არაფერია ჭეშმარიტებაზე უკეთესი
მოგვითხრო ხ. ნ. ფან დერ ბეილმა
ივნისში, 1941 წელს, გესტაპოს გადამცეს და ბერლინის მახლობლად მდებარე ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში წამიყვანეს. იქ, როგორც პატიმარი ნომერი 38190, ვიყავი სამარცხვინო სასიკვდილო მარშამდე, რომელიც 1945 წლის აპრილში მოეწყო. მაგრამ იმ მოვლენების აღწერამდე, ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, როგორ გავხდი პატიმარი.
დავიბადე როტერდამში (ნიდერლანდი) 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდგომ დღეებში. მამა რკინიგზის მუშაკი იყო და ჩვენი პატარა ბინა ლიანდაგთან იდგა. 1918 წელს, ომის ბოლოსთვის, გრუხუნით ჩავლილი ბევრი ეგრეთ წოდებული სანიტარული მატარებელი მინახავს. ეჭვგარეშეა, ისინი სავსე იყო დაჭრილი ჯარისკაცებით, რომლებსაც ფრონტის წინა ხაზიდან სახლში აბრუნებდნენ.
თორმეტი წლის ასაკში სკოლიდან გამოვედი, რომ მუშაობა დამეწყო. რვა წლის შემდეგ ოფიციანტად მოვეწყე სამგზავრო გემზე და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ნიდერლანდსა და შეერთებულ შტატებს შორის დავცურავდი.
როცა 1939 წლის ზაფხულში გემი ნიუ-იორკის დოკში გვეყენა, მეორე მსოფლიო ომის საშიშროება არსებობდა. ამიტომ, როცა ჩვენს გემზე ერთი მამაკაცი ამოვიდა და შემომთავაზა წიგნი „მთავრობა“ [ინგლ.], რომელშიც სამართლიან მთავრობაზე იყო ლაპარაკი, სიხარულით გამოვართვი. როტერდამში რომ დავბრუნდი, ხმელეთზე დავიწყე სამუშაოს ძებნა, რადგან, როგორც ეტყობოდა, ზღვაში ცხოვრება უსაფრთხო აღარ იყო. პირველ სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთსა და ქვეყნები მეორე მსოფლიო ომში იქნენ ჩაბმული.
ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება
1940 წელს, მარტში, ერთ კვირა დილით, ჩემს დაოჯახებულ ძმასთან ვიყავი სტუმრად, როცა იეჰოვას მოწმემ დარეკა კარზე. მე ვუთხარი, რომ უკვე მქონდა წიგნი „მთავრობა“ და კითხვა დავუსვი ზეცასა და იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წავა იქ. ისეთი გასაგები და გონივრული პასუხი მივიღე, რომ საკუთარ თავს ვუთხარი: „ეს ჭეშმარიტებაა“. მას მისამართი მივეცი და სახლში მივიწვიე.
სულ სამი მონახულების შემდეგ, რომელთა დროსაც გულმოდგინედ ვარჩევდით ბიბლიას, მოწმესთან ერთად კარდაკარ ქადაგება დავიწყე. უბანზე რომ მივედით, მან დამანახა, საიდან დამეწყო და მარტო გავედი. აი, როგორ აცნობდნენ იმ დროს სამქადაგებლო საქმეს ბევრ ახალ წევრს. ქუჩაში თვალში მოსახვედრი რომ არ ვყოფილიყავი, ლიტერატურის შეთავაზებისას ყოველთვის დერეფანში ყოფნა მირჩიეს. ომის პირველ დღეებში სიფრთხილე იყო საჭირო.
სამი კვირის შემდეგ, 1940 წლის 10 მაისს, გერმანელთა ჯარი ნიდერლანდს შეესია და 29 მაისს „რაიხის“ სპეციალურმა რწმუნებულმა ზის-ინკვარტმა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის აკრძალვა გამოაცხადა. ჩვენ მხოლოდ პატარ-პატარა ჯგუფებად ვიკრიბებოდით და ვფრთხილობდით, რომ საიდუმლოდ შეგვენახა შეხვედრის ადგილები. განსაკუთრებით გვაძლიერებდა მიმომსვლელ ზედამხედველთა მონახულებები.
მე ბევრს ვეწეოდი და, როცა სიგარეტი შევთავაზე მოწმეს, რომელიც მასწავლიდა, და გავიგე, რომ არ ეწეოდა, ვთქვი: „ვერასოდეს შევძლებ მოწევის მიტოვებას!“ მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როცა ქუჩას მივუყვებოდი, ვფიქრობდი: „თუ მოწმეობას ვაპირებ, მინდა ნამდვილი მოწმე ვიყო“. ასე რომ, აღარასოდეს მომიწევია.
ჭეშმარიტების მხარდაჭერა
1940 წლის ივნისში — ჯერ სამი თვეც არ იყო გასული, რაც მოწმეს შევხვდი ჩემს ძმასთან — თავი იეჰოვას მივუძღვენი და ამის სიმბოლოდ მოვინათლე. რამდენიმე თვეში, 1940 წლის ოქტომბერში, სრული დროით პიონერად მსახურება დავიწყე. მაშინ მომცეს ის, რასაც პიონერის ჟაკეტს ეძახდნენ. მას ბევრი ჯიბე ჰქონდა წიგნებისა და ბროშურებისთვის და შეგეძლო პალტოს ქვეშ ჩაგეცვა.
იეჰოვას მოწმეებს, ფაქტობრივად, გერმანიის მიერ ოკუპაციის დასაწყისიდანვე სისტემატურად ეძებდნენ და აპატიმრებდნენ. 1941 წლის თებერვლის ერთ დილას რამდენიმე სხვა მოწმესთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში ვიყავი. ისინი მრავალბინიანი სახლების ერთ მხარეს მიდიოდნენ ხალხთან, მე კი — მეორე მხარეს. დრომ რომ მოაწია, წავედი სანახავად, თუ რატომ აგვიანებდნენ ისინი, და შევხვდი მამაკაცს, რომელმაც მკითხა: „თქვენც გაქვთ რამე ასეთი პატარა წიგნი?“
„დიახ“, — ვუპასუხე. ამაზე მან დამაპატიმრა და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანა. პატიმრობაში თითქმის ოთხი კვირა ვიყავი. პოლიციელთა უმეტესობა კეთილგანწყობილი იყო. ვიდრე პიროვნება გესტაპოს გადაეცემოდა, შეეძლო გათავისუფლება უბრალოდ წერილობით განცხადებაზე ხელის მოწერით, რომ აღარ გაავრცელებდა ბიბლიურ ლიტერატურას. როცა მე შემომთავაზეს ასეთ განცხადებაზე ხელის მოწერა, ვუპასუხე: „ერთი ან ორი მილიონი გულდენიც რომ მომცეთ, ხელს მაინც არ მოვაწერ“.
კიდევ ცოტა ხანს ვიყავი დაკავებული და მოგვიანებით გესტაპოს გადამცეს. შემდეგ წამიყვანეს გერმანიაში, ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში.
ცხოვრება ზაკსენჰაუზენში
ზაკსენჰაუზენში რომ ჩამიყვანეს 1941 წლის ივნისში, იქ უკვე დაახლოებით 150 მოწმე იყო — უმეტესწილად გერმანელები. ახალი პატიმრები ბანაკის იზოლატორად წოდებულ ნაწილში მოგვათავსეს. იქ ჩვენმა ქრისტიანმა ძმებმა შეგვიფარეს და იმისთვის მოგვამზადეს, რაც გველოდა. ერთი კვირის შემდეგ ნიდერლანდიდან მოწმეების კიდევ ერთი ნაკადი ჩამოიყვანეს. პირველად დაგვევალა ერთ ადგილზე დგომა ბარაკების წინ დილის შვიდი საათიდან საღამოს ექვს საათამდე. ზოგჯერ პატიმრებს ერთი ან მეტი კვირის განმავლობაში უნდა ეკეთებინათ ეს.
უხეში მოპყრობის მიუხედავად, ძმებს ესმოდათ ორგანიზებულობისა და სულიერი კვების უკიდურესი აუცილებლობა. ყოველდღე ვინმეს ევალებოდა ბიბლიური მუხლის გარჩევა. მოგვიანებით, შეკრების ეზოში ცალკეული მოწმეები უახლოვდებოდნენ იმ პიროვნებას და უსმენდნენ, რაც მან მოამზადა. ამა თუ იმ გზით ლიტერატურა რეგულარულად შემოდიოდა ბანაკში, ჩვენ კი, ფაქტობრივად, ყოველ კვირა დღეს ვიკრიბებოდით და ერთად ვსწავლობდით მათ.
ზაკსენჰაუზენში როგორღაც შემოაღწია წიგნის „ბავშვები“ ეგზემპლარმა, რომლის გამოსვლაც 1941 წლის ზაფხულში შეერთებულ შტატებში, სენტ-ლუისში, ჩატარებულ კონგრესზე გამოცხადდა. მინიმუმამდე რომ დაგვეყვანა რისკი —ეპოვათ და გაენადგურებინათ წიგნი — ნაწილებად დავყავით ის და ეს ნაწილები ძმებს შორის ტრიალებდა, რომ რიგ-რიგობით ყველას შეძლებოდა მისი წაკითხვა.
ცოტა ხნის შემდეგ ბანაკის ზედამხედველებმა შეიტყვეს ჩვენი შეხვედრების შესახებ. ამიტომ მოწმეები დააცალკევეს და სხვადასხვა ბარაკში მოათავსეს. ამან შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვცა, გვექადაგა სხვა პატიმრებისთვის და, შედეგად, მრავალი პოლონელი, უკრაინელი და სხვა გამოეხმაურა ჭეშმარიტებას.
ნაცისტები არ მალავდნენ თავიანთ განზრახვას — გაეტეხათ ან დაეხოცათ „ბიბელფორშერები“ (ასე ეძახდნენ იეჰოვას მოწმეებს). ამიტომ სასტიკ პირობებში ვიყავით. გვითხრეს, რომ შეგვეძლო გავთავისუფლებულიყავით, თუკი ხელს მოვაწერდით განცხადებას რწმენის უარყოფაზე. ზოგმა ძმამ დაიწყო თავის გამართლება: „თუ თავისუფალი ვიქნები, უფრო მეტს გავაკეთებ იეჰოვას მსახურებაში“. თუმცა რამდენიმემ მოაწერა ხელი, ძმების უმეტესობა ერთგული დარჩა ყოველგვარი გაჭირვების, დამცირებისა და ცუდი მოპყრობის მიუხედავად. კომპრომისზე წასულთაგან რამდენიმეზე აღარასოდეს გვსმენია. მოგვიანებით სხვები, საბედნიეროდ, დაბრუნდნენ და დღემდე აქტიური მოწმეები არიან.
ჩვენ გამუდმებით გვაძალებდნენ, გვეყურებინა პატიმრების სასტიკი ფიზიკური დასჯისთვის, როგორიცაა ხელკეტით 25 დარტყმა. ერთხელ გვაყურებინეს, როგორ ჩამოახრჩეს ოთხი მამაკაცი. ის შემთხვევები ნამდვილად მოქმედებდა პიროვნებაზე. ერთმა მაღალმა, წარმოსადეგმა ძმამ, რომელიც ჩემს ბარაკში ცხოვრობდა, მითხრა: „აქ მოხვედრამდე სისხლის დანახვაზე გული მიმდიოდა. ახლა კი უგრძნობი ვხდები“. მიუხედავად ამისა, თუმცა უგრძნობები ვხდებოდით, არ გავმხდარვართ გულქვები. უნდა ვთქვა, რომ არასოდეს მომსვლია ჯავრი ან მიგრძვნია სიძულვილი ჩვენი მდევნელების მიმართ.
რამდენიმე ხანს „კომანდოში“ (ბრიგადა) მუშაობის შემდეგ ჰოსპიტალში გამიშვეს მაღალი სიცხით. გულკეთილი ნორვეგიელი ექიმი და ჩეხოსლოვაკიელი ექთანი დამეხმარნენ და, ალბათ, მათმა გულკეთილობამ გადამარჩინა.
სასიკვდილო მარში
1945 წლის აპრილისთვის აშკარა იყო, რომ გერმანია აგებდა ომს. სწრაფად მოიწევდნენ წინ საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთიდან და მოკავშირეები დასავლეთიდან. ნაცისტებისთვის შეუძლებელი იყო საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ასეულ ათასობით ადამიანის მოსპობა და რამდენიმე დღეში მათი გვამების უკვალოდ მოცილება. ამიტომ გადაწყვიტეს ავადმყოფების დახოცვა და დანარჩენი პატიმრების უახლოეს საზღვაო ნავსადგურებში გადაყვანა. იქ გეგმაში ჰქონდათ, გემებზე აეყვანათ ისინი და ზღვაში ჩაეძირათ.
20 აპრილის ღამეს ზაკსენჰაუზენიდან დაიწყო დაახლოებით 26 000 პატიმრის მარში. ბანაკის დატოვებამდე ლაზარეთებიდან გავათავისუფლეთ ჩვენი ავადმყოფი ძმები. მათ გადასაყვანად ურიკა ვიშოვეთ. სულ 230 მოწმე ვიყავით ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან. ავადმყოფ ძმებს შორის იყო ძმა ართურ ვინკლერი, რომელსაც დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი ნიდერლანდში ჩვენი საქმიანობის გაფართოებაში. მოწმეები მარშის უკან ვიდექით და გამუდმებით ვამხნევებდით ერთმანეთს, რომ არ გავჩერებულიყავით.
36 საათი შეუსვენებლად ვიარეთ. სიარულისას საშინელი ტანჯვისა და დაღლილობისგან ზეზეურად მეძინა. მაგრამ ჩამორჩენასა თუ დასვენებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რადგან ამის გამკეთებელს მცველებისგან სროლა ემუქრებოდა. ღამე გაშლილ მინდორზე ან ტყეში გვეძინა. საჭმელი ცოტა ან საერთოდ არ გვქონდა. როცა შიმშილის გრძნობა აუტანელი ხდებოდა, ვლოკავდი კბილის პასტას, რომელიც შვედეთის „წითელმა ჯვარმა“ მოგვცა.
ერთხელ ტყეში ოთხი დღე ვიყავით დაბანაკებული, რადგან გერმანელ მცველებს ვერ გაეგოთ, თუ სად იყვნენ რუსეთისა და შეერთებული შტატების ჯარები. ეს სასწაულებრივი იყო, ვინაიდან, შედეგად ამისა, დროულად ვერ მივედით ლიუბეკის ყურეში გემებზე ასასვლელად, რომლებსაც წყლის სამარეში უნდა წავეყვანეთ. ბოლოს, 12 დღიანი და 200 კილომეტრზე მეტ მანძილიანი მარშის შემდეგ, მივედით კრივიცის ტყეში. ეს არც ისე შორს იყო შვერინიდან, ქალაქიდან, რომელიც დაახლოებით 50 კილომეტრშია ლიუბეკიდან.
საბჭოთა კავშირი ჩვენს მარჯვნივ იყო, ამერიკელები კი — მარცხნივ. დიდი ქვემეხების გუგუნითა და შაშხანის გაუთავებელი სროლით გავიგეთ, რომ ფრონტის წინა ხაზებთან ახლოს ვიყავით. გერმანელი მცველები პანიკამ მოიცვა; ზოგი გაიქცა, სხვებმა კი სამხედრო ფორმები გაიხადეს და ჩაიცვეს პატიმრის ტანსაცმელი, რომელიც მკვდრებს გახადეს, იმ იმედით, რომ ვერ იცნობდნენ. არეულდარეულობაში მოწმეები ერთად შევიკრიბეთ, რომ ხელმძღვანელობისთვის გველოცა.
ხელმძღვანელმა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ მეორე დღეს, დილით, უნდა ავმდგარიყავით და წავსულიყავით ამერიკელთა მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების თითქმის ნახევარი, რომლებმაც სასიკვდილო მარში დაიწყეს, დაიხოცა ან მოკლულ იქნა გზაზე, ყველა მოწმე გადარჩა.
კანადის სამხედრო პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელმა ქალაქ ნეიმეგენში მიმიყვანა, სადაც ადრე ჩემი და ცხოვრობდა. მაგრამ ადგილზე რომ მივედი, გადასახლებული დამხვდა. ამიტომ ფეხით გავემგზავრე როტერდამში. საბედნიეროდ, გზაზე კერძო ტრანსპორტით წასვლა შემომთავაზეს, რომელმაც ზედ დანიშნულების ადგილზე მიმიყვანა.
ჭეშმარიტება ჩემი ცხოვრებაა
როტერდამში ჩასვლის დღიდანვე კვლავ პიონერულ მსახურებას შევუდექი. სამი კვირის შემდეგ ჩემს დანიშნულებას შევუდექი ქალაქ ზიუტფენში, სადაც მომდევნო წელიწად-ნახევარი ვმსახურობდი. იმ დროის განმავლობაში ფიზიკურად ცოტა გამოვკეთდი. შემდეგ დავინიშნე სარაიონო ზედამხედველად, როგორც მიმომსვლელ ზედამხედველებს ეძახიან. რამდენიმე თვეში მიმიწვიეს საგუშაგო კოშკის ბიბლიურ სკოლა გალაადში სამხრეთ ლანსინგში (ნიუ-იორკი). 1949 წლის თებერვალში ამ სკოლის მე-12 კლასის დამთავრების შემდეგ ბელგიაში მივიღე დანიშნულება.
ბელგიაში მსახურების სხვადასხვა სფეროებში ვმონაწილეობდი, მათ შორის თითქმის რვა წელიწადი ფილიალის ბიუროში და ათწლეულები მიმოსვლით საქმეში როგორც სარაიონო, ასევე საოლქო ზედამხედველად. 1958 წელს დავქორწინდი ჟუსტინზე, რომელიც ჩემი თანამგზავრი გახდა. ამჟამად, ასაკით მხრებდამძიმებული, ჯერ კიდევ ვხარობ იმით, რომ, თუმცა შეზღუდულად, მაინც შემიძლია ვიმსახურო როგორც მიმომსვლელი ზედამხედველის დამხმარემ.
როცა ჩემს მსახურებას ვიხსენებ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა: „არაფერია ჭეშმარიტებაზე უკეთესი“. რასაკვირველია, მსახურება ყოველთვის ადვილი არ არის. მე დავინახე იმის აუცილებლობა, რომ ვისწავლო საკუთარი შეცდომებიდან და ნაკლოვანებებიდან. ამიტომ ახალგაზრდებს ხშირად ვეუბნები: „თქვენც დაუშვებთ შეცდომებს და, შესაძლებელია, სერიოზულადაც გადახვიდეთ ზღვარს, მაგრამ ნუ იცრუებთ მათზე. ესაუბრეთ ამ საკითხზე მშობლებს ან უხუცესს, შემდეგ კი საჭირო ზომები მიიღეთ“.
თითქმის 50 წლის მანძილზე, რაც სრული დროით ვმსახურობ ბელგიაში, შესაძლებლობა მქონდა, მენახა, რომ პიროვნებები, რომლებსაც ერთ დროს ბავშვებად ვიცნობდი, უხუცესებად და სარაიონო ზედამხედველებად მსახურობენ. და დავინახე, რომ ამ ქვეყანაში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი დაახლოებით 1 700-დან 27 000-ზე მეტი გახდა.
მე კითხვას ვსვამ: „შეიძლება ცხოვრებაში უფრო კურთხეული გზა არსებობდეს, ვიდრე იეჰოვასადმი მსახურებაა?“ ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, არ არის ახლა და არც არასოდეს იქნება. ვლოცულობ, რომ იეჰოვამ კვლავაც გვიხელმძღვანელოს და გვაკურთხოს მე და ჩემი მეუღლე, რომ მარადიულად ვემსახუროთ მას.
[სურათი 26 გვერდზე]
ჩემს მეუღლესთან ერთად 1958 წელს დაქორწინების შემდგომ დღეებში.