-
პატივისცემის ღირსი მორალური ფასეულობებიიეჰოვას მოწმეები და განათლება
-
-
დროშისადმი სალმის მიცემა
დღეს იეჰოვას მოწმეებს, საერთო ჯამში, აღარ დევნიან ასე სასტიკად. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეების სინდისიერი გადაწყვეტილების გამო გაუგებრობა იქმნება, რადგან ისინი არ მონაწილეობენ პატრიოტულ ცერემონიებში, მაგალითად, როგორიცაა დროშისთვის სალმის მიცემა.
„მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ (მათე 22:21).
იეჰოვას მოწმეთა ბავშვებმა იციან, რომ არ უნდა უშლიდნენ სხვებს დროშისთვის სალმის მიცემას; ეს თითოეულის პირადი გადასაწყვეტია. როგორც არ უნდა იყოს, მოწმეთა პოზიცია მტკიცეა: ისინი არ აძლევენ სალამს არც ერთ სახელმწიფო დროშას. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს უპატივცემლობას. ისინი პატივისცემით ეპყრობიან თავიანთი ქვეყნის დროშას და ამას ქვეყნის კანონებისადმი მორჩილებით გამოხატავენ. ისინი არასოდეს ებმებიან სახელმწიფოს საწინააღმდეგო სხვადასხვა მოძრაობაში. სინამდვილეში მოწმეებს სჯერათ, რომ ახლანდელი მთავრობები ღვთის მიერ დაშვებულ ‘მის დადგენილებას’ წარმოადგენს. ამიტომ იეჰოვას მოწმეები ღვთის ბრძანებად მიიჩნევენ გადასახადების გადახდასა და ‘უმაღლესი ხელისუფლებებისადმი’ პატივისცემით მოპყრობას (რომაელთა 13:1—7). ყოველივე ეს შეესაბამება ქრისტეს კარგად ცნობილ სიტყვებს: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ (მათე 22:21).
შეიძლება ვინმემ იკითხოს: „მაშ რატომ არ სცემენ იეჰოვას მოწმეები დროშას პატივს სალმის მიცემით?“ იმიტომ, რომ დროშისადმი სალმის მიცემას თაყვანისმცემლობად მიიჩნევენ, ეს კი ღმერთს ეკუთვნის; ღვთის გარდა ისინი არავის და არაფერს სცემენ თაყვანს შეგნებულად (მათე 4:10; საქმეები 5:29). ამიტომ ისინი აფასებენ, როცა პედაგოგები პატივს სცემენ მათ თვალსაზრისს და მოწმეების ბავშვებს საშუალებას აძლევენ, თავიანთი რწმენის ერთგულები დარჩნენ.
გასაკვირია, მაგრამ როგორც ამას შემდგომი შენიშვნები აჩვენებს, მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არ თვლიან, რომ დროშისთვის სალმის მიცემა თაყვანისცემას უკავშირდება.
„ადრინდელი დროშები თითქმის ყველა შემთხვევაში რელიგიური ხასიათისა იყო. . . როგორც ჩანს, ეროვნული დროშებისთვის სიწმინდის მინიჭების მიზნით ადამიანები ყოველთვის რელიგიის მხარდაჭერას ეძებდნენ“ (Encyclopædia Britannica, კურსივი ჩვენია).
«დროშა, როგორც ჯვარი, წმინდაა. . . ეროვნული დროშებისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ კანონებსა და დადგენილებებში გამოიყენება გადაჭრილი, მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები: „დროშისადმი მსახურება“. . . „დროშის ღრმა პატივისცემა“, „დროშისთვის თავდადება“» (The Encyclopedia Americana, კურსივი ჩვენია).
„ქრისტიანები უარყოფდნენ. . . [რომის] იმპერატორისთვის, როგორც ღვთაებისთვის, შესაწირავის მიტანას — ჩვენს დღეებში ეს დროშისთვის სალმის მიცემის ან ერთგულების შეფიცვის უარყოფის ტოლფასია“ (დანიელ ფ. მანიქსი, 1958, გვ. 135, Those About to Die).
სამმა ახალგაზრდა ებრაელმა უარი განაცხადა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების წინაშე დამხობაზე.
კიდევ ერთხელ გვსურს ავღნიშნოთ, რომ დროშისადმი სალმის მიცემაზე უარის თქმით იეჰოვას მოწმეები არ გულისხმობენ სახელმწიფოსა თუ მთავრობისადმი უპატივცემულობას. უბრალოდ, მოწმეები თაყვანს არ სცემენ და არც სალამს აძლევენ იმას, რაც სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს. ამას ისინი ბიბლიურ დროში მცხოვრები სამი ახალგაზრდა ებრაელის პოზიციას ადარებენ, რომლებმაც უარი განაცხადეს დამხობილიყვნენ დურას მინდორზე მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების წინაშე (დანიელი 3:1—23, 91—100). ამიტომ მაშინ, როცა სხვები დროშას ესალმებიან და სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცს დებენ, იეჰოვას მოწმეთა ბავშვები პატიოსნად მიჰყვებიან ბიბლიაზე განსწავლულ სინდისს. ამგვარად, ასეთი ღონისძიებებისადმი პატივისცემის გამოვლენით, ისინი თავს იკავებენ ყოველგვარი მონაწილეობისგან. ამავე მიზეზებით მოწმეთა ბავშვები არ უერთდებიან სხვებს ეროვნულ ჰიმნებში.
-