გაურბიხართ რელიგიაზე საუბარს?
„მოდი, სხვა თემაზე ვისაუბროთ. რელიგიასა და პოლიტიკაზე არასოდეს ვსაუბრობ!“
„რელიგიაზე ჩემს ცოლ-შვილს ელაპარაკეთ“.
„არ მსურს რელიგიაზე საუბარი. ეს-ესაა ეკლესიიდან მოვედი“.
ნაცნობია თქვენთვის მსგავსი პასუხები? ზოგი გაურბის რელიგიაზე საუბარს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ მათ და ღმერთს ეხება. იესომ თქვა: „როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ“ (მათე 6:6).
მეორე მხრივ, იესო და მისი მოწაფეები არ ფიქრობდნენ, რომ რელიგიაში ყველაფერი საიდუმლო უნდა ყოფილიყო. ისინი თავისუფლად და საჯაროდ საუბრობდნენ რელიგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, რის შედეგადაც მათი მოძღვრება მთელ მსოფლიოში გავრცელდა (საქმეები 1:8; კოლასელთა 1:23). რა თქმა უნდა, ყველა არ იყო განწყობილი მათთან სასაუბროდ; ზოგი კი უსმენდა, მაგრამ სკეპტიკოსები რჩებოდნენ.
დღესაც რელიგიაზე საუბართან დაკავშირებით ყველა სხვადასხვა აზრისაა და თითოეულ კულტურაში განსხვავებული წარმოდგენები არსებობს. მაგალითად, დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ხალხი უფრო ისეთი საქმეებითაა დაინტერესებული, როგორიცაა: განათლება, სამსახური, სპორტი, კომპიუტერები, ტელევიზორი და ასე შემდეგ. სხვაგან კი უფრო მეტად არიან მონდომებული, ისაუბრონ თავიანთ რწმენაზე. და მაინც, მიუხედავად წარმოშობისა, ზოგი, რომელთაც არ აინტერესებდათ რელიგია, ცხოვრებამ აღძრა, დაფიქრებულიყვნენ თავიანთ სულიერ მოთხოვნილებებზე.
შეუწყნარებლობა ბევრს გულს უცრუებს
მათ, რომლებიც რელიგიაზე საუბარზე უარს ამბობენ, შეიძლება შეესწრნენ ან თვითონ ჰქონდათ ისეთი საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომელიც ცხარე კამათში გადაიზარდა. „რელიგიებს შორის არსებული სხვაობა უფრო მეტ შეხლა-შემოხლას იწვევს, ვიდრე პოლიტიკურ შეხედულებებს შორის არსებული სხვაობა,“ — თქვა ერთმა ცნობილმა ორატორმა. გარდა ამისა, რიჩარდ მ. ჯონსონმა, ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, აღნიშნა: „რელიგიური ენთუზიაზმი ადამიანს მიკერძოებულ აზრს უყალიბებს და, როდესაც ის არასწორად ვლინდება, ვითომდა ღვთისადმი მსახურების საბაბით ადამიანში საშინელ გრძნობებს აღვივებს“.
უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, რომ ისეთი გამაკეთილშობილებელი რამ, როგორიცაა ბიბლიური მოძღვრება, ბოროტად იქნებოდა გამოყენებული შეუწყნარებლობისთვის, ფანატიზმისა და სიძულვილისთვის ხელის შესაწყობად? სინამდვილეში, ბიბლიური მოძღვრებები კი არ ხდის რელიგიას ბევრისთვის არასასიამოვნო რამედ, არამედ მისი დამახინჯება. მაგალითად, გადავხედოთ ქრისტიანობას.
ქრისტიანობის დამაარსებელი იესო ქრისტე სიტყვითა და მაგალითით ხალხს შეუწყნარებლობისკენ და ფანატიზმისკენ კი არა, ღვთისა და მოყვასის სიყვარულისკენ მოუწოდებდა. ქრისტე და მისი მიმდევრები ამას გონიერებითა და დამაჯერებლობით აკეთებდნენ (მათე 22:41–46; საქმეები 17:2; 19:8). გარდა ამისა, ისინი ლოცულობდნენ თავიანთი მტრებისა და მდევნელებისთვის (მათე 5:44; საქმეები 7:59, 60).
ჭეშმარიტი რელიგია ნათელს ჰფენს გონებასა და გულს და ხალხს აერთიანებს. ამიტომ, როგორც ამ სტატიებიდან დავინახავთ, ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებლებისთვის რელიგიაზე საუბარი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
„თუ იესო ღვთისკენ მიმავალი გზაა, მისმა მიმდევრებმა აუცილებლად უნდა ამცნონ ამის შესახებ სხვებსაც“ (ბენ ჯონსონი, კოლუმბიის საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორი).
«იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, ყველასთვის მიეწვდინათ სახარება. „ეს დიდებული დავალება“ მოითხოვს, რომ მთელ მსოფლიოში ყველასთან მივიდეთ. უფალმა უბრძანა თავის მიმდევრებს, რომ ყველგან მივიდნენ» (კენეთ ს. ჰემპჰილი, ეკლესიის ზრდასთან დაკავშირებული ბაპტისტების სამხრეთის ცენტრის ხელმძღვანელი).
„თუ მქადაგებლები არ ვართ, ნამდვილი ქრისტიანები ვერ ვიქნებით. . . მოწოდებაა, რომ ყოველი ქრისტიანი მისიონერი და მქადაგებელი იყოს“ (პაპი იოანე-პავლე II).
„მეტისმეტად ბევრი მღვდელია. . . უფრო მეტად შეკრებების ორგანიზებით, საეკლესიო მშენებლობების პროექტებითა და შემდგომი პასტორალური დანიშნულებებით დაინტერესებული, ვიდრე სახარებაში არსებული იმ ცნობის ქადაგებით, რომელიც უკომპრომისობას საჭიროებს და რომლის მქადაგებელიც სირთულეებს ხვდება“ (კალ ტომასი, მწერალი და ფელეტონისტი).
„ჩვენც კარებზე უნდა ვაკაკუნოთ. . . (იეჰოვას) მოწმეებისა და ზოგი სხვის მსგავსად; უნდა გავიდეთ და სახალხოდ ვიქადაგოთ იესო ქრისტეს სახარება“ (ტომას ვ. დეილი, კათოლიკე ეპისკოპოსი).