იეჰოვა ასრულებს ერთგული ადამიანებისთვის მიცემულ აღთქმებს
„აღმთქმელი სარწმუნოა“ (ებრაელთა 10:23).
1, 2. რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეჭვი არ შეგვეპაროს იეჰოვას აღთქმებში?
იეჰოვას სურვილია, რომ მისმა მსახურებმა როგორც თვითონ მისადმი, ასევე მისი აღთქმებისადმი მტკიცე რწმენა განივითარონ და შეინარჩუნონ. ასეთი რწმენის მქონე ადამიანებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის აღთქმებს. მისი ინსპირირებული სიტყვა აცხადებს: „დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება“ (ესაია 14:24).
2 სიტყვები „დაიფიცა ცაბაოთ უფალმა“, ცხადყოფს, რომ ის ფიცს დებს, რომ შეასრულებს თავის აღთქმებს. ამიტომ ამბობს მისი სიტყვა: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6). როდესაც იეჰოვაზე ვართ მინდობილი და მისი სიბრძნით ვხელმძღვანელობთ, ბილიკები, რომლებსაც ვადგავართ, აუცილებლად მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს, რადგან ღვთის სიბრძნე „უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება“ (იგავნი 3:18; იოანე 17:3).
ჭეშმარიტი რწმენა ძველად
3. როგორ გამოავლინა ნოემ იეჰოვასადმი რწმენა?
3 ჭეშმარიტი რწმენის მქონე პიროვნებებისადმი იეჰოვას დამოკიდებულების შესახებ ჩანაწერები ღვთის საიმედოობის მტკიცებას წარმოადგენს. მაგალითად, 4 400-ზე მეტი წლის წინ ღმერთმა ნოეს უთხრა, რომ იმდროინდელი მსოფლიო გლობალური წარღვნით განადგურდებოდა. ამიტომ ნოე დაარიგა, აეშენებინა უზარმაზარი კიდობანი, რათა მისი საშუალებით ეხსნა ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლე. როგორ მოიქცა ნოე? პასუხს ებრაელთა 11:7 გვაძლევს: „რწმენით იყო, რომ მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისმოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად“. რატომ სწამდა ნოეს, რომ მოხდებოდა ისეთი რამ, რაც ადრე არასოდეს მომხდარა, რაც „ჯერ არ იყო ხილული“? საკაცობრიო ოჯახის მიმართ ღვთის ადრინდელი მოქმედებებიდან მან საკმაოდ კარგად იცოდა, რომ ღვთის ყოველი სიტყვა სრულდებოდა. ამიტომ ნოე დარწმუნებული იყო, რომ წარღვნაც მოხდებოდა (დაბადება 6:9–22).
4, 5. რატომ იყო აბრაამი მთლიანად იეჰოვაზე მინდობილი?
4 ჭეშმარიტი რწმენის კიდევ ერთი მაგალითია აბრაამი. დაახლოებით 3 900 წლის წინ ღმერთმა მას უთხრა, რომ ერთადერთი ვაჟი, რომელიც სარასგან შეეძინა, მსხვერპლად შეეწირა მისთვის (დაბადება 22:1–10). როგორ მოიქცა აბრაამი? ებრაელთა 11:17 გვამცნობს: „რწმენით იყო, რომ მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა“. მაგრამ ბოლო მომენტში იეჰოვას ანგელოზმა შეაჩერა ის (დაბადება 22:11, 12). რამ აფიქრებინა აბრაამს ასეთი რამის გაკეთება? ებრაელთა 11:19 ამბობს: „ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს [ისაკის] მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს“. მაგრამ როგორ სწამდა აბრაამს აღდგომის მაშინ, როდესაც მკვდრეთით აღდგენა არასოდეს ენახა და მის შესახებ არც კი სმენია?
5 გაიხსენეთ, სარა 89 წლის იყო, როდესაც ღმერთმა მათ ძე აღუთქვა. სარას საშვილოსნო უნაყოფო, ასე ვთქვათ, მკვდარი იყო (დაბადება 18:9–14). ღმერთმა „გააცოცხლა“ სარას საშვილოსნო და ქალმა შვა ისაკი (დაბადება 21:1–3). აბრაამმა იცოდა, რომ თუ ღმერთმა სარას „მკვდარი“ საშვილოსნო „გააცოცხლა“, მაშინ ის, საჭიროების შემთხვევაში, ისაკისთვისაც შეძლებდა სიცოცხლის დაბრუნებას. რომაელთა 4:20, 21 აბრაამის შესახებ ამბობს: „იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა“.
6. როგორ გამოხატა იესო ნავეს ძემ იეჰოვასადმი ნდობა?
6 დაახლოებით 3 400-ზე მეტი ხნის წინათ, როდესაც იესო ნავეს ძე 100 წელს იყო გადაცილებული და ცხოვრებაში უკვე გამოცდილი ჰქონდა, თუ რამდენად სანდოა ღმერთი, თავისი ნდობის საფუძვლად შემდეგი მიზეზი მოიყვანა: „მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:14).
7, 8. როგორ უშველეს თავს პირველ საუკუნეში ერთგულმა ქრისტიანებმა და რატომ?
7 დაახლოებით 1 900 წლის წინ მრავალმა თავმდაბალმა ადამიანმა გამოავლინა ჭეშმარიტი რწმენა. ისინი ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებიდან ხედავდნენ, რომ იესო მესია იყო და ღებულობდნენ მის სწავლებებს. ფაქტებისა და ებრაული წერილების მტკიცე საფუძველზე მათ ირწმუნეს ყველაფერი, რასაც იესო ასწავლიდა. ამიტომ, როდესაც იესომ თქვა, რომ ორგულობის გამო იუდეასა და იერუსალიმს ღვთის სამსჯავრო დაატყდებოდა, ამ ხალხმა ირწმუნა მისი. ხოლო, როდესაც იესომ უთხრა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ სიცოცხლის გადასარჩენად, ისინი მიჰყვნენ მის მითითებებს.
8 იესომ მორწმუნეები გააფრთხილა, რომ, როდესაც იერუსალიმს ჯარებით გარშემორტყმულს ნახავდნენ, უნდა გაქცეულიყვნენ. ახ. წ. 66 წელს იერუსალიმს რომის ჯარები მიადგა. მაგრამ შემდეგ ამოუხსნელი მიზეზით უკან გაბრუნდა. ეს ქრისტიანებისთვის ქალაქის დატოვების ნიშანი იყო, ვინაიდან იესომ თქვა: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“ (ლუკა 21:20, 21). ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა დატოვეს იერუსალიმი და მისი მიმდებარე ტერიტორია და თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარეს.
ურწმუნოების შედეგები
9, 10. ა) როგორ გამოავლინეს რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოსადმი ურწმუნოება? ბ) რა იყო ურწმუნოების შედეგი?
9 რა გააკეთეს მათ, ვისაც არ ჰქონდა ჭეშმარიტი რწმენა? მათ არ გამოიყენეს გაქცევის შესაძლებლობა და ქალაქში დარჩნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ თავიანთი წინამძღოლები იხსნიდნენ. მაგრამ იმ წინამძღოლებმა და მათმა მიმდევრებმაც ხომ იხილეს იესოს მესიანობის მტკიცებები. მაშ, რატომ არ მოუსმინეს იესოს ნათქვამს? თავიანთი ბოროტი გულების გამო. ეს ადრევე გამოაშკარავდა, როცა ნახეს, რომ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ბევრი უბრალო ადამიანი იესოსთან მიდიოდა. იოანეს 11:47, 48 გვეუბნება: «მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა შეკრიბეს სინედრიონი [იუდეველთა უმაღლესი სასამართლო] და თქვეს: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი [იესო] ბევრ სასწაულებს ახდენს? თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“». 53-ე მუხლი ამბობს: „იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი“.
10 იესომ დიდებული სასწაული მოახდინა — მკვდრეთით აღადგინა ლაზარე! მაგრამ რელიგიურ წინამძღოლებს ამის გამო იესოს მოკვლა სურდათ. მათი უდიდესი ბოროტება უფრო მეტად მაშინ გამოვლინდა, როდესაც „მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს, რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და რწმუნდებოდა იესოში“ (იოანე 12:10, 11). იესომ ეს-ესაა მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, ხოლო ამ მღვდლებს კი სურდათ, ისევ მკვდარი ეხილათ ის. მათ არ აინტერესებდათ ღვთის ნება ან უბრალო ხალხის კეთილდღეობა. ისინი ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ. მათ „ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღვთის დიდება“ (იოანე 12:43). მაგრამ ასეთი ურწმუნოება ძვირად დაუჯდათ. ახ. წ. 70 წელს რომის ჯარები დაბრუნდა და გაანადგურა არა მარტო მრავალი მათგანი, არამედ ის ადგილიც და ერიც.
რწმენა ჩვენს დღეებში
11. როგორ გამოვლინდა ჭეშმარიტი რწმენა ჩვენი საუკუნის დასაწყისში?
11 ამ საუკუნეშიც იყვნენ მრავალი ჭეშმარიტი რწმენის მქონე კაცები და ქალები. მაგალითად, საუკუნის დასაწყისში მსოფლიო მშვიდობიან, შესანიშნავ მომავალს მოელოდა. ამ დროს ისინი, ვინც იეჰოვასადმი რწმენას ავლენდნენ, ადამიანებს ამცნობდნენ, რომ კაცობრიობა ყველაზე დიდი გასაჭირის ზღურბლზე იდგა. ამას წინასწარმეტყველებდა ღვთის სიტყვა მათეს 24-ე თავში, მე-2 ტიმოთეს მე-3 თავსა და სხვა ადგილებში. იმ მორწმუნე ადამიანების ნათქვამი ნამდვილად ახდა; 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. წუთისოფელმა ნამდვილად შეაბიჯა ნაწინასწარმეტყველები ‘უკანასკნელი დღეების საზარელ ჟამში’ (2 ტიმოთე 3:1). საიდან იცოდნენ წინასწარ იეჰოვას მსახურებმა ჭეშმარიტება მსოფლიო მდგომარეობის შესახებ, მაშინ, როდესაც სხვებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ? იესო ნავეს ძის მსგავსად მათ სწამდათ, რომ იეჰოვას ყოველი სიტყვა შესრულდებოდა.
12. იეჰოვას რომელი აღთქმის შესრულებაში არ ეპარებათ ეჭვი მის მსახურებს?
12 დღეს იეჰოვაზე დაიმედებული მსახურების რაოდენობა მთელ მსოფლიოში ექვს მილიონს უახლოვდება. ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის შესრულების საფუძველზე მათ იციან, რომ ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ამ ძალადობით აღსავსე, გახრწნილ სისტემას. ამიტომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ახლოა ის დრო, როდესაც იხილავენ 1-ლი იოანეს 2:17-ის შესრულებას, სადაც ნათქვამია: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“. იეჰოვას მსახურებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ღმერთი შეასრულებს ამ აღთქმას.
13. რა დონემდე შეგიძლიათ ენდოთ იეჰოვას?
13 რა დონემდე შეგიძლიათ ენდოთ იეჰოვას? ბოლომდე! მაშინაც კი, თუ ახლა მისადმი მსახურებისთვის სიცოცხლეს დაკარგავ, მკვდრეთით აღდგენის შემდეგ მისგან ბევრად უკეთეს ცხოვრებას მიიღებ. იესო გვარწმუნებს: „ნუ გიკვირთ ეს, ვინაიდან მოაწევს დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, [ღვთის მეხსიერებაში] მოისმენს მის ხმას; და ამოვლენ“ (იოანე 5:28, 29, სსგ). იცნობთ ისეთ ექიმს, პოლიტიკურ ლიდერს, მეცნიერს, ბიზნესმენსა თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია? წარსულის მონაცემები ცხადყოფს, რომ ადამიანებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. იეჰოვას კი შეუძლია და გააკეთებს კიდეც!
შესანიშნავი მომავალი ერთგულებისთვის
14. რა შესანიშნავ მომავალს ჰპირდება ღვთის სიტყვა ერთგულებს?
14 იესომ შემდეგი სიტყვებით: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“, აჩვენა, რომ ღვთის ზეციერი სამეფოს ხელმძღვანელობით ახალი ქვეყნიერება აუცილებლად დამყარდებოდა (მათე 5:5). ამ სიტყვებმა განამტკიცა ღვთის აღთქმა, რომელიც ფსალმუნის 36:29-შია მოცემული: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. იესომ აგრეთვე სიკვდილის წინ ბოროტმოქმედს, რომელმაც მისადმი რწმენა გამოავლინა, უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43, აქ). დიახ, ღვთის სამეფოს მეფე, იესო იზრუნებს, რომ ეს მამაკაცი აღდგეს დედამიწაზე სამოთხეში და მიეცეს მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა. დღეს, ვინც რწმენას ავლენს იეჰოვას სამეფოსადმი შეუძლია სამოთხეში ცხოვრების იმედი ჰქონდეს, სადაც „[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:4).
15, 16. რატომ იქნება ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება მშვიდობიანი?
15 მოდი ფიქრებით გადავინაცვლოთ ახალ ქვეყნიერებაში. წარმოვიდგინოთ, რომ უკვე იქ ვცხოვრობთ. შეუძლებელია მაშინვე არ შევნიშნოთ სრულ მშვიდობაში ერთად მცხოვრები ბედნიერი ხალხი. ისინი ისეთ პირობებში ცხოვრობენ, რომელიც აღწერილია ესაიას 14:7-ში: „დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს“. რატომ გრძნობენ ისინი თავს ასე? პირველ რიგში, დაუკვირდი, რომ კარებს საკეტები არა აქვს. ისინი არაა საჭირო, რადგან აქ არც დამნაშავეობაა და არც ძალადობა. ეს პირობები ზუსტად შეესაბამება ღვთის სიტყვის წინასწარმეტყველებას: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).
16 აქ არც ომობენ, რადგან ახალ ქვეყნიერებაში ომი აკრძალულია. მთელი საბრძოლო იარაღები შრომის იარაღებადაა გადაკეთებული. აქ სრული მნიშვნელობით შესრულდა ესაიას 2:4: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“. მაგრამ ჩვენ ხომ მოველოდით ამას?! რატომ? ახალი ქვეყნიერების მცხოვრებლებმა ამის გაკეთება მაშინ ისწავლეს, როდესაც ღმერთს ემსახურებოდნენ ძველ ქვეყნიერებაში.
17. როგორი საცხოვრებელი პირობები იქნება ღვთის სამეფოს მმართველობისას?
17 თქვენ კიდევ რაღაცას ხედავთ. აქ არ არსებობს სიღარიბე. არავინ ცხოვრობს ბინძურ ქოხებში, არავინაა ძონძებით შემოსილი და უსახლკარო. ყველას მყუდრო სახლი და საუცხოო ხეებითა და ყვავილებით დამშვენებული კარ-მიდამო აქვს (ესაია 35:1, 2; 65:21, 22; ეზეკიელი 34:27). აქ არავინ შიმშილობს, რადგან ღმერთმა შეასრულა თავისი აღთქმა, რომ ყველასთვის უხვად იქნებოდა საზრდო: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს“ (ფსალმუნი 71:16). მართლაც, ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით მთელი დედამიწა ისეთი საუცხოო სამოთხეა, როგორიც ღმერთს ედემის ბაღში ჰქონდა განზრახული (დაბადება 2:8).
18. რა არ დაემუქრება ადამიანებს ახალ ქვეყნიერებაში?
18 თქვენ ისიც გაოცებთ, რომ ყველა ენერგიულია. ეს სრულყოფილი სხეულისა და გონების გამოა. აღარ არსებობს ავადმყოფობა, ტკივილი და სიკვდილი. არავინაა მიჯაჭვული ინვალიდის სავარძელს ან ავადმყოფობის სარეცელს. ყოველივე ეს სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს (ესაია 33:24; 35:5, 6). ადამიანის სიცოცხლეს არც ცხოველები ემუქრებიან, რადგან ღმერთმა თავისი ძალის გამოყენებით ისინი მშვიდობიანნი გახადა (ესაია 11:6–8; 65:25; ეზეკიელი 34:25).
19. რატომ იქნება ახალ ქვეყნიერებაში ყოველი დღე ‘სიამის მომგვრელი’?
19 რა შესანიშნავ ცივილიზაციას აშენებს ახალი ქვეყნიერების ერთგული მოსახლეობა! ისინი მთელ თავიანთ ენერგიას, უნარსა და დედამიწის სიმდიდრეს სასარგებლო მიზნებს ახმარენ და არა საზიანოს; სხვებთან თანამშრომლობას და არა კონკურენციას. ყოველი შემხვედრი სანდოა, ვინაიდან ღვთის აღთქმის თანახმად, ‘ყველანი უფლის დამოძღვრილნი არიან’ (ესაია 54:13). რადგან ყველა ღვთის კანონებით ხელმძღვანელობს, დედამიწა ‘აივსო უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული’ (ესაია 11:9). მართლაც, როგორც ფსალმუნის 36:11-შია ნათქვამი, ახალ ქვეყნიერებაში ყოველი დღე ‘სიამის მომგვრელია’.
ბედნიერი მომავალი გარანტირებულია
20. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანი მომავალი დავიმკვიდროთ?
20 რა უნდა გავაკეთოთ, ის ბედნიერი მომავალი რომ დავიმკვიდროთ? ესაიას 55:6 გვეუბნება: „ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი“. უფლის ძიებისას კი ჩვენც ისეთივე განწყობილება უნდა გვქონდეს, როგორიც ფსალმუნის 142:10-შია აღწერილი: „მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ“. ვინც ასე მოქმედებს შეუძლია ამ უკანასკნელ დღეებში უმწიკვლოდ იაროს იეჰოვას წინაშე და შესანიშნავ მომავალს მოელოდეს. „დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება“ (ფსალმუნი 36:37, 38).
21, 22. რას ქმნის დღეს ღმერთი და როგორ ასწავლის მათ?
21 სწორედ ახლა იეჰოვა ყოველი ერიდან უხმობს მათ, ვისაც მისი ნების შესრულება სურს. როგორც ბიბლიურ წინასწარმეტყველებაშია მოცემული, ის ამ ხალხისგან ახალი ქვეყნიერების საზოგადოების საძირკველს ქმნის: „უკანასკნელ დღეებში [დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ]. . . დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე [მისი ამაღლებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა]. . . გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ“ (ესაია 2:2, 3).
22 გამოცხადების 7:9 ამ ხალხს შემდეგნაირად აღწერს: „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“. მე-14 მუხლი აღნიშნავს: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები“, ისინი, ვინც თანამედროვე სისტემის აღსასრული გადაიტანა. იმ ხალხის რაოდენობამ, რომლებიც ახალი ქვეყნიერების საძირკველს ქმნის უკვე ექვს მილიონს მიაღწია და მას ყოველწლიურად მრავალი ახალი პიროვნება ემატება. იეჰოვა ყველა ამ ერთგულ მსახურს ახლა ასწავლის, თუ როგორ იცხოვრონ ახალ ქვეყნიერებაში. ისინი იძენენ სულიერ თვისებებს და სწავლობენ სხვადასხვა საქმეების შესრულებას, რომლებიც აუცილებელია დედამიწის სამოთხედ გარდასაქმნელად. და მათ ყოველგვარი ეჭვის გარეშე სწამთ, რომ სამოთხე ნამდვილად იქნება, ვინაიდან „აღმთქმელი სარწმუნოა“ (ებრაელთა 10:23).
საკითხები გამეორებისთვის
□ რა მოჰყვა ურწმუნოებას პირველ საუკუნეში?
□ რა დონემდე შეიძლება ღვთის მსახურები ენდონ ღმერთს?
□ როგორი მომავალი ელის ერთგულებს?
□ რა უნდა გავაკეთოთ, რათა ღვთის ახალი ქვეყნიერება დავიმკვიდროთ?
[სურათი 18 გვერდზე]
სწორედ ახლა იეჰოვა საძირკველს უყრის ახალ საზოგადოებას, რომელიც დედამიწაზე იცხოვრებს.