იეჰოვა იმსახურებს განდიდებას უფლის გახსენების საღამო აღინიშნება 16 აპრილს
1 ჩვენი მოლოდინი იზრდება, რაც უფრო გვიახლოვდება 2003 წლის 16 აპრილი. ამ საღამოს ღვთის მილიონობით თაყვანისმცემელი მთელ მსოფლიოში შეიკრიბება იესოს სიკვდილის გასახსენებლად, რაც განადიდებს იეჰოვას სახელს. იეჰოვა იმსახურებს ჩვენგან ქება-დიდებას, ვინაიდან მან გამოგვისყიდა ქრისტეს მსხვერპლის საშუალებით. ამით ის მორჩილ ადამიანებს საოცარ კურთხევებს აძლევს. ამიტომაც, მთელი გულით ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „დიდია უფალი და ქებულია ფრიად“ (ფსალმ. 144:3).
2 ეს საღამო საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ღვთის სიკეთეზე და მადლიერება გამოვხატოთ მისადმი, რომ გამოგზავნა „თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ (1 იოან. 4:9, 10). ქრისტეს გახსენების საღამოს აღნიშვნა შეგვახსენებს, რომ იეჰოვა „გულმოწყალე და შემბრალეა . . . დიდად მოწყალე“ (ფსალმ. 144:8). ნამდვილად, გამოსყიდვის ღონისძიება იეჰოვას მხრიდან კაცობრიობის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამოვლენაა (იოან. 3:16). ღვთის სიყვარულზე და იესოს მტკიცე რწმენასა და ერთგულებაზე ფიქრი გვიბიძგებს, უფრო მეტად განვადიდოთ იეჰოვა. ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომლითაც უსასრულო სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენ მას მთელი მარადიულობის განმავლობაში განვადიდებთ (ფსალმ. 144:1, 2).
3 დაეხმარე სხვებს იეჰოვას განდიდებაში. ღვთის უბადლო ძღვნისადმი მადლიერება იმის მიზეზსაც გვაძლევს, რომ სხვებიც აღვძრათ, ჩვენთან ერთად განადიდონ იეჰოვა. ფსალმუნმომღერალმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ“ (ფსალმ. 144:7). მარტო გასულ წელს, იეჰოვას მოწმეებმა მსოფლიო მასშტაბით მილიარდ საათზე მეტი დრო დაუთმეს სამქადაგებლო მსახურებას. რა იყო ამის შედეგი? ყოველკვირა საშუალოდ 5 100-ზე მეტი ადამიანი ინათლებოდა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად. გახსენების საღამოს, საერთო ჯამში, 15 597 746 ადამიანი დაესწრო, მათგან 9 მილიონი კი ჯერ არ განადიდებს იეჰოვას, როგორც სასიხარულო ცნობის მაუწყებელი. ეს გვაჩვენებს, რომ შემდგომი ზრდისთვის ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს! როგორც სამეფოს მაუწყებლები, ვაფასებთ, რომ დაგვევალა სასიხარულო ცნობის გაცხადება. ასეთი მსახურებით ვეხმარებით სხვებს, აღიარონ იეჰოვა, მისი ძე და ზეციერი სამეფო.
4 იეჰოვას განდიდებისკენ სხვების აღსაძვრელად კარგი საშუალებაა, მათი მოწვევა გახსენების საღამოზე. შეადგინე უკვე მათი სია, ვისი მოწვევაც გინდა, აგრეთვე მათი, რომლებიც საჭიროებენ შეხვედრის დღისა და დროის შეხსენებას? გადაეცი მოსაწვევი ყველას, ვინც სიაში გაყავს აღნიშნული? თუ არა, გამოიყენე დარჩენილი დრო. დაანახვე მათ ამ დღესასწაულის მიზანი. შეკრების ადგილზე კი მზად იყავი სტუმრების შესახვედრად. შეეცადე, რომ თავისუფლად იგრძნონ თავის. გააცანი ისინი სხვებს და შეაქე მოსვლის გამო.
5 გახსენების საღამოზე დასწრებამ ახლები შეიძლება სულიერი წინსვლისკენ წაახალისოს. ბიბლიის ერთი შემსწავლელი, რომელსაც პოსტტრავმატული სტრესი აქვს და ამის გამო უჭირს ხალხში ყოფნა, მაინც დაესწრო გახსენების საღამოს. როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა შეხვედრის შესახებ, მან თქვა: „ეს იყო ყველაზე წმინდა საღამო, და რა კარგია, რომ დავესწარი“. ამის შემდეგ მან დაიწყო შეხვედრებზე დასწრება.
6 გახსენების საღამოს შემდეგ. როგორ დავეხმაროთ დაინტერესებულ პირებს, იეჰოვას განმადიდებლები რომ გახდნენ? უხუცესებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახლებს, რომლებიც გახსენების საღამოს დაესწრნენ და ორგანიზება გაუწიონ, რომ სათანადო მაუწყებლებმა მიაკითხონ მათ, რათა განიხილონ ის, რაც გახსენების საღამოზე მოისმინეს და ნახეს. ზოგს შეიძლება სურდეს კიდეც ბიბლიის შესწავლა. ისინი უნდა მიიწვიოთ ყოველკვირეულ შეხვედრებზეც, რადგან შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება ხელს უწყობს ბიბლიური ცოდნის გაღრმავებას.
7 ორგანიზება ეწევა იმას, რომ ყველა არარეგულარულმა და არააქტიურმა მაუწყებელმა დაიწყოს შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. თუ უხუცესები გთხოვენ, დაეხმარო მათ, რომელებიც აღარ მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში, მიიღე ეს დავალება. ძმებისადმი ასეთი სიყვარულის გამოვლენით გამოვეხმაურებით პავლეს დარიგებას: „სანამ დროა, კეთილი ვუყოთ ყველას, და მით უმეტეს ჩვენს თანამორწმუნეთ“ (გალატელთა 6:10, სსგ).
8 მოდი ყველა ღონე მოვახმაროთ, რომ დავესწროთ გახსენების საღამოს 16 აპრილს. ნამდვილად არ გვსურს გავაცდინოთ იეჰოვას განსადიდებელი ყველაზე წმინდა მოვლენა. მოდი ახლაც და მარადიულადაც ვადიდოთ იეჰოვა მისი დიდებული საქმეებისთვის! (ფსალმ. 144:21).