სიკეთე თვისება, რომელიც სიტყვითა და საქმით ვლინდება
კეთილი სიტყვები და საქმეები ამხნევებს და ანუგეშებს სხვებს. როცა ვინმეს მხრიდან მზრუნველობას ვგრძნობთ, მადლიერებით ვივსებით. ყველას გვსიამოვნებს, როცა კეთილად გვეპყრობიან, ამიტომ დავფიქრდეთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ შესანიშნავი თვისების განვითარება?
სიკეთეში სხვების კეთილდღეობით გულწრფელი დაინტერესებაც იგულისხმება. ასეთი ინტერესის გამოხატვა გამამხნევებელი სიტყვებითა და საქმეებით შეიძლება. ვინაიდან სიკეთე საქმეებით ვლინდება, თავაზიანობის მხოლოდ გარეგნულად გამოვლენა საკმარისი არ არის. ნამდვილი სიკეთის გამოვლენისკენ ძლიერი სიყვარული და თანაგრძნობა აღგვძრავს. უფრო მეტიც, ასეთი სიკეთე ღვთის წმინდა სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია, რომლის განვითარებისკენაც ბიბლია მოგვიწოდებს (გალ. 5:22, 23). ჩვენ აუცილებლად უნდა განვივითაროთ ეს თვისება, ამიტომ განვიხილოთ, როგორ ავლენდნენ იეჰოვა და იესო სიკეთეს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ.
იეჰოვა კეთილია ყველას მიმართ
იეჰოვა ყველას მიმართ კეთილი და ყურადღებიანია, მათ შორის „უმადურთა და ბოროტთა მიმართაც“ (ლუკ. 6:35). მაგალითად, „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:45). ისინიც კი არიან გარკვეულწილად ბედნიერები და სარგებლობენ იეჰოვას სიკეთით, ვინც იეჰოვას თავის შემოქმედად არ აღიარებს.
იეჰოვამ განსაკუთრებული სიკეთე გამოავლინა ადამისა და ევას მიმართ. შეცოდებიდან მალევე ადამმა და ევამ „გადააბეს ლეღვის ფოთლები ერთმანეთს და წელზე შემოირტყეს“. თუმცა იეჰოვას ესმოდა, რომ მათ შესაფერისი სამოსი დასჭირდებოდათ ედემის გარეთ, სადაც მიწა დაწყევლილი იყო და „ნარი და ეკალი“ იზრდებოდა. ამიტომ იეჰოვამ სიკეთე გამოავლინა და „ტყავის გრძელი სამოსელი მისცა“ მათ (დაბ. 3:7, 17, 18, 21).
თუმცა იეჰოვა სიკეთეს ავლენს „ბოროტებისა და კეთილების“ მიმართ, მას განსაკუთრებით სურს, რომ სიკეთე გაუკეთოს თავის ერთგულ მსახურებს. მაგალითად, წინასწარმეტყველ ზაქარიას დროს ერთი ანგელოზი წუხდა იმის გამო, რომ იერუსალიმის ტაძრის აღდგენა შეჩერებული იყო. იეჰოვამ მოუსმინა ანგელოზს და „კარგი და მანუგეშებელი სიტყვები“ უთხრა (ზაქ. 1:12, 13). ის მსგავსად მოექცა წინასწარმეტყველ ელიასაც. ერთხელ წინასწარმეტყველი იმდენად გულგატეხილი იყო, რომ იეჰოვას სიკვდილს სთხოვდა. იეჰოვამ თანაუგრძნო მას და ანგელოზი გაუგზავნა გასაძლიერებლად. უფრო მეტიც, ღმერთმა დაარწმუნა ის, რომ მის გვერდით იყო. როცა ელიამ ასეთი გამამხნევებელი სიტყვები მოისმინა და დახმარება მიიღო, დავალებული საქმის შესასრულებლად ძალა განუახლდა (1 მეფ. 19:1—18). ვინ ავლენდა ღვთის მსახურებს შორის ყველაზე უკეთ იეჰოვას ამ გამორჩეულ თვისებას — სიკეთეს?
იესო უდიდეს სიკეთეს ავლენდა
დედამიწაზე მსახურების დროს იესოს კეთილ და გულისხმიერ ადამიანად იცნობდნენ. ის არასდროს ყოფილა უხეში და მბრძანებლური. თანაგრძნობით აღძრულმა იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ . . . ჩემი უღელი ადვილი სატარებელია“ (მათ. 11:28—30). მისი სიკეთის გამო ხალხი ყველგან დაჰყვებოდა, სადაც კი წავიდოდა. იესოს გული ეწვოდა მათ გამო, ამიტომ კვებავდა მათ, კურნავდა მათ ავადმყოფობასა და უძლურებას და თავისი მამის შესახებ „ბევრ რამეს ასწავლიდა“ (მარ. 6:34; მათ. 14:14; 15:32—38).
იესო სხვების მიმართ ყურადღებიანი და თანამგრძნობი იყო, რითაც უდიდეს სიკეთეს ავლენდა. მაშინაც კი, როცა მისთვის არც ისე მოსახერხებელი იყო, ის თბილად ხვდებოდა ყველას, ვინც კი მასთან მიდიოდა (ლუკ. 9:10, 11). მაგალითად, მას არ უსაყვედურია ისედაც შეშინებული ქალისთვის, რომელიც მის ტანსაცმელს განკურნების იმედით შეეხო. არადა მოსეს კანონით ეს ქალი სისხლდენის გამო უწმინდურად ითვლებოდა (ლევ. 15:25—28). იესო თანაგრძნობით განიმსჭვალა ამ ქალის მიმართ, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა, და უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარ. 5:25—34). სიკეთის გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითია!
სიკეთე საქმით ვლინდება
როგორც ზემოთ მოხსენიებული მაგალითიდან დავინახეთ, ნამდვილი სიკეთე საქმით ვლინდება. იესომ ამის საჩვენებლად იგავი მოიყვანა კეთილ სამარიელზე. მიუხედავად იმისა, რომ სამარიელებსა და იუდეველებს შორის მტრობა იყო, იგავში მოხსენიებულ სამარიელს გული დაეწვა გაძარცული, ნაცემი და ცოცხალმკვდარი იუდეველის დანახვაზე, რომელიც გზაზე ეგდო. სიკეთემ სამარიელი მოქმედებისკენ აღძრა. მან ჭრილობები შეუხვია მას და სასტუმროში წაიყვანა. სამარიელმა სასტუმროს პატრონს ფული მისცა, რომ მიეხედა ნაცემი იუდეველისთვის და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში მეტსაც გადაუხდიდა (ლუკ. 10:29—37).
მართალია, სიკეთე ხშირად საქმეებით ვლინდება, მაგრამ მისი გამოვლენა კარგად შერჩეული და გამამხნევებელი სიტყვებითაც შეიძლება. ბიბლიაში ნათქვამია: „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს“, თუმცა იქვე დასძენს: „კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავ. 12:25). როცა სხვებს კეთილად და კარგად ვექცევით, მათთვის გამამხნევებელ სიტყვებს არ ვიშურებთ და ვეხმარებით, უფრო ბედნიერად იგრძნონ თავი.a კეთილი სიტყვით მათ მიმართ მზრუნველობას ვავლენთ. შედეგად, გამხნევებულები უფრო ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს (იგავ. 16:24).
ისწავლეთ სიკეთის გამოვლენა
ყველას შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა, რადგან „ღვთის ანარეკლად“ ვართ შექმნილნი (დაბ. 1:27). მაგალითად, რომაელმა ასისთავმა იულიუსმა, რომელსაც პავლე რომში მიჰყავდა, მოციქულის მიმართ „კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და ნება დართო, მეგობრებთან წასულიყო [ქალაქ სიდონში], რათა მასზე ეზრუნათ“ (საქ. 27:3). მოგვიანებით კუნძულ მალტაზე მცხოვრებმა ხალხმა „დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინა“ პავლესა და სხვების მიმართ, რომლებიც გემის მსხვრევას გადაურჩნენ. იქაურმა მოსახლეობამ მათ გასათბობად ცეცხლი დაანთო (საქ. 28:1, 2). მათი საქციელი უდავოდ საქებარია, თუმცა ნამდვილი სიკეთე დროდადრო გაკეთებულ კეთილ საქმეებზე გაცილებით მეტს ნიშნავს.
ღვთის მოსაწონად რომ მოვიქცეთ, სიკეთის გამოვლენა ჩვენი ბუნების განუყოფელ ნაწილად და ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს იეჰოვა, რომ შევიმოსოთ სიკეთით (კოლ. 3:12). უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ღვთისმოსაწონი თვისების გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ არის. შეიძლება ამაში ხელი სიმორცხვემ, თვითრწმენის ნაკლებობამ, წინააღმდეგობამ ან ეგოისტურმა მიდრეკილებებმა შეგვიშალოს. თუმცა შეგვიძლია ამ ყველაფრის გადალახვა წმინდა სულისა და იეჰოვას სრულყოფილი მაგალითის მიბაძვით (1 კორ. 2:12).
