დევნა
ცალკეული პირის ან გარკვეული ჯგუფის შევიწროება, შეურაცხყოფა ან მათთვის ზიანის მიყენება სოციალური მდგომარეობის, წარმოშობის ან რელიგიური მრწამსის გამო. რელიგიური ნიშნით დევნა მიზნად ისახავს ამა თუ იმ რელიგიური შეხედულების გავრცელებისთვის ხელის შეშლას და მის აღმოფხვრას. დევნად ნათარგმნი ებრაული ზმნა რადაფ და ბერძნული ზმნა დიოკო შეიძლება „დადევნებადაც“ ითარგმნოს (გმ. 15:9; კნ. 1:44; ლკ. 17:23).
არსებობს დევნის სხვადასხვა ფორმა. ესენია: შეურაცხყოფა, დაცინვა (2მტ. 36:16; სქ. 19:9), ეკონომიკური შევიწროება (გმც. 13:16, 17), სხეულის დაზიანება (მთ. 27:29, 30; სქ. 5:40), დაპატიმრება (ლკ. 21:12; სქ. 16:22—24), სიძულვილის გამოვლენა და სიცოცხლის ხელყოფაც კი (მთ. 24:9; სქ. 12:2). დევნა შეიძლება პროვოცირებული იყოს რელიგიური წინამძღოლების მიერ (მრ. 3:6; სქ. 24:1, 27), გაუთვითცნობიერებელი (დბ. 21:8, 9; გლ. 4:29) და უმეცარი ადამიანების (1ტმ. 1:13) ან უმართავი და ფანატიკოსი ბრბოს მიერ (ლკ. 4:28, 29; სქ. 14:19; 17:5). თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები მხოლოდ ბრმა იარაღი არიან ძლიერი და ავისმზრახველი უხილავი ბოროტი სულიერი ძალების ხელში (ეფ. 6:11, 12).
დაბადების 3:14, 15-ში ჩაწერილი იეჰოვა ღმერთის პირველი წინასწარმეტყველების თანახმად, „გველსა“ და „ქალს“ შორის და მათ შთამომავლებს შორის მტრობა ჩამოვარდებოდა. ბიბლია ადასტურებს ამ წინასწარმეტყველების შესრულებას. იესომ ნათელი მოჰფინა იმას, რომ გველი სატანა ეშმაკია. მან თავის მდევნელებს უთხრა, რომ მათი მამა ეშმაკი იყო და ისინი მისი შთამომავლები იყვნენ (ინ. 8:37—59). წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, დევნა, რომელსაც სატანა ახორციელებს, ქრისტეს გამეფებამდე და გამეფების შემდეგაც გარკვეული ხნით უნდა გაგრძელებულიყო. დედამიწაზე ჩამოგდების შემდეგ სატანა ანუ დრაკონი და მისი ანგელოზები დევნიან „ქალს“; ის აგრეთვე ებრძვის „დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია“ (გმც. 12:7—17). ამისათვის სატანა ოდითგანვე იყენებს „მხეცსა“ და „დიდ ბაბილონს“ (გმც. 13:1, 7; 17:5, 6; იხ. მხეცები, სიმბოლური). ბიბლიიდან თვალნათლივ ჩანს, რომ სატანა ყველა ეპოქაში ემტერებოდა მათ, ვინც გულწრფელად ცდილობდა ღვთის ნების შესრულებას, რასაც შემდეგი ისტორიული მიმოხილვაც მოწმობს.
ისტორიული მიმოხილვა. იესოს სიტყვების თანახმად, რელიგიური დევნა დასაბამს ჯერ კიდევ ადამის ვაჟის, კაენის დროიდან იღებს (დბ. 4:3—8; მთ. 23:34, 35). „ბოროტის“ ანუ სატანა ეშმაკის წაქეზებით კაენმა თავისი ძმა, აბელი მოკლა (1ინ. 3:12). მკვლელობის მიზეზი იეჰოვასადმი აბელის ერთგულება იყო (ებ. 11:4). ღვთისმოსავი იობი, რომლის სახელიც „მტრობის ობიექტს“ ნიშნავს, სატანის მხრიდან სასტიკი დევნის სამიზნე გახდა. იობის ცოლი და სამი მეგობარი ნებსით თუ უნებლიეთ ღვთისა და კაცთა დაუძინებელი მტრის ხელში ბრმა იარაღად იქცნენ (იობ. 1:8—2:9; 19:22, 28).
ზოგჯერ ღვთის წარმომადგენლებს იუდასა და ისრაელის მმართველებიც ავიწროებდნენ. მაგალითად: მეფე საული დაუნდობლად დევნიდა დავითს, რომელსაც ღმერთმა „გულით სასურველი კაცი“ უწოდა (სქ. 13:22; 1სმ. 20:31—33; 23:15, 26; ფს. 142:6); ახაბმა და იზებელმა თავიანთი მმართველობის დროს იეჰოვას მრავალი წინასწარმეტყველი დახოცეს. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც გაქცევით უშველა თავს (1მფ. 18:13, 14; 19:10); მეფე მენაშემ „ბევრი უდანაშაულო სისხლი დაღვარა“ (2მფ. 21:16); მეფე იეჰოიაკიმმა მოკლა ურია, „რომელიც იეჰოვას სახელით წინასწარმეტყველებდა“ (იერ. 26:20—23); იერემიასაც სასტიკად ჩაგრავდნენ იუდას მთავრები (იერ. 15:15; 17:18; 20:11; 37:15, 16; 38:4—6). ისრაელის ორგულობის გამო იეჰოვა ზოგჯერ ნებას რთავდა სხვა ერებს, შეევიწროებინათ ისინი და ზოგ შემთხვევაში გადაესახლებინათ კიდეც (კნ. 30:7; გდ. 1:3).
იეჰოვას ერთგულთა სასტიკი დევნის მიზეზი ოფიციალური დადგენილებაც გამხდარა. ამის თვალსაჩინო მაგალითია გავარვარებულ ღუმელში სამი ებრაელის ჩაყრა და ლომების ხაროში დანიელის ჩაგდება (დნ. 3:13—20; 6:4—17). სპარსეთის მეფე ახაშვეროშის მმართველობის დროს ბოროტი აგაგელი ჰამანის ინიციატივით დევნის ტალღა ებრაელების, განსაკუთრებით კი მორდოქაის წინააღმდეგ აგორდა (ესთ. 3:1—12; 5:14).
მდევნელები შეიძლება ძველი ნაცნობები (1პტ. 4:4), მეგობრები და მეზობლები იყვნენ (იერ. 1:1; 11:21). როგორც იესომ თქვა, მორწმუნეს შეიძლება ოჯახის წევრებიც ექცნენ სასტიკ მდევნელებად (მთ. 10:21, 35, 36).
დევნის მთავარი ინიციატორები ხშირად ცრუ რელიგიის მხარდამჭერები იყვნენ. სწორედ ასეთები დევნიდნენ იერემიასა (იერ. 26:11) და მოციქულ პავლეს (სქ. 13:6—8; 19:23—29). გამონაკლისი არც იესო ყოფილა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი შეკრიბეს და ... კაიაფამ, რომელიც იმ წელს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: „ ... ვერ მიმხვდარხართ, რომ თქვენთვის უკეთესია, ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“ ... იმ დღეს მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი [იესო] » (ინ. 11:47—53). ვიდრე წამების ბოძზე მოკვდებოდა, იესოს მრავალი ტანჯვის ატანა მოუწია იმ უღვთო ადამიანებისგან, რომლებიც მისი მოკვლის მსურველ რელიგიურ წინამძღოლებს უჭერდნენ მხარს (მთ. 26:67; 27:1, 2, 26—31, 38—44).
ქრისტიანთა დევნა. იეჰოვას ერთგულ მსახურთა დევნა იესოს სიკვდილით არ დამთავრებულა. იესომ, დიდმა წინასწარმეტყველმა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე ორგულ იერუსალიმს უწინასწარმეტყველა: „გიგზავნით წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს. ზოგ მათგანს მოკლავთ და ბოძზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ სინაგოგებში და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით, რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც საწმინდარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით“ (მთ. 23:34, 35).
იესოს თავისი მოწაფეებისთვის არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო ... როცა ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მეორეში გაიქეცით“. „მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“. „სინაგოგიდან მოგკვეთენ. მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (მთ. 10:22, 23; ინ. 15:20; 16:2).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ქრისტიანთა დაპატიმრება, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყო (სქ. 4:1—3, 21; 5:17, 18). ერთ-ერთი პირველი, ვინც შეიპყრეს და ჩაქოლეს, სტეფანე იყო. სიკვდილამდე თავის მდევნელთა წინააღმდეგ მან შემდეგი სიტყვებით დაამოწმა: „რომელ წინასწარმეტყველს არ დევნიდა თქვენი მამა-პაპა? ისინი კლავდნენ მათ, ვინც წინასწარ აუწყებდა იმ მართლის მოსვლას, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით“ (სქ. 7:52—60; იხ. აგრეთვე ებ. 11:36, 37). სტეფანეს მკვლელობას დევნის დიდი ტალღა მოჰყვა, რომლის ერთ-ერთი მოთავე ტარსოსელი სავლე იყო. შედეგად იერუსალიმის კრების წევრები აქეთ-იქით გაიფანტნენ, მაგრამ სასიხარულო ცნობის ქადაგება მაინც არ შეუწყვეტიათ (სქ. 8:1—4; 9:1, 2). მოგვიანებით ჰეროდე აგრიპა I-მა იოანეს ძმა, იაკობი მახვილით მოაკვლევინა. იგივე ბედი ეწეოდა პეტრეს, ღამით იეჰოვას ანგელოზს სასწაულებრივად რომ არ ეხსნა (სქ. 12:1—11).
ქრისტიანობაზე მოქცეული მდევნელი სავლე დევნილი პავლე გახდა. როგორც თავად აღნიშნა, ეს იეჰოვას წყალობით მოხდა მაშინ, როცა მიხვდა, რომ სინამდვილეში უფალს უპირისპირდებოდა (სქ. 9:4, 5; 22:4, 7, 8; 26:11, 14, 15; 1კრ. 15:9; გლ. 1:13, 23; ფლ. 3:6). მისი მსახურებისა და მოგზაურობის შესახებ მონათხრობიდან ვიგებთ, რომ მას არაერთხელ მოუწია ქრისტიანობის მტრებისგან დევნის ატანა (სქ. 13:50; 2კრ. 6:3—5; 11:23—25; გლ. 5:11; 2ტმ. 3:10, 11).
ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნა ნერონის შემდეგაც გაგრძელდა (იხ. ქრისტიანი). მათ სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ, მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთი იყო — ქრისტიანობის აღგვა მიწის პირისგან.
სწორი დამოკიდებულება დევნის მიმართ. ღვთის კანონების დამცველი ქრისტიანი დევნას ვერ გაექცევა, ვინაიდან „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2ტმ. 3:12). მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ნებისმიერი დევნის ატანა შეუძლიათ, თანაც ისე, რომ სიცოცხლის ხალისი არ დაკარგონ, არ გაბოროტდნენ და არც მდევნელი შეიძულონ, რადგან ესმით, ვინ დგას დევნის უკან და რატომ უშვებს ღმერთი ამას. დევნა მათ საგონებელში არ აგდებთ, პირიქით, უხარიათ, რომ ქრისტეს მსგავსად შეუძლიათ განსაცდელში თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ (1პტ. 4:12—14).
ქრისტიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სიმართლის გულისთვის იტანჯება. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ მისი დევნის მიზეზი არ უნდა გახდეს პოლიტიკაში ჩარევა, შეთქმულებაში მონაწილეობა ან ესა თუ ის კრიმინალური ქმედება. პეტრე მოციქული ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და ამბობს: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს“ (1პტ. 2:11, 12). შემდეგ პეტრე საუბრობს გამგებლების, ბატონებისა და ქმრებისადმი მორჩილებაზე და მისაბაძ ნიმუშად ქრისტე იესო მოჰყავს (1პტ. 2:13—25; 3:1—6). ქრისტიანი ბედნიერი უნდა იყოს, თუ სიმართლის გულისთვის იტანჯება (1პტ. 3:13, 14). მაგრამ ის არასოდეს უნდა დაიტანჯოს, როგორც მკვლელი ან ქურდი, ბოროტმოქმედი ან სხვის საქმეში ჩამრევი (1პტ. 4:15, 16).
ქრისტიანებმა იციან, რომ მოთმინებისა და ამტანობისთვის ჯილდოს მიიღებენ. ჯილდოს შესახებ იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მთ. 5:10). მათ მკვდრეთით აღდგომის იმედი აქვთ, რადგან იცნობენ ამ იმედის მომცემს. ეს მათ ძალას აძლევს, ღვთის ერთგულები დარჩნენ, თუნდაც მოძალადე მდევნელებისგან სიკვდილი ემუქრებოდეთ. ვინაიდან სწამთ, რომ იესომ მსხვერპლად გაღებული სიცოცხლით კაცობრიობა სიკვდილისგან იხსნა, მოწამებრივი სიკვდილი არ აშინებთ (ებ. 2:14, 15). ქრისტიანის აზროვნება დიდ როლს თამაშობს ძლიერი წინააღმდეგობის დროს ერთგულების შენარჩუნებაში. მას „ისეთივე აზროვნება“ უნდა ჰქონდეს, „როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა ... [რომელიც] მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფლ. 2:5—8). „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან [იესომ] სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებ. 12:2; იხ. აგრეთვე 2კრ. 12:10; 2თს. 1:4; 1პტ. 2:21—23).
დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ქრისტიანების დამოკიდებულებას მდევნელთა მიმართ. მტრის სიყვარული და მისთვის ლოცვა დევნას ასატანს ხდის (მთ. 5:44; რმ. 12:14; 1კრ. 4:12, 13). ქრისტიანებმა ისიც იციან, რომ თუ ზეციერი სამეფოსთვის სახლ-კარსა და ახლობლებს დატოვებენ, „დევნის დროსაც“ კი ასმაგად მიიღებენ სანაცვლოს (მრ. 10:29, 30). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა, ვინც ისმენს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, დევნის ტალღას ვერ გაუძლებს; ზოგი განსაცდელის თავიდან ასარიდებლად შეიძლება კომპრომისზე წავიდეს (მთ. 13:21; გლ. 6:12). მაგრამ დევნის დროს უმჯობესია იეჰოვას ძალაზე დაყრდნობა და დავითის მსგავსად ლოცვა, რომ დაგვიხსნას მდევნელთა ხელიდან. ამასთანავე, ქრისტიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იეჰოვა თავის მსახურებს გასაჭირში არ მიატოვებს. ვინც ასე მოიქცევა, პავლე მოციქულივით იტყვის: „ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისით, ვინც შეგვიყვარა“ (ფს. 7:1; 2კრ. 4:9, 10; რმ. 8:35—37).