ათი მილიონი წიგნი მინის სასახლეში
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან საფრანგეთში
როდესაც მნახველები ხის კიბეებს აუყვებიან და ღია მოედანზე გადიან, თვალწინ მოწიწების მომგვრელი სანახაობა ეშლებათ — მათ გადმოსცქერის ამაყად აღმართული მინით დაფარული ოთხი კოშკი. ეს ნაგებობათა ჩვეულებრივი კომპლექსი როდია. მდინარე სენას სანაპიროზე მდებარე ეს ულტრათანამედროვე შენობა საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკაა. ამ ბიბლიოთეკას საუკუნოვანი ისტორია აქვს.
როგორ ჩაეყარა საძირკველი
1368 წელს შარლ V-მ პარიზში, ლუვრის იმდროინდელ ციხე-დარბაზში, დაახლოებით 1 000 ხელნაწერს მოუყარა თავი. მაგრამ საფრანგეთის მეფეებმა, ფაქტობრივად, მხოლოდ ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ დაიწყეს ლიტერატურულ ძეგლთა შეგროვება და მათგან მუდმივი კოლექციის შედგენა. მეფეთა კეთილგანწყობის მაძიებლებმა თავიანთი ნობათებითა და დატოვებული მემკვიდრეობით გაამდიდრეს ბიბლიოთეკა. ზღვით მოგზაურებმაც და ელჩებმაც მრავალი წიგნი ჩამოიტანეს აღმოსავლეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, მეომრებმა კი ისინი სამხედრო ნადავლის სახით შემოიტანეს ქვეყანაში — ყოველმა მათგანმა დიდად შეუწყო ხელი ბიბლიოთეკის გამდიდრებას. შემდგომში, უკვე XVI საუკუნეში, ფრანცისკ I-მა შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც, მეფის ბიბლიოთეკაში ყოველი ახალგამოქვეყნებული წიგნის თითო ეგზემპლარი მაინც უნდა შესულიყო. ამით საფუძველი ჩაეყარა ყოველი ახალგამოცემული პუბლიკაციის სავალდებულო რეგისტრაციას.
მეფის ბიბლიოთეკა საფრანგეთის ხან ერთ პროვინციაში განლაგებულ სამეფო რეზიდენციაში იყო მოთავსებული, ხან მეორეში, მაგრამ შემდგომში ის ისევ პარიზში დააბრუნეს. ისე მოხდა, რომ ეს ცვლილება ბიბლიოთეკისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ აღმოჩნდა — საფრანგეთში მიმდინარე რელიგიური ომების დროს (1562—1598 წწ.) ის ბევრჯერ გაიძარცვა. 1721 წელს ბიბლიოთეკას მუდმივი ადგილი მიუჩინეს. როდესაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს სასულიერო პირებსა და დიდგვაროვნებს პირად კოლექციებს ართმევდნენ, ბიბლიოთეკას ასიათასობით წიგნი, ხელნაწერი და ნაბეჭდი მასალა შეემატა. მართალია, ეს ყოველივე ფასდაუდებელ განძს წარმოადგენდა, მაგრამ ეს მონაპოვარი იმ მტკივნეულ ფაქტსაც ცხადყოფდა, რომ მის შესანახად არსებულ შენობაში ადგილი უკვე აღარ იყო.
გიგანტური ბიბლიოთეკა
1868 წელს აშენდა და საზეიმოდ გაიხსნა სამკითხველო დარბაზი, რომელიც მინის ცხრა თაღით იყო გადახურული. არქიტექტორ ანრი ლაბრუსტის მიერ დაპროექტებული ეს შენობა 360 მკითხველისთვის იყო გათვალისწინებული და დაახლოებით 50 000 წიგნს იტევდა, ხოლო მომიჯნავე სტელაჟებში იმდენი ადგილი იყო, რომ კიდევ ერთი მილიონი წიგნი დაეტეოდა. მაგრამ სულ რაღაც ექვსი ათწლეულის განმავლობაში წიგნების რაოდენობამ ბიბლიოთეკაში სამ მილიონს გადააჭარბა!
ბიბლიოთეკას ყოველწლიურად, მთლიანობაში, სამი კილომეტრის სიგრძის დამატებითი თაროები ესაჭიროებოდა იმ ურიცხვი ახალი წიგნისა და ჟურნალის დასატევად, რომლებიც ყოველ წელს ემატებოდა, ამისათვის კი ბიბლიოთეკას მრავალრიცხოვანი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარეს და უამრავი მინაშენი გაუკეთეს, მაგრამ ამით ეს პრობლემატური საკითხი მაინც არ გადაჭრილა. და რაკი სიტუაცია მომწიფდა, 1988 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ალბათ „მსოფლიოში ყველაზე დიდი და თანამედროვე ბიბლიოთეკის“ დაპროექტება და აშენება. მისი მიზანი იყო, ყველა დარგი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მასში მონაცემთა გადაცემის ყველაზე თანამედროვე ტექნიკა უნდა გამოყენებულიყო, ინფორმაციის მისაღებად შორი მანძილიდან დაკავშირებაც შესაძლებელი უნდა ყოფილიყო და ევროპის ქვეყნების სხვა ბიბლიოთეკებთანაც უნდა ჰქონოდა კავშირი.
ამ იდეის განსახორციელებლად გაიმართა საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც სხვადასხვა არქიტექტორთა 250-მდე პროექტი იყო წარდგენილი. გამარჯვებულად გამოაცხადეს ნაკლებად ცნობილი ფრანგი არქიტექტორის, დომინიკ პეროს, ნამუშევარი. მისი იდეის თანახმად, უზარმაზარი ცოკოლის ყველა კუთხეში უნდა აღმართულიყო კოშკები, რომლებსაც ვერტიკალურად მდგარი გადაშლილი წიგნის ფორმა ექნებოდა. კრიტიკოსებმა არ მოიწონეს მინის კოშკებში წიგნების შენახვის იდეა — ამას მათ „მზის ღუმელი“ უწოდეს: მათი აზრით, წიგნებს მზის სინათლის სიმხურვალე დააზიანებდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ წიგნების დასაცავად ფანჯრების უკან ხის ფირფიტები ჩაედგათ, ხოლო განსაკუთრებული ფასეულობის მქონე დოკუმენტები ცოკოლთან ახლოს მდებარე სტელაჟებში შეენახათ.
გადატანა არც ისე იოლია
სხვა ახლად წამოჭრილი სირთულე ათ მილიონზე მეტი წიგნის გადატანასთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან ბევრი მათგანი უკვე იშვიათობას წარმოადგენდა და სიძველის გამო ძალიან მოსაფრთხილებელი იყო; ასეთი იყო, მაგალითად, გუტენბერგის ბიბლიის ორი ეგზემპლარი, რომელიც ბიბლიოთეკას ეკუთვნოდა. წინა გადაზიდვებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც 1821 წელს ერთ-ერთი ასეთი გადატანის თვითმხილველმა თქვა, ბევრი წიგნი ურმებიდან გადმოვარდნილა და შიგ ტალახსა და წუმპეში ჩაცვენილა. მაგრამ ამჯერად ეს გადაზიდვა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა.
1998 წელს სპეციალისტთა ჯგუფი კოლოსალური საქმის შესრულებას შეუდგა — მათ მილიონობით წიგნის გადაზიდვა დაიწყეს. ამ ლიტერატურული ძეგლების დაზიანების, მათი გაქურდვისა თუ დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, წიგნები საგულდაგულოდ დალუქული წყალგაუმტარი, ცეცხლგამძლე და ამორტიზირებული ყუთებით გადაჰქონდათ. თითქმის ერთი წლის მანძილზე ათი სატვირთო მანქანა, რომლებსაც დამატებითი უსაფრთხოების მიზნით არ გაუკეთეს იმის ნიშანი, თუ რა გადაჰქონდათ, ძლივძლივობით მიუყვებოდა პარიზის გადაჭედილ ქუჩებს; დღეში მათ 25 000-დან 30 000-მდე ტომი გადაჰქონდათ „ახალ ბინაში“.
ცოდნის ტაძარი
ახალი ბიბლიოთეკა ორ ნაწილად არის გაყოფილი. „ო-დე-ჟარდენში“ (ზედა ბაღი) 1 600 დასაჯდომი ადგილია, სადაც მკითხველს თავისუფლად შეუძლია შესვლა და დაახლოებით 350 000 წიგნიდან ნებისმიერის ამორჩევა. „რე-დე-ჟარდენში“ (ქვედა ბაღი) კი მხოლოდ მკვლევარებისთვის განკუთვნილი 2 000 სკამია მოთავსებული.
ბიბლიოთეკის ცენტრში მინიატურული ტყეა გაშენებული. ბიბლიოთეკა წითელი ფერის ხალიჩებით, მოფიცრული კედლებითა და ავეჯითაა გაფორმებული, რაც უფრო მეტ მყუდროებასა და მშვიდ ატმოსფეროს სძენს მას, და აქ მოსულს ფიქრისა და შემეცნების მისაღებად განაწყობს. აქვეა აუდიოვიზუალური ოთახიც, სადაც მნახველებს შეუძლიათ გაეცნონ კომპაქტ-დისკებს, ფილმებს, აუდიოჩანაწერებსა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილ ათასობით გამოსახულებებსა და წიგნებს.
საფრანგეთის ბიბლიოთეკას საკმარისი ოდენობის თაროები აქვს იმისთვის, რომ დაახლოებით 50 წლის მანძილზე კიდევ შეეძლოს ახალი წიგნების დატევა. შეუძლებელია, ადამიანს შეუმჩნეველი დარჩეს და არ დააფასოს ცოდნის ამ ძვირფასი ტაძრის აშენებისა და შენახვისთვის გაწეული უზარმაზარი შრომა!
[სურათი 12 გვერდზე]
1868 წელს აშენებული სამკითხველო დარბაზი.
[საავტორო უფლება]
© Cliché Bibliothèque nationale de France, Paris
[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]
©Alain Goustard/BNF. Architect: Dominique Perrault. © 2002 Artists Rights Society (ARS), New York/ADAGP, Paris