ათალია
1. იუდას დედოფალი; ისრაელის მეფე ახაბისა და მისი ცოლის, იზებელის ასული; ომრის შვილიშვილი (2მფ. 8:18, 26); ის იყო ისრაელის მეფე იეჰორამისა და ახაბის სხვა 70 ვაჟის და ან ნახევარდა, რომელებიც იეჰუმ დაახოცვინა (2მფ. 3:1, 2; 10:1—9). ათალიასა და იუდას მეფე იეჰოშაფატის უფროსი ვაჟის, იეჰორამის ქორწინებას პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა (2მფ. 8:25—27; 2მტ. 18:1). მას ეყოლა ახაზია, რომელიც მოგვიანებით იუდას მეფე გახდა.
დედამისის, იზებელის მსგავსად, ათალია თავის ქმარს, იეჰორამს უბიძგებდა, რომ რვაწლიანი მმართველობის დროს იეჰოვას თვალში ბოროტება ჩაედინა (1მფ. 21:25; 2მტ. 21:4—6). დედის მსგავსად ათალიამაც ბევრი უდანაშაულო სისხლი დაღვარა. როცა მისი ბოროტი ვაჟი ახაზია ერთწლიანი მმართველობის შემდეგ მოკვდა, მან ამოწყვიტა სამეფო გვარის სხვა წარმომადგენლები, გარდა ჩვილი იეჰოაშისა, რომელიც გადამალეს მღვდელმთავარმა და მისმა ცოლმა, იეჰოაშის მამიდამ. ამის შემდეგ ათალია ექვს წელს მართავდა იუდას (დ. ძვ. წ. 905—ძვ. წ. 899) (2მტ. 22:11, 12). მისმა ვაჟებმა გაძარცვეს იეჰოვას ტაძარი და ბაალს შესწირეს იქიდან წაღებული წმინდა ნივთები (2მტ. 24:7).
როცა იეჰოაში შვიდი წლისა გახდა, ღვთის მოშიშმა მღვდელმთავარმა იეჰოიადამ ის სამალავიდან გამოიყვანა და მას, როგორც ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, სამეფო გვირგვინი დაადგა. ხმაურზე ათალია შეიჭრა ტაძარში და როცა ნახა, რაც ხდებოდა, დაიყვირა: „შეთქმულებაა, შეთქმულება!“. მღვდელმთავარმა იეჰოიადამ ბრძანა, ის ტაძრის ტერიტორიიდან გაეყვანათ და მეფის სასახლის ცხენის კარიბჭესთან სიკვდილით დაესაჯათ. სავარაუდოდ, ათალია ახაბის საზიზღარი საგვარეულოს ბოლო წარმომადგენელი იყო (2მფ. 11:1—20; 2მტ. 22:1—23:21). მართლაც, იეჰოვას არც ერთი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი ახაბის სახლზე! (2მფ. 10:10, 11; 1მფ. 21:20—24).
2. იერუსალიმის მკვიდრი ბენიამინელი იეჰორამის საგვარეულოდან (1მტ. 8:26—28).
3. იმ კაცის მამა, რომელიც ძვ. წ. 468 წელს ეზრასთან ერთად დაბრუნდა იერუსალიმში. იყო ელამის საგვარეულოდან (ეზრ. 8:1, 7).