საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 10/8 გვ. 23-25
  • ოქრო მისი საიდუმლოება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქრო მისი საიდუმლოება
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ოქრო და ისტორია
  • სისხლით გაჟღენთილი ისტორია
  • XIX საუკუნის ოქროს ციებ-ცხელება
  • ჩაძირული განძი
  • ომისას ნაძარცვი ოქრო
  • ოქრო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ეძებეთ ოქროზე უკეთესი!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 10/8 გვ. 23-25

ოქრო მისი საიდუმლოება

ოქრო — ეს რბილი, ღია ყვითელი ლითონი თავისი არაჩვეულებრივი თვისებებისთვის უძველესი დროიდან დიდად ფასობს. მისი ფერის, ბზინვარების, ჭედადობისა და უჟანგაობის გამო ის ყველაზე არაჩვეულებრივი ლითონია. ოქროს ყველა ლითონისგან განსხვავებული ისტორია აქვს, რადგან ის ძვირფასია მის მაძიებელთათვის.

„ოქროა! დამიჯერე, ოქროა!“ ოქროს აღმოჩენაზე გული გიხტის, პულსი გიჩქარდება და გგონია, დაფრინავ. მას ეძებენ ხმელეთზე, მდინარეებში, ნაკადულებში და დედამიწის ათასობით მეტრის სიღრმეშიც კი.

მეფეები და დედოფლები თავს იმკობდნენ ოქროს მდიდრული ძვირფასეულობით. მისით რთავდნენ მეფის ტახტსა და სასახლის კედლებს. ოქროს კერპებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო თევზებად, ჩიტებად, ცხოველებად ან რაიმე საგნებად, ეთაყვანებოდნენ როგორც ღმერთებს. ოქროს დაუსრულებელ ძებნას სერიოზული შედეგები მოჰყვა; მან დიდი გავლენა მოახდინა ცივილიზაციაზე.

ოქრო და ისტორია

ძველ ეგვიპტეში ფარაონები შორეულ ქვეყნებში გზავნიდნენ თავიანთ ვაჭრებსა და მეომრებს, რომ ეპოვათ ოქრო, რაც ეგვიპტის ღმერთებისა და ფარაონების სრულ საკუთრებად ითვლებოდა. ტუტანხამონის აკლდამა, რომელიც 1922 წელს აღმოაჩინეს, ოქროს ფასდაუდებელი განძეულით იყო სავსე. მისი კუბოც კი ხალასი ოქროთი იყო დამზადებული.

ზოგი ისტორიკოსის აზრით, ალექსანდრე მაკედონელს „აზია თავიდანვე იზიდავდა სპარსეთის სახელგანთქმული ოქროს განძეულით“. ცნობილია, რომ მისმა მეომრებმა სპარსეთში ნადავლი ოქროთი ათასობით სასაპალნე ცხოველი დატვირთეს და ისე დაბრუნდნენ საბერძნეთში, რის შედეგადაც საბერძნეთი ოქროთი მდიდარი სახელმწიფო გახდა.

ერთ-ერთი ისტორიკოსის ცნობის თანახმად, რომის „იმპერატორები უხვად ხარჯავდნენ ოქროს, რომ თავისი მოხელეების ერთგულება შეენარჩუნებინათ და გავლენა ჰქონოდათ სხვა ქვეყნების დიდებულებზე. ისინი შთაბეჭდილებას ახდენდნენ და ხშირად აშინებდნენ კიდეც ხალხს თავიანთი სიმდიდრით, რომელზეც მოწმობდა ოქროს მშვენიერი მორთულობები“. ერთ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რომაელები უამრავ ოქროს იგდებდნენ ხელში ესპანეთის დაპყრობითა და მისი ოქროს საბადოების ხელში ჩაგდებით.

მაგრამ ოქროს შესახებ თხრობის დასრულება შეუძლებელია მისი მეტად სისხლიანი ისტორიის მოხსენიების გარეშე. ეს დაპყრობის, სისასტიკის, დამონებისა და სიკვდილის ისტორიაა.

