წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
1—7 ოქტომბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 9, 10
იესო ზრუნავს თავის ცხვარზე
იოან. 10:1 — nwtsty მედიაფაილი
ფარეხი
შემოღობილი ადგილი ქურდებისა და მტაცებლებისგან ცხვრის დასაცავად, სადაც მწყემსები ღამით აბინავებდნენ ფარას. ბიბლიურ დროში ფარეხს სახურავი არ ჰქონდა; მას ძირითადად ქვისგან აგებდნენ და ერთ შესასვლელს უკეთებდნენ. ის შეიძლება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყოფილიყო (რიცხ. 32:16; 1 სამ. 24:3; სოფ. 2:6). იოანე მოიხსენიებს ფარეხის კარს და მასთან მდგომ გუშაგს (იოან. 10:1, 3). ზოგჯერ მწყემსები თავიანთ ფარებს ერთ ფარეხში აბინავებდნენ, რომელსაც ღამით გუშაგი იცავდა. დილაობით გუშაგი კარს უღებდა მწყემსებს, ისინი კი უხმობდნენ ცხვარს და ფარას თავს უყრიდნენ. ცხვარი ცნობდა მწყემსის ხმას და მყისვე რეაგირებდა (იოან. 10:3—5). იესომ ეს მაგალითი იმის საჩვენებლად მოიყვანა, თუ როგორ ზრუნავდა თავის მოწაფეებზე (იოან. 10:7—14).
იოან. 10:16 — nwtsty დამატებითი მასალა
„მოვიყვანო“: შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „წავუძღვე“. აქ გამოყენებულია ბერძნული ზმნა აგო. კონტექსტიდან გამომდინარე, ის შეიძლება გულისხმობდეს „მოყვანას“, „შეყვანას“ ან „წაძღოლას“. დაახლოებით ახ. წ. 200 წლით დათარიღებულ ერთ ბერძნულ ხელნაწერში გვხვდება მონათესავე სიტყვა სინაგო, რაც ხშირად „შეკრებად“ ითარგმნება. იესო როგორც კარგი მწყემსი, კრებს, მიუძღვის, იცავს და კვებას ცხვარს, რომელიც „ამ ფარეხისაა“ (ლუკას 12:32-ში მოხსენიებულია, როგორც „მცირე სამწყსო“) და აგრეთვე „სხვა ცხვარს“. ისინი ქმნიან „ერთ სამწყსოს“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს. ამგვარად იესომ ხაზი გაუსვა თავის მიმდევართა ერთობას.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
იოან. 9:38 — nwtsty დამატებითი მასალა
„მდაბლად თაყვანი სცა“: შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს: „მდაბლად თავი დაუკრა“; „პირქვე დაემხო“; „პატივი მიაგო“. როცა ბერძნული ზმნა პროსკინეო ღმერთთან ან ღვთაებასთან მიმართებით გამოიყენება, ის „თაყვანისცემად“ ითარგმნება (მათ. 4:10; ლუკ. 4:8). ამ შემთხვევაში დაბადებიდან უსინათლო კაცმა, რომელიც იესომ განკურნა, აღიარა, რომ იესო ღვთის წარმომადგენელი იყო და მდაბლად თაყვანი სცა არა როგორც ღმერთს ან ღვთაებას, არამედ როგორც ნაწინასწარმეტყველებ „კაცის ძეს“ და ღვთისგან ძალაუფლებით აღჭურვილ მესიას (იოან. 9:35). როგორც ჩანს, ეს კაცი ისე მოიქცა, როგორც ებრაულ წერილებში მოხსენიებული ზოგი ადამიანი, რომლებიც პირქვე დაემხვნენ წინასწარმეტყველების, მეფეების თუ ღვთის სხვა წარმომადგენლების წინაშე (1 სამ. 25:23, 24; 2 სამ. 14:4—7; 1 მეფ. 1:16; 2 მეფ. 4:36, 37). ხშირ შემთხვევაში იესოს მდაბლად თაყვანს სცემდნენ, რადგან აშკარად ხედავდნენ, რომ იესო სარგებლობდა ღვთის კეთილგანწყობით და ამგვარად თავიანთ მადლიერებას გამოხატავდნენ.
იოან. 10:22 — nwtsty დამატებითი მასალა
„მიძღვნის დღესასწაული“: ებრაულად ხანუკა (ხანუქქაჰ), რაც „მიძღვნას“ ნიშნავს. ეს დღესასწაული 25 ქისლევს, ზამთრის მზებუდობის დაწყებამდე იწყებოდა და რვა დღე გრძელდებოდა (იხ. sgd ნაწილი 19). მას ზეიმობდნენ ძვ. წ. 165 წელს იერუსალიმის ტაძრის ხელახლა მიძღვნის აღსანიშნავად. სირიის მეფე ანტიოქე IV-მ (ეპიფანე) ებრაელთა ღვთის, იეჰოვას, სიძულვილის ნიშნად მისი ტაძარი წაბილწა. მან დიდ სამსხვერპლოს, რომელზეც ყოველდღიური დასაწვავი შესაწირავი იწირებოდა, სხვა სამსხვერპლო დააშენა. ამავე სამსხვერპლოზე ძვ. წ. 168 წლის 25 ქისლევს ღორი შესწირა, ღორის ხორცის ნახარში კი მთელ ტაძარში მოასხურა, რაც ტაძრის გაუწმინდურების უკიდურესი ფორმა იყო. მან დაწვა ტაძრის კარიბჭეები, დაანგრია მღვდლების ოთახები, ტაძრიდან გაიტანა ოქროს სამსხვერპლო, წარსადგენი პურის მაგიდა და ოქროს სალამპრე. ამასთანავე, იეჰოვას ტაძარი ოლიმპიელ ღმერთს, ზევსს მიუძღვნა. ორი წლის შემდეგ იერუსალიმი და მისი ტაძარი იუდა მაკაბელმა ჩაიგდო ხელში. განწმენდილი ტაძრის მიძღვნა ანტიოქეს მიერ ტაძრის სამსხვერპლოზე ზევსისთვის მსხვერპლის შეწირვიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, ძვ. წ. 165 წლის 25 ქისლევს მოხდა. განახლდა ყოველდღიური დასაწვავი შესაწირავის აღვლენა. ღვთივშთაგონებულ წმინდა წერილებში პირდაპირ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ იუდა მაკაბელს იეჰოვამ გაამარჯვებინა და ტაძრის აღდგენა დაავალა. თუმცა იეჰოვას არაერთხელ განუხორციელებია თავისი განზრახვა უცხოტომელების ხელით, როგორც ეს სპარსელი კიროსის შემთხვევაში მოხდა (ეს. 45:1). აქედან გამომდინარე, გონივრულია, დავასკვნათ, რომ იეჰოვა მისთვის მიძღვნილი ერის შვილს შეასრულებინებდა თავის ნებას. როგორც წმინდა წერილებიდან ჩანს, მესიასთან, მის მსახურებასა და მის მსხვერპლთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები რომ შესრულებულიყო, ტაძარიც უნდა ყოფილიყო და მღვდელმსახურებაც. ამასთანავე, ლევიანებს მსხვერპლშეწირვა უნდა გაეგრძელებინათ, ვიდრე ღვთის ძე კაცობრიობისთვის დიდებულ მსხვერპლს გაიღებდა (დან. 9:27; იოან. 2:17; ებრ. 9:11—14). მიძღვნის დღესასწაულის აღნიშვნა ქრისტიანებს არ მოეთხოვებოდათ (კოლ. 2:16, 17). თუმცა არც იესოს და არც მის მოწაფეებს არ დაუგმიათ ეს დღესასწაული.
8—14 ოქტომბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 11, 12
იესოს მსგავსად გამოავლინე თანაგრძნობა
იოან. 11:24, 25 — nwtsty დამატებითი მასალა
„ვიცი, რომ აღდგება“: მართას ეგონა, იესო მომავალ აღდგომაზე საუბრობდა, რომელიც უკანასკნელ დღეს მოხდებოდა. მას ძლიერი რწმენა ჰქონდა და სჯეროდა მკვდრეთით აღდგომის, რაც იმ დროს უჩვეულო იყო. იმდროინდელი რელიგიური წინამძღოლები, სადუკეველები ამბობდნენ, რომ მკვდრეთით აღდგომა არ იქნებოდა, თუმცა ღვთივშთაგონებულ წერილებში ამის შესახებ არაორაზროვნად ეწერა (დან. 12:13; მარ. 12:18). სადუკეველებისგან განსხვავებით, ფარისევლებს სულის უკვდავების სწამდათ. მაგრამ მართამ იცოდა, რომ იესო მკვდრეთით აღდგომის იმედს უნერგავდა ხალხს და რამდენიმე ადამიანიც ჰყავდა გაცოცხლებული. თუმცა საგულისხმოა, რომ არც ერთი მათგანი არ იყო იმდენი ხნის მკვდარი, რამდენისაც ლაზარე.
„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“: გარდაცვლილებს შეუძლიათ კვლავ იცოცხლონ იმის წყალობით, რომ იესო მოკვდა და მკვდრეთით აღდგა. იეჰოვამ მკვდრეთით აღმდგარ იესოს უფლება მისცა, არა მარტო აღადგინოს მკვდრები, არამედ მარადიული სიცოცხლე უბოძოს ადამიანებს. გამოცხადების 1:18-ში იესო საკუთარ თავს „ცოცხალს“ უწოდებს და დასძენს, რომ მას აქვს „სიკვდილისა და სამარის გასაღებები“. ამგვარად ყველას — ცოცხლებისა თუ მკვდრების — მომავალი იესოზეა დამოკიდებული. ის დაგვპირდა, რომ სამარხებში მყოფნი მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ ანუ მკვდრეთით აღდგებიან — ზოგი ზეცაში მისი თანამართველი იქნება, ზოგი კი ახალ დედამიწაზე იცხოვრებს, როგორც ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომი (იოან. 5:28, 29; 2 პეტ. 3:13).
იოან. 11:33—35 — nwtsty დამატებითი მასალა
„ტიროდა“: „ტირილად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ხშირ შემთხვევაში ხმამაღლა ტირილს გულისხმობს. იგივე ზმნა გამოყენებულია იესოსთან მიმართებით, როცა იერუსალიმის განადგურების შესახებ იწინასწარმეტყველა (ლუკ. 19:41).
„ამოიოხრა და აფორიაქდა“: დედნისეულ ენაზე ამ ორი სიტყვის კომბინაციით აღწერილია იესოს ძლიერი განცდები. ბერძნული ზმნა (ემბრიმაომე), რომელიც „ამოიოხრად“ არის ნათარგმნი, ძირითადად, ძლიერ განცდაზე მიანიშნებს. თუმცა ამ კონტექსტში ის იმას გულისხმობს, რომ ძლიერი ემოციის გამო იესომ თავისდაუნებურად ამოიოხრა. ბერძნული ზმნა, რომელიც ითარგმნა, როგორც „აფორიაქდა“ (ტარასსო), სიტყვასიტყვით „მღელვარებას“ ნიშნავს. როგორც ერთი ბიბლეისტი ამბობს, ეს ნიშნავს, „შინაგანად ააღელვო ვინმე; დიდი ტკივილი მიაყენო ან ძალიან დაანაღვლიანო“. იოანეს 13:21-ში იგივე ზმნაა გამოყენებული იმის აღსაწერად, თუ რა გრძნობა დაეუფლა იესოს, როცა წარმოიდგინა, რომ იუდა გასცემდა.
„სული“: ბერძნული სიტყვა პნევმა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მიუთითებს შინაგან ძალაზე, რომელიც აღძრავს ადამიანს რამის თქმისკენ ან გარკვეული მოქმედებისკენ.