როგორ შეგვიძლია დავინახოთ, რა მხრივ გვჭირდება ამ თვისების უკეთ გამოვლენა? უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ვარ ყურადღებიანი და თანამგრძნობი მსმენელი? ადვილად ვამჩნევ სხვების საჭიროებებს? ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარდა, ბოლო დროს ვის გავუკეთე სიკეთე? შემდეგ შეგვიძლია მიზნად დავისახოთ, მეტი გავიგოთ ჩვენ ირგვლივ მცხოვრები ხალხის, განსაკუთრებით კი კრების წევრების შესახებ. ეს დაგვეხმარება, ადვილად დავინახოთ მათი მდგომარეობა და საჭიროებები. ამის შემდეგ უნდა ვეცადოთ, სიკეთე გამოვავლინოთ სხვების მიმართ ისევე, როგორც ჩვენ ვისურვებდით მათი მხრიდან კეთილ მოპყრობას (მათ. 7:12). დაბოლოს, იეჰოვაც აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, თუ დახმარებისთვის მას მივმართავთ (ლუკ. 11:13).
სიკეთე იზიდავს ადამიანებს
როცა მოციქულმა პავლემ ჩამოთვალა, თუ რით განსხვავდებოდა სხვებისგან, როგორც ღვთის მსახური, მან სიკეთეც მოიხსენია (2 კორ. 6:3—6). ხალხს სიამოვნებდა პავლესთან ურთიერთობა, რადგან კეთილი სიტყვითა და საქმით მათ მიმართ პირად ინტერესს იჩენდა (საქ. 28:30, 31). მსგავსად, კეთილი საქმეებით ჩვენც შეგვიძლია ხალხი ჭეშმარიტებისკენ მივიზიდოთ. როცა ყველას მიმართ სიკეთეს ვავლენთ, მათ შორის მოწინააღმდეგეების მიმართაც, შეიძლება გული მოვულბოთ მათ და მტრული დამოკიდებულება შევუცვალოთ (რომ. 12:20). დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება ბიბლიური ცნობითაც დაინტერესდნენ.
სამოთხეში დედამიწაზე უამრავი მკვდრეთით აღდგენილი გაიხარებს მათ მიმართ გამოვლენილი ნამდვილი სიკეთით, რომელიც შეიძლება პირველიც კი აღმოჩნდეს მათ ცხოვრებაში. მადლიერი გულიდან გამომდინარე ისინიც აღიძვრებიან, რომ სხვების მიმართ სიკეთე გამოავლინონ. ის, ვინც არ გამოავლენს ამ თვისებას და სხვების დახმარებაზე უარს იტყვის, ვერ იცხოვრებს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. მეორე მხრივ, ისინი, ვისაც ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს, ერთმანეთს სიყვარულითა და სიკეთით მოეპყრობიან (ფსალმ. 37:9—11). იმ დროს მსოფლიოში უსაფრთხოება და მშვიდობა დაისადგურებს! თუმცა ამ კურთხეული დროის დადგომამდე, რატომ იქნება ჩვენთვისვე კარგი, თუ სიკეთეს გამოვავლენთ სხვების მიმართ?
რატომ არის ჩვენთვისვე კარგი სიკეთის გამოვლენა სხვების მიმართ
ბიბლია ამბობს: „კეთილი კაცი აჯილდოებს თავის სულს“ (იგავ. 11:17). კეთილ ადამიანთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს და მასაც კეთილად ექცევიან. იესომ თქვა: „რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკ. 6:38). ამიტომ კეთილი ადამიანი ადვილად უმეგობრდება სხვებს და კარგი მეგობრები ჰყავს.
მოციქული პავლე ეფესოს კრების წევრებს მოუწოდებდა: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფეს. 4:32). კრებისთვის დიდ განძს წარმოადგენენ თანამგრძნობი ქრისტიანები, რომლებიც სიკეთეს ავლენენ და ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან. ისინი არასდროს არიან უხეშები, კრიტიკულები და სარკასტულები. ასეთი ქრისტიანები ჭორებს კი არ ავრცელებენ, არამედ საკუთარ ენას სხვების გასამხნევებლად იყენებენ (იგავ. 12:18). შედეგად, კრება სულიერად ძლიერია და სიხარულით ემსახურება იეჰოვას.
დიახ, სიკეთე არის თვისება, რომელიც სიტყვითა და საქმით ვლინდება. როცა კეთილად ვექცევით სხვებს, იეჰოვას მსგავსად სითბოსა და სულგრძელობას ვავლენთ (ეფეს. 5:1). ასეთი სახით ვაძლიერებთ კრებას და სხვებს წმინდა თაყვანისმცემლობისკენ ვიზიდავთ. დაე ყოველთვის კეთილ ადამიანებად გვიცნობდნენ!
a თვისება ყოველივე კარგი განხილული იქნება ამ ცხრანაწილიანი სტატიათა სერიის მომდევნო სტატიაში. ეს სტატიათა სერია განიხილავს წმინდა სულის ნაყოფის თითოეულ თვისებას.