროის ტრადიციები ან საზომი ერთეულებია მოხსენიებული. მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ნოეს კიდობნის სიგრძე 300 წყრთა იყო, სიგანე — 50 და სიმაღლე — 30, ეს ციფრები მათთვის, ალბათ, არაფრის მთქმელი იქნება (დაბ. 6:15). მაგრამ თუ კიდობნის ზომებს თქვენს მახლობლად მდებარე, ყველასთვის ცნობილ რომელიმე შენობას შეადარებდი, მსმენელი ადვილად წარმოიდგენდა კიდობნის მასშტაბებს.
ახსენი ბიბლიური მუხლები. ხანდახან რომელიმე საკითხის ასახსნელად უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ უცნობი ტერმინების განმარტება. როდესაც ეზრას დროს იერუსალიმში კანონს კითხულობდნენ, წაკითხულის მნიშვნელობა ხალხს კარგად რომ გაეგო, ლევიანები განმარტავდნენ მას და ხსნიდნენ, როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება ცხოვრებაში (ნეემ. 8:8, 12). შენც გამოყავი დრო წაკითხული მუხლების ასახსნელად და მსმენელს აჩვენე, როგორ გამოიყენოს ისინი პრაქტიკულად.
სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ იესომ მოწაფეებს აუხსნა, რომ იმით, რაც მოხდა, ბიბლიური წინასწარმეტყველებები შესრულდა. ასევე მან ხაზი გაუსვა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ, ამ მოვლენების თვითმხილველებს, ეკისრებოდათ (ლუკ. 24:44—48). როდესაც ადამიანებს იმის დანახვაში ეხმარები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ნასწავლმა მათ პირად ცხოვრებაზე, ისინი უფრო ადვილად იგებენ მის ნამდვილ მნიშვნელობას.
გულის როლი მასალის გაგებაში. რასაკვირველია, მაშინაც კი, როდესაც მასალა საკმაოდ კარგად არის ახსნილი, მსმენელმა ის შეიძლება ვერ გაიგოს, თუ მასზე სხვა ფაქტორები ახდენს გავლენას. მაგალითად, თუ მას ‘გული გაუხეშებული’ აქვს, ეს ხელს შეუშლის ნათქვამის გაგებაში (მათ. 13:13—15). ადამიანს, რომელიც საკითხებს სულიერი თვალით არ უყურებს, სულიერობასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება უგუნურებადაც კი მოეჩვენოს (1 კორ. 2:14). როდესაც მსმენელი ასეთ სულს ავლენს, გონივრული იქნებოდა, საუბარი შეგეწყვიტა — ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში მაინც.
ზოგს ცხოვრების მძიმე პირობები უუხეშებს გულს. თუ ასეთ ადამიანს გარკვეული დროის განმავლობაში ბიბლიური ჭეშმარიტების მოსმენის შესაძლებლობა მიეცემა, მისი გულის მდგომარეობა შეიძლება თანდათანობით შეიცვალოს. როდესაც იესომ მოციქულებს უთხრა, რომ უნდა წამებულიყო და მომკვდარიყო, ისინი ვერ მიუხვდნენ ნათქვამს. რატომ? იმიტომ, რომ არ ელოდნენ ამას და არც უნდოდათ, რომ ეს მომხდარიყო (ლუკ. 18:31—34). მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ, თერთმეტი მოციქული ჩასწვდა იესოს ნათქვამის მნიშვნელობას, რაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი იესოსგან ნასწავლის თანახმად მოქმედებდნენ.
კარგი მაგალითის როლი. ადამიანს ნათქვამის გაგებაში არა მარტო სიტყვებით ვეხმარებით, არამედ პირადი მაგალითითაც. ბევრი ამბობს, რომ სამეფო დარბაზში პირველად მისვლის შემდეგ იქ გამეფებული სიყვარული და გულთბილი მიღება დაამახსოვრდათ და არა სცენაზე წარმოთქმული სიტყვები. მსგავსად, ბევრი იღებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, როდესაც ხედავენ, რომ ბედნიერნი და სიხარულით აღსავსენი ვართ. ზოგი იეჰოვას მოწმეთა რელიგიის ჭეშმარიტებაში მათ შორის არსებულმა სიყვარულმა და გაჭირვების დროს სხვებისთვის აღმოჩენილმა დახმარებამ დაარწმუნა. ასე რომ, თუ ცდილობ, ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარო, იფიქრე, როგორ შეიძლება მისი გასაგებად ახსნა და, ამასთანავე, თავადაც კარგი მაგალითი მიეცი.