საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შემოწირულობა, დახმარება“
  • შემოწირულობა, დახმარება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შემოწირულობა, დახმარება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
  • ‘ხელგაშლილობის სიმდიდრეს’ სიხარული მოაქვს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ნებაყოფლობითი შესაწირავი წმინდა მსახურებისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შემოწირულობა, დახმარება“

შემოწირულობა, დახმარება

საჩუქარი ან ფულადი თუ სხვა სახის დახმარება. ებრაული სიტყვა თერუმაჰ ნიშნავს შემოწირულობას, შესაწირავს, წმინდა წილს (გმ. 25:2; 29:27). ის მომდინარეობს ზმნიდან რუმ, რაც სიტყვასიტყვით მაღლა ყოფნას, განდიდებას, აპყრობას ან აწევას ნიშნავს (იობ. 22:12; 1სმ. 2:1; დბ. 14:22). მისი კაუზატიური ფორმა შეიძლება ითარგმნოს როგორც „აღავლენინა [შესაწირავი]“, ანუ „გაიღო შესაწირავი“ (ლვ. 22:15).

შესაწირავი შეიძლება მაინცდამაინც არ იყოს მატერიალური. პავლე მადლობას უხდიდა ღმერთს იმ წვლილის გამო, რომელიც ფილიპელ ქრისტიანებს შეჰქონდათ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად. გარდა იმისა, რომ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას, ისინი მატერიალურად ეხმარებოდნენ პავლეს და შესაძლოა სხვებსაც, რითაც ერთგულად უჭერდნენ მხარს სასიხარულო ცნობის გავრცელებას (ფლ. 1:3—5; 4:16—18).

ისრაელებს ჰქონდათ პატივი, გაეღოთ შესაწირავი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ნაგებობების ასაგებად და აღსაჭურავად. მათ შესწირეს მასალები კარვისა და მისი მოწყობილობების დასამზადებლად (გმ. 25:1—9; 35:4—9). ვინაიდან იეჰოვასთვის გაღებული „ნებაყოფლობითი შესაწირავი“ „საკმარისი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად, საკმარისზე მეტიც“, მათ უნდა შეეწყვიტათ მისი მიტანა (გმ. 35:20—29; 36:3—7). ტაძრის ასაშენებლად მეფე დავითის გაღებულ შესაწირავში შედიოდა მისი „ძვირფასი ქონება“ ანუ ოქრო-ვერცხლი, რომლის ღირებულებაც $1 202 000 000-ს აღემატებოდა. მთავრებმა და ხალხის თავკაცებმაც, სპილენძის, რკინისა და ძვირფასი ქვების გარდა, სიხარულით გაიღეს $1 993 000 000 ღირებულების ოქრო-ვერცხლი (1მტ. 29:1—9).

ზოგიერთი შესაწირავის გაღება კანონით მოითხოვებოდა. როცა მოსემ ისრაელები აღრიცხა, თითოეულ მამაკაცს 20 წლიდან ზემოთ თავისი სულის გამოსასყიდად უნდა გაეღო „ნახევარი შეკელი [შესაძლოა $1,10] წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით“. ეს იყო იეჰოვას შესაწირავი მათი სულებისთვის გამოსყიდვის წესისა და „შეხვედრის კარავში მსახურების“ შესასრულებლად (გმ. 30:11—16). ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის თანახმად, მას შემდეგ ამ „წმინდა გადასახადს“ ყოველწლიურად იხდიდნენ („იუდეველთა ომი“, VII, 218 (vi, 6), ინგლ.; 2მტ. 24:6—10; მთ. 17:24; იხ. გადასახადები).

სამღვდელო ტომის, ლევიანების სარჩენად ღმერთმა ისრაელებს მოსავლიდან მეათედების გაღება უბრძანა. ლევიანებიც მეათედს იღებდნენ მღვდელმთავრისა და მისი ოჯახის სარჩენად (რც. 18:26—28; იხ. მეათედი). იეჰოვამ მღვდელმთავარ აარონს ჩააბარა ისრაელების მიერ ღვთისთვის გაღებული შესაწირავები, რითაც აარონსა და მის ვაჟებს უფლება მისცა, წილი აეღოთ შესაწირავებიდან და იეჰოვასთვის ხალხის მიერ მიტანილი ზეთიდან, ღვინიდან, მარცვლეულიდან და პირველმოწეული ნაყოფიდან. იეჰოვამ აგრეთვე დაუწესა მათ წილი ცხოველური შესაწირავებიდან. ომში აღებული ნადავლიდან გადასახადს, როგორც „იეჰოვას შესაწირავს“, უხდიდნენ მღვდელმთავარს. ნადავლიდან წილს ლევიანებიც იღებდნენ (რც. 31:1, 2, 28—30).

ისრაელებს იეჰოვასთვის სხვადასხვაგვარი შესაწირავი თუ მსხვერპლი მიჰქონდათ, რომელთაგან ზოგიერთი კანონით მოითხოვებოდა. თუმცა ზოგი, მაგალითად სამადლობელი მსხვერპლი და აღთქმული შესაწირავი, ნებაყოფლობითი იყო (ლვ. 7:15, 16; იხ. შესაწირავები).

