საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jr თ. 9 გვ. 103-113
  • ნუ ეძებთ „დიდ რამეს“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნუ ეძებთ „დიდ რამეს“
  • ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „დიდი რამე“ — რა იყო ის?
  • „შენს სულს მოგცემ ნადავლად“
  • დაუწყებთ ძებნას „დიდ რამეს“?
  • ქონების მახე
  • მიიღებთ თქვენს სულს ნადავლად?
  • ბარუქი იერემიას ერთგული მწერალი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ბარუქი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვა ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვაკვირდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • აღსასრულის დადგომამდე უფრო დაუახლოვდით ერთმანეთს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
იხილეთ მეტი
ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
jr თ. 9 გვ. 103-113

თავი 9

ნუ ეძებთ „დიდ რამეს“

1, 2. ა) რა პრობლემა ჰქონდა ბარუქს იეჰოიაკიმის მეფობის მეოთხე წელს? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვა ბარუქს?

ბარუქი, იერემიას ერთგული მდივანი, გულდამძიმებული იყო. იდგა ძვ. წ. დაახლოებით 625 წელი, ბოროტი მეფე იეჰოიაკიმის მეფობის მეოთხე წელი. იერემიამ დაავალა ბარუქს, გრაგნილზე დაეწერა იერუსალიმისა და იუდას შესახებ ყველა ის სიტყვა, რომლებსაც იეჰოვა თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით უცხადებდა ხალხს 23 წლის განმავლობაში — იერემიას წინასწარმეტყველად მსახურების დაწყებიდან იმ დღემდე (იერ. 25:1—3; 36:1, 2). თუმცა ეს გრაგნილი ბარუქს მაშინვე არ წაუკითხავს იუდეველებისთვის; მან ეს მომდევნო წელს გააკეთა (იერ. 36:9, 10). აწუხებდა რამე ბარუქს?

2 „ვაიმე, რადგან ტკივილზე მწუხარება დამიმატა იეჰოვამ! ოხვრამ დამქანცა“, — მოთქვამდა ბარუქი. შესაძლოა, თქვენც გითქვამთ ან გულში მაინც გაგივლიათ ასეთი რამ. ჩვენ არ ვიცით, ბარუქი თავის მწუხარებას ხმამაღლა გამოთქვამდა თუ გულში იტრიალებდა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იეჰოვა უსმენდა მას. გულების შემმოწმებელმა ღმერთმა იცოდა, რა იყო ბარუქის მწუხარების მიზეზი და იერემიას მეშვეობით რბილად შეუსწორა თვალსაზრისი (წაიკითხეთ იერემიას 45:1—5 ). ალბათ, გაინტერესებთ, რამ ჩააგდო ბარუქი ასეთ მდგომარეობაში. ამის მიზეზი ღვთისგან მიღებული დავალება ან ირგვლივ არსებული ვითარება ხომ არ იყო? სინამდვილეში პრობლემა მისი გულიდან მომდინარეობდა. ბარუქი „დიდ რამეს“ ეძებდა თავისთვის. რა იგულისხმება „დიდ რამეში“? რას დაჰპირდა იეჰოვა ბარუქს, თუ მის რჩევებსა და მითითებებს გაითვალისწინებდა? რის სწავლა შეგვიძლია ბარუქის მაგალითიდან?

„დიდი რამე“ — რა იყო ის?

3. რა იყო ბარუქის სულიერი სისუსტის მიზეზი?

3 ბარუქმა კარგად იცოდა, რა იყო ეს „დიდი რამე“. მას ისიც ესმოდა, რომ „ადამიანის გზას დაჰყურებს [ღვთის] თვალები და მის ნაბიჯებს ხედავს იგი“ (იობ. 34:21). ღვთისგან მიღებული დავალება არ ყოფილა იმის მიზეზი, რის გამოც ბარუქი ვერ პოულობდა „მოსასვენებლად ადგილს“, როცა იერემიას წინასწარმეტყველურ სიტყვებს გრაგნილზე წერდა. ამის მიზეზი მისი გული, მისი დამოკიდებულება იყო იმის მიმართ, რასაც „დიდ რამედ“ მიიჩნევდა. ის გაიტაცა „დიდი რამის“ ძებნამ და მხედველობიდან გამორჩა უფრო მნიშვნელოვანი — ის, რაც ღვთის ნების შესრულებას უკავშირდებოდა (ფილ. 1:10). აქ გამოყენებული ზმნა „ძებნა“ ებრაულ ტექსტში განგრძობით დროზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ ბარუქის ფიქრები არ ყოფილა ხანმოკლე და წამიერი. ბარუქი უკვე ეძებდა „დიდ რამეს“, როცა იეჰოვამ გააფრთხილა, შეეწყვიტა მასზე ფიქრი. მართალია, იერემიას ეს ერთგული მწერალი ღვთის ნებასაც ასრულებდა, მაგრამ ამავე დროს „დიდი რამეც“ სურდა.

4, 5. რატომ შეიძლება ყოფილიყო ბარუქისთვის „დიდი რამე“ სახელისა და პრესტიჟის მოპოვება, და რატომ იყო იეჰოვასგან მიღებული შეგონება მართებული?

4 შესაძლოა, ბარუქს სურდა ცნობილი და გავლენიანი პიროვნება გამხდარიყო. მართალია, ის იერემიას მდივანი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მხოლოდ მისი მდივანი არ ყოფილა. იერემიას 36:32-ში ბარუქი მოხსენიებულია, როგორც მწერალი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალები იმაზე მიუთითებს, რომ მას სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. იგივენაირად იწოდება „მწერალი ელიშამაც“, იუდას ერთ-ერთი მთავარი. აქედან გამომდინარე, ბარუქსაც, როგორც ელიშამას თანამშრომელს, ექნებოდა უფლება, შესულიყო „მეფის სასახლეში, მწერლის სასადილო ოთახში“ (იერ. 36:11, 12, 14). როგორც ჩანს, ბარუქი განათლებული ადამიანი და სამეფო კარის მოხელე იყო, მისი ძმა, სერაია კი მეფე ციდკიას მესაწოლე იყო და მეფეს თან ახლდა, როცა ბაბილონში მნიშვნელოვანი მისიით იყო ჩასული (წაიკითხეთ იერემიას 51:59). სერაია, როგორც მესაწოლე, ზრუნავდა ყველაფერზე, რაც მეფეს სჭირდებოდა მგზავრობის დროს. მას მართლაც მაღალი თანამდებობა ეკავა.

5 არ არის გასაკვირი, რომ მაღალ თანამდებობაზე მსახურებას შეჩვეული ადამიანი გადაეღალა გამუდმებით ისეთი ცნობის წერას, რომლითაც ღმერთი იუდას სდებდა მსჯავრს. ფაქტობრივად იმით, რომ ის ღვთის წინასწარმეტყველს ეხმარებოდა, საფრთხეში იგდებდა თავის მდგომარეობასა და კარიერას. დაფიქრდით, რა მოჰყვებოდა იმას, თუ იეჰოვა მართლაც დაანგრევდა იერუსალიმს, როგორც ამას იერემიას 45:4-ში ვკითხულობთ. იმ დროს „დიდ რამეს“ — სამეფო კარზე უფრო მაღალ მდგომარეობას ან მატერიალურ კეთილდღეობას — რომელზეც ბარუქი ოცნებობდა, ფასი არ ექნებოდა. თუ ბარუქს უნდოდა გასანადგურებლად განწირულ იუდეველთა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, ღმერთს ნამდვილად ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზი, გაეფრთხილებინა ის.

6, 7. თუ ბარუქისთვის „დიდ რამეში“ ქონება და განძეულობა იგულისხმებოდა, რაზე შეიძლება დაგვაფიქროს ამან?

6 მეორე მხრივ, ბარუქისთვის „დიდი რამე“ შეიძლება ყოფილიყო ქონება. იუდას გარშემო მყოფი ერები თავიანთ ქონებაზე იყვნენ დაიმედებულნი. მოაბი ენდობოდა საკუთარ „საქმეებსა და განძეულს“. იმავეს თქმა შეიძლება ამონზეც. იეჰოვამ ბაბილონი იერემიას მეშვეობით აღწერა როგორც „დიდი განძის მფლობელი“ (იერ. 48:1, 7; 49:1, 4; 51:1, 13). ფაქტი ერთია — ღმერთი ამ ხალხებს მსჯავრს სდებდა.

7 თუ ბარუქს გამდიდრება სურდა, გასაგებია, რატომ გააფრთხილა იეჰოვამ ის. როცა ღმერთი ხელს გაიწვდიდა იუდეველთა წინააღმდეგ, მათი სახლები და მინდვრები მტრების ხელში აღმოჩნდებოდა (იერ. 6:12; 20:5). წარმოიდგინეთ, რომ ბარუქის დროს ცხოვრობთ იერუსალიმში. უმეტესობა — მთავრები, მღვდლები და თვით მეფეც კი — ამბობს, რომ ქვეყანაში შეჭრილი ბაბილონის ჯარების წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ. მაგრამ თქვენთვის ცნობილია ასევე იერემიას ცნობაც: „ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლეთ“ (იერ. 27:12, 17). გაგიადვილებდათ დიდძალი ქონების ქონა ღვთის მითითების მიყოლას? საკუთარი ქონების მიმართ თქვენი დამოკიდებულება იერემიას გაფრთხილების გათვალისწინებისკენ აღგძრავდათ თუ უმრავლესობის გზით სიარულისკენ? ყველა ძვირფასეულობა, რაც იუდასა და იერუსალიმში იყო და ტაძრის მთელი საგანძური, ბაბილონელებმა თავიანთ ქვეყანაში გაზიდეს. ასე რომ, სიმდიდრისკენ სწრაფვა ფუჭი იქნებოდა (იერ. 27:21, 22). შეგვიძლია აქედან რამე ვისწავლოთ?

როგორ შეუსწორა იეჰოვამ რბილად თვალსაზრისი ბარუქს, რომელიც „დიდ რამეს“ ეძებდა? რატომ ფიქრობთ, რომ გონივრულია იეჰოვას მოცემული შეგონების მოსმენა?

„შენს სულს მოგცემ ნადავლად“

8, 9. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ბარუქისთვის თავისი სულის ნადავლად მიღება უმნიშვნელო რამ არ ყოფილა?

8 დავფიქრდეთ კიდევ ერთ რამეზე: რას მიიღებდა ბარუქი ღვთის მითითების მიყოლის სანაცვლოდ? ღმერთი მას აძლევდა გარანტიას, რომ თავის სულს მიიღებდა ნადავლად (წაიკითხეთ იერემიას 45:5 ). იმ დროს ცოტა თუ გადაურჩა განადგურებას. ვინ იყვნენ ეს გადარჩენილები? ისინი, ვინც დაემორჩილნენ ღვთის მითითებას და ჩაჰბარდნენ ქალდეველებს (იერ. 21:9; 38:2). შეიძლება ვინმეს ასეთი შეკითხვა გაუჩნდეს: სულ ეს იყო ის ჯილდო, რასაც მორჩილების სანაცვლოდ მიიღებდნენ?

9 სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, ჯერ წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობა იყო იერუსალიმში ბაბილონის ალყის დროს. ქალაქში უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა ცხოვრება და ხალხი ნელ-ნელა სულს ღაფავდა. ამისგან განსხვავებით სოდომის განადგურება, ასე ვთქვათ, თვალის დახამხამებაში მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ მისი აღსასრული უფრო ადვილი ასატანი იყო ხალხისთვის (გოდ. 4:6). ბარუქმა იერუსალიმის მცხოვრებლებზე დაწერა, რომ ისინი მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცებოდნენ. და მან იხილა კიდეც ამ წინასწარმეტყველების შესრულება. იერუსალიმში საკვების მარაგი გამოილია. როგორი საშინელება იქნებოდა იმ ქალაქში ყოფნა, სადაც დედები საკუთარ შვილებს ხარშავდნენ და ჭამდნენ! (გოდ. 2:20; 4:10; იერ. 19:9). ბარუქმა გადაიტანა ეს ყველაფერი და ცოცხალი გადარჩა. ასეთ საზარელ პერიოდში სიცოცხლე მართლაც ნადავლი იქნებოდა, როგორც ომში გამარჯვების შემდეგ მიღებული ჯილდო. აშკარაა, რომ ბარუქმა გაითვალისწინა ღვთის რჩევა და აღარ ეძებდა „დიდ რამეს“. მან იეჰოვას კეთილგანწყობაც მოიპოვა, რაზეც მისი გადარჩენა მოწმობს (იერ. 43:5—7).

სურათი 107 გვერდზე

დაუწყებთ ძებნას „დიდ რამეს“?

10, 11. როგორ ეხება ბარუქის შემთხვევა ჩვენს დროს და როგორ გვეხება ის პირადად ჩვენ?

10 მართალია, ბარუქი ღვთის ნების შესრულებით იყო დაკავებული, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში „დიდი რამის“ მიღების ძლიერ სურვილსაც ებრძოდა. იმის წყალობით, რომ იეჰოვამ გააფრთხილა ის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, ბარუქი გადაურჩა სულიერ და ფიზიკურ განადგურებას. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩვენც გვძლიოს გულის სიღრმეში არსებულმა სურვილებმა მაშინაც კი, როცა აქტიურად ვართ ჩაბმულნი ღვთის მსახურებაში?

11 ბარუქისთვის, შესაძლოა, სახელის მოხვეჭა ნამდვილი ცდუნება იყო. ალბათ, ის გულში ფიქრობდა კიდეც: „შევძლებ ჩემი თანამდებობის შენარჩუნებას და მწერლად მუშაობას? იქნებ მეტს მივაღწიო, რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე დამნიშნონ?“ რის თქმა შეიძლება ჩვენზე? ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხომ არა მაქვს სხვებისთვის შეუმჩნეველი ამბიციები, შევიქმნა კარიერა ახლა ან ახლო მომავალში?“ ზოგიერთი ახალგაზრდა ქრისტიანი კი შეიძლება დაფიქრდეს შემდეგ კითხვაზე: «თუ მაქვს შანსი, უმაღლესი განათლება მივიღო, ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყო და პრესტიჟულ მდგომარეობას მივაღწიო, ხომ არ მიბიძგებს ეს იმისკენ, რომ „დიდი რამე“ ვეძებო?»

12. როგორ ეძებდა ერთი ძმა „დიდ რამეს“ იეჰოვასთვის და რას ფიქრობთ მის არჩევანზე?

12 ერთ ძმას, რომელიც ამჟამად იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობს, 15 წლის ასაკში უნივერსიტეტში უფასოდ სწავლა შესთავაზეს. მან იმედი გაუცრუა თავის მასწავლებლებს, როცა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და პიონერად მსახურება აირჩია. თუმცა მას სწავლისადმი წყურვილი არასოდეს განელებია. ამ ძმამ ერთ-ერთ შორეულ კუნძულზე დაიწყო მისიონერად მსახურება, სადაც მოუწია იმ ენის სწავლა, რომელზეც მხოლოდ 10 000 კაცი ლაპარაკობდა. რადგან ამ ენაზე ლექსიკონი არ არსებობდა, ძმამ თვითონ შეადგინა. ის კარგად დაეუფლა ენას და დავალებაც კი მიიღო, ზოგიერთი ჩვენი პუბლიკაცია ეთარგმნა. მოგვიანებით, მისი შედგენილი ლექსიკონი ამ ენაზე გამოცემულ პირველ ლექსიკონს დაედო საფუძვლად. ერთხელ მან საოლქო კონგრესზე დიდი აუდიტორიის წინაშე თქვა: „უნივერსიტეტში რომ მიმეღო განათლება, ნებისმიერი მიღწევა მხოლოდ ჩემს პირად განდიდებას მოემსახურებოდა. დღეს მე არანაირი წოდება და ხარისხი არა მაქვს. ასე რომ, იმას, რაც გავაკეთე, ჩემთვის დიდება არ მოუტანია. ეს ყველაფერი იეჰოვას განადიდებს“ (იგავ. 25:27). თქვენი აზრით, გონივრული არჩევანი გააკეთა ამ ძმამ 15 წლის ასაკში? წლების მანძილზე მან უამრავი კურთხევა მიიღო ღვთის მსახურებაში. თქვენ როგორ გამოიყენებთ ნიჭსა და უნარს? გაქვთ გადაწყვეტილი, თქვენი ნიჭით იეჰოვა განადიდოთ და არა საკუთარი თავი?

13. რატომ უნდა დაფიქრდნენ მშობლები ბარუქის შემთხვევაზე?

13 არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ქრისტიანმა დაიწყოს „დიდი რამის“ ძებნა ოჯახის წევრის ან ახლობლის მეშვეობით, რომელზეც გავლენის მოხდენა შეუძლია. ალბათ, გინახავთ, ქვეყნიერებაში როგორ წარმართავენ მშობლები საქმეებს ისე, რომ შვილებმა ცხოვრებაში მათზე წინ წაიწიონ, რათა შემდეგ მათით იტრაბახონ. შესაძლოა, გსმენიათ: „არ მინდა, ჩემი შვილი ჩემსავით გაწვალდეს“ ან „მინდა, ჩემმა შვილმა უმაღლესი განათლება მიიღოს, რომ უზრუნველად იცხოვროს“. გამორიცხული არ არის, რომ ქრისტიანი მშობლებიც მსგავსად ფიქრობდნენ. შეიძლება ზოგი ამბობდეს: „მე არ ვეძებ დიდ რამეს ჩემთვის“. მაგრამ ხომ არ ცდილობენ ისინი ამის გაკეთებას სხვების, მაგალითად, საკუთარი შვილების მეშვეობით? შესაძლოა, ბარუქს ცდუნება ჰქონდა, რომ თავისი კარიერა ან თანამდებობა გამოეყენებინა გავლენის მოსაპოვებლად. მსგავსად ამისა, შეიძლება მშობელსაც ჰქონდეს იმის ფარული მოტივი, რომ ასეთ რამეს მიაღწიოს შვილის მეშვეობით. მაგრამ განა გამოეპარება ეს „გულების შემმოწმებელს“, როგორც ეს ბარუქის შემთხვევიდან დავინახეთ?! (იგავ. 17:3). გონივრულია, რომ დავითის მსგავსად ვთხოვოთ ღმერთს, შეამოწმოს ჩვენი იდუმალი ფიქრები (წაიკითხეთ ფსალმუნის 26:2; იერემიას 17:9, 10). იეჰოვას შეუძლია სხვადასხვა საშუალებით გაგვაფრთხილოს, თუ რა საფრთხე იმალება „დიდი რამის“ ძებნაში. ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს ამ თავში მოცემული ბარუქის შემთხვევის განხილვა.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო „დიდი რამე“, რომელსაც ბარუქი ეძებდა? რაზე მიგანიშნებთ ეს?

ქონების მახე

14, 15. როგორ შეიძლება სიმდიდრე ჩვენთვის „დიდ რამედ“ იქცეს?

14 დავუშვათ, ბარუქისთვის „დიდი რამე“ სიმდიდრე იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბარუქი საკუთარ ქონებაზე რომ ყოფილიყო გადაყოლილი, გაუჭირდებოდა ღვთის მითითების გათვალისწინება, რომ ჩაჰბარებოდა ქალდეველებს. ალბათ, ამჩნევთ, რომ ხშირად მდიდარი ადამიანები თავიანთ ქონებაზე არიან დაიმედებულნი, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ სიმდიდრე დამცველი მხოლოდ მათ წარმოდგენაშია (იგავ. 18:11). იეჰოვას ყველა მსახურს მართებს შეახსენოს საკუთარ თავს ღვთის სიტყვაში მოცემული გაწონასწორებული თვალსაზრისი ქონებასა და მატერიალურ საგნებზე (წაიკითხეთ იგავების 11:4 ). მაგრამ შეიძლება ზოგმა თქვას: „ცოტათი მაინც რატომ არ უნდა გავიხარო იმით, რასაც ეს ქვეყნიერება მთავაზობს?

15 თუ ქრისტიანს ძალიან ეყვარება საკუთარი ქონება, შეიძლება იმას დახარბდეს, რასაც ეს წარმავალი ქვეყნიერება გვთავაზობს. იერემიასა და ბარუქს ასეთი რამ არ დამართვიათ. წლების შემდეგ იესომ წინასწარ გააფრთხილა ის ხალხი, რომელიც კაცის ძის გამოცხადებისას იცხოვრებდა. მან თქვა: „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“. აგრეთვე მართებული იქნებოდა გვეთქვა: „გახსოვდეთ იერემია და ბარუქი“ (ლუკ. 17:30—33). თუ ქონების დიდი სიყვარული გვექნება, მაშინ იესოს სიტყვების გათვალისწინება გაგვიჭირდება. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ბარუქმა შეისმინა ღვთის გაფრთხილება და ცოცხალი გადარჩა.

16. როგორი სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქონების მიმართ ღვთის მსახურებს? მოიყვანეთ მაგალითი.

16 გავიხსენოთ, რა მდგომარეობაში იყვნენ რუმინელი და-ძმები კომუნისტური რეჟიმის დროს. მოწმეების სახლების ჩხრეკისას ზოგჯერ მთავრობის წარმომადგენლებს სახლებიდან მიჰქონდათ ისეთი ნივთები, რომელთა გაყიდვაც შეიძლებოდა (გოდ. 5:2). ამ რეჟიმის დროს ძმები შეგუებულნი იყვნენ იმ აზრს, რომ შეიძლებოდა დაეკარგათ თავიანთი ქონება. ზოგი გადაასახლეს და ყველაფრის დათმობა და დატოვება მოუწიათ, თუმცა მათ იეჰოვასადმი ერთგულება არ დაუთმიათ. თუ მსგავსი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებოდით, ქონებისადმი თქვენი დამოკიდებულება ხელს ხომ არ შეგიშლიდათ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში? (2 ტიმ. 3:11).

სურათი 111 გვერდზე

17. როგორ დაეხმარა იერემიასა და ბარუქს ზოგიერთი მათი თანამედროვე?

17 იერემიასა და ბარუქის გვერდით იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მხარში ედგნენ მათ. იერემიას ერთ-ერთი თანამედროვე წინასწარმეტყველი იყო სოფონია, რომელიც იოშიას მეფობის დროს მსახურობდა წინასწარმეტყველად. რას იფიქრებდა იერემია, როცა სოფონიას 1:18-ში ჩაწერილ სიტყვებს წაიკითხავდა? (წაიკითხეთ). იერემია, ალბათ, ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ამ სიტყვებს ბარუქსაც გაუზიარებდა. კიდევ ერთი მათი თანამედროვე წინასწარმეტყველი იყო ეზეკიელი, რომელიც ძვ. წ. 617 წელს ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. მისი საქმიანობა და წინასწარმეტყველება ნაწილობრივ იმ იუდეველებს ეხებოდა, რომლებიც ჯერ კიდევ სამშობლოში ცხოვრობდნენ. ასე რომ, იერემიას ალბათ ეცოდინებოდა, რას ამბობდა და რას აკეთებდა ეზეკიელი და, პირიქით, ეზეკიელსაც ეცოდინებოდა, რას წინასწარმეტყველებდა იერემია. იერემიასთვის ცნობილი იქნებოდა ეზეკიელის 7:19-ში ჩაწერილი სიტყვები (წაიკითხეთ). ღვთისგან შთაგონებული ეს სიტყვები იერემიასა და ბარუქს განამტკიცებდა და რწმენას გაუძლიერებდა, ასევე შეიძლება მოხდეს ჩვენს შემთხვევაშიც. იეჰოვას რისხვის დღეს ხალხი თავიანთ ღმერთებს შესთხოვს შველას, მაგრამ ვერც მათი ღმერთები და ვერც მათი ქონება ვერ იხსნის მათ (იერ. 2:28).

მიიღებთ თქვენს სულს ნადავლად?

18. ვისი სულის მიღება გვინდა ნადავლად და როგორ მოვახერხებთ ამას?

18 გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ნადავლად ჩვენი სულის მოცემას გვპირდება. დიდი გასაჭირის დროს მხეცის პოლიტიკური ძალების მხრიდან რელიგიაზე თავდასხმას, შესაძლოა, დევნები მოჰყვეს; ამ დროს ღვთის ზოგიერთი ერთგული მსახური რომც დაიღუპოს, ისინი მაინც არ იქნებიან ღვთისგან დავიწყებულნი. მათ გარანტია აქვთ, რომ აღდგებიან და ახალ ქვეყნიერებაში „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ გაიხარებენ (გამოცხ. 7:14, 15; 1 ტიმ. 6:19). თუმცა შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათი უმეტესობა, ვინც იმ დროს იეჰოვას ერთგული დარჩება, დიდ გასაჭირს გადაიტანს. გჯეროდეთ, რომ, როცა ღმერთი უბედურებას დაატეხს თავს ერებს, არც ერთი ერთგული მსახური არ იქნება „იეჰოვას დახოცილთა“ შორის (იერ. 25:32, 33).

სურათები 113 გვერდზე

აირჩიეთ ის, რაც ნამდვილად ღირებულია (შეადარეთ სურათს 46-ე გვერდზე)

19. როგორ განამტკიცა იერემიასა და ბარუქის მაგალითების განხილვამ თქვენი გადაწყვეტილება, მოერიდოთ „დიდი რამის“ ძებნას?

19 ზოგი შეიძლება სერიოზულად დააფიქროს იმის გაგებამ, რომ ნადავლად მხოლოდ საკუთარ სულს მიიღებს. სინამდვილეში, ამან მათ გული არ უნდა გაუტეხოს. გაიხსენეთ, მაშინ, როცა ხალხი იერუსალიმში შიმშილით კვდებოდა, იეჰოვამ იერემიას სიცოცხლე შეუნარჩუნა. გახსოვთ, როგორ? მეფე ციდკიას იერემია დაპატიმრებული ჰყავდა მცველთა ეზოში და მისი ბრძანებისამებრ „თითო მრგვალი პური ეძლეოდა [წინასწარმეტყველს] ყოველდღიურად მცხობელთა ქუჩიდან, სანამ პური არ გამოილია ქალაქში“ (იერ. 37:21). ამგვარად, იერემია სიკვდილს გადაურჩა. იეჰოვამ თავისი ხალხის გადასარჩენად შეიძლება ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს. ის ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან თავის ხალხს მარადიული სიცოცხლის გარანტია მისცა. იმის წყალობით, რომ აღარ ეძებდა „დიდ რამეს“, ბარუქი იერუსალიმის განადგურებისას ცოცხალი დარჩა. ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს არმაგედონში გადარჩენის იმედი, რათა განვადიდოთ იეჰოვა და მარადიულად გავიხაროთ იმით, რომ ნადავლად მივიღეთ სული.

რატომ არის გონივრული, არ ვეძებოთ „დიდი რამე“ და იმის იმედით ვიცხოვროთ, რომ ნადავლად სულს მივიღებთ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება