ᲜᲐᲙᲚᲘ
ფიზიკური თუ ზნეობრივი დეფექტი; მანკი; წუნი; არასრულყოფილება; სიჯანსაღის ნაკლებობა; რაიმე ცუდი თვისება (კნ. 17:1).
ფიზიკური და ზნეობრივი ნაკლის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვაა მუმ (ლვ. 21:17; იობ. 31:7). ბერძნული სიტყვა მომოს ნიშნავს მანკს, მისი მონათესავე სიტყვა ამომოს კი — უმანკოს (2პტ. 2:13; ეფ. 1:4, აქ, 2006). ორივე სიტყვა მომდინარეობს ფუძიდან მომაომაი, რომელიც ნაკლის პოვნას ნიშნავს (2კრ. 6:3; 8:20).
ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია: «სრულყოფილია მისი ნამოქმედარი [„უმანკოა მისი საქმეები“, Sy]», ისრაელზე კი წერია, რომ „უკეთურად მოიქცნენ ისინი; არ არიან მისი შვილები, ნაკლი აქვთ“ (კნ. 32:4, 5).
ლევიან მღვდელს, რომელიც სრულყოფილი ღვთის წინაშე მსახურობდა, არ უნდა ჰქონოდა ფიზიკური ნაკლი, მაგალითად, არ უნდა ყოფილიყო ბრმა, კოჭლი, ნაიარევი ცხვირით, არათანაბარი კიდურებით, კუზიანი, ხელმოტეხილი ან ფეხმოტეხილი, გაძვალტყავებული, თვალის ან კანის დაავადებით და დაზიანებული სათესლეებით (ლვ. 21:18—20). ისრაელ მღვდელმთავარს არ ჰქონდა ასეთი ნაკლოვანებები, ამიტომ ის სათანადოდ განასახიერებდა დიდებულ მღვდელმთავარს, „უდანაშაულო და წაუბილწველ“ იესო ქრისტეს (ებ. 7:26).
მოსეს კანონით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავები საღი უნდა ყოფილიყო (გმ. 12:5; ლვ. 4:3, 28; კნ. 15:21). იგივე მოთხოვნა ვრცელდებოდა შესაწირავებზე, რომლებიც ეზეკიელის ხილვაში ნანახ ტაძარში იწირებოდა (ეზკ. 43:22, 23). ქრისტემაც, როგორც „უმანკო და უმწიკვლო კრავმა“, „საკუთარი თავი უზადო მსხვერპლად შესწირა ღმერთს“ (1პტ. 1:19; ებ. 9:14).
ბიბლიაში ზოგიერთ ადამიანზე ნათქვამია, რომ ფიზიკურად უნაკლოები იყვნენ, მაგალითად, აბესალომი, შულამელი ქალიშვილი და ბაბილონში გადასახლებული ზოგიერთი ისრაელი ბავშვი (2სმ. 14:25; ქბ. 4:7; დნ. 1:4). კანონი ისრაელებს მოუწოდებდა, ერთმანეთს გაფრთხილებოდნენ და ზიანი არ მიეყენებინათ ერთმანეთისთვის. „თუ კაცი თავის მოძმეს რაიმეს დაუშავებს, რაც მას გაუკეთა, მასაც იგივე გაუკეთონ: მოტეხილობა მოტეხილობით ზღოს, თვალი — თვალით, კბილი — კბილით. რაც მან სხვას გაუკეთა, მასაც იგივე გაუკეთონ“ (ლვ. 24:19, 20). მოციქული პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ მას ქრისტიანული კრების სულიერი ზიანისგან დაცვა სურდა (ეფ. 1:4; 5:27; კლ. 1:22; იხ. აგრეთვე იუდ. 24).
ადამიანთა ნაკლოვანებების მიმართ იეჰოვას დამოკიდებულება. ყველაფერი, რასაც იეჰოვა ღმერთი აკეთებს, სრულყოფილია და უნაკლო (ებრ. თამიმ, მიუთითებს საღზე, სრულყოფილსა და უნაკლოზე), მათ შორის მისი სიტყვები და საქმეები (კნ. 32:4). მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ღმერთს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ მოექცეს თავის ქმნილებებს ისევე, როგორც მეთუნე ექცევა საკუთარ ნახელავს. ღმერთი გარკვეული მიზეზით უთმენს „რისხვის ჭურჭელს“ ისევე, როგორც ფარაონს მოუთმინა, ამასთან წყალობს „წყალობის ჭურჭელს“, და ჩვენ უფლება არა გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მისი ქმედება (რმ. 9:14—24).
