ვისესხო ძმისგან ფული?
სიმონს ნაბოლარა ავად ჰყავს; ბავშვს გადაუდებლად უნდა მიაღებინონ წამალი, მაგრამ სიმონი ძალიან ღარიბია და წამლის შეძენის საშუალება არა აქვს. როგორ მოიქცეს? თანაქრისტიანი მაიკლი ფინანსურად ცოტა შეძლებულია. იქნებ ასესხოს კიდეც ფული. მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, სიმონმა იცის, რომ ვალის დაბრუნებას ვერ შეძლებსa.
სიმონის თხოვნისას მაიკლი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან იცის, რომ სიმონს ნამდვილად სჭირდება ფული, მაგრამ ეეჭვება, შეძლებს თუ არა ოდესმე ვალის დაბრუნებას, რადგან სიმონი წელებზე ფეხს იდგამს და ოჯახს ძლივს კვებავს. როგორ უნდა მოიქცეს მაიკლი?
მრავალ ქვეყანაში თვალის დახამხამებაში კარგავენ საარსებო საშუალებებს, ფულადი სახსრებისა თუ დაზღვევის გარეშე რჩებიან და ვეღარ ფარავენ სამედიცინო ხარჯებს. ბანკიდან სესხის აღება კი ან შეუძლებელია, ან უსაშველოდ მაღალპროცენტიანი. გადაუდებლობის შემთხვევაში თითქოს ერთადერთი გამოსავალი მეგობრისგან ვალის აღებაა. მაგრამ ვალის აღებამდე გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ მნიშვნელოვან მასალას.
წინასწარ გათვალისწინება
ბიბლიაში მოცემულია მითითებები როგორც მსესხებლისთვის, ასევე გამსესხებლისთვისაც და, თუ მისი რჩევის თანახმად მოვიქცევით, თავიდან ავირიდებთ გულისტკივილსა და გაუგებრობებს.
მაგალითად, ბიბლია შეგვახსენებს, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ ფულის სესხების საკითხს. პავლე მოციქული რომაელ თანაქრისტიანებს ურჩევდა: „არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს“ (რომაელთა 13:8). მართლაც, შესანიშნავია, რომ ერთადერთი, რაც ვალად უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს, სიყვარულია. მაშასადამე, უპირველესად, უნდა დავრწმუნდეთ: ნამდვილად უკიდურესად აუცილებელია ვალის აღება?
თუ ვალის აღება აუცილებელია, მაშინ გონივრული იქნებოდა შედეგების გათვალისწინება. იესო ქრისტემ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია გულდასმით დაფიქრება და დაგეგმვა. მან თავის მოწაფეებს დაუსვა კითხვა: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?“ (ლუკა 14:28). ამავე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ ძმისგან ვალის აღების შემთხვევაშიც. ვალის აღებამდე გაითვალისწინეთ ისიც, თუ როდის და როგორ გადაიხდით ვალს.
გამსესხებელს სრული უფლება აქვს იცოდეს, როდის და როგორ დაუბრუნებენ ვალს. სიტუაციის ბოლომდე შეფასების შემდეგ კონკრეტული პასუხის გაცემაც შეგვეძლება. გავითვალისწინეთ, როდის შევძლებთ ვალის დაბრუნებას? რა თქმა უნდა, ადვილია, უბრალოდ, უთხრა ძმას: „ვალს მალევე დაგიბრუნებ. ხომ იცი, სანდო ვარ“. მაგრამ იქნებ ასეთ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ? თავიდანვე უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი ვალის დაბრუნება, რადგან სწორედ ამას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან. „ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის“, — ნათქვამია ფსალმუნის 36:21-ში.
ვალის დაბრუნების საშუალებებისა და დროის გამოანგარიშება შეგვახსენებს, თუ რამდენად სერიოზულ ვალდებულებასთან გვაქვს საქმე. ეს ამცირებს არააუცილებლობის შემთხვევაში ფულის სესხების ალბათობას. ვალის აღების თავიდან არიდება ნამდვილად უმჯობესია. იგავნის 22:7 გვაფრთხილებს: „მოვალე მევალის მონაა“. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოვალე, ასევე მევალე სულიერი ძმები არიან, სესხმა შეიძლება გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს მათს ურთიერთობაზე. იყო შემთხვევები, როცა ვალთან დაკავშირებულმა გაუგებრობებმა კრებაშიც კი დაარღვია მშვიდობა.
