საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 46 გვ. 116-გვ. 117 აბზ. 9
  • ქალი ეხება იესოს სამოსს და უმალვე იკურნება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქალი ეხება იესოს სამოსს და უმალვე იკურნება
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • იესო ახდენს მრავალ სასწაულს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • იესომ მკვდრები გააცოცხლა
    ბიბლიური მოთხრობები
  • მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია!
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • იესო მკვდრეთით აღადგენს პატარა გოგონას
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 46 გვ. 116-გვ. 117 აბზ. 9
ერთი ქალი ეხება იესოს სამოსს; იესო გრძნობს, რომ ვიღაც შეეხო

თავი 46

ქალი ეხება იესოს სამოსს და უმალვე იკურნება

მათე 9:18—22; მარკოზი 5:21—34; ლუკა 8:40—48

  • ქალი, რომელიც იესოს სამოსს ეხება, უმალვე იკურნება

იესო დეკაპოლისიდან თავის მშობლიურ მხარეში ბრუნდება, რის შესახებაც უმალვე იგებენ გალილეის ზღვის მთელ ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები იუდეველები. როგორც ჩანს, უკვე ბევრმა იცის, როგორ დააცხრო მან მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალი და დაამშვიდა აბობოქრებული ზღვა. ხალხმა, ალბათ, ისიც გაიგო, რომ იესომ დემონების ტყვეობისგანაც გაათავისუფლა ადამიანები. ამიტომ ზღვის სანაპიროზე, სავარაუდოდ, კაპერნაუმში იესოს დასახვედრად „დიდძალი ხალხი“ იკრიბება (მარკოზი 5:21). მათ ერთი სული აქვთ, როდის მოუახლოვდება იესო ნაპირს. და აი, ისიც ნავიდან გადმოდის.

განსაკუთრებით ერთი კაცი ელოდება იესოსთან შეხვედრას. ამ კაცს იაიროსი ჰქვია; ის, როგორც ჩანს, კაპერნაუმის ერთ-ერთი სინაგოგის წინამძღვარია. იგი იესოს უახლოვდება, მის ფეხებთან ეცემა და ევედრება: „გოგო ძალიან ცუდად მყავს. წამოდი, ხელი დაადე, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“ (მარკოზი 5:23). როგორ რეაგირებს იესო სასოწარკვეთილი მამის მუდარაზე, რომელსაც ერთადერთი შვილი, 12 წლის გოგონა ხელიდან ეცლება? (ლუკა 8:42).

იესო იაიროსს მიჰყვება. გზად მიმავალი კიდევ ერთი გულის ამაჩუყებელი სურათის შემსწრე ხდება. ბევრს, ვინც იესოს მიჰყვება, აინტერესებს, ამჯერადაც გახდებიან თუ არა მისი სასწაულის მოწმენი. თუმცა ამ ხალხს შორის ერთი მძიმედ დასნეულებული ქალიცაა, რომელსაც უფრო მეტად საკუთარი მდგომარეობა აფიქრებს.

ეს იუდეველი ქალი უკვე 12 წელია სისხლდენით იტანჯება. რომელ ექიმს აღარ მიმართა და რა სახსრები არ გაიღო მკურნალობისთვის, მაგრამ უშედეგოდ. მეტიც, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება (მარკოზი 5:26).

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას ნიშნავს ამ ქალისთვის ასეთ საშინელ სნეულებასთან ბრძოლა; ის მხოლოდ ფიზიკურ სისუსტეს კი არ გრძნობს, არამედ თავისი დაავადების გამო მეტად დამამცირებელ და უხერხულ მდგომარეობაშიცაა. ჩვეულებრივ, ასეთ დაავადებაზე ხმამაღლა ლაპარაკს ყველა გაურბოდა. უფრო მეტიც, მოსეს კანონის თანახმად, ქალი, რომელსაც სისხლდენა ჰქონდა, რიტუალური თვალსაზრისით უწმინდურად ითვლებოდა. ნებისმიერს, ვინც ასეთ დაავადებულს ან მის ტანსაცმელს შეეხებოდა, წყლით უნდა დაებანა და საღამომდე უწმინდურად ჩაითვლებოდა (ლევიანები 15:25—27).

იესოს ამბავი ამ ქალის ყურსაც მისწვდა და სწორედ ამიტომ უნდა მასთან ახლოს მისვლა. ვინაიდან ის უწმინდურად ითვლება, ცდილობს ხალხისთვის შეუმჩნევლად მიუახლოვდეს იესოს. იგი გულში ფიქრობს: „ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდები“. ქალი უახლოვდება იესოს, ეხება მისი სამოსის ფოჩს და გრძნობს, რომ სისხლდენა მაშინვე უჩერდება. წლების მანძილზე ამ საშინელი სენით გატანჯული ქალი, როგორც იქნა, „მძიმე დაავადებისგან განიკურნა“ (მარკოზი 5:27—29).

იესო კითხულობს: „ვინ შემეხო?“. როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდა ქალი ამ სიტყვების მოსმენაზე? პეტრე გაკვირვებული პასუხობს იესოს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება“. როგორც ჩანს, პეტრესთვის გაუგებარია, რატომ სვამს იესო ამ კითხვას. იესო ამბობს: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან“ (ლუკა 8:45, 46). იესოს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ქალის განკურნების შედეგად მან იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან.

ქალი ხვდება, რომ შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ამიტომ შიშითა და კანკალით იესოს წინაშე ემხობა და ყველას თვალწინ აღიარებს, რა დაავადება სტანჯავდა და როგორ განიკურნა რამდენიმე წუთის წინ. იესო თბილად მიმართავს მას და ანუგეშებს: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარკოზი 5:34).

აშკარაა, რომ იესო, რომელიც ღმერთმა კაცობრიობის მმართველად აირჩია, საოცრად თბილი და თანამგრძნობი პიროვნებაა, რომელსაც არა მხოლოდ აღელვებს ადამიანთა მდგომარეობა, არამედ მათი დახმარების ძალაც შესწევს!

  • რატომ ელოდება ზღვის ნაპირზე თავმოყრილი ხალხი იესოს დაბრუნებას?

  • რატომ სურს ერთ ქალს, მიუახლოვდეს იესოს?

  • როგორ განიკურნა ეს ქალი და რა სიტყვებით ანუგეშა იესომ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება