ოჯახი — აუცილებლობა კაცობრიობისთვის
ცნობილია, რომ საზოგადოება მხოლოდ მაშინაა ძლიერი, როდესაც ოჯახებია ძლიერი. ისტორია აჩვენებს, რომ ოჯახები როგორც კი ირღვევა, საზოგადოებები და სახელმწიფოები მაშინვე სუსტდება. როდესაც ზნედაცემულობამ დაარღვია ოჯახები ძველ საბერძნეთში, მისი ცივილიზაცია დაეცა და რომისთვის ადვილად დასაპყრობი გახადა. რომის იმპერია მანამდე დარჩა ძლიერი, სანამ მტკიცე ოჯახები ჰქონდა. საუკუნეების მანძილზე ოჯახები დასუსტდა და იმპერიის სიძლიერეც დაეცა. „ოჯახის უსაფრთხოება და აღორძინება ცივილიზაციისა და მთელი მისწრაფებების მთავარი მიზნებია“, — აღნიშნავს ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ჩარლზ უ. ელიოტი.
დიახ, ოჯახი კაცობრიობისთვის აუცილებელია. ის პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სტაბილურობასთან და მომავალი თაობის კეთილდღეობასთან. უეჭველია, ძალიან ბევრი მარტოხელა დედა იღვწის საუკეთესო შვილების აღსაზრდელად, და ისინი უნდა შეაქონ გულმოდგინე შრომისთვის. მაგრამ გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ჩვეულებრივად ბავშვები ბევრად უკეთესად არიან, თუ ორივე მშობელი ჰყავთ.
ავსტრალიაში 2 100-ზე მეტ მოზარდზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ „მოზარდებს, რომლებიც დანგრეული ოჯახებიდან იყვნენ უფრო მეტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ემოციური მოშლილობა და სქესობრივი აქტივობა ჰქონდათ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც მთლიან ოჯახში ცხოვრობენ“. გამოკვლევამ, რომელიც შეერთებული შტატების ჯანმრთელობის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარდა, აჩვენა, რომ უფრო მეტი ალბათობაა დანგრეულ ოჯახში მცხოვრები ბავშვების „20–30%-ის უბედურ შემთხვევაში ჩავარდნის, 40–75%-ის კლასში დარჩენის და 70%-ის სკოლიდან გარიცხვის“. ერთი პოლიტიკური მიმომხილველი იუწყება, რომ „ბავშვები, რომლებსაც მარტოხელა მშობლები ზრდიან, უფრო ეხვევიან დამნაშავეობაში, ვიდრე ისინი, ვინც ტრადიციულ ოჯახში იზრდებიან“.
ოჯახი თავშესაფარია
ოჯახი ყველას ბედნიერებას, განმტკიცებასა და სიამოვნებას აძლევს. „ბედნიერებისთვის და კეთილდღეობისთვის კარიერა, ნივთები, ჰობი და მეგობრები კი არაა მთავარი, არამედ ოჯახი“, — ამბობს შვედეთში ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება.
ბიბლია აჩვენებს, რომ დედამიწაზე ყოველი ოჯახი საკუთარი წოდებით ვალდებულია ოჯახების დიდებული შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, წინაშე, რამეთუ ის არის ოჯახის სტრუქტურის შემქმნელი (დაბადება 1:27, 28; 2:23, 24; ეფესელთა 3:14, 15). მაგრამ ინსპირირებულ საღვთო წერილში მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა ოჯახზე უზნეო ზეგავლენით გამოწვეული ზნეობის დაცემა და ადამიანთა საზოგადოების მსხვრევა ქრისტიანული კრების გარეთ. მან თქვა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ იქნებოდნენ უწმინდურნი, „მოძულენი“, მშობლების ურჩნი, მათ შორისაც კი ‘ვისაც ღვთისმოსაობის სახე ექნებოდათ’. მან ქრისტიანებს მოუწოდა, მოერიდონ ასეთებს. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ღვთის ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა ოჯახებს გაყოფდა (2 ტიმოთე 3:1–5; მათე 10:32–37).
მაგრამ, ღმერთმა დახმარების გარეშე არ დაგვტოვა. მის სიტყვაში დიდი ადგილი ეთმობა მითითებებს ოჯახური ურთიერთობის შესახებ. ის გვასწავლის, თუ როგორ შეგვიძლია ოჯახი წარმატებულ და სასიამოვნო ადგილად გავხადოთ, სადაც ოჯახის ყოველ წევრს ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვსa (ეფესელთა 5:33; 6:1–4).
შესაძლებელია ასეთი ბედნიერი ურთიერთობის მიღწევა ჩვენს დღეებში, როდესაც ოჯახი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას? დიახ, შესაძლებელია! შენ შეგიძლია მიაღწიო ამას ოჯახის სასიამოვნო, გამაგრილებელ ოაზისად გადაქცევით, ამ უდაბნოსმაგვარ ქვეყნიერებაში. მაგრამ, ეს რაღაცას მოითხოვს ოჯახის ყოველი წევრისგან. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
დაეხმარეთ ოჯახს, გადარჩეს
ოჯახის ერთიანობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა დროის ერთად გატარებაა. ოჯახის ყოველმა წევრმა თავისუფალი დრო სიხარულით უნდა გაატაროს ოჯახთან. ეს შეიძლება მსხვერპლს მოითხოვდეს. მაგალითად, მოზარდებო, შეიძლება მოგიწიოთ რომელიმე საყვარელი სატელევიზიო პროგრამის, სპორტული თამაშების ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნების დათმობა. თქვენ მამებო, ვინც ჩვეულებრივად მთავარი მარჩენლები ხართ, ნუ გამოიყენებთ თავისუფალ დროს მხოლოდ ჰობისთვის ან სხვა პირადი ინტერესებისთვის. დაგეგმეთ ოჯახთან ერთად რაიმეს გაკეთება, შესაძლოა ის, თუ როგორ გაატაროთ შაბათ-კვირა ან შვებულება ერთად. რა თქმა უნდა, დაგეგმეთ ისეთი რამე, რასაც ყველა სიამოვნებით მიიღებს და მოუთმენლად დაელოდება.
ბავშვებს უფრო მეტი დრო უნდათ, ვიდრე დროდადრო ნახევარი საათის გამოყოფა. მათ მეტი დრო სჭირდებათ. შვედეთის ყოველდღიური გაზეთის მუდმივი მიმომხილველი წერს: «15 წელია გაზეთის კორესპონდენტი ვარ, მთელი ამ ხნის მანძილზე ახალგაზრდების უამრავ დანაშაულს შევხვედრივარ. . . ცნობილია, რომ ისინი ძალიან მცირე დროს ატარებდნენ მშობლებთან: „ჩემ მშობლებს არ ჰქონდათ დრო“. „ისინი არასდროს არ მისმენდნენ“. „მამაჩემი ყოველთვის მოგზაურობდა.“. . . როგორც მშობელმა, შენ შეგიძლია ყოველთვის აირჩიო რამდენ დროს დაუთმობ შვილს. შენი არჩევანი შეფასდება 15 წლის შემდეგ ულმობელი მოზარდით».
მართებული თვალსაზრისი ფულზე
ოჯახის ყოველმა წევრმა ფულთან დაკავშირებით ყოველთვის მართებული თვალსაზრისი უნდა განავითაროს. ისინი მზად უნდა იყვნენ, ოჯახის საერთო ხარჯებში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ბევრ მანდილოსანს უწევს მუშაობის დაწყება ოჯახის სარჩენად, მაგრამ თქვენ, ცოლებო, უნდა იცოდეთ რა საფრთხესა და ცდუნებებს შეიძლება წააწყდეთ. ეს ქვეყნიერება გიბიძგებთ, „არაფერი მოიკლოთ“ და „გააკეთოთ ის, რაც გსურთ“. ამან შეიძლება თქვენში დამოუკიდებლობისა და უკმაყოფილების სული განავითაროს ღვთისგან ბოძებული როლის, დედობისა და დიასახლისობის, მიმართ (ტიტე 2:4, 5).
თუ თქვენ, დედებო, შეგიძლიათ სახლში ყოფნა და თქვენი შვილებისთვის მეგზურობისა და მეგობრობის გაწევა, ეს დიდად დაეხმარება მტკიცე კავშირის დამყარებას, რომ ყოველნაირი გაჭირვების მიუხედავად, შეინარჩუნოთ ოჯახის ერთიანობა. ქალს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ოჯახის ბედნიერებაში, უსაფრთხოებასა და ყოველდღიურ რიტმში. „ასი კაცია საჭირო საცხოვრებლის ასაშენებლად, მაგრამ ოჯახის აშენება ერთ ქალს შეუძლია“, — თქვა მე-19 საუკუნის ერთმა პოლიტიკოსმა.
თუ ოჯახის ყოველი წევრი თანამშრომლობს ბიუჯეტთან დაკავშირებით, ეს ოჯახს პრობლემებისგან გაათავისუფლებს. წყვილები უნდა შეთანხმდნენ, რომ უბრალო ცხოვრება გასწიონ და პირველ ადგილზე სულიერი ინტერესები დააყენონ. ბავშვებმაც უნდა ისწავლონ კმაყოფილება, არ მოითხოვონ ისეთი რამეები, რასაც ოჯახის ბიუჯეტი ვერ გასწვდება. მოერიდეთ სიხარბეს! ისეთი საგნების ყიდვის ცდუნება, რისი საშუალებაც არ არის, ბევრ ოჯახს ვალებში აგდებს და კრახამდე მიჰყავს. ოჯახის ერთიანობისთვის შეიძლება კარგი იყოს, თუ ყველა გააერთიანებს თავის ფულად სახსრებს რაიმეს წამოსაწყებად, მაგალითად: მოგზაურობისთვის, სახლის რომელიღაც სასარგებლო და სასიამოვნო მოწყობილობისთვის ან შესაწირავისთვის ქრისტიანულ კრებაში.
ოჯახის ბედნიერი ატმოსფეროსთვის „შესაწირავის“ სხვა ფორმა ისაა, რომ ოჯახის ყოველმა წევრმა წვლილი შეიტანოს დალაგებასა და სხვისი შრომის დაფასებაში, სახლზე, ბაღზე, მანქანაზე და სხვა რამეზე ზრუნვაში. ოჯახის ყოველ წევრს, მათ შორის ყველაზე პატარასაც კი შეიძლება რაღაც მოვალეობა ჰქონდეს დაკისრებული. თქვენ, ბავშვებო, ეცადეთ დრო ფუჭად არ გაატაროთ. ამის ნაცვლად განავითარეთ დახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის სული; ეს ნამდვილ მეგობრობას და ახლო ურთიერთობას განავითარებს, რაც ოჯახის ერთიანობის საწინდარია.
ბიბლიური განათლების ფასი
ერთიან ქრისტიანულ ოჯახში ბიბლიის რეგულარულ შესწავლასაც ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა. ბიბლიის მუხლების ყოველდღიური და საღვთო წერილის ყოველკვირეული განხილვა ერთიანი ოჯახისთვის საფუძველს ქმნის. ბიბლიური ჭეშმარიტება და პრინციპები მთელი მონდომებით, ერთად უნდა იქნეს განხილული ოჯახში.
ასეთი ოჯახური შეხვედრები დამსწავლებლური უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო და წამახალისებელი. ჩრდილოეთ შვედეთში, ერთ-ერთ ოჯახში ბავშვებს ურჩევდნენ, ჩაეწერათ შეკითხვები, რომლებიც კვირის განმავლობაში ებადებოდათ. ამ კითხვებს ბიბლიის ყოველკვირეულ შესწავლაზე განიხილავდნენ. შეკითხვები ხშირად სერიოზული და დამაფიქრებელი იყო, ავლენდა ბავშვების აზროვნების შესაძლებლობებსა და ბიბლიური სწავლებების დაფასებას. აი ზოგიერთი იმ კითხვათაგანი: «ზრდის თუ არა იეჰოვა ყველაფერს გამუდმებით, თუ ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა? ღმერთი არ არის კაცი, მაგრამ რატომ ამბობს ბიბლია, რომ ღმერთმა „თავის ხატად“ შექმნა კაცი? არ იყინებოდნენ ადამი და ევა სამოთხეში ზამთარში, რადგან ფეხშიშველები იყვნენ და არც ტანსაცმელი ჰქონდათ? რად გვინდა ღამე მთვარე, როდესაც წესით სიბნელე უნდა იყოს?» ეს ბავშვები ახლა დიდები არიან და ღმერთს სრული დროით ემსახურებიან.
მშობლებო, როდესაც ოჯახის პრობლემებს აგვარებთ, კარგს შვრებით, თუ ცდილობთ იყოთ მშვიდი და მხიარული. იყავით ყურადღებიანები და დამთმობები, აგრეთვე მტკიცენიც, როდესაც ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან პრინციპებს. დაანახეთ ბავშვებს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ღვთისა და მისი სამართლიანი პრინციპების სიყვარული გხელმძღვანელობთ. სკოლა ხშირად ძალიან დამძაბველი და დამთრგუნველია და ბავშვები საჭიროებენ ხშირ წახალისებას სახლში, ასეთი ზეგავლენის დასაძლევად.
მშობლებო, სრულყოფილებად ნუ მოაჩვენებთ შვილებს თავს. აღიარეთ მათ წინაშე შეცდომები და მოიბოდიშეთ, როდესაც ეს საჭიროა. ბავშვებო, როდესაც დედიკო და მამიკო აღიარებენ თქვენს წინაშე შეცდომას, უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი (ეკლესიასტე 7:16).
დიახ, ერთიანობას ოჯახში მშვიდობა, უშიშროება და ბედნიერება მოაქვს. გერმანელმა პოეტმა გოეთემ ერთხელ თქვა: „მეფეა თუ გლეხი, მაშინაა ბედნიერი, თუ ბედნიერებას საკუთარ სახლში პოულობს“. მშობლებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც ასე აფასებენ ამ ურთიერთობას, არ არსებობს ოჯახზე უკეთესი ადგილი.
დიახ, ოჯახს დღეს დიდი საფრთხე ემუქრება იმ წუთისოფლის ზეგავლენისგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მაგრამ, რადგან ოჯახი ღვთისგანაა, გადარჩება. თქვენი ოჯახი და აგრეთვე თქვენც გადარჩებით, თუ მიჰყვებით ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის ღვთის სამართლიან მითითებებს.
[სქოლიოები]
a ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული 192 გვერდიანი წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.