მეორე მხრივ, ადამიანის საქციელი და ნამოქმედარი ხშირად უნაკლო არ არის. ყველამ ადამისგან ცოდვა მივიღეთ მემკვიდრეობით (რმ. 5:12; ფს. 51:5). მიუხედავად ამისა, უნაკლო ღმერთი იეჰოვა მწყალობელია, რადგან „კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფს. 103:13, 14). მის თვალში ერთგული და მორჩილი ნოე „მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო“ იყო (დბ. 6:9). მან აბრაამს უთხრა: „იარე ჩემ წინაშე, იყავი უბიწო“ (დბ. 17:1). მიუხედავად იმისა, რომ ნოე და აბრაამი არასრულყოფილები იყვნენ და დაიხოცნენ, იეჰოვამ, რომელიც „გულს ხედავს“, ისინი უბიწოებად ანუ უნაკლოებად ჩათვალა (1სმ. 16:7; შდრ. 2მფ. 20:3; 2მტ. 16:9). მან ისრაელ ერს უბრძანა: „უბიწო იყავი იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე“ (კნ. 18:13; 2სმ. 22:24). მან თავისი უნაკლო ძე გაიღო გამოსასყიდად (ებ. 7:26), რის საფუძველზეც მას შეუძლია მართლებად ანუ უბიწოებად აღიაროს ისინი, ვინც რწმენასა და მორჩილებას ავლენს, და ამასთან, ჩრდილი არ მიაყენოს საკუთარ თავს, როგორც სამართლიან და უნაკლო მსაჯულს (რმ. 3:25, 26; იხ. ᲣᲛᲬᲘᲙᲕᲚᲝᲑᲐ; ᲡᲠᲣᲚᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲐ).
კანონის შეთანხმება. მოციქულმა პავლემ თქვა, რომ მოსეს კანონი „სულიერია“ და „კარგი“ (რმ. 7:14; 1ტმ. 1:8), მეათე მცნებაზე საუბრის შემდეგ კი აღნიშნა: „კანონი წმინდაა და მცნებაც წმინდაა, მართალი და კარგი“ (რმ. 7:7—12). მაშ, როგორ უნდა გავიგოთ მისივე ნათქვამი: „პირველი შეთანხმება რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორის დადება აღარ გახდებოდა საჭირო“ (ებ. 8:7). ამის მიზეზს პავლე თავადვე ხსნის: „ღმერთი [იერემიას პირით] ბრალს სდებს თავის ხალხს“ (ებ. 8:8, 9; შდრ. იერ. 31:31, 32). ის იმასაც ამბობს, რომ კანონმა რაღაც ვერ შეძლო, მაგრამ იქვე მიზეზსაც აღნიშნავს: „მას ძალა დაუკარგა ცოდვილმა ხორცმა“ (რმ. 8:3). ლოგიკური მსჯელობით ის მკითხველს ანახვებს, რომ გასრულყოფილება ლევიანთა სამღვდელოების მეშვეობით შეუძლებელია, რომ ეს სამღვდელოება კანონთან ერთად, რომელიც მის არსებობას ითვალისწინებდა, უნდა შეცვლილიყო, რომ „კანონს არაფერი გაუსრულყოფილებია“ და, რომ კანონით გათვალისწინებული ძღვენიც და მსხვერპლიც „სრულყოფილად ვერ წმენდს ღვთის თაყვანისმცემელთა სინდისს“ (ებ. 7:11, 12, 19; 9:9).
ერთმანეთის ნაკლოვანებების მიმართ სწორი დამოკიდებულება. ბიბლია გვირჩევს: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კლ. 3:13). ყველა შეცდომაზე თუ მიგვითითებდნენ, ყველანი დამნაშავენი აღმოვჩნდებოდით. ნაკლოვანებათაგან უმეტესობაზე თვალის დახუჭვა შესაძლებელია. ცხადია, ქრისტიანმა არ უნდა გაახმაუროს თანაქრისტიანების შეცდომები. ბიბლიაში ბოროტ ადამიანზე ნათქვამია: „ზიხარ და საკუთარი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ, დედაშენის შვილს ცილს სწამებ“ (ფს. 50:16, 20).
მიუხედავად ამისა, იესო ქრისტემ მითითებები მისცა თავის მოწაფეებს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ზოგიერთი სერიოზული ცოდვის შემთხვევაში. პირველი ნაბიჯია: „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე თავის დანაშაულში [სიტყვასიტყვით, „შეაგონე ის“], როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა“. შემდეგ იესომ აუხსნა მათ, რა უნდა გაეკეთებინათ, თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა (მთ. 18:15—17; იხ. აგრეთვე გლ. 6:1).
უნაკლო მსახურება. მოციქული პავლე მადლიერი იყო იმ დიდებული განძისთვის, რომელიც მსახურების სახით ჰქონდა, და დიდად აფასებდა მას. ამიტომ ის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სიფრთხილეს იჩენდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი მსახურება განედიდებინა. მან კორინთის კრებას მისწერა: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას“ (2კრ. 6:3). ამ კრებაში იყვნენ კაცები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ პავლეს მოციქულობას. ისინი აკრიტიკებდნენ და ცილს სწამებდნენ მას, რათა დაემცირებინათ ის და კრების თვალში მისი, როგორც მოციქულის ავტორიტეტი შეელახათ. ვინაიდან პავლემ იცოდა ეს და აცნობიერებდა, რომ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა კრიტიკისა და პრობლემების შექმნის საშიშროება, ის დაჰპირდა კორინთის კრებას, რომ ტიტეს და კრებების მიერ დანიშნულ კიდევ ერთ სანდო ძმას გაუგზავნიდა მათ, რათა შესაწირავებისთვის მიეხედათ. პავლე წერდა: „ვფრთხილობთ, ამ გულუხვ შეწირულობას ისე მივხედოთ, [რომ] ნაკლი ვერავინ გვიპოვოს“ (2კრ. 8:16—21).