წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
4—10 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | მარკოზი 15, 16
წინასწარმეტყველებები, რომლებიც იესოზე შესრულდა
მარ. 15:24, 29 — nwtsty დამატებითი მასალა
„ტანსაცმელი . . . გაინაწილეს“: იოანეს 19:23, 24-ში ისეთ ინფორმაციას ვკითხულობთ, რასაც მათე, მარკოზი და ლუკა არ მოიხსენიებენ: როგორც ჩანს, რომაელმა ჯარისკაცებმა წილისყრით გაინაწილეს მოსასხამიც და სამოსელიც. მოსასხამი მათ „ოთხ ნაწილად გაყვეს, რომ თითოეულ ჯარისკაცს თითო ნაწილი შეხვედროდა“. სამოსლის გაყოფა კი არ მოინდომეს, ამიტომ მასზე წილი ჰყარეს. ამგვარად შესრულდა ფსალმუნის 22:18-ში მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება. ჩვეულებისამებრ, მსჯავრდადებულის სამოსი განაჩენის აღმსრულებლებს რჩებოდათ. ამიტომ სიკვდილით დასჯამდე ისინი ყველაფერს ხდიდნენ მას და, თუ რაიმე ნივთი ჰქონდა, ართმევდნენ. ამგვარად, მსჯავრდადებული კიდევ უფრო მცირდებოდა.
„თავს აქნევდნენ“: ჩვეულებრივ, როცა იუდეველები სიტყვიერად ამცირებდნენ სხვებს და მათ მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ, თავსაც აქნევდნენ. ამგვარად გამვლელებმა თავისდაუნებურად შეასრულეს ფსალმუნის 22:7-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება.
მარ. 15:43 — nwtsty დამატებითი მასალა
„იოსები“: ვინაიდან სახარების დამწერები ერთმანეთისგან პიროვნულად განსხვავდებოდნენ, ისინი სხვადასხვა კუთხით აშუქებდნენ ინფორმაციას. მაგალითად, გადასახადების ამკრეფი მათე იოსებზე ამბობს, რომ „მდიდარი კაცი“ იყო; მარკოზი კი, რომელიც ძირითადად რომაელებისთვის წერდა, იოსებს „საბჭოს პატივცემულ წევრად“ მოიხსენიებს, რომელიც ღვთის სამეფოს ელოდა; ლუკა, გულისხმიერი ექიმი, მას „კარგ და მართალ კაცს“ უწოდებს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საბჭოს მიერ იესოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას; სახარების დამწერებიდან მხოლოდ იოანე ამბობს, რომ იოსები „იესოს მოწაფე იყო — ოღონდ ფარულად, რადგან იუდეველებისა ეშინოდა“ (მათ. 27:57—60; მარ. 15:43—46; ლუკ. 23:50—53; იოან. 19:38—42).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მარ. 15:25 — nwtsty დამატებითი მასალა
„მესამე საათი“: დაახლოებით დილის 9 საათი. ზოგის აზრით, მარკოზის და იოანეს მიერ მოწოდებული ცნობები ურთიერთსაწინააღმდეგოა. იოანეს 19:14—16-ში ნათქვამია, რომ როცა პილატემ ჯარისკაცებს იესო ბოძზე გასაკრავად გადასცა, „მეექვსე საათი იქნებოდა“. მართალია, ბიბლიაში არ არის ბოლომდე ახსნილი ამ სხვაობის მიზეზი, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეს მომხდარი მოვლენების აღწერისას სახარებებში დროსთან დაკავშირებით მოცემული ცნობები უმეტესწილად ურთიერთშეთანხმებულია; ოთხივე სახარებაში აღნიშნულია, რომ მღვდლები და უხუცესები გათენებისთანავე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც იესო რომაელ გამგებელ პონტიუს პილატესთან წაიყვანეს (მათ. 27:1, 2; მარ. 15:1; ლუკ. 22:66—23:1; იოან. 18:28); მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებების თანახმად, მეექვსე საათიდან, როცა იესო უკვე ძელზე იყო გაკრული, მიწაზე სიბნელე ჩამოწვა „მეცხრე საათამდე“ (მათ. 27:45, 46; მარ. 15:33, 34; ლუკ. 23:44). იესოს ძელზე გაკვრის დროსთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი გარემოება: იმ დროს ზოგი მიიჩნევდა, რომ გაშოლტვა სიკვდილით დასჯის ნაწილი იყო. ზოგჯერ მსჯავრდადებულს იმდენად უმოწყალოდ შოლტავდნენ, რომ კვდებოდა. გაშოლტვის შემდეგ იესოს ძალიან გაუჭირდა თავისი წამების ბოძის ტარება, ამიტომ ამის გაკეთება სხვას აიძულეს (ლუკ. 23:26; იოან. 19:17). თუკი სიკვდილით დასჯა გაშოლტვით იწყებოდა, მაშინ გაშოლტვიდან იესოს ძელზე გაკვრამდე გარკვეული დრო გავიდოდა. ამას მხარს უჭერს მათეს 27:26 და მარკოზის 15:15, სადაც გაშოლტვა და ძელზე გაკვრა ერთადაა მოხსენიებული. სახარების დამწერებმა ძელზე გაკვრის სხვადასხვა დრო მოიხსენიეს გამომდინარე იქიდან, თუ პირადად რას მიიჩნევდნენ ათვლის წერტილად. შესაძლოა ამით აიხსნას, თუ რატომ გაუკვირდა პილატეს, როცა შეიტყო, რომ ძელზე გაკვრიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ იესო უკვე ცოცხალი აღარ იყო (მარ. 15:44). გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ დროს დღეს ყოფდნენ ოთხ სამ-საათიან მონაკვეთად (იმავე პრინციპით ყოფდნენ ღამესაც). ბიბლიის დამწერებიც დროის ამა თუ იმ მონაკვეთს ამგვარად მოიხსენიებდნენ. სწორედ ამიტომაა ხშირად ბიბლიაში ნახსენები მესამე, მეექვსე და მეცხრე საათები, რომელთა ათვლაც დილის 6 საათიდან, მზის ამოსვლიდან, ხდებოდა (მათ. 20:1—5; იოან. 4:6; საქ. 2:15; 3:1; 10:3, 9, 30). ამასთან, იმ დროს ხალხს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ზუსტად განესაზღვრა დრო, ამიტომაც ხშირად დღის ამა თუ იმ მონაკვეთს მიახლოებით ასახელებდნენ, რაც კარგად ჩანს იოანეს 19:14-დან (მათ. 27:46; ლუკ. 23:44; იოან. 4:6; საქ. 10:3, 9). მოკლედ რომ ვთქვათ, როცა მარკოზი იესოს სიკვდილით დასჯას აღწერს, შესაძლოა გაშოლტვასაც გულისხმობს და ძელზე გაკვრასაც, მაშინ როცა იოანე მხოლოდ ძელზე გაკვრას გულისხმობს. ორივე დამწერი შესაძლოა დროის იმ სამ-საათიან მონაკვეთს მოიხსენიებს, რომელიც ყველაზე ახლოა მომხდარ მოვლენასთან. იოანე დროს მიახლოებით ასახელებს: „მეექვსე საათი იქნებოდა“. ყოველივე ზემოხსენებული გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ მოიხსენიებენ მარკოზი და იოანე დროის სხვადასხვა მონაკვეთს. და ბოლოს, ის ფაქტი, რომ იოანემ მარკოზის სახარების დაწერიდან ათწლეულების გასვლის შემდეგ დაწერა თავისი სახარება და მისგან განსხვავებული დრო მოიხსენია, იმაზე მიუთითებს, რომ მას ეს ინფორმაცია მარკოზის სახარებიდან არ აუღია.
მარ. 16:8 — nwtsty დამატებითი მასალა
„რადგან შეშინებულები იყვნენ“: ყველაზე ძველ ხელნაწერებში მარკოზის სახარება სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება. ზოგის აზრით, ამ მუხლში იმდენად მოულოდნელად წყდება თხრობა, რომ შეუძლებელია, დედანში ასეთი დასასრული ყოფილიყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მარკოზის წერის სტილს, ეს გასაკვირი არ არის. მეოთხე საუკუნის მწერლები, იერონიმე და ევსები კესარიელიც ადასტურებენ, რომ ეს მონათხრობი მთავრდება სიტყვებით „რადგან შეშინებულები იყვნენ“.
არაერთ ხელნაწერსა თუ თარგმანში მე-8 მუხლს მოსდევს მოკლე ან ვრცელი დაბოლოება. ვრცელი დასასრული (შედგება 12 მუხლისგან) გვხვდება V საუკუნით დათარიღებულ ალექსანდრიის ხელნაწერში, ეფრემ ასურის კოდექსის პალიმფსესტსა და ბეზის კოდექსში. ის აგრეთვე შესულია ლათინურ ვულგატაში, კიურტონის სირიულ თარგმანსა და სირიულ ფეშიტაში. თუმცა ვრცელი დაბოლოება არ გვხვდება IV საუკუნით დათარიღებულ ორ ბერძნულ ხელნაწერში, კერძოდ, სინურ კოდექსსა და ვატიკანის კოდექსში; არც სინა-სირიულ ხელნაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, IV-V საუკუნეებითაა დათარიღებული, და არც V საუკუნით დათარიღებულ მარკოზის სახარების უძველეს კოპტურ (საჰიდური დიალექტი) თარგმანში. მარკოზის სახარების სომხურ და ქართულ ენებზე შესრულებული უძველესი ხელნაწერებიც მე-8 მუხლით მთავრდება.
ზოგი გვიანდელი ბერძნული ხელნაწერი და ზოგიერთი თარგმანი შეიცავს მოკლე დაბოლოებას, რომელიც რამდენიმე წინადადებისგან შედგება. VIII საუკუნით დათარიღებულ სამეფო კოდექსში (Codex Regius) მოკლე დაბოლოებას მოსდევს ვრცელი დაბოლოება. ორივე დაბოლოებას აქვს მინიშნება, რომ ისინი რამდენიმე ხელნაწერში გვხვდება, თუმცა არც ერთი მათგანი სარწმუნოდ არ არის მიჩნეული.
მოკლე დაბოლოება
მოკლე დაბოლოება, რომელიც მარკოზის 16:8-ს მოსდევს, არ არის ღვთივშთაგონებული წმინდა წერილების ნაწილი. აქ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდათ, მოკლედ უამბეს პეტრესთან მყოფებს. ამ ყველაფრის შემდეგ იესომ მათი მეშვეობით მარადიული ხსნის წმინდა და უხრწნელი ცნობა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გაავრცელა.
ვრცელი დაბოლოება
ვრცელი დაბოლოება, რომელიც მარკოზის 16:8-ს მოსდევს, არ არის ღვთივშთაგონებული წმინდა წერილების ნაწილი. აქ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ:
9 კვირის პირველ დღეს, დილით ადრე, მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად მაგდალელ მარიამს ეჩვენა, რომლისგანაც შვიდი დემონი ჰყავდა განდევნილი. 10 წავიდა მარიამი და შეატყობინა მათ, ვინც იესოსთან იყვნენ ხოლმე. ისინი იმ დროს ტიროდნენ და გლოვობდნენ. 11 როცა გაიგეს, რომ მარიამმა ის ცოცხალი ნახა, არ დაიჯერეს. 12 ამის შემდეგ სხვა გარეგნობით კიდევ ორ მათგანს ეჩვენა, რომლებიც მინდორში მიდიოდნენ. 13 ისინი უკან დაბრუნდნენ და დანარჩენებს შეატყობინეს. არც მათ დაუჯერეს. 14 მოგვიანებით კი იმ თერთმეტს ეჩვენა სუფრასთან და ურწმუნოებისა და გულქვაობის გამო უსაყვედურა, რადგან არ დაუჯერეს მათ, ვინც იგი მკვდრეთით აღმდგარი იხილა. 15 უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და სასიხარულო ცნობა ყველა ქმნილებას უქადაგეთ. 16 ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება. 17 მორწმუნეები კი ასეთ ნიშნებს მოახდენენ: ჩემი სახელით დემონებს განდევნიან, უცხო ენებზე ილაპარაკებენ, 18 გველებს ხელში აიყვანენ და სასიკვდილო რამეც რომ დალიონ, არაფერი დაუშავდებათ. ავადმყოფებს ხელებს დაადებენ და გამოაჯანმრთელებენ“.
19 მათთან ლაპარაკის შემდეგ უფალი იესო ზეცად ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. 20 ისინიც წავიდნენ და ყველგან ქადაგებდნენ. უფალი ეხმარებოდა მათ, ნიშნებს ახდენდა და მხარს უჭერდა ცნობას.
11—17 ივნისი
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 1:69 — nwtsty დამატებითი მასალა
„ხსნის რქა“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც „ძლევამოსილი მხსნელი“. ბიბლიაში ხშირად ცხოველის რქა ძალის და გამარჯვების სიმბოლოდ გამოიყენება (1 სამ. 2:1; ფსალმ. 75:4, 5, 10; 148:14; სქოლიოები). რქით აგრეთვე წარმოდგენილია როგორც მართალი, ისე ბოროტი მმართველები და სამეფო დინასტიები, ხოლო ერთი სამეფოს მიერ მეორეს დაპყრობა რქებით შერკინებასთანაა შედარებული (კან. 33:17; დან. 7:24; 8:2—10, 20—24). ამ კონტექსტში „ხსნის რქა“ მიუთითებს მესიაზე, როგორც ძლევამოსილ მხსნელზე.
ლუკ. 1:76 — nwtsty დამატებითი მასალა
„წინ წახვალ“: იოანე ნათლისმცემელი იმ გაგებით წავიდოდა წინ, რომ გზას გაუკვალავდა იესოს, რომელიც ზეციერი მამის წარმომადგენელი იქნებოდა და მისივე სახელით მოვიდოდა (იოან. 5:43; 8:29).
„იეჰოვა“: ზაქარიას წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებიც ამ მუხლის მეორე ნაწილშია მოყვანილი, ესაიას 40:3-სა და მალაქიას 3:1-ში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს, სადაც დედანში ღვთის სახელი წარმოდგენილია ოთხი ებრაული თანხმოვნით (ჲჰვჰ). ამ მუხლების კონტექსტის გათვალისწინებით ღვთის სახელი გამოყენებულ იქნა ზემოხსენებულ მუხლში მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებულ ბერძნულ ხელნაწერებში ამ ადგილას კირიოს (უფალი) წერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მუხლში ისევე როგორც ლუკას 1-ლი თავის სხვა მუხლებში, სადაც სიტყვა კირიოს გვხვდება, მას წინ არ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, როგორც ეს გრამატიკული წესით მოითხოვება, რის გამოც კირიოსს საკუთარი სახელის დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, ბიბლიის სხვა არაერთ თარგმანში, როგორც ძირითად ტექსტში, ისე სქოლიოებსა და არშიაზე გაკეთებულ შენიშვნებში ის გადმოტანილია, როგორც „იეჰოვა“, „იაჰვე“, יהוה (ჲჰვჰ) ან დიდი ასოებით წერია „უფალი“ ან „ადონაი“ იმის მისანიშნებლად, რომ იეჰოვა ღმერთია ნაგულისხმევი. ასეთ მიდგომას არაერთი ბიბლიური ცნობარი ეთანხმება.
18—24 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 2, 3
ახალგაზრდებო, იზრდებით სულიერად?
ლუკ. 2:41 — nwtsty დამატებითი მასალა
„მისი მშობლები ყოველ წელს დადიოდნენ . . . პასექის დღესასწაულზე“: კანონით ქალებს არ მოეთხოვებოდათ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩასვლა. მიუხედავად ამისა, მარიამი ყოველთვის იოსებთან ერთად მიდიოდა იერუსალიმში ამ დღესასწაულზე (გამ. 23:17; 34:23). ყოველ წელს თავიანთ მრავალსულიან ოჯახთან ერთად ისინი იერუსალიმში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად თითქმის 300 კილომეტრს გადიოდნენ.
ლუკ. 2:46, 47 — nwtsty დამატებითი მასალა
„კითხვებს უსვამდა“: როგორც მსმენელების რეაქციიდან გამოჩნდა, იესო კითხვებს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არ სვამდა (ლუკ. 2:47). ბერძნული სიტყვა, რომელიც „კითხვების დასმად“ არის ნათარგმნი, კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაკითხვას ან ჯვარედინ დაკითხვას გულისხმობდეს (მათ. 27:11; მარ. 14:60, 61; 15:2, 4; საქ. 5:27). ისტორიკოსების თქმით, დღესასწაულების შემდეგ მოწინავე რელიგიური წინამძღოლები ტაძრის შესასვლელთან ხალხს მოძღვრავდნენ, რომლებიც მათ ფერხთით ისხდნენ და კითხვებს უსვამდნენ.
„აოცებდა“: ბერძნული ზმნა, რომელიც „გაოცებად“ ითარგმნა, განგრძობით მოქმედებას გამოხატავს.
ლუკ. 2:51, 52 — nwtsty დამატებითი მასალა
„კვლავაც ემორჩილებოდა“: აქ გამოყენებულია ბერძნული ზმნის განგრძობითი ფორმა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას შემდეგ, რაც ტაძარში კანონის მასწავლებლები გააოცა იმით, თუ რაოდენ ღრმად იყო ჩახედული ღვთის სიტყვაში, იესო სახლში დაბრუნდა და კვლავაც ემორჩილებოდა მშობლებს. სხვა ბავშვებიც ემორჩილებოდნენ მშობლებს, მაგრამ იესოს მორჩილებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მას ზედმიწევნით უნდა შეესრულებინა მოსეს კანონი (გამ. 20:12; გალ. 4:4).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 2:14 — nwtsty დამატებითი მასალა
„მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“: ზოგ თარგმანში ეს აზრი ისეა გადმოცემული, თითქოს ღმერთი კეთილგანწყობას ზოგადად ყველა ადამიანის მიმართ ავლენს მათი აზროვნებისა თუ საქციელის მიუხედავად. სინამდვილეში აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომელთაც ნამდვილი რწმენა აქვთ და რომლებიც ღვთის ძის მიმდევრები ხდებიან.
„რომლებსაც ღმერთი იწონებს“: ბერძნული სიტყვა ევდოკია შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „კეთილგანწყობა“. მონათესავე ზმნა ევდოკეო გამოყენებულია მათეს 3:17-ში, მარკოზის 1:11-სა და ლუკას 3:22-ში (იხ. მარ. 1:11 — nwtsty დამატებითი მასალა), სადაც ღმერთი თავის ძეს ნათლობის შემდეგ მიმართავს. ეს სიტყვა შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იწონებს“, „სწყალობს“, „კეთილადაა განწყობილი“. აქედან გამომდინარე, ბერძნული გამოთქმა ანთროპის ევდოკიას მიუთითებს ადამიანებზე, რომლებსაც ღმერთი იწონებს და მათდამი სიკეთეს ავლენს. ასე რომ, ანგელოზის ეს სიტყვები არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს ღმერთი კეთილგანწყობას ზოგადად ყველა ადამიანის მიმართ ავლენს; ანგელოზი აქ მათ მიმართ გამოვლენილ კეთილგანწყობას გულისხმობს, ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს და ღვთის ძის მიმდევარი ხდება. მართალია, ბერძნული სიტყვა ევდოკია ზოგ კონტექსტში ადამიანის მიერ გამოვლენილ კეთილგანწყობას ნიშნავს (რომ. 10:1; ფილ. 1:15), მაგრამ ხშირად მასში ღვთის კეთილგანწყობა ან ნებაა ნაგულისხმევი (მათ. 11:26; ლუკ. 10:21; ეფეს. 1:5, 9; ფილ. 2:13; 2 თეს. 1:11). სეპტუაგინტაში ფსალმუნის 51:18-ში [50:20, LXX] ღმერთთან მიმართებით სწორედ ეს სიტყვაა გამოყენებული.
25 ივნისი — 1 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ლუკა 4, 5
იესოს მსგავსად უკუაგდე ცდუნებები
nwtsty მედიაფაილი
ტაძრის გალავანი
შესაძლოა სატანამ იესო პირდაპირი გაგებით „ტაძრის გალავანზე“ დააყენა და უთხრა, რომ გადამხტარიყო. თუმცა უცნობია, ზუსტად სად იდგა ამ დროს იესო. ვინაიდან სიტყვა „ტაძარი“ შესაძლოა მთელ სატაძრო კომპლექსს გულისხმობდეს, იესო ან ტაძრის გალავანზე სამხრეთ-აღმოსავლეთით იდგებოდა (1), ან ამ კომპლექსის რომელიმე სხვა კუთხეში. სადაც არ უნდა მდგარიყო იესო, თუ გადახტებოდა, იეჰოვას ჩარევის გარეშე უეჭველად მოკვდებოდა.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
ლუკ. 4:17 — nwtsty დამატებითი მასალა
„ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი“: ესაიას წიგნის მკვდარი ზღვის ხელნაწერი ერთმანეთზე გადაკერებული 17 ფურცლისგან შედგებოდა, რომლებიც პერგამენტისგან იყო დამზადებული. ეს იყო 7,3 მეტრი სიგრძის გრაგნილი, რომელშიც ტექსტი 54 სვეტად იყო განაწილებული. შესაძლოა ამავე სიგრძის იყო ის გრაგნილიც, რომელსაც ნაზარეთის სინაგოგაში იყენებდნენ. ვინაიდან პირველ საუკუნეში ბიბლია არ იყო თავებად და მუხლებად დაყოფილი, იესოს უნდა მოეძებნა სასურველი ადგილი. ის ფაქტი, რომ მან მოძებნა ადგილი, სადაც წინასწარმეტყველება იყო ჩაწერილი, იმაზე მიუთითებს, რომ იესომ კარგად იცოდა ღვთის სიტყვა.
ლუკ. 4:25 — nwtsty დამატებითი მასალა
„სამი წელი და ექვსი თვე“: 1 მეფეების 18:1-ის თანახმად, ელიამ „მესამე წელს“ გვალვის დასრულება აუწყა. აქედან გამომდინარე, ზოგი ასკვნის, რომ იესოს ნათქვამი ეწინააღმდეგება „პირველ მეფეებში“ ჩაწერილს. თუმცა ის, რასაც „პირველ მეფეებში“ ვკითხულობთ, არ მიუთითებს იმაზე, რომ გვალვა სამ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ამ პერიოდის ათვლა, როგორც ჩანს, მაშინ დაიწყო, როცა გვალვის შესახებ ელიამ პირველად აუწყა ახაბს (1 მეფ. 17:1). სავარაუდოდ, ელიამ ეს სიტყვები მაშინ უთხრა მეფეს, როცა მშრალი სეზონი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო. ჩვეულებრივ, მშრალი სეზონი ექვსი თვე ან უფრო დიდი ხანი გრძელდებოდა. მეტიც, გვალვა არც მას მერე დასრულებულა, რაც „მესამე წელს“ ელია ახაბს ეჩვენა. ეს მხოლოდ ქარმელის მთასთან ელიას მიერ ბაალის თაყვანისმცემლებთან დაპირისპირების შემდეგ მოხდა (1 მეფ. 18:18—45). მაშასადამე, ლუკას 4:25 და იაკობის 5:17, სადაც იესოს და მისი ნახევარძმის სიტყვებია ჩაწერილი, სრულ თანხმობაშია 1 მეფეების 18:1-თან.