ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა
1. რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ბიბლია?
1 „დასაბამი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა“ — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმ. 118:160). თავისი შთაგონებული სიტყვის მეშვეობით იეჰოვა დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვცემს უაღრესად მნიშვნელოვან, ცხოვრებისეულ საკითხებზე. ის ანუგეშებს და იმედს აძლევს მათ, ვისაც მძიმე პრობლემები აქვს. ასევე, გვასწავლის, როგორ უნდა დავუახლოვდეთ მას. „ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგება ძალიან ბნელი და პირქუში ადგილიდან სუფთა, ნათელ და სასიამოვნო ოთახში გადასვლას ჰგავს“ — მადლიერებით აღნიშნა ერთმა ქალმა. ახმარ ძალ-ღონეს, რომ სხვებსაც გაუზიარო ჭეშმარიტება, რომელიც ღვთის სიტყვაშია მოცემული?
2. როგორ ეხმარება ბიბლია ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში?
2 ღვთის სიტყვას გარდამქმნელი ძალა აქვს და ყველანაირი ადამიანის გულს ეხება. ბიბლიურ ჭეშმარიტებას შესწევს ძალა, ადამიანის გულს შეეხოს და მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრება (ებრ. 4:12). ახალგაზრდა ქალი, სახელად როზა, მეძაობდა, ლოთობდა და ნარკოტიკებს იღებდა. „ერთხელაც, როდესაც სასოწარკვეთილებაში ვიყავი, — ამბობს ის, — ერთმა იეჰოვას მოწმე წყვილმა მიამბო, როგორი დამხმარეა ღვთის სიტყვა სიძნელეების გადაჭრაში. დავიწყე ბიბლიის შესწავლა, რამაც ძლიერ მიმიზიდა. საიდანღაც ძალა მომემატა და სულ რაღაც ერთ თვეში ახალი, სუფთა ცხოვრება დავიწყე. ამჟამად ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს, ამიტომაც აღარ მჭირდება ალკოჰოლი და ნარკოტიკები. გამიჩნდა იმის დიდი სურვილი, რომ ღვთის მეგობარი გავმხდარიყავი და ამ მიზნით მივიღე გადაწყვეტილება, მისი ნორმებით მეცხოვრა. თუ არა ღვთის სიტყვაში მოცემული სიბრძნე, ალბათ, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“ (ფსალმ. 118:92).
3. რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებისგან?
3 უმეტესი წიგნებისგან განსხვავებით, ბიბლია მოუხმობს ყველა ხალხს „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხ. 7:9). ღმერთს ნებავს «რომ ყველა [„ყველანაირი“, აქ] ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას» (1 ტიმ. 2:4). ამიტომ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ესა თუ ის პიროვნება არ მიიღებს სასიხარულო ცნობას, უბრალოდ, საკუთარი წარსულის გამო. პირიქით, ყველას გაუზიარე ცნობა სამეფოს შესახებ და, როცა კი ეს შესაძლებელია, პირდაპირ ბიბლიიდან წაუკითხე.
4. როგორ უნდა გამოვიყენოთ მსახურებაში ბიბლია?
4 გამოიყენე წმინდა წერილები. მსახურებაში ბიბლიის გამოსაყენებლად ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. ჟურნალების შეთავაზებისას ეცადე გამოიყენო შეთავაზებაშივე მოყვანილი ბიბლიური მუხლი. გასავრცელებელი ლიტერატურის შეთავაზებისას, ზოგიერთებმა შეამჩნიეს, რომ შესავალ სიტყვებში ეფექტური იყო საგულდაგულოდ შერჩეული ბიბლიური მუხლის წაკითხვა. როდესაც განმეორებით მონახულებას აკეთებ, ყოველთვის გამოიყენე ერთი ან ორი ბიბლიური მუხლი. ეს მობინადრეს დაეხმარება საფუძვლიანი ცოდნის უფრო და უფრო მეტად მიღებაში. როდესაც ბიბლიის შესწავლას ატარებ, მსჯელობა ძირითად ბიბლიურ მუხლებზე ააგე. როცა სამქადაგებლო მსახურებაში არ იმყოფები, მაინც თან გქონდეს ბიბლია, რომ არაფორმალური დამოწმების დროსაც შეგეძლოს მისი გამოყენება (2 ტიმ. 2:15).
5. რატომ უნდა ვცდილობდეთ ბიბლიის გამოყენებას მსახურებაში?
5 მოდი დავეხმაროთ სხვებს, რომ მათაც განიცადოთ ღვთის სიტყვის მოქმედი ძალა; და ამისათვის ვეცადოთ ბიბლიის გამოყენებას ყოველი სათანადო შესაძლებლობისას (1 თეს. 2:13).