სიყვარული — ძვირფასი თვისება
მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით დაწერა იმ ცხრა თვისების შესახებ, რომლებსაც წმინდა სული წარმოშობს (გალ. 5:22, 23). მან ეს შესანიშნავი თვისებები გააერთმთლიანა და „სულის ნაყოფი“ უწოდა.a ისინი „ახალი პიროვნებისთვისაა“ დამახასიათებელი (კოლ. 3:10). როგორც კარგად მოვლილი ხე ისხამს ნაყოფს, ისე ადამიანი ავლენს სულის ნაყოფს, როცა წმინდა სულს თავის ცხოვრებაზე მოქმედების საშუალებას აძლევს (ფსალმ. 1:1—3).
სულის ნაყოფის ჩამონათვალში პავლემ პირველი სიყვარული მოიხსენია. რამდენად ძვირფასია ის? მოციქული ამბობს, რომ სიყვარულის გარეშე არარაობა იქნებოდა (1 კორ. 13:2). რა არის სიყვარული? როგორ შეგვიძლია მისი განვითარება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენა?
როგორ ვლინდება სიყვარული
რთულია, სიტყვებით განმარტო, რა არის სიყვარული, თუმცა ბიბლია აღწერს, როგორ ვლინდება ის. მაგალითად, ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ სიყვარული „სულგრძელი და კეთილია“, მას „ჭეშმარიტება ახარებს“, „ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“. სიყვარულში აგრეთვე იგულისხმება სხვების მიმართ თბილი და ღრმა გრძნობა, მათი კეთილდღეობით გულწრფელი დაინტერესება და ემოციური მიჯაჭვულობა. მეორე მხრივ, სიყვარულის არქონას შური, სიამაყე, უწესობა, ეგოიზმი და ბოღმა ახასიათებს. ასეთი უარყოფითი და ყოვლად მიუღებელი თვისებების განვითარების ნაცვლად, გვსურს, განვივითაროთ სიყვარული, რომელიც „თავისას არ ეძებს“ (1 კორ. 13:4—8).
იეჰოვასა და იესოს მიერ გამოვლენილი სიყვარულის უბადლო მაგალითები
„ღმერთი სიყვარულია“. იეჰოვა სიყვარულის განსახიერებაა (1 იოან. 4:8). მისი ყველა ქმედება მის სიყვარულზე მოწმობს. კაცობრიობის მიმართ ღვთის სიყვარულის უდიდესი გამოვლინება ის იყო, რომ მან იესო გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ჩვენთვის ეტანჯა და მომკვდარიყო. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე. სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“ (1 იოან. 4:9, 10). სწორედ ღვთის სიყვარულის წყალობით გვეპატიება ცოდვები, გვეძლევა იმედი და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა.
იესომ ადამიანებისადმი სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ სიხარულით შეასრულა ღვთის ნება. პავლემ დაწერა: «[იესო] ამბობს: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“ . . . ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით» (ებრ. 10:9, 10). ამაზე დიდ სიყვარულს ვერცერთი ადამიანი ვერ გამოავლენდა. ეს კარგად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოან. 15:13). შეგვიძლია არასრულყოფილ ადამიანებს, რომ იეჰოვასა და იესოს მივბაძოთ სიყვარულის გამოვლენაში? რა თქმა უნდა! განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
„იარეთ სიყვარულში“
პავლე მოგვიწოდებს: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ და თქვენთვის საკუთარი თავი გადასცა“ (ეფეს. 5:1, 2). ჩვენ დავდივართ სიყვარულში, როცა ამ თვისებას ყველა წვრილმანში ვავლენთ. ასეთი სიყვარული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებით უნდა გამოვავლინოთ. იოანე წერდა: „შვილებო, გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოან. 3:18). მაგალითად, ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ ხალხს (მათ. 24:14; ლუკ. 10:27). სიყვარულში დავდივართ მაშინაც, როცა მოთმინებას, სიკეთესა და მიმტევებლობას ვავლენთ. ამიტომ ბიბლია გვირჩევს: „როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13).
ნამდვილი სიყვარული არ უნდა აგვერიოს ზედმეტ ლმობიერებაში. მაგალითად, ატირებული ბავშვის დასამშვიდებლად ზედმეტად ლმობიერმა მშობელმა შეიძლება ბავშვს ყველა კაპრიზი შეუსრულოს. მაგრამ შვილის მოყვარული მშობელი საჭიროების შემთხვევაში სიმტკიცეს გამოავლენს. მსგავსად, ღმერთი მოსიყვარულეა, თუმცა ის „იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“ (ებრ. 12:6). ჩვენ ვივლით სიყვარულში, თუ საჭიროების შემთხვევაში თავს არ შევიკავებთ შეგონებისგან (იგავ. 3:11, 12). მაგრამ ამ დროს მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენც ცოდვილები ვართ და ხშირად ვერ ვავლენთ სიყვარულს. ასე რომ, ამ საკითხში ყველას გვჭირდება გაუმჯობესება. რა დაგვეხმარება, უკეთ გამოვავლინოთ ეს თვისება? განვიხილოთ ამის სამი საშუალება.
როგორ განვივითაროთ სიყვარული
პირველი, სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული, რომელიც სიყვარულს წარმოშობს. იესომ თქვა, რომ იეჰოვა აძლევს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:13). თუ ლოცვაში ვითხოვთ წმინდა სულს და შევეცდებით, რომ სულით ვიაროთ, უფრო და უფრო მოსიყვარულენი გავხდებით (გალ. 5:16). მაგალითად, თუ კრებაში უხუცესად მსახურობთ, შეგიძლიათ ითხოვოთ წმინდა სული, რომ კრების წევრებს სიყვარულით მისცეთ ბიბლიური რჩევები. თუ მშობელი ხართ, სთხოვეთ იეჰოვას, მოგცეთ თავისი სული, რომ სიყვარულით აღზარდოთ და დაარიგოთ შვილები და არა ყვირილითა და ჩხუბით.
მეორე, დაფიქრდით, როგორ ავლენდა იესო სიყვარულს მაშინაც, როცა მის გაღიზიანებას ცდილობდნენ (1 პეტ. 2:21, 23). ქრისტეს მაგალითზე დაფიქრება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ვინმე გვაწყენინებს ან უსამართლოდ მოგვექცევა. ამ დროს კარგია, ვკითხოთ საკუთარ თავს: როგორ მოიქცეოდა იესო ჩემს ადგილას? სწორედ ეს კითხვა დაეხმარა ერთ დას, დაუფიქრებლად არ მოქცეულიყო. ის ამბობს: „ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა იმეილი გაუგზავნა სხვა თანამშრომლებს, სადაც მეც მაკრიტიკებდა და ჩემს გაკეთებულ საქმესაც. ამან ძალიან მატკინა გული. მაგრამ საკუთარ თავს ვკითხე: როგორ შემიძლია მივბაძო იესოს ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს? დაფიქრების შემდეგ გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია მომხდარისთვის და დამევიწყებინა. მოგვიანებით გავიგე, რომ ამ თანამშრომელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და დიდ სტრესს განიცდიდა. დავასკვენი, რომ მას ალბათ არ უნდოდა ჩემთვის გულის ტკენა. იმაზე ფიქრი, თუ როგორ ავლენდა იესო სიყვარულს მაშინაც, როცა მის გაღიზიანებას ცდილობდნენ, დამეხმარა, მსგავსი სიყვარული გამომევლინა ჩემი თანამშრომლის მიმართ“. თუ იესოს მივბაძავთ, ყოველთვის სიყვარულით მოვიქცევით.
მესამე, ისწავლეთ უანგარო სიყვარულის გამოვლენა, რითაც ჭეშმარიტი ქრისტიანები ამოიცნობიან (იოან. 13:34, 35). წმინდა წერილები მოგვიწოდებს, განვივითაროთ „ისეთივე აზროვნება“, როგორიც იესოს ჰქონდა. როცა მან დატოვა ზეცა, „ყველაფერზე უარი თქვა“ ჩვენი გულისთვის და სიკვდილსაც კი არ შეუშინდა (ფილ. 2:5—8). როდესაც ვცდილობთ, უანგარო სიყვარულში მივბაძოთ მას, უფრო მეტად ვირეკლავთ ქრისტეს პიროვნებას და აღძრულები ვართ, საკუთარ ინტერესებზე წინ სხვების ინტერესები დავაყენოთ. კიდევ რა კურთხევები მოჰყვება სიყვარულის განვითარებას?
სიყვარულის გამოვლენას კურთხევები მოჰყვება
კურთხევები, რომლებიც სიყვარულის გამოვლენას მოჰყვება, მრავლისმომცველია. განვიხილოთ ორი მაგალითი:
რა კურთხევებს მოგვიტანს სიყვარულის გამოვლენა?
საერთაშორისო საძმო: ვინაიდან ერთმანეთი გვიყვარს, დარწმუნებულები ვართ, რომ და-ძმები ყველგან თბილად მიგვიღებენ, რომელ კრებაშიც არ უნდა მივიდეთ. რამხელა კურთხევაა, რომ მსოფლიო საძმოს სიყვარულს ვგრძნობთ! (1 პეტ. 5:9). ასეთი სიყვარულის პოვნა მხოლოდ ღვთის ხალხს შორისაა შესაძლებელი!
მშვიდობა: ვინაიდან სიყვარულით ვუთმენთ ერთმანეთს, „მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ ვართ შეკრულნი (ეფეს. 4:2, 3). ასეთი მშვიდობით ვტკბებით კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე. განა იშვიათობას არ წარმოადგენს ასეთი მშვიდობა დღევანდელ დაქსაქსულ ქვეყნიერებაში?! (ფსალმ. 119:165; ეს. 54:13). როცა მშვიდობისკენ ვისწრაფვით, სხვებს სიყვარულს ვუმტკიცებთ და ჩვენი ზეციერი მამის გულს ვახარებთ (ფსალმ. 133:1—3; მათ. 5:9).
„სიყვარული აშენებს“
პავლემ დაწერა: „სიყვარული აშენებს“ (1 კორ. 8:1). როგორ შეიძლება ამ სიტყვების გაგება? კორინთელების მიმართ მიწერილი პირველი წერილის მე-13 თავში, რომელსაც ზოგი „სიყვარულის ფსალმუნს“ უწოდებს, მოციქული პავლე ხსნის, თუ როგორ აშენებს სიყვარული. უპირველესად, სიყვარული გვიბიძგებს, რომ საკუთარ ინტერესებზე წინ სხვების ინტერესები დავაყენოთ (1 კორ. 10:24; 13:5). სიყვარულს ყურადღებიანობა, თანაგრძნობა, მოთმინება და სიკეთე ახასიათებს, ამიტომ ის ხელს უწყობს მოსიყვარულე ოჯახებისა და ერთსულოვანი კრებების არსებობას (კოლ. 3:14).
ღვთისადმი სიყვარული აღემატება ყველანაირ სიყვარულს. ასეთი სიყვარული აერთიანებს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე სხვადასხვა წარმოშობისა თუ რასის ადამიანებს, რათა სიხარულით ემსახურონ იეჰოვას მხარდამხარ (სოფ. 3:9). მოდი ყოველდღე გამოვავლინოთ ეს ძვირფასი თვისება, რომელსაც ღვთის წმინდა სული წარმოშობს.
a ეს არის პირველი სტატია ცხრანაწილიანი სტატიათა სერიიდან, სადაც განხილული იქნება სულის ნაყოფის თითოეული თვისება.