გაჭირვებისას ღმერთზე მინდობა ვისწავლეთ
მოგვითხრო როზი მეიჯერმა
ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც ჩემმა დედამთილმა შეამჩნია, რომ ფეხები დასივებული მქონდა. იმ დღეს, 1992 წლის მარტში, მე და ჩემი მეუღლე, ჯოი, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ სულ მალე იეჰოვაზე ჩვენი მინდობა გამოიცდებოდა.
ერთი კვირის შემდეგ ჩემმა მეანემ მითხრა, რომ სისხლის წნევა უკიდურესად მაღალი მქონდა. როდესაც გამოკვლევისთვის საავადმყოფოში დაწოლა მირჩია, ბუნებრივია, შევწუხდი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეეკლამფსიის ნიშნები მქონდა, რასაც ორსულობისას პოტენციურად სასიკვდილო გართულება, ეკლამფსია, მოჰყვებაa.
ჩემი და ბავშვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ექიმმა მტკიცედ გვირჩია მშობიარობის გადაუდებლად დაჩქარება. მე და ჩემს მეუღლეს თავზარი დაგვეცა. „ჯერ ხომ 24 კვირისაც არ არის ბავშვი“, — როგორღაც წარმოვთქვი მე. — როგორ იცოცხლებს საშვილოსნოს გარეთ“? „კარგით, თუმცა სარისკოა, ცოტა ხნით კიდევ გადავდებ ოპერაციას, — გულკეთილად გვითხრა ექიმმა. — თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას თავიდან მაინც ვერ ავიცილებთ“. ამის შემდეგ ცამეტი დღე გავიდა, ჩემი მდგომარეობა კი სწრაფად უარესდებოდა. ექიმმა გამოიძახა ჩემი მეუღლე და თუმცა ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ნაადრევად უნდა მემშობიარა.
მშობიარობა
ოპერაციის წინა საღამოს დოქტორმა მაკნილმა, პედიატრმა, აგვიხსნა, თუ როგორი შეიძლებოდა დაბადებულიყო ამდენად დღენაკლული ბავშვი — დასაშვები იყო, დაბადებულიყო ცერებრული დარღვევებით, განუვითარებელი ფილტვებით, რომლებიც თავიანთ ფუნქციას სათანადოდ ვერ შეასრულებდნენ და სხვა მრავალი გართულებით. მე ვლოცულობდი ‘ღვთის მშვიდობაზე, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება’ და ძალაზე, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ყველაფრისთვის გამეძლო (ფილიპელთა 4:7). მომდევნო დილას ჩვენი ბავშვი საკეისროთი დაიბადა; წონით სულ შვიდასი გრამი. გოგონას ჯოენ შელი დავარქვით.
ხუთი დღის შემდეგ ხელცარიელი დავბრუნდი სახლში. ჩემი პატარა გოგონა კი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძოდა, საავადმყოფოში ბავშვთა სპეციალური თერაპიის განყოფილებაში დავტოვეთ. ბავშვს ორი კვირის შემდეგ ფილტვების ანთება დაემართა. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ანთებამ გაუარა, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ნაწლავთა ინფექცია აღმოაჩნდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მომდევნო ექვს დღეში ჯოენა რამდენადმე გამოკეთდა და წონაში მომატებაც კი დაიწყო. ჩვენი სიხარული უსაზღვრო იყო, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. დოქტორმა მაკნილმა გვითხრა, რომ ჯოენს ანემია ჰქონდა. მან ერითროპოეტინის (EPO) შოვნა გვირჩია, რომელიც ჯოენის სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას შეუწყობდა ხელს. აქ, ბაჰამის კუნძულებზე, იეჰოვას მოწმეთა ფილიალის ბიურო დაუკავშირდა ბრუკლინში „საავადმყოფოების საინფორმაციო მომსახურების“ (სსმ) წარმომადგენლებს და მათ მაშინვე მიაწოდეს დოქტორ მაკნილს უახლესი ინფორმაცია ერითროპოეტინის ვარგისიანობასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მკურნალობის კურსი დაინიშნა.
