კვლავაც ‘ბევრი ნაყოფი გამოიღეთ’
1 იესო ქრისტემ ხატოვანი ენა გამოიყენა და საკუთარი თავი ჭეშმარიტ ვაზს შეადარა, ზეციერი მამა — მევენახეს, ხოლო თავისი სულითცხებული მიმდევრები — ვაზის ნაყოფიერ ლერწებს. როდესაც იესომ მევენახის საქმიანობა აღწერა, მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლერწისთვის ვაზზე დარჩენა (იოან. 15:1—4). აქედან იმას ვსწავლობთ, რომ ყველა, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან, „ჭეშმარიტი ვაზის“, იესო ქრისტეს, ნაყოფიერ ლერწს უნდა ჰგავდეს. ჩვენ ყოველთვის უხვად უნდა გამოგვქონდეს როგორც „სულის ნაყოფი“, ისე სამეფოს ნაყოფი (გალ. 5:22, 23; მათ. 24:14; 28:19, 20).
2 სულის ნაყოფი: ჩვენი სულიერი ზრდა შეიძლება მნიშვნელოვანწილად განისაზღვროს იმით, თუ რამდენად ვავლენთ სულის ნაყოფს. ცდილობ, გამოიმუშავო სულის ნაყოფი ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლითა და მასზე ფიქრით? (ფილ. 1:9—11). სთხოვე იეჰოვას, რომ მოგცეს წმინდა სული, რომელიც დაგეხმარება ისეთი თვისებების განვითარებაში, რომლებიც განადიდებს იეჰოვას და ხელს შეუწყობს შენს სულიერ წინსვლას (ლუკ. 11:13; იოან. 13:35).
3 სულის ნაყოფის გამომუშავება იმაშიც დაგვეხმარება, რომ უფრო გულმოდგინე მქადაგებლები ვიყოთ. მაგალითად, სიყვარული და რწმენა აღგვძრავს, რომ ჩვენს გადატვირთულ განრიგში რეგულარული მსახურება ჩავსვათ. ისეთი თვისებები, როგორიცაა მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, რბილი ხასიათი და თავშეკავება დაგვეხმარება, რომ წინააღმდეგობაზე სათანადო რეაქცია გვქონდეს. სიხარული კმაყოფილებას გვაპოვნინებს მსახურებაში მაშინაც კი, როცა ადამიანები გულგრილად შეგვხვდებიან.
4 სამეფოს ნაყოფი: ჩვენ გვსურს, რომ სამეფოს ნაყოფიც გამოვიღოთ. ამაში შედის „ქების მსხვერპლი, ანუ ბაგეთა ნაყოფი, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის [იეჰოვას] სახელს“ (ებრ. 13:15). ჩვენ ამას იმით ვაკეთებთ, რომ გულმოდგინედ და მტკიცედ ვაცხადებთ სასიხარულო ცნობას. ცდილობ გააუმჯობესო მსახურება და ამით უფრო მეტი სამეფოს ნაყოფი გამოიღო?
5 იესომ აღნიშნა, რომ თავისი ერთგული მიმდევრები ნაყოფს სხვადასხვა რაოდენობით გამოიღებდნენ (მათ. 13:23). ამიტომ საკუთარი თავი სხვებს კი არ უნდა შევადაროთ, არამედ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იეჰოვასთვის (გალ. 6:4). ღვთის სიტყვის საშუალებით საკუთარი მდგომარეობის გულახდილად შემოწმება დაგვეხმარება, რომ კვლავაც განვადიდოთ იეჰოვა და ‘ბევრი ნაყოფი გამოვიღოთ’ (იოან. 15:8).