პიონერული მსახურების კურთხევები
„უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავნი 10:22).
1, 2. ა) როგორ გამოხატა თავისი გრძნობები სრული დროით მსახურმა? ბ) რატომ განიცდიან სრულ სიხარულს პიონერები მოწაფეების მომზადების საქმეში?
„ნუთუ შეიძლება იმაზე მეტი სიხარული არსებობდეს, როცა ხედავ, რომ ვისაც ასწავლიდი, იეჰოვას აქტიური განმადიდებელი ხდება? ამაღელვებელი და რწმენის განმამტკიცებელია, იხილო, თუ რამდენად ძლიერია ღვთის სიტყვა, რომელიც აღძრავს ადამიანებს, ცვლილებები შეიტანონ ცხოვრებაში, რათა იეჰოვას ასიამოვნონ“. ასე წერდა კანადელი პიონერი, რომელიც უკვე 32 წელზე მეტია, სრული დროით მსახურობს. პიონერულ მსახურებაზე ის ამბობს: „სხვა რამე ვერ წარმომიდგენია. ნამდვილად ვერ წარმომიდგენია სხვა რამ, რაც ასეთ სიხარულს მომანიჭებდა“.
2 ეთანხმები, რომ უდიდესი სიხარულია, დაეხმარო სხვებს, დადგნენ სიცოცხლის გზაზე? რასაკვირველია, მხოლოდ პიონერები არ განიცდიან ამგვარ სიხარულს. იეჰოვას ყველა მსახურს ევალება, ‘მოიმოწაფოს ხალხი’, და ისინი ცდილობენ ამას (მათე 28:19). მაგრამ იმის გამო, რომ პიონერებს შეუძლიათ უფრო მეტი საათი დაუთმონ სამქადაგებლო მსახურებას, მათ ხშირად ეძლევათ შესაძლებლობა მოწაფეების მომზადების საქმეში განიცადონ სრული სიხარული. მაგრამ პიონერულ მსახურებას სხვა ჯილდოებიც მოაქვს. ესაუბრე პიონერებს და გეტყვიან, რომ პიონერული მსახურება შესანიშნავი საშუალებაა, განიცადო, ‘რომ იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს’ (იგავნი 10:22).
3. რას შეეძლო ჩვენი წახალისება, როცა იეჰოვასადმი მსახურებას განვაგრძობთ?
3 ამას წინათ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ პიონერებს სთხოვეს, აღეწერათ კურთხევები, რომლებიც სრული დროით მსახურებამ მოუტანა. ყურადღება მივაქციოთ მათ სიტყვებს. მაგრამ ნუ დანაღვლიანდები, თუ შენი მსახურება შეზღუდულია სუსტი ჯანმრთელობით, ასაკით ან სხვა პირობებით. დაიმახსოვრე, მნიშვნელოვანია, ემსახურო იეჰოვას გულმოდგინედ, იმ შესაძლებლობებით, რაც გაქვს. თუმცა ზოგი პიონერის კომენტარები ინტერესს გაგიზრდის, რომ, თუ საერთოდ შესაძლებელია, ხელი მოჰკიდო ამ ღირსეულ საქმიანობას.
კმაყოფილებისა და სიხარულის ღრმა გრძნობები
4, 5. ა) რატომ არის ასეთი დამაჯილდოებელი სხვებისთვის კეთილი ცნობის გაზიარება? ბ) რას ფიქრობენ პიონერები სრული დროით მსახურებაში მონაწილეობაზე?
4 „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“, — თქვა იესომ (საქმეები 20:35). დიახ, უანგარო გაცემას თავისებური ჯილდოები მოაქვს (იგავნი 11:25). განსაკუთრებით, ეს მართლდება იმ საკითხში, როდესაც საქმე ეხება სხვებისთვის კეთილი ცნობის გაზიარებას. მართლაც, სხვა რომელი უდიდესი საჩუქარი შეგვიძლია ვუბოძოთ მოყვასს, გარდა იმისა, რომ დავეხმაროთ, შეიძინოს ღვთის შემეცნება, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს? (იოანე 17:3).
5 გასაკვირი არ არის, რომ სრული დროით მსახურები ხშირად ლაპარაკობენ სიხარულისა და კმაყოფილების ღრმა გრძნობებზე, რაც მათთვის მსახურებას მოაქვს. „ვიცი, რომ ვერავითარი სამუშაო ვერ მომიტანდა იმ კმაყოფილებას, რაც მომიტანა ჭეშმარიტების სხვებთან გაზიარებამ“, — თქვა ბრიტანეთში მცხოვრებმა 64 წლის პიონერმა. ზაირელმა ქვრივმა თქვა, თუ რას ნიშნავდა მისთვის პიონერული მსახურება: „პიონერული მსახურება ნამდვილი ნუგეში იყო ჩემთვის, ჩემი ძვირფასი მეუღლის სიკვდილის შემდეგ. რაც უფრო ხშირად გავდივარ მსახურებაში, რომ დავეხმარო სხვებს, მით უფრო ნაკლებად ვგრძნობ იმ დიდ დანაკლისს. რწმენას ვავლენ იეჰოვას დაპირებების მიმართ და უმთავრესად იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ დავეხმარო მათ, ვისაც ვასწავლი, ცვლილებები შეიტანონ თავიანთ ცხოვრებაში. ყოველი დღე ბოლოს ტკბილი ძილით გვირგვინდება, გული კი სიხარულითაა სავსე“.
6. როგორი განსაკუთრებული სიხარული განიცადა ზოგმა პიონერმა?
6 ზოგს, ვინც მრავალი ათწლეული მსახურობს პიონერად, განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებდა დაშორებულ ტერიტორიებში მსახურება, კრებების დაფუძნება, რომლებიც საბოლოოდ რაიონებად დაიყო. მაგალითად, აბაშირიში, ჰოკაიდოზე (იაპონიის უკიდურესი ჩრდილო კუნძული), არის ერთი და, რომელიც 33 წელია, პიონერად მსახურობს. ის იხსენებს, რომ პირველ სარაიონო კონგრესზე —მთელი ჰოკაიდოს მასშტაბით — მხოლოდ 70 ადამიანი დაესწრო. ახლა? ახლა ამ კუნძულზე 12 რაიონია, რომლებშიც მთლიანობაში 12 000-ზე მეტი მაუწყებელია. წარმოიდგინე, როგორ ხარობს მისი გული, როცა ესწრება პატარა და დიდ კონგრესებს და ხედავს სამეფოს უამრავ თანამაუწყებელს ამ კუნძულზე!
7, 8. რა სიხარული განიცადა მრავალმა დიდი ხნის მსახურმა პიონერმა?
7 დიდი ხნის მსახურ სხვა პიონერებს სიხარული მოუტანა იმის ნახვამ, რომ ისინი, ვისაც ბიბლიას ასწავლიდნენ, მოინათლნენ და მსახურებაში დიდ უპირატესობებს მიაღწიეს. იაპონიაში ერთი და, რომელმაც 1957 წლიდან ცხრა სხვადასხვა დანიშნულებით იმსახურა, იხსენებს, როგორ დაუტოვა ბანკში მომუშავე ახალგაზრდა ქალს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“. ცხრა თვეში ის ახალგაზრდა მანდილოსანი მოინათლა. მოგვიანებით გათხოვდა, შემდეგ კი ის და მისი მეუღლე სპეციალური პიონერები გახდნენ. რა გახარებული იყო ის პიონერი და, როდესაც მესამე დანიშნულებით მსახურებისას მათ კრებას ეწვია ახალი სარაიონო ზედამხედველი მეუღლით, რომელსაც ერთ დროს ასწავლიდა!
8 გასაკვირი არ არის, რომ ისინი, რომლებმაც საქმედ გაიხადეს პიონერული მსახურება, თვლიან მას „ფასდაუდებელ პატივად, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ“, როგორც ეს 22 წლის მანძილზე პიონერად მომსახურემ თქვა!
იეჰოვას მზრუნველობის მტკიცება
9. რას ჰპირდება იეჰოვა, დიდებული უზრუნველმყოფელი, თავის მსახურებს და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
9 იეჰოვა, უდიდესი უზრუნველმყოფელი, თავის მსახურებს ჰპირდება, რომ დაიცავს და იზრუნებს მათზე სულიერად და მატერიალურად. ძველი დროის მეფე დავითს კარგი საფუძველი ჰქონდა, ეთქვა: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი“ (ფსალმუნი 36:25, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). რა თქმა უნდა, ეს ღვთიური პირობა არ გვათავისუფლებს მოვალეობისგან, ვიზრუნოთ საკუთარი ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე და არც იმის უფლებას გვაძლევს, ჩვენი ქრისტიანი ძმების გულუხვობის იმედზე ვიყოთ (1 თესალონიკელთა 4:11, 12; 1 ტიმოთე 5:8). მაგრამ, თუ ცხოვრებაში მზადყოფნით ვიღებთ მსხვერპლს, რათა იეჰოვას უფრო სრულად ვემსახუროთ, ის არასოდეს მიგვატოვებს (მათე 6:33).
10, 11. რა იცის მრავალმა პიონერმა თავისი გამოცდილებიდან იეჰოვას უნარზე, იზრუნოს მათზე?
10 მთელ მსოფლიოში არსებულმა პიონერებმა გამოცდილებიდან იციან, რომ იეჰოვა ეხმარება მათ, რომლებიც მის მზრუნველ ხელზე არიან მინდობილები. ყურადღება მიაქციე პიონერთა ერთი წყვილის მაგალითს — ისინი გადავიდნენ პატარა ქალაქში, სადაც ძალიან საჭირო იყვნენ სამეფოს მაუწყებლები. რამდენიმე თვის შემდეგ ქვეყნიური სამუშაოს შოვნა გაჭირდა და ფულიც აღარ ჰქონდათ. შემდეგ მოუვიდათ მანქანის დაზღვევის ქვითარი, რომლითაც მოითხოვებოდა 81 ამერიკული დოლარის გადახდა. „საერთოდ არ შეგვეძლო ამის გადახდა, — ამბობს ძმა. — იმ ღამეს მთელი გულით ვლოცულობდით“. მეორე დღეს მათ მიიღეს ღია ბარათი ერთი ოჯახისგან, რომელსაც თვითონ უჭირდა ფინანსურად. როგორც ამ ბარათში იყო ახსნილი, ამ ოჯახს გადასახადები აუნაზღაურეს და, რადგანაც ამდენს არ მოელოდნენ, მათ მოისურვეს, ცოტა პიონერი წყვილისთვის ეწილადებინათ. ბარათს თან სდევდა 81 ამერიკული დოლარის ქვითარი! „არასოდეს დამავიწყდება ის დღე, — თმა ყალყზე მედგა! — ამბობს პიონერი ძმა. — ჩვენ დიდად მადლიერები ვიყავით იმ ოჯახის ხელგაშლილობისთვის“. იეჰოვაც აფასებს ასეთ გულუხვობას, რაც იმ ხელგაშლილობის სულს ახასიათებს, რომელსაც ის აღვივებს თავის მსახურებში (იგავნი 19:17; ებრაელთა 13:16).
11 მრავალ პიონერს შეუძლია მსგავსი შემთხვევების მოყოლა. შეეკითხე მათ და ისინი მოგიყვებიან, რომ არასოდეს ყოფილან სრულიად ‘მიტოვებულები’. 72 წლის პიონერი იხსენებს 55 წელზე მეტი ხნის სრული დროით მსახურებას და ამბობს: „იეჰოვას არასოდეს დაუშვია ჩემი დაცემა“ (ებრაელთა 13:5, 6).
„იეჰოვასთან დასაახლოებელი საუკეთესო საშუალება“
12. რატომ წარმოადგენს კეთილი ცნობის გაცხადება ასეთ შესანიშნავ პატივს?
12 იეჰოვა რომ გვთხოვს, ვაუწყოთ კეთილი ცნობა მისი სამეფოს შესახებ, დიდი პატივია. ამ სიცოცხლის გადამრჩენ საქმეში ის ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, თავის ‘თანამშრომლებად’ გვთვლის (1 კორინთელთა 3:9; 1 ტიმოთე 4:16). როცა ვუქადაგებთ სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ, როცა ვამცნობთ ბოროტების აღსასრულის შესახებ, როცა ვუხსნით ხალხს ღვთის საოცარ სიყვარულს, რომელიც გამოსყიდვით უზრუნველყოფაში გამოვლინდა, როცა ვფურცლავთ მის ცოცხალ სიტყვას და ვასწავლით გულმართალ ადამიანებს მის ძვირფას შინაარსს, — ვუახლოვდებით ჩვენს შემოქმედს, იეჰოვას (ფსალმუნი 144:11; იოანე 3:16; ებრაელთა 4:12).
13. რას ამბობს ზოგი გავლენაზე, რასაც პიონერული მსახურება ახდენს იეჰოვასთან მათ ურთიერთობაზე?
13 პიონერებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად ბევრი დრო დაუთმონ, რომ ისწავლონ და ასწავლონ იეჰოვას შესახებ. მათი აზრით, რა გავლენას ახდენს ეს მათ ურთიერთობაზე ღმერთთან? „პიონერული მსახურება საუკეთესო საშუალებაა იეჰოვასთან დასაახლოებლად“, — პასუხობს საფრანგეთში მცხოვრები უხუცესი, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, პიონერად მსახურობს. სხვა პიონერი ამავე ქვეყნიდან, რომელიც 18 წელია, რაც სრული დროით მსახურობს, ამბობს: „პიონერული მსახურება საშუალებას გვაძლევს, ‘განვიცადოთ და ვნახოთ, რომ კარგია იეჰოვა’, და დღითი დღე უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს შემოქმედთან“ (ფსალმუნი 33:9). ბრიტანეთში ერთი და, რომელიც 30 წელი მსახურობს პიონერად, იმავეს გრძნობს. „იეჰოვას სულის ხელმძღვანელობის მიყოლა მსახურებაში უფრო მაახლოვებს მასთან, — ამბობს ის. — ნამდვილად ვიგრძენი, რომ იეჰოვას სულმა მრავალჯერ დროულად მიბიძგა, გარკვეულ სახლთან მივსულიყავი“ (შეადარე საქმეები 16:6–10).
14. რა სარგებელი მოაქვს პიონერებისთვის ყოველდღე სხვების სწავლებას ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების გამოყენებით?
14 მრავალი პიონერი ხედავს, რომ ყოველდღე ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული ლიტერატურის გამოყენება სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტებების ასახსნელად და სასწავლებლად, ეხმარება მათ, გაიზარდონ ღვთის სიტყვის შემეცნებაში. 85 წლის ძმა ესპანეთიდან, რომელიც 31 წელი პიონერია, ამბობს: „პიონერული მსახურება დამეხმარა ბიბლიის ღრმა ცოდნის შეძენაში, ცოდნისა, რომელსაც ვიყენებ, რომ დავეხმარო ადამიანებს, შეიცნონ იეჰოვა და მისი განზრახვები“. ბრიტანელი და, რომელიც 23 წელი პიონერად მსახურობს, ამბობს: „სრული დროით მსახურება დამეხმარა სულიერი საზრდოს მიმართ ძლიერი წყურვილის განვითარებაში“. სხვებისთვის ‘შენი იმედის’ ახსნა-განმარტებას შეუძლია განგიმტკიცოს საკუთარი დაჯერებულობა იმაში, რაც გწამს და რასაც სათუთად ეკიდები (1 პეტრე 3:15). ავსტრალიაში მცხოვრები პიონერი ამბობს: „პიონერობა ასრულყოფილებს ჩემს რწმენას, როცა სხვებს ვესაუბრები“.
15. რა გააკეთა მრავალმა ნებაყოფლობით, რომ დაეწყო პიონერული მსახურება და დარჩენილიყო მასში, და რატომ?
15 ნათელია, ეს პიონერი მსახურები დარწმუნებული არიან, რომ ისეთი მსახურება აირჩიეს, რომელსაც იეჰოვასგან უთვალავი კურთხევა მოაქვს. გასაკვირი არ არის, რომ მრავალმა ისე მოაწყო თავისი ცხოვრება — თავისი ქვეყნიური კარიერა და სიმდიდრეც კი დათმო — რათა პიონერული მსახურება დაეწყო და ამ მსახურებაში დარჩენილიყო! (იგავნი 28:20).
სურს შენს გულს მეტის კეთება?
16, 17. ა) რის გაკეთება შეგიძლია, თუ ფიქრობ, შეძლებ თუ არა პიონერულ მსახურებას? ბ) რას გრძნობს ზოგი, როდესაც არ შეუძლია პიონერად მსახურება?
16 იმის შემდეგ, რაც განიხილე, თუ რას ამბობენ პიონერები პიონერული მსახურების კურთხევებზე, ალბათ, ფიქრობ, პრაქტიკულია თუ არა შენთვის პიონერული მსახურება. თუ ეს ასეა, რატომ არ დაელაპარაკებოდი პიონერს, რომელიც წარმატებულია სრული დროით მსახურებაში? ასევე სასარგებლო იქნებოდა, დალაპარაკებოდი რომელიმე უხუცესს კრებაში, ვინმეს, ვინც გიცნობს — იცის შენი ფიზიკური მდგომარეობა, შეზღუდვები და ოჯახური მოვალეობები (იგავნი 15:22). სხვების ობიექტური აზრები შესაძლოა დაგეხმაროს, ზედმიწევნით აწონ-დაწონო, შეძლებ თუ არა პიონერულ მსახურებას (შეადარე ლუკა 14:28). თუ შეგიძლია პიონერობა, მართლაც დიდი კურთხევები გელის (მალაქია 3:10).
17 მაგრამ რა შეიძლება ითქვას სამეფოს იმ მრავალ ერთგულ მაუწყებელზე, რომლებსაც არ შეუძლიათ პიონერული მსახურება, მიუხედავად იმისა, რომ სურთ უფრო მეტი აკეთონ მსახურებაში? განიხილე, მაგალითად, იმ ქრისტიანი მარტოხელა დის გრძნობები, რომლისთვისაც არც ისე ადვილია ოთხი შვილის აღზრდა. ის ამბობს: „ძალიან დანაღვლიანებული ვარ, რადგან ერთ დროს პიონერი ვიყავი, ახლა კი პირობების გამო იმდენს ვეღარ ვქადაგებ, რამდენიც მინდა“. ამ დას ძალიან უყვარს შვილები და სურს, მოუაროს. ამავე დროს, სურვილი აქვს, მეტი აკეთოს სამქადაგებლო საქმეში. „მიყვარს მსახურება“, — ამბობს ის. მსგავს გრძნობებს გამოხატავენ სხვა თავდადებული ქრისტიანები, რომლებშიც ღვთის სიყვარული აღძრავს სურვილს, ემსახურონ იეჰოვას „მთელი გულით“ (ფსალმუნი 85:12).
18. ა) რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? ბ) რატომ არ უნდა დავნაღვლიანდეთ, როდესაც პირობები გვიზღუდავს შესაძლებლობებს?
18 არ დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა ჩვენგან გულმოდგინე მსახურებას მოელის. თუ რა შედის ამაში, საგრძნობლად განსხვავდება თითოეულის შემთხვევაში. ზოგს შეუძლია თავისი საქმეები ისე მოაგვაროს, რომ სრული დროით იმსახუროს პიონერად. სხვები კი იწყებენ დამხმარე პიონერებად მსახურებას დროდადრო ან უწყვეტი დროით და ყოველთვიურად მსახურებაში 60 საათს ატარებენ. იეჰოვას ხალხის უმრავლესობა კი გულმოდგინედ უძღვნის თავს ქადაგებისა და სხვების სწავლების საქმეს, როგორც კრების მაუწყებლები. ასე რომ, თუ მართლა გზღუდავს სუსტი ჯანმრთელობა, ასაკი, ოჯახური მოვალეობები ან სხვა მდგომარეობა, გულს ნუ გაიტეხ. სანამ ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია, ღვთის თვალში შენი მსახურება ისეთივე ძვირფასია, როგორც მათი, რომლებიც სრული დროით მსახურობენ!
ყველას შეუძლია პიონერული სულის გამოვლენა
19. რა არის პიონერული სული?
19 მაშინაც კი, თუ არ გაქვს პიონერული მსახურების დაწყების საშუალება, შენ შეგიძლია პიონერული სულის გამოვლენა. რა არის პიონერული სული? 1988 წლის ივლისის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ [ინგლ.] ნათქვამი იყო: „ის შეიძლება განიმარტოს, როგორც დადებითი განწყობილება ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების დავალების მიმართ, ადამიანების სიყვარულისა და მათზე ზრუნვისთვის თავის სრულად მიძღვნა, თავდადება, სიხარულის პოვნა უფლის ზედმიწევნით მიყოლაში და სიამოვნების ნახვა არა მატერიალურ, არამედ სულიერ საკითხებში“. როგორ შეგიძლია პიონერული სულის გამოვლენა?
20. როგორ შეუძლიათ მშობლებს პიონერული სულის ჩვენება?
20 თუ პატარა შვილები გყავს, შეგიძლია გულითადად შესთავაზო მათ პიონერული საქმიანობა. შენი დადებითი განწყობილება მსახურების მიმართ ჩაუბეჭდავს მათ აუცილებლობის გრძნობას, რომ იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში მნიშვნელოვნად აქციონ. შეგიძლია სტუმრად მიიწვიო პიონერები და მიმომსვლელი ზედამხედველები ცოლებით, რომ შენი შვილებისთვის სასარგებლო იყოს მათი მაგალითები, რომლებიც სიხარულს პოულობენ სრული დროით მსახურებაში (შეადარე ებრაელთა 13:7). რელიგიურად დაყოფილ ოჯახშიც კი მორწმუნე მშობელს სიტყვითა და მაგალითით შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს შვილებს, რომ სრული დროით მსახურება ცხოვრების მიზნად დაისახონ (2 ტიმოთე 1:5; 3:15).
21. ა) როგორ შეგვიძლია ყველას, დახმარება აღმოვუჩინო პიონერებს? ბ) რა შეუძლიათ უხუცესებს პიონერების გასამხნევებლად?
21 კრებაში ყველა ჩვენგანს შეუძლია გულითადი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ, რომლებიც პიონერებად მსახურობენ. მაგალითად, შეგიძლია შეცვალო პირადი გეგმები, რომ ითანამშრომლო პიონერთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო უწევს მსახურება? ნახავ, რომ ეს ‘ურთიერთგამამხნევებელი’ იქნება (რომაელთა 1:11, 12, აქ). თუ უხუცესი ხარ, მეტი შეგიძლია აკეთო, რომ გაამხნევო პიონერები. როცა უხუცესთა საბჭო იკრიბება, მათ სისტემატურად უნდა გაარჩიონ პიონერების მოთხოვნილებები. როცა პიონერი გულგატეხილობას ან სხვა სიძნელეებს განიცდის, მაშინვე ნუ შესთავაზებთ პიონერული მსახურების შეწყვეტას. თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი წინადადება შეიძლება აუცილებელი იყოს, არ დაივიწყო, რომ პიონერული მსახურება ძვირფასი უპირატესობაა, რომელსაც სრული დროით მსახური დიდად აფასებს. შეიძლება საკმარისი იყოს პატარა გამხნევება და რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ან დახმარება. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ესპანეთში არსებული ფილიალი იწერება: „როცა უხუცესები მოუწოდებენ პიონერული მსახურებისკენ, ეხმარებიან პიონერებს სამქადაგებლო მსახურებაში, მუდამ მწყემსავენ მათ, პიონერებს მეტი სიხარული აქვთ, თავს სასარგებლო პიროვნებებად გრძნობენ და სურთ ასე განაგრძონ, შესაძლებელი დაბრკოლებების მიუხედავადაც კი“.
22. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი კაცობრიობის ისტორიის ამ კრიტიკულ პერიოდში?
22 ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიის კრიტიკულ პერიოდში. იეჰოვამ დაგვავალა სიცოცხლის მხსნელი საქმის შესრულება (რომაელთა 10:13, 14). ამიტომ, გამოვავლინოთ პიონერული სული, იმის მიუხედავად, შეგვიძლია თუ არა ამ საქმეში სრული დროით მსახურ პიონერებად მონაწილეობა. გვქონდეს გადაუდებლობის გრძნობა და თავგანწირვის სული. ვიყოთ გადაწყვეტილებით სავსე, იეჰოვას ვუძღვნათ, რასაც ჩვენგან მოითხოვს — გულმოდგინე მსახურება. და გვახსოვდეს, როცა ყველაფერს ვაძლევთ, რის მიცემაც შეგვიძლია, ქვრივის პატარა მონეტების ტოლფასია ეს თუ მარიამის ძვირად ღირებული ზეთის, ჩვენი მსახურება გულმოდგინეა და იეჰოვა დიდად აფასებს ჩვენს გულმოდგინე მსახურებას!
გახსოვს?
◻ რატომ მოაქვს სრული დროით მსახურებას კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობები?
◻ რა იცის მრავალმა პიონერმა თავისი გამოცდილებიდან იეჰოვას უნარის შესახებ, იზრუნოს თავის მსახურებზე?
◻ პიონერების აზრით, რა გავლენას ახდენს მსახურება იეჰოვასთან მათ ურთიერთობაზე?
◻ როგორ შეგიძლია პიონერული სულის გამოვლენა?
[სურათი 23 გვერდზე]
მოწაფეების მომზადება პიონერებს უდიდეს სიხარულს ანიჭებს.
[სურათი 23 გვერდზე]
შენი შვილებისთვის სასარგებლო იქნება სამეფოს სრული დროით მსახურებთან ურთიერთობა.
[სურათი 23 გვერდზე]
უხუცესებს შეუძლიათ პიონერების გამხნევება სამქადაგებლო მსახურებაში.