თავს ნუ მოიტყუებთ მცდარი აზროვნებით!
„ეს რა ჩაიდინე?!“ ჰკითხა ღმერთმა ევას მას შემდეგ, რაც აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამა. ევამ მიუგო: „გველმა . . . მაცდუნა და მეც ვჭამე“ (დაბ. 3:13). სატანამ თავისი ცბიერებით ევა იეჰოვას წინააღმდეგ აამხედრა. ამიტომ, მოგვიანებით მას ეწოდა „ძველი გველი . . . რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხ. 12:9).
წიგნ „დაბადების“ ამ მონაკვეთიდან ნათლად ჩანს, რომ სატანა ცბიერია და სიცრუეს ავრცელებს იმ მიზნით, რომ შეცდომაში შეიყვანოს წინდაუხედავნი. ევა გაება მის დაგებულ მახეში. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სატანა ერთადერთია, ვისაც ჩვენი ცდუნება შეუძლია. ბიბლია აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ არსებობს იმის საშიშროება, მცდარი აზროვნებით მოვიტყუოთ თავი (იაკ. 1:22).
შესაძლოა წარმოუდგენლად გვეჩვენება, როგორ შეიძლება მოვიტყუოთ თავი, მაგრამ ღმერთი ტყუილუბრალოდ არ გვაფრთხილებს ამის შესახებ. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით, როგორ შეიძლება მოვიტყუოთ თავი და რა მცდარი აზროვნება შეგვიყვანდა შეცდომაში. ამის გაგებაში დაგვეხმარება ერთი ბიბლიური მაგალითი.
როგორ შეიძლება თავის მოტყუება?
ძვ. წ. 537 წელს სპარსეთის მეფე კიროს დიდმა გამოსცა ბრძანება, რომ ბაბილონში გადასახლებული ისრაელები იერუსალიმში დაბრუნებულიყვნენ და ღვთის ტაძარი აღედგინათ (ეზრ. 1:1, 2). მომდევნო წელს, იეჰოვას განზრახვის თანახმად, ხალხმა საძირკველი ჩაუყარა ახალ ტაძარს. ტყვეობიდან დაბრუნებული ისრაელები ხარობდნენ და განადიდებდნენ ღმერთს იმის გამო, რომ დიდებული ტაძრის მშენებლობა დაიწყო (ეზრ. 3:8, 10, 11). მაგრამ მალე, როცა გარშემო მცხოვრებმა ერებმა სცადეს, ხელი შეეშალათ ისრაელებისთვის ტაძრის მშენებლობაში, ხალხს გული გაუტყდა (ეზრ. 4:4). ისრაელის იერუსალიმში დაბრუნებიდან დაახლოებით 15 წელიწადში სპარსეთის სამეფო კარზე გამოიცა ბრძანება, რომ ქალაქში სამუშაოები შეწყვეტილიყო. სამეფო კარის წარმომადგენლები თავად ჩავიდნენ იერუსალიმში და „იარაღის ძალით შეაწყვეტინეს [ისრაელებს] მუშაობა“ (ეზრ. 4:21—24).
როდესაც ისრაელები ასეთი სერიოზული დაბრკოლების წინაშე დადგნენ, თავი მოიტყუეს მცდარი აზროვნებით: „ჯერ არ დამდგარაო იეჰოვას სახლის შენების დრო“ (ანგ. 1:2). მათ დაასკვნეს, რომ ღმერთს არ სურდა, ტაძრის მშენებლობა მაშინვე დასრულებულიყო. ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნება შეესრულებინათ, მიატოვეს საპატიო დავალების შესრულება და საკუთარი სახლების მოპირკეთება დაიწყეს. ღვთის წინასწარმეტყველმა ანგიამ პირდაპირ ჰკითხა მათ: „განა იმის დროა, რომ მოპირკეთებულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი [იეჰოვას ტაძარი] მიგდებული გქონდეთ?!“ (ანგ. 1:4).
რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? თუ ვფიქრობთ, რომ ჯერ არ არის იეჰოვას განზრახვის შესრულების დრო, ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ უარს ვიტყვით მნიშვნელოვან სულიერ საქმეებზე და პირად კეთილდღეობაზე დავიწყებთ ზრუნვას. წარმოიდგინეთ, რომ სტუმრებს ელოდებით. მათ მოსვლამდე გინდათ, რომ არაერთი საქმე მოასწროთ და სტუმრებს ყველაფერი გამზადებული დაახვედროთ. მაგრამ თუ ისინი შეგატყობინებენ, რომ დააგვიანდებათ, მიატოვებთ სამზადისს?
გაიხსენეთ, რომ ანგია და ზაქარია დაეხმარნენ ისრაელებს, გონს მოსულიყვნენ და დაენახათ, რომ იეჰოვას არ სურდა, ტაძრის მშენებლობა გადადებულიყო. ანგიამ მოუწოდა მათ: „გამაგრდით, ამ მიწის ხალხო . . . და იშრომეთ!“ (ანგ. 2:4). ისრაელებს დაუყოვნებლივ უნდა გაეგრძელებინათ მშენებლობა და დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ იეჰოვა თავისი სულით მხარში ამოუდგებოდა მათ (ზაქ. 4:6, 7). აქედან გამომდინარე, ნუთუ უგუნურება არ იქნება, დავასკვნათ, რომ იეჰოვას დღე ჯერ კიდევ შორსაა?! (1 კორ. 10:11).
მცდარ აზროვნებას საღი აზროვნებით სძლიეთ!
მოციქულმა პეტრემ თავის მეორე წერილში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს დამყარდებოდა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ (2 პეტ. 3:13). მან ისიც აღნიშნა, რომ ზოგ დამცინავს ეჭვი გაუჩნდებოდა, საერთოდ ჩაერეოდა თუ არა ღმერთი ადამიანთა საქმეებში. ისინი არასწორად დაასკვნიდნენ, რომ არაფერი მოხდებოდა, რადგან „ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2 პეტ. 3:4). პეტრე შეეწინააღმდეგა მათ მცდარ აზროვნებას: „შეხსენებით ვაღვიძებ თქვენი საღი აზროვნების უნარს“. მან შეახსენა თანაქრისტიანებს, რომ დამცინავები ცდებოდნენ. პეტრემ ამის არგუმენტად ის მოიყვანა, რომ ღმერთი უწინაც ჩაერია ადამიანთა საქმეებში, როცა იმდროინდელი ქვეყნიერება წყლით წალეკა (2 პეტ. 3:1, 5—7).
ანგიამ ძვ. წ. 520 წელს მსგავსი სიტყვებით მოუწოდა გულგატეხილ ისრაელებს, რომლებიც გულმოდგინედ აღარ ემსახურებოდნენ ღმერთს: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს“ (ანგ. 1:5). მათი საღი აზროვნების უნარი რომ გაეღვიძებინა, ანგიამ შეახსენა თავის თანამემამულეებს, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს და რას დაჰპირდა ისრაელს, თავის ხალხს (ანგ. 1:8; 2:4, 5). ამის შემდეგ, მალე, წინააღმდეგობის მიუხედავად, მშენებლობა ისევ გაგრძელდა. მტრები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, შეეჩერებინათ ტაძრის მშენებლობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მოგვიანებით, ბრძანება აკრძალვის თაობაზე გაუქმდა და ტაძარი ხუთ წელიწადში აშენდა (ეზრ. 6:14, 15; ანგ. 1:14, 15).
„გულით დაუკვირდით თქვენს გზებს“
ჩვენც ხომ არ გვიტყდება გული სირთულეების დროს, როგორც ეს ანგიას დღეებში მცხოვრები ისრაელების შემთხვევაში მოხდა? თუ ასეა, შეიძლება სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილი დავკარგოთ. რამ შეიძლება გული გაგვიტეხოს? ჩვენთვის შესაძლოა გაუსაძლისი გახდეს ამ უსამართლო ქვეყნიერებაში ცხოვრება. დაფიქრდით აბაკუმზე, რომელსაც აღმოხდა: „როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას?“ (აბაკ. 1:2). ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ იეჰოვას დღე აყოვნებს. ასეთმა ქრისტიანმა ადვილი შესაძლებელია, დაკარგოს სიფხიზლე და ღვთის მსახურების ნაცვლად, კომფორტული ცხოვრება მოისურვოს. შეიძლება ეს თქვენც დაგემართოთ? თუ მსგავსი აზროვნება გვექნება, თავს მოვიტყუებთ. რაოდენ მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ ბიბლიური რჩევა — გულით დავუკვიდეთ ჩვენს გზებს და გავაღვიძოთ ჩვენი საღი აზროვნების უნარი! ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ ვფიქრობ, რომ ბოროტ ქვეყნიერებას უკვე კარგა ხანია ბოლო უნდა მოღებოდა?
ღვთის დიდი დღის მოლოდინში
მარკოზის სახარებაში ბოლო დღეების შესახებ იესოს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების თანახმად, უფრო მეტად საყურადღებოა ის, რომ ვიფხიზლოთ და არა ის, თუ როდის დადგება აღსასრული. ამ წინასწარმეტყველებაში იესო სიფხიზლისკენ არაერთხელ მოგვიწოდებს (მარ. 13:33—37). „გამოცხადებაში“ მსგავსი გაფრთხილებაა მოცემული იეჰოვას დიდი დღის, არმაგედონის შესახებ (გამოცხ. 16:14—16). რატომ არის ბიბლიაში ამის თაობაზე არაერთი გაფრთხილება? ასეთი შეხსენებები საჭიროა, რადგან ღვთის დიდი დღის მოლოდინში ადამიანებმა ადვილად შეიძლება დაკარგონ სიფხიზლე.
იესომ თვალსაჩინოდ დაგვანახვა, რაოდენ აუცილებელია, ყოველთვის ვიფხიზლოთ, სანამ ველით ქვეყნიერების აღსასრულს. მან მოიყვანა მაგალითი ქურდსა და სახლის პატრონზე, რომლის სახლიც შეიძლება ქურდს ღამით გაეტეხა. სახლის პატრონი ამას იმ შემთხვევაში აირიდებდა თავიდან, თუ მთელი ღამის მანძილზე იფხიზლებდა. იესომ ასეთი დასკვნა გააკეთა: „თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათ. 24:43, 44).
ამ მაგალითიდან ჩანს, რომ აუცილებელია, მზად ვიყოთ ლოდინისთვის მაშინაც კი, თუ აღსასრული არც ისე მალე დადგება. ჩვენ არ უნდა გვშთანთქას იმაზე ფიქრმა, რომ ამ ბოროტმა ქვეყნიერებამ უფრო დიდხანს გააგრძელა არსებობა, ვიდრე გვეგონა. თავი არ უნდა მოვიტყუოთ მცდარი აზროვნებით, რომ იეჰოვას დრო ჯერ არ დამდგარა. ასეთი აზროვნება დაგვაკარგვინებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილს (რომ. 12:11).
უკუაგდეთ მცდარი აზროვნება
გალატელების 6:7-ში მოცემულია პრინციპი: „ნუ შეცდებით . . . კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“. თუ მიწის ნაკვეთზე არაფერს დათესავ, იქაურობას ადვილად მოედება სარეველა ბალახი. მსგავსად ამისა, თუ საღ აზრს არ მოვუხმობთ, ჩვენს გონებაში ადვილად გაიდგამს ფესვს მცდარი აზროვნება. მაგალითად, შეიძლება ვამბობთ: იეჰოვას დღე აუცილებლად დადგება, მაგრამ ეს მალე არ მოხდება. თუ ასე ვიფიქრებთ, თეოკრატიულ საქმიანობაში მთელი გულით აღარ მივიღებთ მონაწილეობას. დროთა განმავლობაში ენთუზიაზმს დავკარგავთ და ჩვენთვის ყველაფერი სულერთი გახდება. შეიძლება სწორედ მაშინ დადგეს იეჰოვა დღე, როცა ამას საერთოდ არ ველით (2 პეტ. 3:10).
მცდარი აზროვნება ადვილად ვერ გაიდგამს ჩვენს გონებაში ფესვს, თუ გამუდმებით დავარწმუნებთ თავს, რომ „ღვთის ნება კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (რომ. 12:2). ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვა ამ მხრივ საუკეთესო დახმარებას გაგვიწევს. ბიბლია გაგვიძლიერებს იმის რწმენას, რომ იეჰოვა ყოველთვის დანიშნული დროისთვის მოქმედებს (აბაკ. 2:3).
პირადი შესწავლა, ლოცვა, კრების ყველა შეხვედრაზე დასწრება, ქადაგება და სხვებისთვის სიკეთის კეთება დაგვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ დადგება იეჰოვას დღე (2 პეტ. 3:11, 12). იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენი ერთგულება. პავლე მოციქული შეგვახსენებს: „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალ. 6:9).
ახლა, რასაკვირველია, არ არის იმის დრო, რომ მცდარი აზროვნებით თავი მოვიტყუოთ და ვიფიქროთ, რომ იეჰოვას დღე ჯერ არ დადგება. პირიქით, ახლა იმის დროა, რომ მტკიცედ ვიდგეთ, რადგან იეჰოვას დღე ახლოსაა!
[სურათი 4 გვერდზე]
ანგია და ზაქარია ისრაელებს მოუწოდებდნენ, გაეგრძელებინათ ტაძრის მშენებლობა
[სურათი 5 გვერდზე]
რა არ მოხდება, თუ სახლის პატრონს ეცოდინება, როდის მოვა ქურდი?