თავი 8
იცხოვრებთ იერემიასავით?
1, 2. რატომ არის ლოგიკური, დავინტერესდეთ როგორც ცალკეული ადამიანების, ისე ოჯახების სულიერი კეთილდღეობით?
იესო ნავეს ძემ მოუწოდა ისრაელებს, აერჩიათ, ვისი მსახურები იქნებოდნენ და შემდეგ თქვა: „მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“ (იეს. 24:15). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ღვთის ერთგული ყოფილიყო და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი ოჯახიც ასე მოიქცეოდა. დიდი ხნის შემდეგ, როცა იერუსალიმის განადგურება ახლოვდებოდა, იერემიამ მეფე ციდკიას ურჩია, ბაბილონელებს ჩაჰბარებოდა და დაჰპირდა, შენ და შენი სახლეულობა ცოცხალი დარჩებითო (იერ. 38:17). მეფემ არასწორი არჩევანი გააკეთა, რაც მისთვის, მისი ცოლებისა და ვაჟებისთვის სავალალო აღმოჩნდა. ციდკიამ თავისი თვალით იხილა, როგორ დაუხოცეს ვაჟები; თავად მას კი თვალები დასთხარეს და ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს (იერ. 38:18—23; 39:6, 7).
2 კურსივით დაწერილ ამ ორ ფრაზაში აქცენტი ერთ ადამიანზე კეთდება, თუმცა მათი ოჯახებიც მოხსენიებულია, რაც სავსებით ლოგიკურია. ყველა ზრდასრული ადამიანი საკუთარ თავზე თვითონ არის ღვთის წინაშე პასუხისმგებელი. ისრაელში თითქმის ყველა ქმნიდა ოჯახს. ოჯახს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანების ცხოვრებაშიც. ამას ნათლად ვხედავთ, როცა ბიბლიას ვკითხულობთ და ვისმენთ კრების შეხვედრებზე რჩევებს ქორწინებაზე, შვილების აღზრდასა და ოჯახის წევრებისადმი პატივისცემაზე (1 კორ. 7:36—39; 1 ტიმ. 5:8).
უცნაური ბრძანება
3, 4. როგორ განსხვავდებოდა იერემიას მდგომარეობა იუდეველთა უმეტესობის მდგომარეობისგან და რა მხრივ აღმოჩნდა ეს მისთვის კარგი?
3 იერემიამ გადაიტანა იერუსალიმის ალყის დროს გაჭირვება და მის განადგურებასაც გადაურჩა. თუმცა მას იუდეველთა უმრავლესობისგან განსხვავებული ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა (იერ. 21:9; 40:1—4). ღმერთმა უთხრა მას, რომ ცოლი არ მოეყვანა და შვილები არ ჰყოლოდა და უარი ეთქვა ბევრ ისეთ რამეზე, რაც იუდეველებისთვის ჩვეული რამ იყო (წაიკითხეთ იერემიას 16:1—4 ).
4 იერემიას დროს ისრაელის კულტურაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ოჯახის შექმნას და შვილების ყოლას. ამიტომ იუდეველ მამაკაცთა უმეტესობას ჰყავდა ოჯახი. ასეთი სახით, მათ შეეძლოთ თავიანთი ტომისა და საგვარეულოს კუთვნილი მიწის შენარჩუნება (კან. 7:14).a მაშ, რატომ არ მოიყვანა იერემიამ ცოლი? ღმერთმა იცოდა, რაც მოელოდა იუდას და ამიტომ უთხრა თავის წინასწარმეტყველს, არ ეცხოვრა ჩვეული ცხოვრებით და არ გაეზიარებინა ხალხის მწუხარება და სიხარული. მას არ უნდა ენუგეშებინა მგლოვიარენი და მათთან არ უნდა ეჭამა პური დაკრძალვის დროს გაშლილ სუფრაზე; ის არც ქორწილში უნდა წასულიყო. ასეთი ნადიმები და მხიარულება მალე წარსულს ჩაჰბარდებოდა (იერ. 7:33; 16:5—9). იერემიას მოქმედება მის ცნობას უფრო დამაჯერებელს ხდიდა და მიუთითებდა, რამდენად მკაცრ განაჩენს აღასრულებდა მათზე ღმერთი. ბოლოს უბედურება მართლაც დაატყდა თავს იუდას. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ ისინი, ვისაც საკვებად მხოლოდ ადამიანის ხორციღა ჰქონდა და, ვინც ხედავდა, როგორ იხრწნებოდა მათი საყვარელი ადამიანების გვამები (წაიკითხეთ იერემიას 14:16; გოდ. 2:20). ასე რომ, იერემია, რომელსაც არ ჰყავდა ცოლ-შვილი, ნამდვილად არ იყო ასეთ საშინელ მდგომარეობაში. 18-თვიანი ალყისა და ხოცვა-ჟლეტის დროს, რომელიც მას მოჰყვა, უამრავი ოჯახი განადგურდა ისრაელში. იერემიას არ მოუწია მეუღლისა და შვილების დაკარგვით გამოწვეული ტკივილის ატანა.
5. როგორ ეხებათ ქრისტიანებს იერემიას 16:5—9-ში ჩაწერილი მითითებები?
5 ჩვენც გვეხება იერემიას 16:5—9-ში ჩაწერილი მითითებები? არა. ბიბლია მოგვიწოდებს ქრისტიანებს, რომ „შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა“ და მოხარულებთან ვიხაროთ (2 კორ. 1:4; რომ. 12:15). იესოც იყო ქორწილში და წყალიც კი გადააქცია ღვინოდ, რითაც მექორწილენი გაახარა. თუმცა ერთი რამ ცხადია, ამ ბოროტ ქვეყნიერებას ენით აღუწერელი საშინელება ელის და, შესაძლოა, ქრისტიანებსაც არაერთი განსაცდელისა და გაჭირვების ატანა მოუწიოთ. იესო ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ნებისმიერი რამის ასატანად და ერთგულების შესანარჩუნებლად, სწორედ ისე, როგორც პირველ საუკუნეში მცხოვრები ჩვენი ძმები, რომლებიც იუდადან გაიქცნენ. ამიტომ, ქრისტიანები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, შექმნან ოჯახი თუ არ შექმნან, იყოლიონ შვილები თუ არ იყოლიონ (წაიკითხეთ მათეს 24:17, 18).
6. ვის შეუძლია გაითვალისწინოს იერემიასთვის მიცემული ღვთის მითითება?
6 რა შეგვიძლია ვისწავლოთ იერემიასთვის მიცემული ღვთის მითითებიდან, არ მოეყვანა ცოლი და არ ჰყოლოდა შვილები? დღეს ზოგ ქრისტიანს არ ჰყავს მეუღლე, ზოგ დაქორწინებულ წყვილს კი — შვილები. რას სწავლობენ ისინი იერემიასგან? და რატომ არის საყურადღებო იერემიას მაგალითი იმ დაქორწინებული ქრისტიანებისთვისაც, რომლებსაც ჰყავთ შვილები?
7. რატომ ღირს დავფიქრდეთ იმაზე, რომ იერემიას არ უნდა ჰყოლოდა შვილები?
7 თავდაპირველად დავფიქრდეთ იმაზე, რომ იერემია სიცოცხლის ბოლომდე უშვილო უნდა ყოფილიყო. იესოს თავისი მიმდევრებისთვის არ აუკრძალავს შვილების ყოლა. თუმცა, საყურადღებოა, რომ იმ გასაჭირზე საუბრისას, რომელიც იერუსალიმს ახ. წ. 66—70 წლებში დაატყდებოდა თავს, იესომ თქვა: „ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს“. თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ დროს მათ განსაკუთრებით გაუჭირდებოდათ (მათ. 24:19). ჩვენ წინ უფრო დიდი გასაჭირი გველის. ქრისტიანი წყვილები, რომლებიც ფიქრობენ იყოლიონ თუ არა შვილები, ამ საკითხზეც სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ. განა არ ეთანხმებით იმას, რომ დღევანდელ კრიტიკულ დროში პრობლემებთან გამკლავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება? ქრისტიანი მშობლები აღიარებენ, რომ ძალიან გაძნელდა შვილების ისე აღზრდა, რომ ისინი ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე სიცოცხლის ბილიკზე დარჩნენ. მართალია, წყვილმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, იყოლიოს თუ არა შვილები, მაგრამ იერემიას მაგალითზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. თუმცა ღმერთმა ხომ იერემიას ცოლის მოყვანაც კი აუკრძალა?!
რა უცნაური ბრძანება მიიღო იერემიამ და რაზე უნდა დაგვაფიქროს ამან?
რას ვსწავლობთ დაუქორწინებელი იერემიასგან?
8. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ დაქორწინება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ?
8 ღმერთმა იერემიას კი აუკრძალა ცოლის მოყვანა, მაგრამ ამით არ დაუდგენია კანონი, რომ ყველა მისი მსახური ასე მოქცეულიყო. დაქორწინება კარგია. ქორწინებას იეჰოვამ მისცა დასაბამი. ამის მიზანი იყო, რომ გამრავლებულიყვნენ ადამიანები დედამიწაზე და ცოლ-ქმრული ურთიერთობა ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტანი ყოფილიყო (იგავ. 5:18). თუმცა ფაქტია, რომ იერემიას დროსაც ყველას არ ჰყავდა მეუღლე. ღვთის ხალხს შორის, ალბათ, იქნებოდნენ საჭურისებიb და, რაღა თქმა უნდა, ქვრივები. ასე რომ, იერემია არ ყოფილა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა შორის ერთადერთი, ვისაც მეუღლე არ ჰყავდა. ცხადია, მას ჰქონდა მიზეზი, არ დაქორწინებულიყო; ზოგიერთ ქრისტიანს დღესაც აქვს ამის მიზეზი.
9. ქორწინებასთან დაკავშირებული რომელი ბიბლიური რჩევა იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას?
9 დღესაც ქორწინდება ბევრი ქრისტიანი, თუმცა ყველა არა. არც იესო იყო დაქორწინებული. მან თქვა, რომ ზოგიერთი მოწაფე შეითვისებდა დაუქორწინებლობას თავის გულსა და გონებაში. იესომ ამას ძღვენი უწოდა და მათ, ვისაც ჰქონდა ეს ძღვენი, მოუწოდა, არ დაქორწინებულიყვნენ (წაიკითხეთ მათეს 19:11, 12). ამიტომ კი არ უნდა გავაქილიკოთ, არამედ უნდა შევაქოთ ის ქრისტიანები, რომლებიც იმიტომ არ ქორწინდებიან, რომ ღვთის მსახურებაში უფრო მეტი გააკეთონ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ზოგი ქრისტიანი სხვადასხვა გარემოების გამო ჯერჯერობით არ ქმნის ოჯახს. მაგალითად, ქრისტიანულ კრებაში ვერ ნახეს შესაფერისი ცხოვრების თანამგზავრი და გადაწყვეტილი აქვთ, მიჰყვნენ ღვთის მითითებას და მხოლოდ უფალში დაქორწინდნენ. ამისთვის ისინი შექებას იმსახურებენ (1 კორ. 7:39). ღვთის მსახურებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტონი დარჩნენ.c დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ იეჰოვასა და იესოს არასდროს დავიწყებიათ და არც არასდროს დაავიწყდებათ ასეთი ერთგული მსახურები (იერ. 22:3; წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:8, 9).
10, 11. ა) რა ეხმარებოდა დაუქორწინებელ იერემიას, ბედნიერი ყოფილიყო? ბ) როგორ ჩანს დაუქორწინებელი ქრისტიანების სიტყვებიდან, რომ ისინი კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით?
10 აქედან გამომდინარე, დაუქორწინებელ იერემიას შეეძლო ღვთის დახმარების იმედი ჰქონოდა. როგორ იღებდა ის ღვთისგან დახმარებას? მას დიდ სიხარულს ანიჭებდა ღვთის სიტყვა. ათობით წლის განმავლობაში, როცა ის ღვთის დავალებას ასრულებდა, სწორედ ღვთის სიტყვა აძლიერებდა და ანუგეშებდა. გარდა ამისა, იერემია ყველანაირად არიდებდა თავს მათ, ვინც, შესაძლოა, იმის გამო დასცინოდა, რომ უცოლო იყო. ის ასეთ ხალხთან ურთიერთობას მარტო ყოფნას ამჯობინებდა (წაიკითხეთ იერემიას 15:17 ).
11 ბევრი დაუქორწინებელი ქრისტიანი, მამაკაცი თუ ქალი, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი, მიჰყვება იერემიას შესანიშნავ მაგალითს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ღვთის მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ეხმარება მათ, იყვნენ ბედნიერები. მაგალითად, ერთი დაუქორწინებელი პიონერი და, რომელიც ჩინურენოვან კრებაში მსახურობს, ამბობს: „პიონერული მსახურება ჩემს ცხოვრებას მიზანმიმართულს ხდის. რადგან აქტიურ ცხოვრებას ვეწევი და მთელი დღე დაკავებული ვარ, მარტოობას არ განვიცდი. ყოველი დღის ბოლოს კმაყოფილებას ვგრძნობ, ვინაიდან ვხედავ, როგორ ვეხმარები ხალხს ჩემი მსახურებით. ამას დიდი სიხარული მოაქვს ჩემთვის“. 38 წლის პიონერი და კი ამბობს: „ჩემი აზრით, ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ შეგეძლოს დადებითი დაინახო და კმაყოფილი იყო ნებისმიერ ვითარებაში “. სამხრეთ ევროპაში მცხოვრები ერთი დაუქორწინებელი ქრისტიანი გულახდილად გვიზიარებს თავის აზრს: „შესაძლოა, ჩემი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და არაფერს მივცემ იმის უფლებას, რომ ეს ბედნიერება წამართვას“.
12, 13. ა) როგორია რეალური თვალსაზრისი დაუქორწინებლობასა და დაქორწინებაზე? ბ) დაუქორწინებლობასთან დაკავშირებულ რომელ მნიშვნელოვან ფაქტს გაუსვა ხაზი პავლემ როგორც სიტყვით, ისე საქმით?
12 შესაძლოა, იერემიაც ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც სიჭაბუკეში გეგმავდა. მაგრამ ის იმასაც ხედავდა, რომ არც ბევრი დაოჯახებულის ცხოვრება წარიმართა ისე, როგორც ისინი გეგმავდნენ. ესპანელი პიონერი და ასეთ რამეს გვიზიარებს: „ვიცნობ ისეთ წყვილებს, რომლებიც ბედნიერები არიან და ისეთებსაც, რომლებიც ბედნიერები არ არიან. ეს ფაქტი იმაში მარწმუნებს, რომ ჩემი ბედნიერება იმაზე არ არის დამოკიდებული, გავთხოვდები თუ არა“. იერემიასა და ათასობით სხვა ღვთის მსახურის მაგალითი გვარწმუნებს, რომ დაუქორწინებლებს შეუძლიათ ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებით დატკბნენ. ასე ფიქრობდა მოციქული პავლეც: „დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეუბნები, რომ მათთვის კარგია, ჩემსავით დარჩნენ“ (1 კორ. 7:8). პავლე, შესაძლოა, ქვრივი იყო. ყოველ შემთხვევაში, როცა ის მისიონერულ მსახურებაში იყო ჩაბმული, ცოლი არ ჰყავდა (1 კორ. 9:5). განა გონივრული არ არის დავასკვნათ, რომ მისთვის დაუქორწინებლობა დამაბრკოლებელი კი არა, ხელშემწყობი იყო?! სწორედ ამის წყალობით შეეძლო, განუწყვეტლივ ემსახურა უფლისთვის მოუცდენლად და ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინა (1 კორ. 7:35).