„აცრემლდა“: აქ გამოყენებული ზმნა (დაკრიო) იწარმოება ბერძნული არსებითი სახელიდან „ცრემლები“, რომელიც შემდეგ მუხლებში გვხვდება: ლუკა 7:38; საქმეები 20:19, 31; ებრაელები 5:7; გამოცხადება 7:17; 21:4. როგორც ჩანს, ეს სიტყვა, ძირითადად, გულისხმობს ცრემლების ღვრას და არა ხმამაღლა ტირილს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეს ბერძნული ზმნა მხოლოდ ამ მუხლში გვხვდება. იოანეს 11:33-ში სხვა ზმნაა გამოყენებული მარიამთან და იუდეველებთან მიმართებით. იესომ იცოდა, რომ ლაზარეს აღადგენდა, მაგრამ იმის დანახვაზე, თუ როგორ გლოვობდნენ მისი საყვარელი მეგობრები, ძლიერ დამწუხრდა. მას იმდენად უყვარდა ისინი და იმდენად დაეწვა გული მათ გამო, რომ ცრემლები ვერ შეიკავა. ამ შემთხვევიდან აშკარად ჩანს, რომ იესო თანაუგრძნობს მათ, ვისაც ადამის დანატოვარი მემკვიდრეობის გამო საყვარელი ადამიანები ხელიდან ეცლება.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
იოან. 11:49 — nwtsty დამატებითი მასალა
„მღვდელმთავარი“: სანამ ისრაელი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, მღვდელმთავარი მთელი ცხოვრება ასრულებდა თავის მსახურებას (რიცხ. 35:25). მაგრამ რომაელთა ბატონობის დროს რომის მიერ დაყენებულ მმართველებს მღვდელმთავრის დანიშვნისა და გადაყენების უფლებამოსილება ჰქონდათ. რომაელების მიერ დანიშნულ კაიაფას, რომელიც კარგი დიპლომატი იყო, თავის უახლოეს წინამორბედებთან შედარებით ყველაზე დიდხანს ეკავა ეს მდგომარეობა. ის მღვდელმთავრად დაახლოებით ახ. წ. 18 წელს დაინიშნა და ამ მოვალეობას დაახლოებით ახ. წ. 36 წლამდე ასრულებდა. როცა იოანემ კაიაფაზე თქვა, რომ მღვდელმთავარი იყო „იმ წელს“, ანუ ახ. წ. 33 წელს, როგორც ჩანს, იმის ხაზგასმა სურდა, რომ სწორედ მისი მღვდელმთავრობის პერიოდში მოკლეს იესო (იხ. sgd ნაწილი 16, სადაც აღნიშნულია კაიაფას სახლის სავარაუდო ადგილმდებარეობა).
იოან. 12:28 — nwtsty დამატებითი მასალა
„ხმა“: ეს არის სახარებებში მოხსენიებული სამი შემთხვევიდან მესამე შემთხვევა, როცა ადამიანებმა უშუალოდ იეჰოვას ხმა მოისმინეს. პირველად ეს მოხდა ახ. წ. 29 წელს, როცა იესო მოინათლა. ეს შემთხვევა ჩაწერილია მათეს 3:16-ში, მარკოზის 1:11-სა და ლუკას 3:22-ში. მეორედ ეს მოხდა ახ. წ. 32 წელს იესოს გარდასახვის დროს, რის შესახებაც მათეს 17:5-ში, მარკოზის 9:7-სა და ლუკას 9:35-ში ვკითხულობთ. მესამე შემთხვევა მხოლოდ იოანეს სახარებაშია მოხსენიებული, რომელიც ახ. წ. 33 წელს მოხდა, მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ იესო უკანასკნელად აღნიშნავდა პასექს. იეჰოვამ უპასუხა იესოს თხოვნას, რომ განედიდებინა თავისი სახელი.
იოან. 12:42 — nwtsty დამატებითი მასალა
„მმართველები“: ბერძნული სიტყვა, რომელიც „მმართველებად“ ითარგმნა, როგორც ჩანს, მიუთითებს სინედრიონის ანუ ებრაელთა უზენაესი სასამართლოს წევრებზე. იოანეს 3:1-ში ეს სიტყვა გამოყენებულია ნიკოდემესთან მიმართებით, რომელიც ამ სასამართლოს წევრი იყო.
„სინაგოგიდან . . . მოეკვეთათ“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს: „სინაგოგიდან გაეძევებინათ“. ბერძნული სიტყვა აპოსინაგოგოს მხოლოდ იოანეს 9:22-ში, 12:42-სა და 16:2-ში გვხვდება. სინაგოგიდან მოკვეთილს გაურბოდნენ და ზიზღით უყურებდნენ, როგორც საზოგადოებისგან გარიყულს. ეს მეტად უარყოფითად აისახებოდა მისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე. სინაგოგები, რომლებსაც, ძირითადად, საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდა, ადგილობრივი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. სინაგოგის მოსამართლეებს უფლება ჰქონდათ, ვინმე გაეშოლტათ ან სინაგოგიდან მოეკვეთათ.
15—21 ოქტომბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 13, 14
„მაგალითი მოგეცით“
იოან. 13:5 — nwtsty დამატებითი მასალა
„მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა“: ძველად ისრაელში, ძირითადად, სანდლები ეცვათ. ეს იყო ქუსლსა და წინა ტერფზე თასმებით დამაგრებული ლანჩა. ამიტომ ადამიანს მტვრიან თუ ტალახიან გზებსა და მინდვრებზე სიარულის დროს ფეხები ესვრებოდა. ჩვეულებრივ, სახლში შესვლისას ფეხზე იხდიდნენ, სტუმართმოყვარე მასპინძელი კი ზრუნავდა, რომ სტუმრებისთვის ფეხები დაებანა. ეს ჩვეულება ბიბლიაში არაერთხელაა მოხსენიებული (დაბ. 18:4, 5; 24:32; 1 სამ. 25:41; ლუკ. 7:37, 38, 44). იესომ ამ ჩვეულებას მიმართა და მოწაფეებს ფეხები დაბანა, რითაც ასწავლა, რომ თავმდაბლები ყოფილიყვნენ და ერთმანეთს მომსახურებოდნენ.
იოან. 13:12—14 — nwtsty დამატებითი მასალა
„თქვენც უნდა . . .“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს: „ვალდებული ხართ“. აქ მოხსენიებული ბერძნული ზმნა ხშირად ფინანსურ ვალდებულებაზე მიუთითებს. მისი ძირითადი მნიშვნელობაა: „იყო დავალებული; გემართოს ვინმეს რამე“ (მათ. 18:28, 30, 34; ლუკ. 16:5, 7). ამ და სხვა კონტექსტებში ის უფრო ფართო გაგებით გამოიყენება და მიუთითებს ვალდებულების ქონაზე (1 იოან. 3:16; 4:11; 3 იოან. 8).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
იოან. 14:6 — nwtsty დამატებითი მასალა
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“: იესო იმ გაგებით არის „გზა“, რომ მხოლოდ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი ღმერთთან ლოცვით დაახლოება და შერიგება (იოან. 16:23; რომ. 5:8). იესო არის „ჭეშმარიტება“, რადგან ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა და საქმითაც ამტკიცებდა, რომ მის თანახმად ცხოვრობდა. მან აგრეთვე შეასრულა უამრავი წინასწარმეტყველება, რომელთა მიხედვითაც, მას მთავარი როლი დაეკისრებოდა ღვთის განზრახვის შესრულებაში (იოან. 1:14; გამოცხ. 19:10). ეს წინასწარმეტყველებები „დიახ“ გახდა ანუ შესრულდა მისი მეშვეობით (2 კორ. 1:20). იესო არის „სიცოცხლე“, რადგან მის მიერ გაღებული გამოსასყიდის წყალობით ადამიანებისთვის შესაძლებელი გახდა, ეზიარონ „ჭეშმარიტ“ ანუ „მარადიულ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:12, 19; ეფეს. 1:7; 1 იოან. 1:7). ის აგრეთვე გახდება „სიცოცხლე“ მილიონობით გარდაცვლილისთვის, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან და რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ (იოან. 5:28, 29).
იოან. 14:12 — nwtsty დამატებითი მასალა
„მეტსაც გააკეთებს“: იესოს არ უგულისხმია, რომ მოწაფეები მასთან შედარებით უფრო დიდ სასწაულებს მოახდენდნენ. მან უბრალოდ თავმდაბლურად აღნიშნა, რომ მისი მოწაფეები უფრო დიდ ტერიტორიაზე იქადაგებდნენ და ასწავლიდნენ ხალხს, უფრო მეტ ადამიანს მიაწვდიდნენ ხმას და ამ საქმეს უფრო დიდი ხნის მანძილზე გააკეთებდნენ. როგორც იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, ის მოელოდა, რომ მისი მოწაფეები გააგრძელებდნენ მის მიერ წამოწყებულ საქმეს.
22—28 ოქტომბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 15—17
„ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“
იოან. 15:19 — nwtsty დამატებითი მასალა
„ქვეყნიერება“: ამ კონტექსტში ბერძნული სიტყვა კოსმოს მიუთითებს ღვთისგან გაუცხოებულ, უმართლო ადამიანების საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც ღვთის მსახურები არ არიან. სახარებების დამწერთაგან მხოლოდ იოანე ციტირებს იესოს სიტყვებს, რომ მისი მიმდევრები არ არიან „ქვეყნიერების ნაწილი“ ანუ არ მიეკუთვნებიან ამ ქვეყნიერებას. იესომ კიდევ ორჯერ აღნიშნა მსგავსი აზრი ერთგულ მოციქულებთან წარმოთქმული უკანასკნელი ლოცვის დროს (იოან. 17:14, 16).
იოან. 15:21 — nwtsty დამატებითი მასალა
„ჩემი სახელის გამო“: ბიბლიაში სიტყვა „სახელში“ ზოგჯერ იგულისხმება კონკრეტული სახელით წოდებული პიროვნება, მისი რეპუტაცია და ყველაფერი, რასაც ის წარმოადგენს. იესოს შემთხვევაში „სახელი“ აგრეთვე გულისხმობს უფლებამოსილებასა და მდგომარეობას, რაც მამისგან აქვს (მათ. 28:18; ფილ. 2:9, 10; ებრ. 1:3, 4). ამ მუხლში იესო ხსნის, თუ რატომ შეეწინააღმდეგებოდა ქვეყნიერება მის მიმდევრებს: „არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“. ღვთის შესახებ ცოდნა დაეხმარებოდა მათ, ჩასწვდომოდნენ ყოველივეს, რაც მისი ძის სახელით იყო წარმოდგენილი, და ეღიარებინათ მისი როლი (საქ. 4:12). ეს სახელი მოიცავს იესოს, როგორც ღვთის მიერ დანიშნული მმართველის, მეფეთა მეფის, მდგომარეობას, იესოსი, რომლის წინაშეც მორჩილების ნიშნად და სიცოცხლის მისაღებად ყველამ უნდა მოიყაროს მუხლი (იოან. 17:3; გამოცხ. 19:11—16; შდრ. ფსალმ. 2:7—12).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
იოან. 17:21—23 — nwtsty დამატებითი მასალა
„ერთნი“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ერთსულოვანი“. იესო ლოცულობდა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები „ერთნი“ ყოფილიყვნენ ზუსტად ისე, როგორც თავად იესო და მისი ზეციერი მამა იყვნენ „ერთნი“. ეს იმას ნიშნავდა, რომ ერთობლივად ეღვაწათ ერთი მიზნისთვის, ეთანამშრომლათ და ერთი აზრი ჰქონოდათ (იოან. 17:22). 1 კორინთელების 3:6—9-ში პავლე აღწერს ერთობას, რომელიც ქრისტიან მსახურებს აქვთ, როცა ერთმანეთთან და ღმერთთან თანამშრომლობენ (იხ. 1 კორ. 3:8).
„სრულყოფილებას მიაღწიონ ერთობაში“: 23-ე მუხლში იესო ჩვენ შორის არსებულ ერთობას აკავშირებს სიყვარულთან, რომელსაც მამის მხრიდან ვგრძნობთ. ეს თანხმობაშია კოლოსელების 3:14-თან, სადაც ვკითხულობთ: „სიყვარული . . . გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“. სრულყოფილი ერთობა არ გამორიცხავს განსხვავებულობას, მაგალითად, ყველას სხვადასხვა უნარ-ჩვევა და სინდისი აქვს. ასეთი ერთობა გულისხმობს იმას, რომ იესოს მიმდევრები შეთანხმებულად მოქმედებენ და ერთი მრწამსი და სწავლება აქვთ (რომ. 15:5, 6; 1 კორ. 1:10; ეფეს. 4:3; ფილ. 1:27).
იოან. 17:24 — nwtsty დამატებითი მასალა
„ქვეყნიერების შექმნა“: ბერძნული სიტყვა, რომელიც „შექმნად“ ითარგმნა, აგრეთვე გვხვდება ებრაელების 11:11-ში, სადაც ის განაყოფიერების აზრს ატარებს. როგორც ჩანს, იოანეს 17:24-ში ამ სიტყვაში ადამისა და ევას შვილების დაბადება იგულისხმება. იესო „ქვეყნიერების შექმნას“ აბელს უკავშირებს. როგორც ჩანს, სწორედ აბელი იყო პირველი ადამიანი, რომელზეც გავრცელდებოდა გამოსასყიდი და რომლის სახელიც ჩაიწერებოდა „სიცოცხლის გრაგნილში ქვეყნიერების შექმნიდან“ (ლუკ. 11:50, 51; გამოცხ. 17:8). ეს სიტყვები, რომლებიც იესომ ლოცვის დროს თავის მამას უთხრა, იმასაც ადასტურებს, რომ გაცილებით ადრე, ვიდრე ადამსა და ევას ეყოლათ შთამომავლები, ღმერთმა შეიყვარა თავისი მხოლოდშობილი ძე.
29 ოქტომბერი — 4 ნოემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 18, 19
იესომ დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ
იოან. 18:37 — nwtsty დამატებითი მასალა
„ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“: ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „დამოწმებად“ და „მოწმედ“ ნათარგმნ ბერძნულს სიტყვებს (მარტირეო; მარტირია; მარტის) ფართო მნიშვნელობა აქვს. ეს ბერძნული სიტყვები ძირითადად გამოიყენება კონტექსტში, სადაც საუბარია პირველწყაროს მიერ ფაქტების დადასტურებაზე, თუმცა ეს სიტყვები შეიძლება ატარებდეს „გაცხადების, დამტკიცების ან დადებითად რაღაცის დახასიათების“ აზრსაც. იესომ არა მხოლოდ დაამოწმა და გააცხადა ჭეშმარიტება, რაშიც დარწმუნებული იყო, არამედ თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ მამის წინასწარმეტყველური სიტყვა და დანაპირები ჭეშმარიტი და სარწმუნო იყო (2 კორ. 1:20). წმინდა წერილებში დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები, თუ როგორ შესრულდებოდა ღვთის განზრახვა სამეფოსა და მესიანურ მეფესთან დაკავშირებით. იესომ თავისი განვლილი ცხოვრებით და საბოლოოდ საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით შეასრულა მის შესახებ წმინდა წერილებში ჩაწერილი ყველა წინასწარმეტყველება, მათ შორის ყველა ის წინასწარმეტყველური ნიმუში, რომელსაც კანონის შეთანხმება მოიცავდა (კოლ. 2:16, 17; ებრ. 10:1). ასე რომ, შეიძლება ითქვას, იესომ სიტყვითა და საქმით დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ.
„ჭეშმარიტება“: იესოს ზოგადად ჭეშმარიტება კი არ ჰქონდა მხედველობაში, არამედ ჭეშმარიტება ღვთის განზრახვების შესახებ. ღვთის განზრახვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ის იყო, რომ იესოს, „დავითის ძეს“ უნდა ემსახურა, როგორც მღვდელმთავარს და ღვთის სამეფოს მეფეს (მათ. 1:1). როგორც თავად იესომ თქვა, მისი განკაცების, დედამიწაზე ცხოვრებისა და მსახურების ძირითადი მიზეზი ამ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გაცხადება იყო. ამის შესახებ აცხადებდნენ ანგელოზებიც იუდეის ბეთლემში, დავითის ქალაქში, იესოს დაბადებამდე და დაბადების შემდეგ (ლუკ. 1:32, 33; 2:10—14).
იოან. 18:38ა — nwtsty დამატებითი მასალა
„რა არის ჭეშმარიტება?“: როგორც ჩანს, პილატე ზოგად ჭეშმარიტებას გულისხმობდა და არა ჭეშმარიტებას, რომელიც იესომ მანამდე ახსენა (იოან. 18:37). პილატეს გულწრფელი ინტერესი რომ ჰქონოდა, იესო უეჭველად უპასუხებდა. როგორც ჩანს, პილატემ ცინიკურად დაუსვა იესოს რიტორიკული კითხვა. ის ფაქტობრივად ამბობდა: „რა ჭეშმარიტება?! ჭეშმარიტება არ არსებობს!“. ის არც კი დაელოდა პასუხს, ისე გავიდა გარეთ იუდეველებთან.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
იოან. 19:30 — nwtsty დამატებითი მასალა
„სული განუტევა“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს: „უკანასკნელად ამოისუნთქა“; „შეწყვიტა სუნთქვა“. ამ შემთხვევაში „სული“ (ბერძ. პნევმა), როგორც ჩანს, „სუნთქვას“ ან „სასიცოცხლო ძალას“ გულისხმობს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პარალელურ მუხლებში, მარკოზის 15:37-სა და ლუკას 23:46-ში გამოყენებული ბერძნული ზმნა ეკპნეო (სიტყვასიტყვით ნიშნავს „ამოსუნთქვას“. ამ მუხლებში ის გადმოტანილია, როგორც „მოკვდა“. როგორც ამ მუხლებთან მოყვანილ დამატებით მასალაშია აღნიშნული, ის აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს: „უკანასკნელად ამოისუნთქა“). ზოგის აზრით, ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „განუტევა“, იმას ნიშნავს, რომ იესომ აღარ იბრძოლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რადგან ყველაფერი უკვე „შესრულდა“. მან „სიკვდილს გადასცა თავისი სული“ და ეს ნებაყოფლობით გააკეთა (ეს. 53:12; იოან. 10:11).
იოან. 19:31 — nwtsty დამატებითი მასალა
„ის დიდი შაბათი იყო“: პასექის მომდევნო დღე, 15 ნისანი, ყოველთვის შაბათად ითვლებოდა იმისდა მიუხედავად, კვირის რომელი დღე დაემთხვეოდა (ლევ. 23:5—7). მაგრამ, თუ ეს შაბათი ყოველკვირეულ შაბათს დაემთხვეოდა (ებრაელთა კალენდრის მიხედვით, კვირის მეშვიდე დღე, რომელიც იწყებოდა პარასკევს მზის ჩასვლიდან და მთავრდებოდა შაბათს მზის ჩასვლის დროს), მაშინ ის დიდ შაბათად ითვლებოდა. სწორედ ასეთი შაბათი მოჰყვა პარასკევს, იესოს სიკვდილის დღეს. ახ. წ. 29—35 წლებში 14 ნისანი პარასკევ დღეს მხოლოდ ახ. წ. 33 წელს დაემთხვა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ იესო ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს მოკვდა.