მკითხველთა შეკითხვები
რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე სამესიჯო აპლიკაციების გამოყენების დროს?
ზოგი ქრისტიანი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს ოჯახის წევრებთან და თანაქრისტიანებთან კომუნიკაციისთვის, თუმცა სულიერად მოწიფული ქრისტიანები ითვალისწინებენ შემდეგ რჩევას: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება, გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“ (იგავ. 27:12).
რაკი კარგად გვესმის, რომ იეჰოვას ჩვენი დაცვა სურს, არ ვურთიერთობთ მათთან, ვინც განხეთქილებებს იწვევს, გარიცხულია ან ცრუ სწავლებებს ავრცელებს (რომ. 16:17; 1 კორ. 5:11; 2 იოან. 10, 11). სამწუხაროდ, ვერც ზოგ იეჰოვას მოწმეზე ან დაინტერესებულ პირზე ვერ ვიტყვით, რომ ღირსეულად იცავს ბიბლიურ პრინციპებს (2 ტიმ. 2:20, 21). ასე რომ, სანამ ვინმესთან ახლო ურთიერთობას დავიწყებთ, ეს ფაქტორი მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. სამესიჯო აპლიკაციებით კარგი სამეგობრო წრის არჩევა საკმაოდ რთულია.
განსაკუთრებული სიფრთხილე მაშინ გვმართებს, როცა სამესიჯო აპლიკაციებში დიდი ჯგუფები იქმნება. ზოგი ქრისტიანისთვის ასეთ ჯგუფებში გაერთიანება არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა. შეუძლებელია, ქრისტიანმა სათანადო სიფრთხილე გამოიჩინოს, როცა ჯგუფში ასობით და ათასობით ადამიანია გაერთიანებული, რადგან ვერც მათ ზუსტ ვინაობას დაადგენს და ვერც მათ სულიერ მდგომარეობას განსაზღვრავს. ფსალმუნის 26:4-ში ვკითხულობთ: „ცრუ ხალხთან არ ვიჭერ საქმეს და თვალთმაქცებს თავს ვარიდებ“. აქედან გამომდინარე, გაცილებით გონივრული იქნება, თუ სამესიჯო აპლიკაციებით მხოლოდ მათთან ვიურთიერთებთ, ვისაც პირადად ვიცნობთ.
თუნდაც მცირე ჯგუფში იყოს გაწევრიანებული, ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს, რამდენ დროს უთმობს მიმოწერას და რა თემებზე მიდის მსჯელობა ჯგუფში. პავლემ ტიმოთე გააფრთხილა მათ შესახებ, ვინც ჭორაობდა და სხვის საქმეში ერეოდა (1 ტიმ. 5:13). დღეს ადვილად შეიძლება ვინმემ ვირტუალურად დაიწყოს ჭორაობა და სხვის საქმეში ჩარევა.
სულიერად მოაზროვნე ქრისტიანები არც უარყოფით კომენტარებს წერენ სახალხოდ და არც კონფიდენციალურ ინფორმაციას ამჟღავნებენ თანაქრისტიანების შესახებ (ფსალმ. 15:3; იგავ. 20:19). ისინი ერიდებიან სენსაციური და გადაუმოწმებელი ამბების გაზიარებას (ეფეს. 4:25). ჩვენ სულიერ საზრდოს და განახლებულ ინფორმაციას სანდო წყაროებიდან, ვებგვერდიდან jw.org და JW მაუწყებლობის® ყოველთვიური პროგრამიდან, ვიღებთ.
ზოგიერთი იეჰოვას მოწმე სამესიჯო აპლიკაციებს იმისთვის იყენებს, რომ გაყიდოს, იყიდოს, რეკლამა გაუკეთოს თავის პროდუქციას ან დასაქმება შესთავაზოს სხვებს. ეს კომერციულ მიზნებს ემსახურება და არაფერი აქვს საერთო თეოკრატიულ საქმიანობასთან. ქრისტიანებს, რომლებიც „ფულის სიყვარულის გარეშე“ ცხოვრობენ, არ გაუჩნდებათ იმის სურვილი, რომ და-ძმები კომერციული ინტერესებისთვის გამოიყენონ (ებრ. 13:5).
მიზანშეწონილია თუ არა ამ აპლიკაციებით სარგებლობა გაჭირვებული ან სტიქიით დაზარალებული და-ძმებისთვის თანხის შესაგროვებლად? ჩვენ გვიყვარს თანაქრისტიანები, ამიტომ გვინდა, მხარში ამოვუდგეთ და გავამხნეოთ (იაკ. 2:15, 16). თუმცა, თუ ამის გაკეთებას დიდ ჯგუფებში შევეცდებით, შეიძლება ამ საქმის ორგანიზებაში ადგილობრივ ფილიალსა თუ უხუცესებს ხელი შევუშალოთ (1 ტიმ. 5:3, 4, 9, 10, 16). ფაქტია, არ გვინდა, ისეთი შთაბეჭდილება შევქმნათ, თითქოს ჩვენ გარდა სათანადოდ ვერავინ იზრუნებს ღვთის ხალხზე.
გვინდა, რომ ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ (1 კორ. 10:31). ასე რომ, სიფრთხილით მოვეკიდოთ სამესიჯო აპლიკაციებისა თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და კარგად ავწონ-დავწონოთ ის საფრთხეები, რაც მათ გამოყენებას ახლავს თან.