სხვა პრობლემებიც გველოდა
რამდენიმე მშფოთვარე კვირამ გაიარა. ახლა ჯოენი ებრძოდა ნაწლავთა ინფექციას, პერიოდულ აპნოეს (სუნთქვის შეჩერებას), დაბალ ჰემოგლობინსა და კეროვან პნევმონიას (ფილტვების კატარულ ანთებას). გვეშინოდა, შეიძლებოდა ჩვენი შვილისთვის თითოეული დაავადება საბედისწერო ყოფილიყო. მაგრამ ჯოენი ნელ-ნელა მომჯობინდა. სამი თვისა ჯერ ისევ საავადმყოფოში იყო, წონითაც მხოლოდ კილოსა და ოთხას გრამს იწონიდა. მაგრამ პირველად თავის სიცოცხლეში ჟანგბადის ბალონის გარეშე სუნთქავდა. ჰემოგლობინიც ნორმამდე იწეოდა. ექიმმა გვითხრა, რომ, თუ კიდევ ნახევარ კილოგრამს მოიმატებდა, სახლში წაყვანა შესაძლებელი გახდებოდა.
სამი კვირის შემდეგ ჯოენს აპნეის სერიოზული შეტევა ჰქონდა. გამოკვლევებმა მიზეზი ვერ დაადგინა. ასეთი შეტევები გახშირდა და სისტემატურად ჭამას მოსდევდა. ბოლოს დადგინდა, რომ ბავშვს გასტროეზოფაგური რეფლექსი ჰქონდა. ჭამის შემდეგ საყლაპავი მილი არ ეკეტებოდა, ასე რომ, კუჭიდან საჭმელი ხახაში უბრუნდებოდა. ასეთ დროს ბავშვი იხრჩობოდა, და სუნთქვა ეკვრებოდა.
ოქტომბრის პირველ რიცხვებში, ბავშვთა პალატაში ჯოენს რაღაც ვირუსი შეეყარა, რომლითაც მრავალი დღენაკლული ბავშვი კვდებოდა. ამ დასუსტებულ მდგომარეობაში ჯოენს აპნეის ძალიან ხანგრძლივი შეტევა ჰქონდა. მის მოსაბრუნებლად ყველა მცდელობა მარცხით მთავრდებოდა. პედიატრი უკვე იმის თქმას აპირებდა, რომ ბავშვი დაიღუპა, როცა პატარამ მოულოდნელად სუნთქვა დაიწყო, თუმცა მაშინვე გაუმეორდა შეტევები. ბავშვს კვლავ ხელოვნური სუნთქვა დაუნიშნეს და გვეგონა, რომ ჯოენი ვეღარ გადარჩებოდა; მაგრამ ბავშვი მომჯობინდა. როგორი მადლობელი ვიყავით იეჰოვასი!
იეჰოვაზე მინდობის უფრო მეტად სწავლა
ის პრობლემები, რომლებიც ჯოენის დაბადებამდე გადავიტანეთ, შეიძლება შევადაროთ ნავსადგურთან ახლოს მყოფი გემიდან წყალში გადავარდნას, როცა შეგიძლია ნაპირისკენ გასცურო. ახლა კი ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, თითქოს შუა ოკიანეში ჩავცვივდით და ხმელეთი არსად სჩანდა. წარსულის გახსენებისას, ვხვდებით, რომ ბავშვის შეძენამდე ზოგჯერ საკუთარი თავის იმედი გვქონდა. მაგრამ ჯოენთან დაკავშირებული სიძნელეებიდან ვისწავლეთ იეჰოვაზე მინდობა ისეთ ვითარებებში, რომელთა გადაჭრაც არც ერთ ადამიანს არ ძალუძს. ვისწავლეთ, იესოს რჩევისამებრ მოვიქცეთ — ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ (მათე 6:34). ჩვენ იეჰოვაზე მინდობა ვისწავლეთ, თუმცა ხანდახან არც კი ვიცოდით ზუსტად, რა გვეთხოვა ლოცვის დროს. ახლა ვმადლობთ იეჰოვას ბიბლიური სიბრძნისა და ‘აღმატებული ძლიერებისთვის’, რომლებმაც შეგვაძლებინა ასეთ სიძნელეებთან გამკლავება (2 კორინთელთა 4:7).
კრიტიკულ წუთებში ხშირად ვხედავდი, რომ მიჭირდა ემოციური წონასწორობის შენარჩუნება. მე მხოლოდ ჯოენზე ვფიქრობდი. ჩემი მეუღლე, ჯოი, დიდად მეხმარებოდა სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. ამისათვის დიდად მადლობელი ვარ მისი.
ჯოენი სახლში მიგვყავს
ჯოენის ჯანმრთელობა თანდათან გაუმჯობესდა. ერთ დღესაც მან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადმოაფურთხა ხელოვნური სასუნთქი მილი. დოქტორ მაკნილის აზრით ბავშვის სახლში წაყვანა უკვე შეიძლებოდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მისი შინ გადაყვანისთვის მზადებისას ვისწავლეთ, როგორ გვეკვება ბავშვი მილის მეშვეობით. აგრეთვე მოვიმარაგეთ ჟანგბადის ბალონები, დავიქირავეთ გულისა და სასუნთქი ორგანოების ფუნქციონირების მაკონტროლებელი აპარატი და სასწრაფო დახმარების კურსი გავიარეთ. ბოლოს, 1992 წლის 30 ოქტომბერს, ჯოენი საავადმყოფოდან გამოწერეს. მან 212 დღე ბავშვთა სპეციალური თერაპიის განყოფილებაში გაატარა და ჩვენც — მასთან ერთად.
ოჯახისა და ადგილობრივი კრების წევრები თავიდანვე ნამდვილი კურთხევა იყვნენ იეჰოვასგან. ისინი სახლსა და ეზოს გვისუფთავებდნენ, საჭმელს გვიმზადებდნენ, საავადმყოფოში მივყავდით და ჯოენსაც კი უვლიდნენ, ცოტა რომ დამეძინა. სწორედ მაშინ დავინახეთ, რა შესანიშნავები თვისებები ჰქონდათ მათ. ადრე ამას ვერ ვამჩნევდით. ზოგი სულიერ დახმარებას გვიწევდა და გვიზიარებდა აზრებს, რომლებიც თავად სიძნელეების გადალახვისას დაეხმარათ.
ჩვენი ცხოვრება დღეს
ყველანაირად ვცდილობდით, საუკეთესო საშუალებებით გვემკურნალა ჯოენის უამრავი დაავადებისთვის. როდესაც 19 თვის იყო, გავიგეთ, რომ ცერებრული დარღვევების შედეგად ბავშვს ტვინის პარალიჩი ჰქონდა. შემდეგ 1994 წლის სექტემბერში გასტროეზოფაგური რეფლექსის განსაკურნავად რთული ოპერაცია გადაიტანა. 1997 წელს ჯოენს საშინელი შეტევები დაეწყო, რაც შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო. საბედნიეროდ, დიეტის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მის ფიზიკურ განვითარებასაც შეუშალა ხელი. მაგრამ ახლა სპეციალურ სკოლაში დადის და კარგად უმკლავდება. სიარული არ შეუძლია და საუბრის უნარიც დაქვეითებული აქვს, მაგრამ ის ყოველთვის მიგვყავს ქრისტიანულ შეხვედრებზე და კარდაკარ მსახურებაში. ვხედავთ, რომ ეს ახარებს მას.
იეჰოვა ყოველთვის დიდად გვანუგეშებდა ამ გამოცდების დროს. გადაწვყვეტილი გვაქვს, მიუხედავად მოულოდნელი სიძნელეებისა, მივენდოთ მას და ‘გავიხაროთ უფალში’ (აბაკუმი 3:17, 18; ეკლესიასტე 9:11). ჩვენ დიდი სიხარულით მოველით ღვთის მიერ აღთქმულ სამოთხეს დედამიწაზე, როდესაც ჩვენი ძვირფასი ჯოენი სრულყოფილი ჯანმრთელობით გაიხარებს (ესაია 33:24).
[სქოლიო]
a პრეეკლამფსიის დროს ფეხმძიმის სისხლ-ძარღვების შევიწროვება ხდება, რაც მის ორგანოებში, პლაცენტასა (მომყოლი) და ნაყოფში სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს. თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა.
[სურათი 26 გვერდზე]
ჩვენი ჯოენი.
[სურათი 28 გვერდზე]
შეზღუდვების მიუხედავად, ჯოენი ბედნიერი ბავშვია.