სისხლით გაჟღენთილი ისტორია

როდესაც ცივილიზაციამ წინ წაიწია, შედარებით დიდი და ძლიერი იალქნიანი გემები ახალი ქვეყნების აღმოსაჩენად, კოლონიების დასაარსებლად და ოქროს საძებნელად გაემგზავრნენ. ოქროს პოვნა ბევრი მკვლევარის, მათ შორის უშიშარი ზღვაოსნის, ქრისტეფორე კოლუმბის, ოცნება გახდა (1451 —1506 წლები).

კოლუმბისთვის ადგილობრივი ხალხის ცხოვრება ცოტას ნიშნავდა, როდესაც ოქროს ძიებაში იყო. იმისათვის, რომ ესპანეთის მეფისა და დედოფლისთვის, რომლებიც მის ექსპედიციებს აფინანსებდნენ, მოეთხრო, თუ რა იხილა ერთ კუნძულზე, კოლუმბმა შემდეგი რამ ჩაწერა თავის სავახტო ჟურნალში: „აქ რომ იმმართველო, მხოლოდ მდგრადი და მტკიცე ძალაუფლების ქონაა საჭირო ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც ყველაფერს შეასრულებს, რასაც უბრძანებ. . . ინდიელები. . . შიშვლები და დაუცველები არიან, ასე რომ, მზად არიან მიიღონ ბრძანებები და შეასრულონ“. კოლუმბს სწამდა, რომ ღვთის კურთხევა ჰქონდა. ოქროს საგანძურები საშუალებას მისცემდა ესპანეთს, დაეფინანსებინა „წმინდა ომები“. მას შემდეგ, რაც საჩუქრად ოქროს ნიღაბი მიიღო, კოლუმბმა თქვა: „დაე ღმერთი დამეხმაროს თავისი გულმოწყალებით ოქროს პოვნაში“.

ესპანელ კონკისტადორებს, რომლებიც ოქროს ძიებაში კოლუმბის კვალდაკვალ ლახავდნენ ზღვებს, მეფე ფერდინანდის მიერ ნაბრძანები ჰქონდათ: „მომიტანეთ ოქრო! თუ შესაძლებელი იქნება, ადამიანური გზით იშოვეთ. მაგრამ მომიტანეთ; სულერთია, რა გზით ჩაიგდებთ მას ხელში“. დაუნდობელმა მკვლევარებმა დახოცეს მექსიკის, აგრეთვე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ათასობით ადგილობრივი მოსახლე. ამ კონკისტადორების მიერ ესპანეთში ჩატანილი ოქრო, ასე ვთქვათ, სისხლით იყო დასვრილი.

შემდეგ მეკობრეები მიდიოდნენ დროშით, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა. ისინი ღია ზღვებში ძარცვავდნენ ესპანეთის გემებს, რომლებიც ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით იყო დატვირთული. ეს გემები ნაკლები ზარბაზნებისა და მუშახელის გამო ვერ უმკლავდებოდნენ კარგად შეიარაღებულ მეკობრეებს. XVII—XVIII საუკუნეებში მეკობრეობა ზღვის სენი გახდა, განსაკუთრებით, ვესტინდოეთსა და ამერიკის კონტინენტების სანაპიროებთან.

XIX საუკუნის ოქროს ციებ-ცხელება

საკრამენტოს ველზე (კალიფორნია) 1848 წელს ოქროს ციებ-ცხელებამ იფეთქა. ეს ამბავი უცებ გავრცელდა და იმატა ხალხის განუწყვეტელმა გადასახლებამ, რომ მიწის ნაკვეთები დაესაკუთრებინათ. მომდევნო წლისთვის კალიფორნია სავსე იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ათობით ათასი ოქროს მაძიებლით. კალიფორნიის მოსახლეობამ, რომელიც 1848 წელს 26 000-სს შეადგენდა, 1860 წლისთვის 380 000-სს მიაღწია. ფერმერებმა მიატოვეს მიწები, მეზღვაურებმა — გემები, ჯარისკაცებმა — ჯარი, იმისათვის რომ გადასახლებულიყვნენ და ოქრო ეპოვათ. ზოგ მათგანს „სისხლმოწყურებულ გაიძვერას“ უწოდებდნენ. ამ ათასგვარი ხალხის არევ-დარევას დამნაშავეობა და ძალადობა მოჰყვა. მათ, რომლებიც ოქროს ძიების ხაფანგში გაებნენ, მაგრამ არ ისურვეს ხელის განძრევა მის საშოვად, დაიწყეს დილიჟანსებისა და მატარებლების ძარცვა.

კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელების შემდეგ მალევე, 1851 წელს, გავარდა ხმა, რომ ავსტრალიაში ოქროს დიდი საბადოები იქნა აღმოჩენილი. „დენადობა მართლა არნახული იყო“, — ნათქვამი იყო ერთ-ერთ პუბლიკაციაში. ავსტრალია ცოტა ხნით მსოფლიოში ოქროს უდიდესი მწარმოებელი გახდა. მალე კალიფორნიაში გადასახლებულებიდან ზოგმა აიკრა გუდა-ნაბადი და ავსტრალიისკენ გაეშურა, რომლის მოსახლეობაც უცებ გაიზარდა 1850 წელს 400 000-დან 1860 წლისთვის 1 100 000-მდე. სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და სხვა სამუშაოები, ფაქტიურად, სრულიად შეჩერდა, რადგან ბევრი გაეშურა ოქროში ბედნიერების საძებნად.

XIX საუკუნის დასასრულისთვის ოქროს ძიებაში შეშლილმა მასიურმა გადასახლებამ იუკონსა და ალასკაში გადაინაცვლა, რადგან ხალხი იმ მხარეებში ოქროს აღმოჩენას გაედევნა. ათასობით ადამიანი შორეული ჩრდილოეთისკენ, კლონდაიკისკენ და ალასკისკენ, გაეშურა და მკაცრ სიცივეს უძლებდა, რომ ოქროთი მდიდარ მხარეში მიწის ნაკვეთები დაესაკუთრებინათ.

ჩაძირული განძი

XX საუკუნეში, როდესაც ზღვებში ღრმად ყვინთვა ისწავლეს, ოქროს მაძიებლებმა ყურადღება ზღვის სიღრმეებს მიაპყრეს. იქ ისინი ჩაძირულ გემებს ეძებდნენ, რომ ძვირფასეულობა და ანტიკვარული ნივთები ეპოვათ.

1638 წლის 20 სექტემბერს ესპანეთის გემი, სახელწოდებით „კონსეფსიონი“ (Concepción), ცუდი ამინდის გამო კლდეს შეეჯახა და წყნარ ოკეანეში, საიპანის სანაპიროსთან, ჩაიძირა. მას დღევანდელ ფულზე ათობით მილიონი ამერიკული დოლარის ოქრო და სხვა განძეული გადაჰქონდა. გემზე მყოფი 400 ადამიანიდან უმრავლესობა დაიღუპა. მყვინთავებმა ნამსხვრევებიდან 32 ოქროს ჯაჭვი ამოიღეს, რომელთაგან თითოეული სიგრძით მეტრა-ნახევარი იყო და რამდენიმე კილოგრამს იწონიდა. მთლიანობაში მათ ამოიღეს 1 300 ნაჭერი ოქროს ძვირფასეულობა — ძეწკვები, ჯვრები, ღილები, გულსაბნევები, ბეჭდები და ბალთები.

ნაპოვნი იქნა აგრეთვე სხვა ჩაძირული ხომალდები. 1980 წელს მყვინთავებმა ფლორიდის (შეერთებული შტატები) სანაპიროებთან XVII საუკუნის ესპანური გემი, „სანტა-მარგარიტა“, იპოვეს. მომდევნო წლის დასასრულისთვის მყვინთავებმა იქიდან 441 კილოგრამზე მეტი ოქროს ზოდი და სხვა ოქროს ნივთები ამოიღეს.

ომისას ნაძარცვი ოქრო

1945 წელს გერმანიის მთავრობის კაპიტულაციის შემდეგ სამოკავშირეო რაზმებმა თიურინგიაში (გერმანია), კაიზეროდას მარილის საბადოებში, საოცარი აღმოჩენა გააკეთეს. როგორც ერთ-ერთ გაზეთში (The Atlanta Journal) ეწერა, „საბადოებიდან 2,1 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები, ხელოვნების ნიმუშები, ფული და ფასიანი ქაღალდები ამოიღეს“. იპოვეს აგრეთვე ოქროთი სავსე ტომრები და კბილის ვერცხლის გვირგვინები, რომლებიც ჰოლოკაუსტის მსხვერპლებს დააძრეს და რომელთაგანაც ზოგი უკვე დამდნარი იყო. ოქროს ამ უზარმაზი სამალავებით ფაშისტი მილიტარისტები აფინანსებდნენ გახანგრძლივებულ ომს. იგივე გაზეთი იტყობინებოდა, რომ 2,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ოქროულობა დაუბრუნდა ერთ დროს ჰიტლერის მიერ ოკუპირებულ დაახლოებით ათ ქვეყანას. რადგანაც გავრცელებულია აზრი, რომ ნაცისტების ოქრო მთლიანად არ არის ნაპოვნი, მას დღესაც ეძებენ.

ოქრო, რა თქმა უნდა, ძვირფასი რამეა. მაგრამ ბიბლიაში აღნიშნულია, რომ ოქრო, ისევე როგორც სხვა მატერიალური სიმდიდრე, ვერ მოუტანს სიცოცხლეს მის მაძიებლები (ფსალმუნი 48:7–9; სოფონია 1:18). ბიბლიური იგავი ამბობს: „სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია“ (იგავნი 16:16). ნამდვილი სიბრძნე შემოქმედისგან, იეჰოვა ღმერთისგან, მომდინარეობს და მის სიტყვაში, ბიბლიაში, მოიპოვება. ღვთის სიტყვის შესწავლით ასეთი სიბრძნის მაძიებელები სწავლობენ ღვთის კანონებს, პრინციპებსა და რჩევებს, შემდეგ კი ცხოვრებაში იყენებენ მათ. ამგვარად, მოპოვებული სიბრძნე ბევრად უფრო სასურველია, ვიდრე მთელი ის ოქრო, რომელიც ადამიანს ოდესმე უპოვნია. ასეთ სიბრძნეს ახლა უკეთესი, მომავალში კი მარადიული ცხოვრება მოაქვს (იგავნი 3:13–18).

[ჩარჩო 25 გვერდზე]

მონაცემები ოქროს შესახებ

• ოქრო ლითონებს შორის ყველაზე ადვილად დასამუშავებელია. მისგან შეიძლება 0,1 მიკრომეტრი სისქის ფურცლების გამოჭედვა. 28 გრამი ოქროთი 17 კვადრატული მეტრი ფართის მოოქვრა და ამდენივე ოქროს 70 კილომეტრ სიგრძეზე დაგლინვვა შეიძლება.

• რადგანაც ხალასი ოქრო ძალიან რბილია, ჩვეულებრივ, მისი სიმკვრივის გასაზრდელად მას სხვა ლითონებთან ადნობენ და ძვირფასეულობისა და სხვა ოქროს ნივთების დასამზადებლად იყენებენ. ოქროს შენადნობებში ოქროს შემცველობა გამოისახება სინჯით — ოქროს ნაწილების რიცხვით შენადნობის 1000 ნაწილაკში. ის აგრეთვე შეიძლება გამოისახოს 24 პირობითი ერთეულით — კარატებით; ამგვარად, ოქროს 12-კარატიან შენადნობში 50 პროცენტი ოქროა, 18-კარატიანში — 75 პროცენტი, 24-კარატიანში კი ხალასი ოქროა.

• ოქროს წარმოებაში მოწინავე ქვეყნებია სამხრეთ აფრიკა და შეერთებული შტატები.

[საავტორო უფლება 23 გვერდზე]

Alexander the Great: The Walters Art Gallery, Baltimore

[სურათები 24 გვერდზე]

სურათი, რომელზეც ასახულია 1492 წლის ბაჰამის კუნძულებზე ქრისტეფორე კოლუმბის ჩასვლა ოქროს საძებრად.

[საავტორო უფლება]

Courtesy of the Museo Naval, Madrid (Spain), and with the kind permission of Don Manuel González López

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება