წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
3—9 დეკემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 9—11
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 10:6 — nwtsty დამატებითი მასალა
„მეტყავე სიმონი“: ცხოველის ტყავის დამუშავება ასე ხდებოდა: თავდაპირველად კირიანი წყლით აცილებდნენ ბეწვს ან მასზე დარჩენილ ხორცისა და ქონის ნაწილაკებს. შემდეგ კი ძლიერმოქმედი მცენარეული ნაყენით ამუშავებდნენ, რათა მისგან სხვადასხვა ნივთი დაემზადებინათ. ტყავის დამუშავება „სუნიანი პროცესი“ იყო, რასაც დიდი რაოდენობით წყალი სჭირდებოდა. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ ცხოვრობდა სიმონი ზღვის პირას, სავარაუდოდ, ქალაქ იოპეს გარეუბანში. მოსეს კანონის თანახმად, ვისაც მკვდარ ცხოველებთან უწევდა შეხება, უწმინდურად ითვლებოდა (ლევ. 5:2; 11:39). ამის გამო ბევრი იუდეველი მეტყავეებს ზემოდან დაჰყურებდა და მათ სახლში დარჩენისგანაც თავს იკავებდა. მეტიც, თალმუდში მეტყავეობა უფრო დამამცირებლად არის მოხსენიებული, ვიდრე ნაკელის შეგროვება. მიუხედავად ამისა, პეტრეს მიკერძოება არ გამოუვლენია და უარი არ უთქვამს სიმონის სახლში დარჩენაზე. ამგვარი განწყობის გამო პეტრე უკვე მზად იყო, მიეღო ახალი დავალება, კერძოდ, უცხოტომელის სახლში წასულიყო. ზოგი მკვლევრის აზრით, „მეტყავედ“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ბირსევს, სიმონის მეტსახელი იყო.
10—16 დეკემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 12—14
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 13:9 — nwtsty დამატებითი მასალა
„სავლე, რომელსაც პავლესაც ეძახდნენ“: ამ მონაკვეთიდან სავლე უკვე პავლედ მოიხსენიება. მოციქულ პავლეს, რომელიც ებრაელი იყო, დაბადებიდანვე ჰქონდა რომის მოქალაქეობა (საქ. 22:27, 28; ფილ. 3:5). აქედან გამომდინარე, მას ალბათ ბავშვობიდანვე ჰქონდა ორი სახელი, როგორც ებრაული (სავლე), ისე რომაული (პავლე). იმდროინდელი იუდეველებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისრაელის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა, უცხო არ იყო ორი სახელის ქონა (საქ. 12:12; 13:1). პავლეს ზოგიერთ ნათესავს ებრაული სახელების გარდა რომაული და ბერძნული სახელებიც ჰქონდა (რომ. 16:7, 21). როგორც „უცხოტომელთა მოციქულს“, მას დაევალა, სასიხარულო ცნობა გაეცხადებინა არაიუდეველებისთვის (რომ. 11:13). როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომაული სახელი გამოეყენებინა, რადგან უცხოტომელებისთვის ეს სახელი უფრო მისაღები იქნებოდა (საქ. 9:15; გალ. 2:7, 8). ზოგი ვარაუდობს, რომ მან ეს რომაული სახელი სერგიუს პავლუსის პატივსაცემად დაირქვა, რაც ნაკლებ სარწმუნოა, რადგან პავლე ამ სახელს კვიპროსის დატოვების შემდეგაც ატარებდა. ზოგის აზრით კი, პავლე იმიტომ ერიდებოდა ებრაული სახელის გამოყენებას, რომ ჟღერადობით ეს სახელი ძალიან ჰგავდა ბერძნულ სიტყვას, რომელიც მედიდურად მოსიარულე ადამიანზე (ან ცხოველზე) მიუთითებდა.
„პავლე“: ეს სახელი მომდინარეობს ლათინური სახელიდან პაულუს და ნიშნავს „მცირეს“, „პატარას“. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ქართულ გამოცემაში სახელი პავლე (ბერძნ. პავლოს) 175-ჯერ გვხვდება პავლესთან მიმართებით, ხოლო ერთხელ კვიპროსის პროკონსულ სერგიუს პავლუსთან მიმართებით.
17—23 დეკემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 15—16
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 16:37 — nwtsty დამატებითი მასალა
„ჩვენ, რომაელები“: ანუ რომის მოქალაქეები. პავლე და, როგორც ჩანს, სილაც რომის მოქალაქეები იყვნენ. რომის კანონის თანახმად, რომის მოქალაქეს უფლება ჰქონდა, თავი დაეცვა სასამართლოში; გასამართლების გარეშე იკრძალებოდა მისი სახალხოდ დასჯა. რომის მოქალაქეობა ადამიანს გარკვეულ უფლებებსა და უპირატესობებს ანიჭებდა მთელ რომის იმპერიაში. რომის მოქალაქე ექვემდებარებოდა რომის კანონს და არა პროვინციული ქალაქების კანონებს. ბრალდებულს შეეძლო, დათანხმებოდა, გასამართლებულიყო ადგილობრივი კანონით, თუმცა მას მაინც ჰქონდა უფლება, მოეთხოვა, მისი საქმე რომის ტრიბუნალს მოესმინა. თუ მოქალაქეს ბრალს დასდებდნენ ისეთ რამეში, რის გამოც შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ, მას რომში იმპერატორის წინაშე სასამართლოზე წარდგომის უფლება ჰქონდა. მოციქული პავლე მთელ რომის იმპერიაში აქტიურად ქადაგებდა. ბიბლიაში ვხვდებით სამ შემთხვევას, როცა მან რომის მოქალაქის უფლებებით ისარგებლა. პირველად მან ეს უფლება, როგორც მოცემული მუხლის კონტექსტიდან ჩანს, ფილიპეში გამოიყენა. მან ფილიპელ სახელმწიფო მოხელეებს შეატყობინა, რომ სცემეს და მისი უფლებები დაარღვიეს. სხვა ორი შემთხვევა ჩაწერილია საქმეების 22:25-სა და 25:11-ში (იხ. w15 3/1 12 3).
24—30 დეკემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 17, 18
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
მოციქულ პავლეს მსგავსად იქადაგეთ და ასწავლეთ
საქ. 17:2, 3 — nwtsty დამატებითი მასალა
„მსჯელობდა“: პავლე უბრალოდ კი არ გადასცემდა ხალხს სასიხარულო ცნობას, არამედ საფუძვლიანად უხსნიდა მათ ყველაფერს და არგუმენტები მოჰყავდა წმინდა წერილებიდან ანუ ღვთივშთაგონებული ებრაული წერილებიდან. ის მხოლოდ კი არ კითხულობდა ციტატებს, არამედ მსჯელობდა მათზე და ითვალისწინებდა მსმენელს. აქ გამოყენებული ბერძნული ზმნა დიალეგომე ნიშნავს „აზრთა გაცვლა-გამოცვლას, საუბარს, განხილვას“. ეს ბერძნული ზმნა აგრეთვე გამოყენებულია შემდეგ მუხლებში: საქმეები 17:17; 18:4, 19; 19:8, 9; 20:7, 9.
„წერილებიდან უმტკიცებდა“: სიტყვასიტყვით ნიშნავს „გვერდიგვერდ დაყენებას“. ეს შესაძლოა გულისხმობდეს იმას, რომ პავლე გულდასმით ადარებდა ებრაულ წერილებში მესიაზე მოყვანილ წინასწარმეტყველებებს იესოს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს და ამგვარად აჩვენებდა მსმენელს, როგორ შესრულდა იესოზე ეს წინასწარმეტყველებები.
საქ. 17:17 — nwtsty დამატებითი მასალა
„მოედანი“: აკროპოლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ათენის მოედანი (ბერძნ. აგორა), რომლის ფართობიც დაახლოებით 5 ჰექტარს მოიცავდა. აქ მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა როდი იმართებოდა; ის საზოგადოების თავშეყრის ადგილიც იყო. ეს მოედანი „ქალაქის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა“. ათენელებს მოსწონდათ იქ შეკრება და ინტელექტუალურ თემებზე საუბარი.
საქ. 17:22, 23 — nwtsty დამატებითი მასალა
„უცნობ ღმერთს“: ბერძნულად აგნოსტი თეი. ეს სიტყვები ათენში ერთ სამსხვერპლოზე იყო წაწერილი. ათენელები ღმერთების შიშით ტაძრებსა და სამსხვერპლოებს აგებდნენ; აბსტრაქტული ცნებებიც კი გაღმერთებული ჰყავდათ და სამსხვერპლოებს უგებდნენ დიდებას, მოკრძალებას, ძალას, რწმენასა და სიბრალულს. სამსხვერპლო წარწერით „უცნობ ღმერთს“ ათენელებმა შესაძლოა იმის შიშით ააგეს, რომ რომელიმე ღმერთი არ გამორჩენოდათ და მისი გულისწყრომა არ გამოეწვიათ. ეს სამსხვერპლო მიანიშნებდა, რომ იქ მცხოვრებ ხალხს სჯეროდა იმ ღმერთის არსებობის, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ. პავლემ სწორედ ეს სამსხვერპლო ახსენა, რათა მათთვის აქამდე უცნობი ღმერთის, ჭეშმარიტი ღმერთის, შესახებ ექადაგა.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 18:21 — nwtsty დამატებითი მასალა
„თუ იეჰოვა ინებებს“: ეს ფრაზა ხაზს უსვამს იმას, რომ, როცა რაღაცას ვგეგმავთ ან ვაკეთებთ, საჭიროა, მხედველობაში მივიღოთ ღვთის ნება. პავლე მოციქულს ყოველთვის გონებაში ჰქონდა ეს პრინციპი (1 კორ. 4:19; 16:7; ებრ. 6:3). მოწაფე იაკობიც მოუწოდებდა ქრისტიანებს, ეთქვათ: „თუ იეჰოვა ინებებს და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო“ (იაკ. 4:15). ეს არ უნდა იყოს ლიტონი სიტყვები. ის, ვინც წრფელი გულით ამბობს, „თუ იეჰოვა ინებებს“, ყველანაირად უნდა ეცადოს, იეჰოვას ნების თანახმად მოიქცეს. აუცილებელი არ არის, ეს სიტყვები ყოველთვის ხმამაღლა გავაჟღეროთ; ხშირად მხოლოდ გულში წარმოთქმაც საკმარისია (იხ. Sgd ნაწილი 2).