იეჰოაშის მეფობის დროს იეჰოვას სახლის კარიბჭესთან ყუთი დადგეს, სადაც ხალხი შესაწირავს ყრიდა ტაძრის შესაკეთებლად. იმ დროს მთავრები და ხალხი სიხარულით იხდიდნენ „წმინდა გადასახადს“ ღვთის სახლის გასამაგრებლად და ტაძრისთვის სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად (2მტ. 24:4—14).

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის არაისრაელებიც სწირავდნენ. როცა ეზრა და იუდეველთა ნაწილი ძვ. წ. 468 წელს ბაბილონიდან იერუსალიმში მიემგზავრებოდნენ, მათ მიჰქონდათ სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს, მისი მრჩევლებისა და მთავრების, აგრეთვე ბაბილონში მცხოვრები ისრაელების მიერ ღვთის სახლისთვის შეწირული ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი. მგზავრობის დროს ეს ძვირფასი ნივთები არჩეულ კაცებს ჰქონდათ ჩაბარებული (ეზრ. 7:12—20; 8:24—30).

იესო ქრისტე და მისი მოციქულები მსახურების დროს უარს არ ამბობდნენ მატერიალურ დახმარებაზე (ლკ. 8:1—3). მაკედონიასა და აქაიაში მცხოვრები ქრისტიანები დიდი სიხარულით ეხმარებოდნენ გაჭირვებულ თანამორწმუნეებს. მათ „სიამოვნებით გაიღეს შესაწირავები [როგორც ჩანს, ფული] იერუსალიმში მცხოვრები ღარიბი წმინდებისთვის“ (რმ. 15:26; იხ. შეგროვება).

რომაელების 15:26-სა და 2 კორინთელების 9:13-ში შესაწირავებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა (კენონია) სიტყვასიტყვით გაზიარებას ნიშნავს. ეს ბერძნული სიტყვა გვხვდება ებრაელების 13:16-შიც, სადაც ვკითხულობთ: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“.

სხვადასხვა ადგილიდან იერუსალიმში ჩასული მრავალი იუდეველი და პროზელიტი, რომლებიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს გაქრისტიანდნენ, როგორც ჩანს, გარკვეული დროით დარჩნენ იქ, რათა განმტკიცებულიყვნენ რწმენაში. ისინი ნებაყოფლობით სწირავდნენ თავიანთ ქონებას და „ყველაფერი საერთო ჰქონდათ“, რათა არავის გასჭირვებოდა (სქ. 4:32—37; შდრ. სქ. 5:1—4). მოგვიანებით იერუსალიმის კრება ყოველდღიურად აძლევდა საკვებს გაჭირვებულ ქვრივებს (სქ. 6:1—3). პავლე მითითებებს აძლევდა ქრისტიანებს, თუ როგორ უნდა გამოყენებულიყო შეწირული თანხები იმ ქვრივების დასახმარებლად, რომლებიც დახმარებას იმსახურებდნენ (1ტმ. 5:9, 10; იხ. დახმარება (გაჭირვებულთა)).

ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში შესაწირავების გაღება სრულიად ნებაყოფლობითი იყო. ამის შესახებ პავლემ დაწერა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2კრ. 9:7).

ზოგადად, შესაწირავის რაოდენობით შეუძლებელია ადამიანის ხელგაშლილობის განსაზღვრა. ერთხელ იესო ქრისტე აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს ტაძარში დადგმულ ფულის ჩასაყრელში. მდიდრები ბევრს ყრიდნენ, თუმცა იესოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გაჭირვებული ქვრივის ხელგაშლილობამ, რომელმაც მხოლოდ ორი პატარა მონეტა ჩააგდო. იესომ თქვა: „ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. ყველამ ის გაიღო ძღვნად, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“ (ლკ. 21:1—4; მრ. 12:41—44). გაჭირვებული თანამორწმუნეების დასახმარებლად გაღებულ შესაწირავებზე პავლემ თქვა: „როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2კრ. 8:12).

არავის შეუძლია იეჰოვას, ყოველივეს მფლობელის გამდიდრება (1მტ. 29:14—17), თუმცა შესაწირავის გაღება თაყვანისმცემელს იეჰოვასადმი სიყვარულის დამტკიცების შესაძლებლობას აძლევს. შესაწირავს, რომელსაც ის სხვების დასანახვებლად ან გამორჩენის მიზნით კი არ აკეთებს, არამედ წრფელი მოტივით და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად, მისთვის ბედნიერება და ღვთის კურთხევა მოაქვს (სქ. 20:35; მთ. 6:1—4; იგ. 3:9, 10). ასეთი ბედნიერება წილად ხვდებათ მათ, ვინც რეგულარულად გადადებს ნაწილს თავისი ქონებიდან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად და ღირსეულთა დასახმარებლად (1კრ. 16:1, 2).

გაცემის საუკეთესო მაგალითს იეჰოვა გვაძლევს: ის ყველას აძლევს „სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“ (სქ. 17:25); მან კაცობრიობისთვის გაიღო თავისი მხოლოდშობილი ძე (ინ. 3:16); ის ქრისტიანებს ამდიდრებს ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის (2კრ. 9:10—15). მართლაც, „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის“ (იაკ. 1:17; იხ. საჩუქარი, ძღვენი).

იხ. აგრეთვე წმინდა შესაწირავი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება