რა გვიშლის ხელს, გავიცნოთ ღმერთი სახელით?
ერთ პიროვნებას ძალიან უნდა, რომ ხელი შეგიშალოთ იეჰოვას სახელით გაცნობასა და მასთან დაახლოებაში. ვინ არის ეს ბოროტი მტერი? ბიბლია მას „ამ ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს, რომელმაც „ურწმუნოებს . . . დაუბრმავა გონება“. ამ უღვთო ქვეყნიერების ღმერთი სატანა ეშმაკია. ის ცდილობს, სულიერ სიბნელეში გამყოფოთ, რათა თქვენს გულებში „ღვთის შესახებ დიდებული ცოდნა“ არ ანათებდეს. სატანას არ უნდა, რომ იეჰოვას სახელით იცნობდეთ. როგორ უბრმავებს ის ხალხს გონებას? (2 კორინთელები 4:4—6).
სატანა ცრუ რელიგიის მეშვეობით უბნევს ხალხს თავგზას, რომ არ გაიცნონ ღმერთი სახელით. მაგალითად, ძველ დროში ზოგი იუდეველი ღვთის სიტყვის მიყოლას ტრადიციის მიყოლას ამჯობინებდა, რომლის მიხედვითაც ღვთის სახელი არ უნდა მოეხსენიებინათ. ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნისთვის იმ იუდეველებს, რომლებიც სინაგოგაში წმინდა წერილებს კითხულობდნენ ხმამაღლა, მითითება ჰქონდათ მიცემული, კითხვისას ღვთის სახელის ნაცვლად წარმოეთქვათ „ადონაი“, რაც „უფალს“ ნიშნავს. ამან კიდევ უფრო ჩამოაშორა ხალხი ღმერთს და ბევრმა დაკარგა ის კურთხევები, რაც ღმერთთან ახლო ურთიერთობას მოაქვს. რის თქმა შეიძლება იესოზე? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას იეჰოვას სახელის მიმართ?
იესო და მისი მიმდევრები ამცნობდნენ ღვთის სახელს
იესომ მამას ლოცვაში უთხრა: „ვამცნე . . . შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ“ (იოანე 17:26). ეჭვგარეშეა, რომ იესო ხშირად წარმოთქვამდა ღვთის სახელს, როცა კითხულობდა ებრაულ წერილებს, იქიდან ციტირებდა ან უხსნიდა ამ წერილების გარკვეულ მონაკვეთებს, რომლებშიც ეს მნიშვნელოვანი სახელი ეწერა. აქედან გამომდინარე, იესო ისევე თავისუფლად მოიხსენიებდა ღვთის სახელს, როგორც მანამდე მცხოვრები წინასწარმეტყველები. თუ ზოგიერთი იუდეველი იესოს მსახურების პერიოდში უკვე იკავებდა თავს ღვთის სახელის ხსენებისგან, იესოსთვის ასეთი რამ უცხო იყო. მან მკაცრად გააკრიტიკა რელიგიური წინამძღოლები: „თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“ (მათე 15:6).
იესოს ერთგული მიმდევრები მიჰყვებოდნენ მის ნაკვალევს და მისი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ღვთის სახელს ამცნობდნენ (იხილეთ ჩარჩო „იყენებდნენ ადრინდელი ქრისტიანები ღვთის სახელს?“). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, სწორედ იმ დღეს, როცა ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, მოციქულმა პეტრემ ციტატა მოიყვანა იოელის წინასწარმეტყველებიდან და იქ შეკრებილ უამრავ იუდეველსა და პროზელიტს უთხრა: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (საქმეები 2:21; იოელი 2:32). ადრინდელი ქრისტიანები მრავალი ერის წარმომადგენლებს ეხმარებოდნენ, გაეცნოთ იეჰოვა სახელით. იერუსალიმში შეკრებილი მოციქულებისა და უხუცესების შეხვედრაზე მოწაფე იაკობმა თქვა: „მოხედა ღმერთმა . . . უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14).
მიუხედავად ამისა, ღვთის სახელის მტერი თავისას არ იშლიდა. სატანა არ კარგავდა დროს და მოციქულების გარდაცვალებისთანავე განდგომილების სულის გაღვივება დაიწყო (მათე 13:38, 39; 2 პეტრე 2:1). მაგალითად, ეგრეთ წოდებული ქრისტიანი მწერალი იუსტინე წამებული, რომელიც დაახლოებით იმ დროს დაიბადა, როცა უკანასკნელი მოციქული იოანე გარდაიცვალა, თავის ნაშრომებში არაერთხელ ამბობდა, რომ ყოველივეს მბოძებელ ღმერთს „საკუთარი სახელი არ გააჩნია“.
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ასლების გაკეთებისას განდგომილმა ქრისტიანებმა იეჰოვას სახელის ნაცვლად დაწერეს ბერძნული სიტყვა „კირიოს“, რაც „უფალს“ ნიშნავს. ებრაულ წერილებთან დაკავშირებითაც იგივე მოხდა. განდგომილმა იუდეველმა გადამწერებმა, რომლებიც ღვთის სახელს აღარ წარმოთქვამდნენ ხმამაღლა, წმინდა წერილებში 130-ზე მეტ ადგილას შეცვალეს ღვთის სახელი სიტყვით „ადონაი“. ახ. წ. 405 წელს იერონიმემ დაასრულა ბიბლიის თარგმანი ლათინურ ენაზე. ამ თარგმანს უწოდეს „ვულგატა“ და ის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული თარგმანი იყო. თუმცა ამ თარგმანიდანაც ამოღებულ იქნა ღვთის საკუთარი სახელი.
როგორ ხდება ბოლო დროს ღვთის სახელის დავიწყება?
სწავლულებისთვის ცნობილია, რომ ბიბლიაში იეჰოვას სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული. ამიტომ ზოგიერთ გავრცელებულ თარგმანში, მაგალითად, კათოლიკურ Jerusalem Bible-ში, ესპანურ ენაზე შესრულებულ კათოლიკურ La Biblia Latinoamérica-სა და ამავე ენაზე გამოცემულ ცნობილ Reina Valera-ს თარგმანში ხშირად გვხვდება ღვთის საკუთარი სახელი. ზოგიერთ თარგმანში ღვთის სახელი გადმოტანილია, როგორც „იაჰვე“.
სამწუხაროდ, ბევრი ეკლესია, რომელიც ბიბლიის თარგმნას აფინანსებს, ზეწოლას ახდენს სწავლულებზე, რათა თავიანთი თარგმანებიდან ამოიღონ ღვთის სახელი. მაგალითად, 2008 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ვატიკანის მიერ კათოლიკე ეპისკოპოსთა შეკრებების თავჯდომარეების მიმართ მიწერილ წერილში, ნათქვამი იყო: „ბოლო წლებში შემოიპარა ისრაელის ღვთის სახელის ხსენების ტენდენცია“. ამ წერილში პირდაპირი მითითება იყო მოცემული: «„ღვთის სახელი . . . არც უნდა იწერებოდეს და არც უნდა მოიხსენიებოდეს“. უფრო მეტიც, ბიბლიური ტექსტის თანამედროვე ენებზე თარგმნისას . . . ღვთის სახელის ტეტრაგრამატონი უნდა გადმოტანილ იქნას „ადონაისა“ და „კირიოსის“ ეკვივალენტით ანუ „უფლით“». აშკარაა, რომ ვატიკანის ამ ბრძანების მიზანია, ხალხს ღვთის სახელი დაავიწყოს.
პროტესტანტებიც უპატივცემულოდ ეპყრობიან იეჰოვას სახელს. მათ მიერ დაფინანსებული 1978 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული „ახალი საერთაშორისო თარგმანის“ რედაქციის წარმომადგენელმა დაწერა: «იეჰოვა არის ღვთის გამორჩეული სახელი და წესით ის უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ ამ თარგმანში 2 250 000 დოლარი დავხარჯეთ და არ ღირს ამხელა თანხის წყალში ჩაყრა, მხოლოდ იმიტომ, რომ, მაგალითად, 23-ე ფსალმუნში დავწეროთ: „იაჰვეა ჩემი მწყემსი“»
გარდა ამისა, ეკლესიები ხელს უშლიან ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ ხალხს, რომ ღმერთი სახელით გაიცნონ. გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების მრჩეველი მთარგმნელობით საკითხებში, სტივენ ვოუთი წერს: „ლათინური ამერიკის პროტესტანტულ წრეებში ერთ-ერთი სადავო საკითხი, რომელზე კამათსაც ბოლო არ უჩანს, ეხება სახელ იეჰოვას გამოყენებას . . . საინტერესოა ისიც, რომ ახალ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიამ, რომელიც საკმაოდ დიდია და საკმაოდ სწრაფადაც იზრდება . . . მოითხოვა Reina Valera-ს თარგმანის 1960 წლის გამოცემა, ოღონდ სახელ იეჰოვას გარეშე. ეს სახელი ჩანაცვლებული უნდა ყოფილიყო უფლით“. ვოუთის სიტყვების თანახმად, გაერთიანებულმა ბიბლიურმა საზოგადოებამ თავიდან უარი თქვა ამაზე, თუმცა მოგვიანებით მაინც დაბეჭდა Reina Valera-ს ბიბლია «სიტყვა „იეჰოვას“ გარეშე».
ღვთის სიტყვიდან მისი სახელის ამოღება და მისი „უფლით“ ჩანაცვლება მკითხველს ხელს უშლის იმის გაგებაში, თუ ვინ არის ღმერთი. ასეთი ცვლილება მკითხველს თავგზას უბნევს. მაგალითად, ის შეიძლება ვერ მიხვდეს, როდის იგულისხმება „უფალში“ იეჰოვა და როდის მისი ძე, იესო. მაგალითად, მოციქულმა პეტრემ მოიყვანა დავითის სიტყვები: „იეჰოვამ უთხრა ჩემს უფალს [მკვდრეთით აღმდგარ იესოს], იჯექი ჩემ მარჯვნივ“. ბევრ თარგმანში ეს მუხლი შემდეგნაირად ჟღერს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს“ (საქმეები 2:34, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). გარდა ამისა, დეივიდ კლაინსი თავის ნარკვევში, „იაჰვე და ქრისტიანული თეოლოგიის ღმერთი“, აღნიშნავს: „ქრისტიანული შეგნებიდან იაჰვეს ამოვარდნის ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ძირითადი ყურადღება ქრისტეზე გამახვილდა“. ამიტომ მრევლის უმეტესობამ არ იცის, რომ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც იესო მიმართავდა ლოცვით, რეალური პიროვნებაა და მისი სახელი იეჰოვაა.
სატანა მართლაც არაფერს იშურებს იმისთვის, რომ ხალხს დაუბრმავოს გონება და მათ ღვთის ვინაობა დაუმალოს. მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ ახლოს გაიცნოთ იეჰოვა.
თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ იეჰოვა სახელით
სატანამ ხანგრძლივი და დაუნდობელი ომი გამოუცხადა ღვთის სახელს და თავისი მიზნის მისაღწევად მზაკვრულად იყენებს ცრუ რელიგიას. მაგრამ, სინამდვილეში, ვერც ერთი ძალა ზეცაში თუ დედამიწაზე ვერ შეაჩერებს უზენაეს უფალ იეჰოვას, რომ ამცნოს თავისი სახელი მათ, ვისაც სურს, იცოდეს ჭეშმარიტება მის შესახებ და ერთგული ადამიანების მიმართ მისი განზრახვა.
ბიბლიის შესწავლის მეშვეობით იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ღმერთთან დაახლოებაში. ისინი ჰბაძავენ იესოს, რომელმაც ღმერთს უთხრა: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26). მრავალი ბიბლიური მუხლი ჰფენს ნათელს იეჰოვას სხვადასხვა როლს, რომელსაც ის კაცობრიობის საკეთილდღეოდ ასრულებს. ამ მუხლებზე დაფიქრებით გაეცნობით მისი დიდებული პიროვნების შესანიშნავ თვისებებს.
ღვთის ერთგული პატრიარქი იობი ტკბებოდა „ღმერთთან სიახლოვით“ და ეს თქვენთვისაც შესაძლებელია (იობი 29:4). თუ ღვთის სიტყვას შეისწავლით, შეძლებთ იეჰოვას გაცნობას სახელით. მიღებული ცოდნა კიდევ უფრო დაგარწმუნებთ იმაში, რომ იეჰოვა იმოქმედებს თავისი სახელის მნიშვნელობის თანახმად — „მე ვიქცევი იმად, რადაც მსურს“ (გამოსვლა 3:14). ასე რომ, ის აუცილებლად შეასრულებს კაცობრიობისთვის მიცემულ თავის ყველა დანაპირებს.
[ჩარჩო⁄სურათები 6 გვერდზე]
იყენებდნენ ადრინდელი ქრისტიანები ღვთის სახელს?
ახ. წ. პირველ საუკუნეში, იესოს მოციქულების მსახურების პერიოდში, ბევრ ქვეყანაში ყალიბდებოდა ქრისტიანული კრებები. კრების წევრები რეგულარულად იკრიბებოდნენ და სწავლობდნენ საღვთო წერილს. ეწერა იეჰოვას სახელი იმ საღვთო წერილში, რომელსაც ისინი კითხულობდნენ?
რადგან იმ დროს ბერძნული ენა საერთაშორისო ენა იყო, ბევრ კრებაში იყენებდნენ ბერძნულ „სეპტუაგინტას“, ებრაული წერილების იმ თარგმანს, რომლის თარგმნაც ძვ. წ. მეორე საუკუნეში დასრულდა. ზოგი მკვლევარი აცხადებს, რომ „სეპტუაგინტაში“ თავიდანვე ჩანაცვლებული იყო ღვთის სახელი წოდებით „კირიოს“, რაც ბერძნულად ნიშნავს „უფალს“. მაგრამ ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
აქ ნაჩვენებია ბერძნული „სეპტუაგინტის“ მონაკვეთები, რომლებიც დათარიღებულია ძვ. წ. პირველი საუკუნით. მათში ნათლად ჩანს იეჰოვას სახელი, რომელიც ბერძნულ ტექსტში გადმოტანილია ოთხი ებრაული ასოთი יהוה (ჲჰვჰ) ანუ ტეტრაგრამატონით. პროფესორი ჯორჯ ჰაუარდი წერდა: «ჩვენ გვაქვს ბერძნული „სეპტუაგინტის“ ქრისტიანობამდელი პერიოდის სამი სხვადასხვა ხელნაწერი, რომლებშიც ტეტრაგრამატონი დედნისეული სახით გვხვდება და ერთხელაც კი არ არის შეცვლილი „კირიოსით“. შეგვიძლია იმის თქმა, რომ ახალი აღთქმის მოვლენებამდე და მის შემდეგ, ჩვეულებრივ, იუდეველები წერდნენ ღვთის სახელს . . . წმინდა წერილების ბერძნულ ტექსტებში» („ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“).
იყენებდნენ თუ არა იესოს მოციქულები და მოწაფეები ღვთის სახელს, როცა ღვთის შთაგონებით ბერძნულ წერილებს წერდნენ? პროფესორი ჰაუარდი აღნიშნავს: «ვინაიდან „სეპტუაგინტაში“, რომელსაც ახალი აღთქმის ეკლესია იყენებდა და ციტირებდა, ღვთის სახელის ებრაული ფორმა ეწერა, უდავოა, რომ ახალი აღთქმის დამწერებს ციტატების მოყვანისას ტეტრაგრამატონიც გადმოჰქონდათ».
აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები როგორც ებრაული წერილების თარგმანების, ისე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისას ღვთის სახელს ხვდებოდნენ.
[საავტორო უფლება]
All photos: Société Royale de Papyrologie du Caire
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ესაიას წინასწარმეტყველების ნაწყვეტი (მკვდარი ზღვის ხელნაწერებიდან). ღვთის სახელი შემოხაზულია
[საავტორო უფლება]
Shrine of the Book, Photo © The Israel Museum, Jerusalem
[სურათი 7 გვერდზე]
ეკლესიებმა ღვთის სახელი ბიბლიიდან ამოიღეს იუდეველთა ტრადიციის გამო და ფინანსური მოგების მიზნით
[სურათი 8 გვერდზე]
იესო ამცნობდა ღვთის სახელს და ამით საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა