ვინ აყალიბებს თქვენს აზროვნებას?
„ჩემი საქმისა მე ვიცი“. ასეთი კატეგორიული განაცხადი, ჩვეულებრივ, ცხადყოფს, რომ ადამიანი საკუთარ თავსა და გონიერებაში მეტისმეტად არის დაჯერებული. თქვენც ასე ფიქრობთ? გასაგებია, რომ თქვენ მაგივრად სხვამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ გონივრულია, მაშინვე უკუაგდოთ რჩევა, რომელიც შეიძლება საკმაოდ კარგი აღმოჩნდეს? განა ვერასოდეს ვერავინ დაგეხმარებათ ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში? დარწმუნებული ხართ, რომ, თქვენდა გაუცნობიერებლად, არავინ აყალიბებს თქვენს აზროვნებას?
მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იოზეფ გებელსმა, ჰიტლერის პროპაგანდის მინისტრმა, გერმანიის კინემატოგრაფიის გაკონტროლება დაიწყო. რატომ? მას შესანიშნავად ესმოდა, რომ ეს მძლავრი იარაღი იყო „ადამიანთა მრწამსსა და, მაშასადამე, მათს ქცევებზე გავლენის მოსახდენად“ (Propaganda and the German Cinema 1933—1945). შესაძლებელია, თქვენთვის ცნობილია მის მიერ ზემოხსენებული და სხვა საშუალებების გამოყენებით ჩვეულებრივი — ნორმალური, გონიერი — ადამიანების მანიპულირებისა და ნაცისტური ფილოსოფიის ბრმა მიმდევრებად ქცევის შესახებ.
ფაქტია, რომ თქვენს აზროვნებაზე და, აქედან გამომდინარე, მოქმედებებზე ამა თუ იმ სახით ყოველთვის მოქმედებს იმ ადამიანთა გრძნობები თუ შეხედულებები, რომლებსაც უსმენთ. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცუდი არ არის, თუ რჩევას გაძლევენ თქვენი კეთილდღეობით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანები — მაგალითად: მასწავლებლები, მეგობრები ან მშობლები. მისი გათვალისწინებით საკუთარ თავს შეიძლება დიდად დაეხმაროთ. მაგრამ, თუ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც პირადი ინტერესები ამოძრავებთ და რომლებიც ცდებიან ან გახრწნილი აზროვნება აქვთ, ანუ, როგორც მოციქული პავლე აღწერდა, ‘მატყუარები’ არიან, ფრთხილად იყავით! (ტიტე 1:10; მეორე რჯული 13:6–8).
ასე რომ, ნუ გახდებით თვითკმაყოფილი და ნუ იფიქრებთ, რომ ვერავინ იქონიებს თქვენზე გავლენას (შეადარეთ 1 კორინთელთა 10:12). სრულიად დასაშვებია, რომ ეს უკვე ხდება და თქვენ ვერც კი ხვდებით ამას. განვიხილოთ მარტივი მაგალითი: ვთქვათ, რაიმეს ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი. არის ეს ყოველთვის პირადი გადასაწყვეტი? თუ სხვები, რომლებიც ხშირად არ ჩანან, შეუმჩნევლად, მაგრამ საკმაოდ ძლიერ მოქმედებენ? ერიკ კლარკის (ჟურნალისტი, რომელიც სხვადასხვა საკითხებს იკვლევს) აზრით, ეს ასეც ხდება. „რაც უფრო მეტ რეკლამას გვაყრიან, — ამბობს ის, — მით უფრო ნაკლებად ვამჩნევთ, რამხელა გავლენას ახდენს ისინი ჩვენზე“. ის იმასაც წერს, რომ, როდესაც გამოიკითხეს, რამდენად ეფექტური იყო რეკლამები, „უმეტესობა იმ აზრისა იყო, რომ ისინი მოქმედებს, მაგრამ არა მათზე“. ჩვეულებრივ, ადამიანისთვის დამახასიათებელია, იფიქროს, რომ სხვებზე ყველაფერი მოქმედებს მასზე კი არაფერი. „თითქოს მხოლოდ ის არის გამონაკლისი და ყველაფრისგან დაცული“ (The Want Makers).
სატანის ყალიბში მოქცეული?
რეკლამების ყოველდღიურ გავლენას შეიძლება სერიოზული შედეგები არც კი მოჰყვეს, მაგრამ არსებობს სხვა გავლენა, რომელიც ბევრად უფრო საშიშია. ბიბლია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სატანა მანიპულირების ოსტატია (გამოცხადება 12:9). მისი ფილოსოფია ძალიან ჰგავს ერთი სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენლის აზროვნებას, რომელმაც თქვა, რომ არსებობს მყიდველებზე გავლენის მოხდენის ორი საშუალება: „ცდუნება და მათი აზროვნების ფორმირება“. თუ პროპაგანდისტებსა და სარეკლამო სააგენტოებს შეუძლიათ ასე შეუმჩნევლად თქვენი აზროვნების ფორმირება, წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მეტად არის ამაში დახელოვნებული სატანა! (იოანე 8:44).
მოციქულმა პავლემ იცოდა ეს. მას ეშინოდა, რომ ზოგ თანაქრისტიანს სიფხიზლე არ მოდუნებოდა და სატანის ცბიერების მსხვერპლი არ გამხდარიყო: „ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ გულუბრყვილობასა და სიწმიდეს ქრისტეში“ (2 კორინთელთა 11:3). სერიოზულად მოეკიდეთ ამ გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც იმათ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროპაგანდა და აზროვნების ფორმირება მოქმედებს, „მაგრამ არა მათზე“. სატანის პროპაგანდის ეფექტურობა აშკარად ჩანს ირგვლივ გამეფებულ სისასტიკეში, გახრწნილებასა და თვალთმაქცობაში, რაც ასე დამახასიათებელია დღევანდელი თაობისთვის.
ამიტომ პავლე თანაქრისტიანებს ევედრებოდა: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს“ (რომაელთა 12:2). ბიბლიის ერთ თარგმანში პავლეს ეს სიტყვები შემდეგნაირად ჟღერს: „ნუ მისცემთ წუთისოფელს იმის საშუალებას, რომ თავის ყალიბში მოგაქციოთ“ (რომაელთა 12:2, „ფილიპსის თარგმანი“). სატანა ყველაფერს იღონებს თავის ყალიბში ჩვენს მოსაქცევად, ისევე როგორც ძველ დროს მექოთნე თიხისთვის გარკვეული ფორმის მისაცემად შესაბამის ყალიბში დებდა მას. ამისთვის სატანა წუთისოფლის პოლიტიკას, კომერციას, რელიგიასა და გართობას იყენებს. მაგრამ რამდენად არის გავრცელებული მისი გავლენა? ისევე ფართოდ, როგორც მოციქულ იოანეს დღეებში: „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19; იხილეთ აგრეთვე 2 კორინთელთა 4:4). თუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, რომ სატანას შეცდომაში შეყვანა და აზროვნების გახრწნა შეუძლია, გაიხსენეთ, რა კარგად გამოუვიდა ეს მას მთელ ერთან, ისრაელთან, დაკავშირებით, ერთან, რომელიც ღვთისადმი მიძღვნილი იყო (1 კორინთელთა 10:6–12). შეიძლება თუ არა მსგავსი რამ თქვენც დაგემართოთ? სავსებით, თუ გონებას სატანის მაცდურ გავლენას დაუქვემდებარებთ.
იყავით საქმის კურსში
ჩვეულებრივ, ვერაგი ძალები მხოლოდ მაშინ იმოქმედებენ თქვენს აზროვნებაზე, როდესაც ამის საშუალებას მისცემთ. თავის წიგნში ვანს პეკარდმა აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს მტკიცე საფარი, რომელიც ასეთი [შენიღბული] გავლენის მომხდენებისგან გვიცავს: შეგვიძლია არ მოვექცეთ გავლენის ქვეშ. თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში გვაქვს არჩევნის საშუალება და, თუ საქმის კურსში ვართ, მარიონეტებად ვერ გვაქცევენ“ (The Hidden Persuaders). იმავეს თქმა შეიძლება პროპაგანდასა და მზაკვრულ სიცრუეზე.
რა თქმა უნდა, ‘საქმის კურსში ყოფნისთვის’ საჭიროა, მზად იყოთ კარგი გავლენისთვის. საღი აზროვნებისთვის, ისევე როგორც ჯანსაღი სხეულის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, სწორი კვებაა საჭირო (იგავნი 5:1, 2). ინფორმაციის უქონლობა შეიძლება ისეთივე მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, როგორც არასწორად ინფორმირება. ასე რომ, იმ იდეებისა და ფილოსოფიებისგან დაცვასთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, ეცადეთ ცერად ან ცინიკურად არ შეხედოთ ნებისმიერ რჩევას ან ინფორმაციას (1 იოანე 4:1).
ვიღაცის გულწრფელად დარწმუნებას არაფერი საერთო არა აქვს შენიღბულ პროპაგანდასთან. მოციქულმა პავლემ ახალგაზრდა ტიმოთე დაარიგა, ფრთხილად ყოფილიყო ‘ბოროტ ადამიანებთან და ცრუმარქვიებთან, რომლებიც წინ წაიწევდნენ უარესისკენ, სხვებსაც შეაცდენდნენ და თავადაც ცდუნებაში იქნებოდნენ’. შემდეგ კი დაამატა: „შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია“ (2 ტიმოთე 3:13, 14). ვინაიდან ყველაფერი, რასაც ყურადღებას აქცევთ, გარკვეულწილადი მოქმედებს თქვენზე, მთავარია, ‘იცოდეთ, ვისგან სწავლობთ’ — დარწმუნებული იყოთ, რომ დამრიგებლები თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ და არა საკუთარზე.
არჩევანი თქვენზეა. შეგიძლიათ ‘დაემსგავსოთ ამ წუთისოფელს’, თუ გონებას მისი ფილოსოფიებითა და ფასეულობებით გამოკვებავთ (რომაელთა 12:2). მაგრამ წუთისოფელს თქვენი კეთილდღეობა სულაც არ აინტერესებს. სწორად ამიტომ მოციქული პავლე გვარიგებს: ‘გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით და ადამიანური გადმოცემით’ (კოლასელთა 2:8). სატანის ყალიბში ამგვარად მოქცევას, ანუ ასეთნაირად „გატაცებას“, ძალისხმევა არ სჭირდება. ის სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქვის მსგავსია. ზიანი შეიძლება, მხოლოდ ამ დაბინძურებული ჰაერით სუნთქვამაც კი მოგაყენოთ.
შეგიძლიათ საპირისპიროდ მოიქცეთ და არ ისუნთქოთ ამ „ჰაერით“ (ეფესელთა 2:2). მიჰყევით პავლეს რჩევას: „შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). ამას ძალისხმევა სჭირდება (იგავნი 2:1–5). გახსოვდეთ, იეჰოვა მარიონეტებივით არ გათამაშებთ. ის გაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, მაგრამ მათგან სარგებლობის მისაღებად, უნდა მოისმინოთ ისინი და აზროვნებაზე გავლენის მოხდენის საშუალება მისცეთ (ესაია 30:20, 21; 1 თესალონიკელთა 2:13). მზად უნდა იყოთ, გონება ‘საღვთო წერილის’, ღვთივსულიერი სიტყვის, ანუ ბიბლიის, ჭეშმარიტებით გამოკვებოთ (2 ტიმოთე 3:15–17).
იეჰოვას მიერ ფორმირებაზე რეაგირება
იეჰოვას მიერ ფორმირებიდან სარგებლობის მისაღებად თქვენ მხრივ მზადყოფნისა და მორჩილად გამოხმაურების აუცილებლობა თვალნათლივ ჩანს იეჰოვას მიერ წინასწარმეტყველ იერემიას მეთუნის სახელოსნოში გაგზავნიდან. იერემიამ დაინახა, რომ მეთუნე ცდილობდა თიხის ჭურჭლის გამოძერწვას, მაგრამ „გაუფუჭდა“, რის გამოც ამ ჭურჭლის მომავალთან დაკავშირებით მოსაზრება შეიცვალა. მაშინ იეჰოვამ თქვა: „ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? . . აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!“ (იერემია 18:1–6). ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ისრაელი ერი იეჰოვას ხელში მხოლოდ უსიცოცხლო თიხის მასის მსგავსი იყო, რომელსაც ღმერთი თავისი სურვილისამებრ ამა თუ იმ ჭურჭლად გამოძერწავდა?
იეჰოვა არასოდეს არ იყენებს ყოვლისშემძლეობას იმ მიზნით, რომ ხალხი თავიანთი სურვილის წინააღმდეგ ამოქმედოს; არც მისი მიზეზით ფუჭდება რომელიმე ჭურჭელი, როგორც ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, როდესაც მეთუნე ადამიანია (მეორე რჯული 32:4). ხარვეზები ჭურჭელს მაშინ უჩნდება, როდესაც ძერწვისას ეწინააღმდეგება იეჰოვას ხელს, რომელსაც საპატიო ჭურჭლად სურს მისი ფორმირება. საკმაოდ დიდი განსხვავებაა თქვენსა და უსიცოცხლო თიხის მასას შორის. თქვენ გაქვთ ნების თავისუფლება. მისი გამოყენების შედეგად შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ან უარყოთ იეჰოვას მიერ თქვენ ჩამოსაყალიბებლად გამიზნული გავლენა.
რა გამომაფხიზლებელი გაკვეთილია! რამდენად უკეთესია, მოვუსმინოთ იეჰოვას ხმას, ნაცვლად იმისა, რომ მედიდურად ვამტკიცოთ: „ჩემი საქმისა მე ვიცი“. ყველას გვჭირდება იეჰოვას მითითებები (იოანე 17:3). იყავით ფსალმუნმომღერალ დავითის მსგავსი, რომელიც ლოცულობდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფსალმუნი 24:4). გაიხსენეთ მეფე სოლომონის სიტყვები: „გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს“ (იგავნი 1:5). გაიგონებთ თუ არა თქვენც? თუ დიახ, მაშინ ‘გონიერება დაგიფარავთ და შეგნება დაგიცავთ’ (იგავნი 2:11).