13 ღვთის სულით აღძრულმა პავლემ ისიც თქვა, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი“ ექნებოდათ. ღვთის შთაგონებით მან შემდეგი ღრმა აზრი წარმოთქვა: „ვინც გულით მტკიცედ დგას . . . დაუქორწინებლობა გადაწყვიტა გულში, კარგად იქცევა. ამგვარად, ვინც ქორწინდება, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც დაუქორწინებელი რჩება — უკეთესად“ (1 კორ. 7:28, 37, 38). მართალია, იერემია ამ სიტყვებს ვერ წაიკითხავდა, მაგრამ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ დაუქორწინებლობა ხელს ვერ შეუშლის ღვთის მსახურს ბედნიერებაში. პირიქით დაუქორწინებლობამ შეიძლება ხელი შეუწყოს მათ, პირველ ადგილზე დააყენონ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და აზრიანად იცხოვრონ. მართალია, მეფე ციდკია დაქორწინებული იყო, მაგრამ არ მოუსმინა იერემიას რჩევას, რამაც საბოლოოდ დაღუპვამდე მიიყვანა ის; დაუქორწინებელმა წინასწარმეტყველმა კი ისე წარმართა თავისი ცხოვრება, რომ ცოცხალი გადარჩა.
რას ვსწავლობთ იქიდან, რომ იერემია დაუქორწინებელი დარჩა?
გაამხნევეთ და გამხნევდით
14. რაზე მიგვანიშნებს ის, რომ აკვილას ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პავლესთან?
14 ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ იერემიას დროს თითქმის ყველა ქორწინდებოდა. ასე ხდებოდა პავლეს დროსაც. რასაკვირველია, დაოჯახებულ ქრისტიანთა უმეტესობა პავლეს მსგავსად ვერ მსახურობდა საზღვარგარეთ, თუმცა ბევრის გაკეთება შეეძლოთ იქ, სადაც ცხოვრობდნენ. მაგალითად, შეეძლოთ დახმარება გაეწიათ დაუქორწინებელი და-ძმებისთვის. გავიხსენოთ, როგორ თბილად მიიღეს კორინთში ჩასული პავლე აკვილამ და პრისკილამ საკუთარ სახლში. რადგან ერთი ხელობა ჰქონდათ, მათ ერთად მუშაობაც შესთავაზეს პავლეს. გარდა ამისა, პავლესთვის გამამხნევებელი იქნებოდა აკვილას ოჯახთან მეგობრობაც. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო ურთიერთობა ექნებოდათ, როცა საჭმელად შეიკრიბებოდნენ მაგიდის ირგვლივ ან, როცა სასაუბროდ ერთად დასხდებოდნენ. ჰქონდა იერემიას ასეთი ურთიერთობებით გამხნევების შესაძლებლობა? ის იყენებდა თავის მდგომარეობას, როგორც დაუქორწინებელი, რათა ღვთის მსახურებაში მეტი ეკეთებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იერემია განდეგილი იყო. შესაძლოა, ის მეგობრობდა ღვთის ისეთი ერთგული მსახურების ოჯახებთან, როგორებიც ბარუქი და ებედ-მელექი იყვნენ (რომ. 16:3; წაიკითხეთ საქმეები 18:1—3).
15. როგორ შეუძლიათ ქრისტიან ოჯახებს მხარში დაუდგნენ დაუქორწინებელ და-ძმებს?
15 დაუქორწინებელი ქრისტიანები დღესაც მხნევდებიან ისეთივე თბილი ურთიერთობებით, როგორიც აკვილას ოჯახს და პავლეს ჰქონდათ. თუ დაქორწინებული ხართ, ცდილობთ, იმეგობროთ დაუქორწინებლებთან? ერთი და გულახდილად ამბობს: „ეს ქვეყნიერება მივატოვე და უკან დაბრუნების არანაირი სურვილი არა მაქვს. თუმცა კვლავ მაქვს მოთხოვნილება, ჩემ მიმართ მზრუნველობასა და სიყვარულს ავლენდნენ. იეჰოვას ვთხოვ, რომ დაუქორწინებელი ქრისტიანები დამატებითი სულიერი საკვებით მოგვამარაგოს და გაგვამხნეოს. ჩვენც გვჭირდება ყურადღება, თუმცა ყველა ჩვენგანს ოჯახის შექმნის დიდი სურვილი არა აქვს. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს გვერდით არავინ გვყავს. მართალია, ყოველთვის შეგვიძლია იეჰოვას მივმართოთ დახმარებისთვის, მაგრამ მაშინ, როცა ადამიანებთან გვჭირდება ურთიერთობა, შევძლებთ ჩვენი სულიერი ოჯახიდან ვინმესთან მისვლას?“ ათასობით დაუქორწინებელ და-ძმას შეუძლია ამ კითხვას დადებითად უპასუხოს. ასეთი ურთიერთობები მათ თავიანთი კრების წევრებთან აქვთ და მხოლოდ თანატოლებთან მეგობრობით არ შემოიფარგლებიან. ისინი ურთიერთობის მოყვარულები არიან, ამიტომ სხვადასხვა ასაკის ქრისტიანებთან, დიდებთან თუ პატარებთან, მეგობრობენ.
16. რა შეიძლება აღმოჩნდეს გამამხნევებელი თქვენი კრების დაუქორწინებელი ქრისტიანებისთვის?
16 დაუქორწინებელი ქრისტიანის გამხნევებას შეძლებთ, თუ დროდადრო მიიწვევთ მას, თქვენს ოჯახთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საქმეში. მაგალითად, შეგიძლიათ დაპატიჟოთ თქვენი ოჯახის თაყვანისცემის საღამოზე. დაუქორწინებელი ძმისა თუ დისთვის თქვენთან ერთად სადილობა შეიძლება გემრიელად დანაყრებაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს. შეიძლება ერთად მსახურება შესთავაზოთ; ანდა დაპატიჟოთ, რომ თქვენს ოჯახთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამეფო დარბაზის გენერალურ დალაგებაში ან ზოგჯერ ერთად წახვიდეთ საყიდლებზე; ზოგიერთი ოჯახი ქვრივებს ან დაუქორწინებელ პიონერებს სთავაზობს კონგრესზე ერთად წასვლას ან შვებულების ერთად გატარებას. ასეთი ურთიერთობები ორმხრივად გამამხნევებელია.
17—19. ა) რატომ უნდა ჰქონდეთ გაწონასწორებული თვალსაზრისი შვილებს, როცა საქმე მოხუცებული ან დაუძლურებული მშობლების მოვლა-პატრონობას ეხება? ბ) მშობლებზე ზრუნვის რა მაგალითი მოგვცა იესომ?
17 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაუქორწინებელ და-ძმებსაც ეხება, მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვაა. იესოს დროს ზოგი გამოჩენილი იუდეველი ცბიერულად არიდებდა თავს მშობლებზე ზრუნვას. მათი აზრით თავიანთივე დადგენილი წესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მშობლების წინაშე ღვთისგან დაკისრებული მოვალეობის შესრულება (მარ. 7:9—13). ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ქრისტიანულ ოჯახებში (1 ტიმ. 5:3—8).
18 ვინ უნდა იზრუნოს მოხუც მშობლებზე, როცა მათ რამდენიმე ქრისტიანი შვილი ჰყავთ? თუ ერთ-ერთი მათგანი დაუქორწინებელია, ნიშნავს ეს იმას, რომ პირველ რიგში მშობლებზე ზრუნვა მას ევალება? ერთი იაპონელი და წერს: „მინდა შევქმნა ოჯახი, მაგრამ, რადგან მშობლების მოვლა-პატრონობა მიწევს, ვერ ვდგამ ამ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვას კარგად ესმის, რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული მშობლებზე ამგვარად ზრუნვა და როგორ ემოციურ ტკივილს გრძნობენ დაუქორწინებლები“. ხომ არ ჰყავს მას დაქორწინებული და-ძმები, რომლებმაც თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ მან უნდა იზრუნოს მშობლებზე?! აღსანიშნავია, რომ არც იერემიას ეპყრობოდნენ ყოველთვის სამართლიანად საკუთარი ძმები (წაიკითხეთ იერემიას 12:6 ).
19 იეჰოვას ესმის, რას გრძნობენ დაუქორწინებლები და ის თანაუგრძნობს ყველას, ვინც რთულ ვითარებაშია (ფსალმ. 103:11—14). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოხუცებული ან დაუძლურებული მშობლები მხოლოდ დაუქორწინებელი შვილების მშობლები არ არიან. შესაძლოა, ზოგ შვილს ჰყავს მეუღლე და შვილებიც, მაგრამ ამან არ უნდა გაუნელოს მშობლებისადმი სიყვარული. ოჯახური მდგომარეობა არ ათავისუფლებს მათ ქრისტიანული პასუხისმგებლობისგან, როცა მშობლებს დახმარება სჭირდებათ. ჩვენ გვახსოვს, რომ იესოს სიკვდილის პირას ყოფნისასაც არ დავიწყებია თავისი მოვალეობა და დედაზე ზრუნვა ერთ-ერთ მოწაფეს დაავალა (იოან. 19:25—27). ბიბლიაში დეტალურად არ არის მოცემული წესები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაინაწილონ შვილებმა მოვალეობები მოხუცებულ და დაუძლურებულ მშობლებზე ზრუნვისას. არც იმას ამბობს ბიბლია, რომ დაუქორწინებელ შვილებს ავტომატურად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ მხრივ. ამ დელიკატური საკითხის განხილვისას ოჯახის თითოეულმა წევრმა გონიერება უნდა გამოავლინოს. ისინი მზად უნდა იყვნენ ერთმანეთის მდგომარეობის გასათვალისწინებლად. ამ დროს არ უნდა დაივიწყონ იესოს მაგალითი.
20. რას ფიქრობთ თქვენი კრების დაუქორწინებელ და-ძმებთან ურთიერთობაზე?
20 იერემიამ ღვთისგან შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვას ხალხს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობა იქნებოდა (იერ. 31:34). შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი შესანიშნავი ურთიერთობები ქრისტიანულ კრებაში ჩვენს და-ძმებთან, მათ შორის დაუქორწინებლებთან. უეჭველია, ყველას გვსურს, გავამხნეოთ ეს და-ძმები და თვითონაც გავმხნევდეთ მათთან ურთიერთობით. გვინდა, რომ ისინი ბოლომდე დარჩნენ სიცოცხლის გზაზე.
კიდევ რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ გაამხნეოთ და თავადაც გამხნევდეთ დაუქორწინებელ და-ძმებთან ურთიერთობით?
a ებრაულ წერილებში არ გვხვდება სიტყვა „უცოლო“.
b ესაიამ წინასწარმეტყველური სიტყვებით მიმართა თავის დროს მცხოვრებ საჭურისებს, რომლებსაც უფლება არ ჰქონდათ, სრულად მიეღოთ მონაწილეობა იეჰოვას თაყვანისცემაში. მან უწინასწარმეტყველა, რომ თუ მორჩილები იქნებოდნენ, ღმერთი მისცემდა „მათ მარადიულ სახელს“ თავის სახლში, „რაც ვაჟებისა და ასულების ყოლას“ სჯობდა (ეს. 56:4, 5).
c ზოგიერთი ქრისტიანი, შესაძლოა, იმის გამო დარჩა მარტო, რომ მისი მეუღლე, რომელიც შეიძლება არ არის იეჰოვას მოწმე, განცალკევებით ცხოვრობს ან გაყრილია.