განმარტეთ, რატომ გჭირდებათ ფული
გამსესხებელს სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ კერძოდ რისთვის გვჭირდება ფული. კიდევ ვინმესგან ხომ არ ვსესხულობთ ფულს? თუ დიახ, ეს ყველაფერი უნდა ვუთხრათ მას, რადგან ეს გავლენას ახდენს ვალის დაბრუნებაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციულ მიზნებთან დაკავშირებული ვალისა და უკიდურესი საჭიროების შემთხვევისთვის აუცილებელი ვალის განსხვავება. ძმას არ ავალდებულებს ბიბლია, კომერციული მიზნებისთვის ფული გვასესხოს; მაგრამ, თუ ძმა უნებურად აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, რომ პირველადი საჭიროებისთვის, მაგალითად: საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის ან აუცილებელი სამედიცინო მომსახურებისთვის, ფული არ აქვს, თანამორწმუნეს, ალბათ, სურვილი ექნება დაგვეხმაროს. ამ საკითხში გულახდილობა და სიმართლის თქმა ყოველგვარ გაუგებრობას აგვაცილებს (ეფესელთა 4:25).
წერილობით გააფორმეთ
შეთანხმების წერილობით გაფორმება აუცილებელია, რომ მომავალში გაუგებრობები არ იყოს. დაწერილი თუ არ გვექნება, შეთანხმების ზოგ წვრილმანს ადვილად დავივიწყებთ. აუცილებელია დავწეროთ, თუ რამდენი ვისესხეთ და როდის უნდა დავაბრუნოთ ვალი უკან. მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ორივეს, როგორც გამსესხებელს, ასევე მსესხებელს, ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის და თითოეულს პირადი ეგზემპლარი შეენახა. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ფინანსური გარიგება საბუთის სახით უნდა გაკეთდეს. ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე იეჰოვამ იერემიას უთხრა, რომ ერთ-ერთი ნათესავისგან მიწის ნაკვეთი ეყიდა. ამ შემთხვევის გახსენება ნამდვილად სასარგებლოა.
„ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, — ამბობს იერემია, — და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი. დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი. ავიღე ნასყიდობის წიგნი, წესისა და კანონის მიხედვით დაბეჭდილი, და მისი ღია ასლი, და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ“ (იერემია 32:9–12). მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული მაგალითი ეხება შეძენას და არა ფულის სესხების საკითხს, გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური გარიგებების ნათლად და ზუსტად მოგვარება (იხილეთ 1973 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 287, 288 [ინგლ.]).
პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში ქრისტიანები უნდა ეცადონ ყველაფერი მათეს 18:15–17-ში მოცემული იესოს რჩევის თანახმად გადაწყვიტონ. მაგრამ ერთი უხუცესი, რომელიც ასეთ საკითხებში ეხმარებოდა სხვებს, ამბობს: „თითქმის ყოველი შემთხვევისას არ გაფორმებულა წერილობითი შეთანხმება. ამის გამო ორივე მხარეს შორის გაუგებრობა იყო ვალის დაბრუნების საკითხში. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი საკითხების წერილობით გაფორმებისას უფრო სიყვარული ჩანს, ვიდრე უნდობლობა“.
შეთანხმებისას სიტყვის პატრონიც უნდა ვიყოთ. იესო მოგვიწოდებს: „იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა“ (მათე 5:37). ვალის დროულად გადახდასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი პრობლემის წამოჭრისას დაუყოვნებლივ უნდა ავუხსნათ მდგომარეობა მევალეს. იქნებ დაგვთანხმდეს, რომ ვალი ნაწილ-ნაწილ, გარკვეული დროის მონაკვეთში, გადავუხადოთ.
მაგრამ არახელსაყრელი მდგომარეობა არ გვრთავს პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლების ნებას. იეჰოვას მოშიში ყველანაირად ცდილობს, სიტყვა შეასრულოს (ფსალმუნი 14:4). მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ველოდით, მზად უნდა ვიყოთ მსხვერპლისთვის, რომ ვალი გადავიხადოთ, რადგან ეს ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა.
გასესხებისას იყავით წინდახედული
ცხადია, რომ მხოლოდ მსესხებელმა არ უნდა აწონ-დაწონოს ყველაფერი დაწვრილებით. გამსესხებელმა კარგად უნდა დაიანგარიშოს ხარჯი. ფულის მიცემამდე გონივრული იქნება, თუ გარკვეული დროით ყურადღებით და ობიექტურად დავფიქრდებით. ბიბლია მოგვიწოდებს, ვიფრთხილოთ: „ნუ იქნები იმათთაგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს“ (იგავნი 22:26).
ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამთ, დაუფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს, თუ ძმა ვერ შეძლებს ვალის დაბრუნებას. ხომ არ შეგექმნებათ ფინანსებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები? მიუხედავად იმისა, რომ ძმას გულში ცუდი არაფერი ჰქონია, მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს ან მის გამოანგარიშებაში შეცდომა იყოს დაშვებული. იაკობის 4:14 ყველას შეგვახსენებს: „არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება“ (შეადარეთ ეკლესიასტე 9:11).
განსაკუთრებით კომერციული მიზნებისთვის ფულის გასესხებაში გონივრული იქნებოდა მსესხებლის რეპუტაციის გათვალისწინება. არის სანდო და საიმედო? ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში ხომ არ მოიკოჭლებს? შემჩნეულია თუ არა, რომ კრების წევრებს ხშირად სთხოვს ფულს? გონივრულია, ყოველთვის გვახსოვდეს შემდეგი სიტყვები: „სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება“ (იგავნი 14:15).
ზოგჯერ ვალის აღება არ არის ადამიანისთვის სასარგებლო. შეიძლება ტვირთად აწვება მას და სიხარულს ართმევს. გვსურს, რომ ასეთი ძმა ჩვენი ‘მონა’ გახდეს? გავლენას მოახდენს ვალი ჩვენს ურთიერთობებზე, გამოიწვევს დაძაბულობას ან უხერხულობას, თუ ძმა ვალის დაბრუნებას ვერ შეძლებს?
აუცილებლობის შემთხვევაში, იქნებ კი არ გვესესხებინა, არამედ გვეჩუქებინა ცოტაოდენი თანხა? ბიბლია მოგვიწოდებს, რომ თანავუგრძნოთ ძმას, როდესაც გაჭირვებაში ვხედავთ. „მართალი. . . შეიბრალებს და მისცემს“ (ფსალმუნი 36:21). სიყვარულის ძალით შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ძმებს (იაკობი 2:15, 16).
დაუკვირდით საკუთარ ნაბიჯებს
რადგანაც ვალი პოტენციური უთანხმოების წყაროა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და არა წარამარა უნდა ვისესხოთ ფული. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მსესხებელი გულახდილი უნდა იყოს გამსესხებელთან, წერილობით უნდა გააფორმოს, როდის და როგორ დაუბრუნებს ვალს. ნამდვილი გაჭირვების დროს კი საუკეთესო გამოსავალი ფულის ჩუქებაა.
მაიკლს არ უსესხებია ფული სიმონისთვის. შედარებით ნაკლები თანხა, უბრალოდ, აჩუქა. სიმონი უსაზღვროდ მადლიერი იყო ბავშვის წამლის საყიდლად ასეთი დახმარებისთვის. მაიკლიც ბედნიერი იყო, რომ შეძლო საქმით ეჩვენებინა ძმური სიყვარული (იგავნი 14:21; საქმეები 20:35). როგორც მაიკლი, ასევე სიმონი ელიან იმ დროს, როდესაც ღვთის სამეფოს მმართველობისას ქრისტე „იხსნის ღარიბს“ და არავინ იტყვის „ავად ვარო“ (ფსალმუნი 71:12; ესაია 33:24). მანამდე კი დავუკვირდეთ ჩვენს ნაბიჯებს, თუკი აუცილებლობის შემთხვევაში მოგვიწევს ფულის სესხება.
[სქოლიო]
a სახელები შეცვლილია.
[სურათი 25 გვერდზე]
ვალთან დაკავშირებული საკითხების წერილობით გაფორმებისას უფრო სიყვარული ჩანს, ვიდრე უნდობლობა.