საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 დეკემბერი
    • რატომ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

      „შენა ხარ ჩემი ღმერთი. კარგია შენი სული. წამიძღვეს იგი“ (ფსალმ. 143:10).

      1. როგორ შეიძლება უხილავმა ძალამ უხელმძღვანელოს ადამიანს? მოიყვანეთ მაგალითი.

      კომპასით ოდესმე გაგიკვლევიათ გზა? ეს არის მარტივი ხელსაწყო, რომელიც ერთადერთი მოძრავი ნაწილისგან — მუდამ ჩრდილოეთისკენ მიმართული დამაგნიტებული ისრისგან — შედგება. მაგნეტიზმის სახელწოდებით ცნობილი უხილავი ძალის ზემოქმედებით კომპასის ისარი იღებს დედამიწის პოლუსებს შორის არსებული მაგნიტური ველის შესაბამის მიმართულებას. საუკუნეების განმავლობაში ხმელეთსა თუ ზღვაზე გზის გასაკვლევად მოგზაურები და მკვლევარები კომპასს იყენებდნენ.

      2, 3. ა) რა ძლიერი ძალა გამოიყენა იეჰოვამ საუკუნეების წინათ? ბ) რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ღვთის უხილავი ძალა დღესაც იქონიებს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე?

      2 არსებობს სხვა უხილავი ძალა, რომლის ხელმძღვანელობაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. რა ძალაზეა საუბარი? ძალაზე, რომელიც ბიბლიის პირველივე მუხლებშია მოხსენიებული. წიგნ „დაბადებაში“ აღწერილია, რა გააკეთა იეჰოვამ საუკუნეების წინათ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. ამ დროს მან გამოიყენა ძლიერი ძალა. ბიბლიაში შემდეგ ვკითხულობთ: „ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით“ (დაბ. 1:1, 2). რა ძალა გამოიყენა ღმერთმა? წმინდა სული, თავისი მოქმედი ძალა. ჩვენ სწორედ იმის წყალობით ვარსებობთ, რომ იეჰოვა თავის ყველა საქმეში ამ ძალას იყენებს (იობ. 33:4; ფსალმ. 104:30).

      3 ვინაიდან უკვე ვარსებობთ, უნდა მოველოდეთ, რომ ღვთის მოქმედი ძალა კვლავაც იქონიებს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე? ღვთის ძის სიტყვების თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, რადგან მან თავის მოწაფეებს უთხრა: „სული, წაგიძღვებათ . . . ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 16:13). როგორ გავიგოთ, რა არის წმინდა სული და რატომ უნდა გვსურდეს, მივყვეთ მის ხელმძღვანელობას?

      რა არის წმინდა სული?

      4, 5. ა) რას ფიქრობენ სამების მომხრეები წმინდა სულის შესახებ? ბ) როგორ ახსნიდით, რა არის წმინდა სული?

      4 ალბათ, ქადაგებისას ხვდებით ადამიანებს, რომლებსაც წმინდა სულის შესახებ არაბიბლიური თვალსაზრისი აქვთ. სამების მომხრეებს სჯერათ, რომ წმინდა სული მამა ღმერთის თანასწორი პიროვნებაა (1 კორ. 8:6). მაგრამ სამების შესახებ დოგმატი ყოველგვარ ბიბლიურ საფუძველს არის მოკლებული.

      5 მაშ, რა არის სინამდვილეში წმინდა სული? დაბადების 1:2-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა, რომელიც ქართულად „მოქმედ ძალად“ ითარგმნა, „ქარსაც“ ნიშნავს. ჩვენ ვერ ვხედავთ ქარს, მაგრამ ვხედავთ მის მოქმედებას. როგორც ქარია უხილავი, მაგრამ აქვს ძალა, ისე, არამატერიალური წმინდა სული არის უხილავი, მაგრამ მოქმედი. ეს სული არის ღვთის ძალა, რომელიც ადამიანებზე მოქმედებს და რომელსაც ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. განა რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი სასწაულებრივი ძალა ყოვლისშემძლე ღვთისგან მომდინარეობს? სულაც არა! (წაიკითხეთ ესაიას 40:12, 13 ).

      6. რა მნიშვნელოვანი რამ სთხოვა დავითმა იეჰოვას?

      6 განაგრძობს იეჰოვა თავისი წმინდა სულით ჩვენ ხელმძღვანელობას? ღმერთი ფსალმუნმომღერალ დავითს დაჰპირდა: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო“ (ფსალმ. 32:8). სურდა დავითს ეს? დიახ, ვინაიდან იეჰოვას სთხოვდა: „მასწავლე შენი ნების შესრულება, რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი. კარგია შენი სული. წამიძღვეს იგი“ (ფსალმ. 143:10). ჩვენც მსგავსი სურვილი უნდა გვქონდეს და მზად ვიყოთ, ღვთის სულმა გვიხელმძღვანელოს. რატომ? განვიხილოთ ოთხი მიზეზი.

      ჩვენ ვერ წარვმართავთ ჩვენს ნაბიჯებს

      7, 8. ა) რატომ არ შეგვიძლია ღვთისგან დამოუკიდებლად საკუთარი თავის ხელმძღვანელობა? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ რატომ არ უნდა ვეცადოთ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში გზის დამოუკიდებლად გაკვლევას.

      7 პირველი, უნდა გვსურდეს, გვიხელმძღვანელოს ღვთის სულმა, რადგან ჩვენ ვერ ვუხელმძღვანელებთ საკუთარ თავს. სიტყვა „ხელმძღვანელობა“ ნიშნავს „მეთაურობას, წარმართვას“. მაგრამ იეჰოვას არ შევუქმნივართ ისე, რომ შეგვეძლოს საკუთარი ან სხვისი ნაბიჯების წარმართვა, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს არასრულყოფილ მდგომარეობას. წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ღმერთი იერემიას მეშვეობით გვაძლევს. მან თქვა: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერ. 17:9; მათ. 15:19).

      8 განა უგუნურება არ იქნებოდა, თუ გამოუცდელი პიროვნება მარტო, კარგი მეგზურის ან თუნდაც კომპასის გარეშე, ეცდებოდა უღრან ტყეში ან უდაბნოში გზის გაკვლევას? ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ როგორ გაიკვლიოს გზა უსაფრთხოდ ასეთ გარემოში და როგორ მივიდეს უვნებლად დანიშნულების ადგილას, საფრთხეში ჩაიგდებდა საკუთარ თავს. მსგავსად ამისა, ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე სწორად გაიკვლევს გზას, საკუთარ სიცოცხლეს დიდ საფრთხეში იგდებს. ამ ქვეყნიერებაში ცხოვრების გზა წარმატებით რომ გავიკვლიოთ, ერთადერთი სწორი მოქმედება იქნებოდა, დავითივით იეჰოვასთვის ლოცვაში გვეთხოვა: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკები!“ (ფსალმ. 25:4; 23:3). როგორ არის შესაძლებელი ღვთისგან მსგავსი ხელმძღვანელობის მიღება?

      9. როგორ შეუძლია ღვთის სულს გვიხელმძღვანელოს? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე)

      9 იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვიხელმძღვანელებს, თუ თავმდაბლები ვიქნებით და გვექნება იმის სურვილი, რომ იეჰოვამ წარმართოს ჩვენი ნაბიჯები. როგორ დაგვეხმარება ღვთის მოქმედი ძალა? იესომ თავის მოწაფეებს აუხსნა: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“ (იოან. 14:26). თუ რეგულარულად ვლოცულობთ და ვსწავლობთ ღვთის სიტყვას, რომელშიც მოცემულია ყველაფერი, რაც ქრისტემ თქვა, წმინდა სული საშუალებას მოგვცემს, უკეთ ჩავწვდეთ იეჰოვას სიბრძნის სიღრმეს და მისი ნების შესაბამისად მოვიქცეთ (1 კორ. 2:10). გარდა ამისა, როცა ცხოვრების გზაზე მოულოდნელ დაბრკოლებებს წავაწყდებით, წმინდა სული გამოსავალს დაგვანახვებს. ის გაგვახსენებს ნასწავლ ბიბლიურ პრინციპებს და დაგვეხმარება, რომ ისინი სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოვიყენოთ.

      იესოს ღვთის სული ხელმძღვანელობდა

      10, 11. წმინდა სულთან დაკავშირებით, რას მოელოდა ღვთის მხოლოდშობილი ძე და როგორ დაეხმარა მას ეს სული?

      10 მეორე მიზეზი, რის გამოც უნდა გვსურდეს, გვიხელმძღვანელოს ღვთის სულმა, არის ის, რომ ღმერთი თავისი სულით ხელმძღვანელობდა საკუთარ ძეს. დედამიწაზე მოსვლამდე ღვთის ძემ იცოდა წინასწარმეტყველება: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული“ (ეს. 11:2). წარმოიდგინეთ, როგორ ენდომებოდა იესოს ღვთის სულის დახმარების მიღება აქ, დედამიწაზე ცხოვრების დროს!

      11 იეჰოვას სიტყვები გამართლდა. სახარებებში ვკითხულობთ, თუ რა მოხდა იესოს ნათლობის შემდეგ: „წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან. მას სული დაატარებდა უდაბნოში“ (ლუკ. 4:1). იქ მარხვის, ლოცვისა და ფიქრის დროს, ალბათ, იეჰოვამ იესო დაარიგა და უთხრა, რა ელოდა წინ. ღვთის მოქმედი ძალა მოქმედებდა იესოს გონებასა და გულზე; წარმართავდა მის ფიქრებს და ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილებების მიღებისას. შედეგად, იესომ იცოდა, ნებისმიერ სიტუაციაში, რა იყო მამის ნება და შესაბამისად იქცეოდა.

      12. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთხოვოთ ღმერთს, მისმა სულმა გვიხელმძღვანელოს?

      12 იესომ იცოდა, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ღვთის სული მის ცხოვრებაში; ამიტომ მან თავის მოწაფეებსაც ჩაუნერგა, რომ მათაც ეთხოვათ წმინდა სულის ხელმძღვანელობა და მიჰყოლოდნენ მას (წაიკითხეთ ლუკას 11:9—13 ). რატომ არის ეს ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ, მას შეუძლია ჩვენი აზროვნების შეცვლა; წმინდა სული შეიძლება დაგვეხმაროს, ისეთივე აზროვნების განვითარებაში, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (რომ. 12:2; 1 კორ. 2:16). თუ ღვთის სულს საშუალებას მივცემთ, უხელმძღვანელოს ჩვენს ცხოვრებას, ქრისტეს აზროვნებას განვივითარებთ და მის მაგალითს მივბაძავთ (1 პეტ. 2:21).

      ქვეყნიერების სული არასწორი გზით წაგვიყვანდა

      13. რა არის ქვეყნიერების სული და როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე?

      13 მესამე მიზეზი, რატომაც გვინდა ღვთის სულმა გვიხელმძღვანელოს, არის ის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნიერების სული დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, ჩვენც არასწორი გზით წაგვიყვანდა. ეს სული ძლიერია და შეუძლია გაგვაკეთებინოს ის, რაც წმინდა სულის მოქმედების საწინააღმდეგოა. ეს სული ადამიანებს ქრისტეს აზროვნების განვითარებაში კი არ ეხმარება, არამედ ამ ქვეყნიერების მმართველის, სატანის, აზროვნებას უნერგავს და მის მსგავსად მოქმედებისკენ აღძრავს (წაიკითხეთ ეფესოელების 2:1—3; ტიტეს 3:3 ). თუ ვინმე ქვეყნიერების სულს მასზე მოქმედების საშუალებას აძლევს და ხორცის საქმეებს აკეთებს, ამას სავალალო შედეგები მოჰყვება. ასეთი ადამიანი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს (გალ. 5:19—21).

      14, 15. როგორ შევძლებთ ქვეყნიერების სულისთვის წინააღმდეგობის გაწევას?

      14 იეჰოვა გვაძლევს ყველაფერს, რაც დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს. მოციქულმა პავლემ თქვა: „გაძლიერდით უფალში და მის ძლევამოსილებაში . . . რათა შეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა ბოროტ დღეს“ (ეფეს. 6:10, 13). თავისი წმინდა სულით იეჰოვა გვაძლიერებს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანას, რომელიც ცდილობს, შეცდომაში შეგვიყვანოს (გამოცხ. 12:9). ქვეყნიერების სული ძლიერია და სრულად ვერ გავექცევით მის ზემოქმედებას. მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნიერების სულმა ჩვენზე გამხრწნელად იმოქმედოს. წმინდა სული მასზე ძლიერია და ის აუცილებლად დაგვეხმარება.

      15 მათ შესახებ, ვინც პირველ საუკუნეში ქრისტიანობას ჩამოშორდა, მოციქულმა პეტრემ თქვა: „სწორი გზა მიატოვეს და შეცდომაში შევიდნენ“ (2 პეტ. 2:15). ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ იმისათვის, რომ „მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან“ (1 კორ. 2:12). წმინდა სულის დახმარებითა და ყოველივე იმის გამოყენებით, რაც იეჰოვამ მასთან მტკიცე ურთიერთობის შესანარჩუნებლად მოგვცა, შევძლებთ სწორად მოქმედებასა და ამ ბოროტი ქვეყნიერების სულისთვის წინააღმდეგობის გაწევას (გალ. 5:16).

      წმინდა სულს კარგი ნაყოფი გამოაქვს

      16. რა ნაყოფის გამოღება შეუძლია წმინდა სულს ჩვენში?

      16 მეოთხე მიზეზი, რის გამოც გვსურს, ღვთის სულმა იმოქმედოს ჩვენზე, არის ის, რომ წმინდა სულს კარგი ნაყოფი გამოაქვს და დადებითად მოქმედებს მათ ცხოვრებაზე, ვინც მის ხელმძღვანელობას მიჰყვება (წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23 ). რომელ ჩვენგანს არ უნდა იყოს მეტად მოსიყვარულე, გახარებული და მშვიდობიანი? ან რომელი ჩვენგანი არ ისურვებდა ყოფილიყო მეტად სულგრძელი, კეთილი და კარგი? ვის არ მოუტანდა სარგებლობას მეტი რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება? ღვთის სული ხელს უწყობს ჩვენში ამ თვისებების განვითარებას, რაც სასარგებლოა, როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ და ვმსახურობთ. სულის ნაყოფის გამოვლენაზე მუშაობა უწყვეტი პროცესია, რადგან მისი განვითარება დაუსრულებლად შეიძლება.

      17. როგორ შეგვიძლია სულის ნაყოფის რომელიმე ნაწილის მეტად განვითარება?

      17 გონივრული იქნებოდა, დავფიქრებულიყავით კითხვაზე: „ცხადყოფს ჩემი სიტყვები და საქმეები, რომ წმინდა სულის ხელმძღვანელობას მივყვები და ამ სულს ჩემში ნაყოფი გამოაქვს?“ (2 კორ. 13:5ა; გალ. 5:25). თუ ვხედავთ, რომ გვჭირდება სულის ნაყოფის რომელიმე ნაწილის განვითარება, საჭიროა წმინდა სულს მეტად მივცეთ ჩვენზე ზემოქმედების საშუალება. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ ვიკითხავთ ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს და გამოვიკვლევთ თითოეულ ამ თვისებას; ამგვარად გავიგებთ, როგორ შეიძლება სულის ნაყოფის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენა, შემდეგ კი ამ თვისებების უფრო მეტად გამოვლენაზე ვიმუშავებთ.a როდესაც ვხედავთ, რა დადებით გავლენას ახდენს ღვთის სულის მოქმედება როგორც ჩვენს, ისე თანაქრისტიანთა ცხოვრებაზე, აშკარად ვხვდებით, რატომ უნდა მივყვეთ სულის ხელმძღვანელობას.

      მიჰყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

      18. რა მაგალითს გვაძლევს იესო ღვთის სულის ხელმძღვანელობის მიყოლასთან დაკავშირებით?

      18 როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა, იესო მის გვერდით იყო, როგორც ოსტატი. ამიტომ მან ყველაფერი იცოდა დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, რომელიც ადამიანებს კომპასის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს (იგავ. 8:30; იოან. 1:3). მაგრამ ბიბლიაში არსად არ არის ჩაწერილი, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო კომპასს იყენებდა. ის კი წერია, რომ ღვთის ძლიერი სული მოქმედებდა მის ცხოვრებაზე. იესო აძლევდა ამ სულს თავის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ის მიჰყვებოდა მის ხელმძღვანელობას და შესაბამისად მოქმედებდა (მარ. 1:12, 13; ლუკ. 4:14). თქვენც ასევე იქცევით?

      19. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წმინდა სულმა გვიხელმძღვანელოს?

      19 დღეს ღვთის მოქმედი ძალა კვლავაც მოქმედებს მათ გონებასა და გულებზე, ვისაც ამ სულის ხელმძღვანელობის მიყოლა სურს. როგორ შეგიძლიათ, პირადად თქვენ, სულს სწორი მიმართულებით წაყვანის საშუალება მისცეთ? გამუდმებით სთხოვეთ იეჰოვას, მოგცეთ თავისი სული და დაგეხმაროთ, მიჰყვეთ მის ხელმძღვანელობას (წაიკითხეთ ეფესოელების 3:14—16 ). იმოქმედეთ თქვენი ლოცვების შესაბამისად და ეძებეთ წმინდა სულით შთაგონებულ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები (2 ტიმ. 3:16, 17). გამოიყენეთ მასში მოცემული გონივრული მითითებები და მთელი გულით მიჰყევით წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ამგვარად მოქმედებით გამოავლენთ რწმენას იმისადმი, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში იეჰოვას საუკეთესოდ შეუძლია ხელმძღვანელობა.

      [სქოლიო]

      a სულის ნაყოფის თითოეული ნაწილის განსახილველად შეგიძლიათ იხილოთ „საგუშაგო კოშკის“ საძიებელში სათაურით „ღვთის სული ნაყოფი“, ქვესათაური: „ჩამოთვლილია სახელები“.

  • ძველი დროის ერთგულ მსახურებს ღვთის სული ხელმძღვანელობდა
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 დეკემბერი
    • ძველი დროის ერთგულ მსახურებს ღვთის სული ხელმძღვანელობდა

      „უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამომგზავნა თავის სულთან ერთად“ (ეს. 48:16).

      1, 2. რა გვჭირდება რწმენის გამოსავლენად და რით იქნება სასარგებლო ღვთის ერთგული მსახურების რწმენის მაგალითების განხილვა?

      ააბელის დროიდან დღემდე მრავალი ავლენდა რწმენას, მაგრამ არა ყველა (2 თეს. 3:2). რატომ აქვს ადამიანს ეს თვისება და რა ეხმარება მას ერთგულების შენარჩუნებაში? ძირითადად, რწმენა ღვთის სიტყვის მოსმენის შედეგად ვითარდება (რომ. 10:17). ის ღვთის სულის ნაყოფის ნაწილია (გალ. 5:22, 23). ამიტომ, რწმენის გამოსავლენად წმინდა სული გვჭირდება.

      2 არასწორი იქნებოდა, თუ დავასკვნიდით, რომ რწმენა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ღვთის სამაგალითო მსახურები, რომელთა შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ჩვენნაირი გრძნობების მქონე“ ადამიანები იყვნენ (იაკ. 5:17). მათთვის უჩვეულო არ იყო ეჭვები, შიში და სისუსტეები, მაგრამ რთულ მდგომარეობაში მათ ღვთის სული აძლიერებდა (ებრ. 11:34). იმის ცოდნა, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვას სული მათ, ძალებს შეგვმატებს, შევინარჩუნოთ ერთგულება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი რწმენა შეიძლება მრავალმხრივ გამოიცადოს.

      ღვთის სული ძალას აძლევდა მოსეს

      3—5. ა) საიდან ვიცით, რომ მოსე წმინდა სულის დახმარებით მოქმედებდა? ბ) რას გვასწავლის მოსეს მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ აძლევს იეჰოვა თავის მსახურებს წმინდა სულს?

      3 ძვ. წ. 1513 წელს მცხოვრებ ყველა ადამიანს შორის მოსე „უთვინიერესი კაცი იყო“ (რიცხ. 12:3). ამ თავმდაბალ ადამიანს ღმერთმა უდიდესი პასუხისმგებლობები დააკისრა. ღვთის სულის ძალით მოსე წინასწარმეტყველებდა, იყო მსაჯული და ისრაელი ერის წინამძღოლი, წერდა ბიბლიის წიგნებს და ახდენდა სასწაულებს (წაიკითხეთ ესაიას 63:11—14 ). მაგრამ ერთხელ მოსემ დაიჩივლა, რომ მისთვის მეტისმეტად მძიმე იყო ამ ტვირთის ტარება (რიცხ. 11:14, 15). ამიტომ იეჰოვამ აიღო მასზე „დავანებული სულის ნაწილი“ და ისრაელის 70 უხუცესზე მოაფინა, რათა ისინი მოსეს მხარში ამოდგომოდნენ (რიცხ. 11:16, 17). მოსე ფიქრობდა, რომ ეს ტვირთი მძიმე სატარებელი იყო, მაგრამ არც ის, და არც 70 უხუცესი, ამ ტვირთს მარტო არ ატარებდნენ.

      4 ღმერთმა მოსეს იმ დონით მისცა წმინდა სული, რამდენიც ამ დავალების შესასრულებლად სჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ცვლილებები მოახდინა, მოსეს კვლავ საკმარისი წმინდა სული ჰქონდა. არც მოსეს ჰქონია საკმარისზე ნაკლები წმინდა სული და არც იმ უხუცესებს საჭიროზე მეტი. იეჰოვა ჩვენი მდგომარეობის შესაბამისი ოდენობით გვაძლევს თავის სულს, რადგან „ღმერთი შეუზღუდავად“, „მისი სისავსიდან“ იძლევა წმინდა სულს (იოან. 1:16; 3:34).

      5 დგახართ განსაცდელის პირისპირ? პასუხისმგებლობების ზრდასთან ერთად, განიცდით დროის დეფიციტს? ფასების ზრდის ან ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ცდილობთ, დააკმაყოფილოთ ოჯახის წევრების ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებები? გაქვთ სერიოზული პასუხისმგებლობები კრებაში? დარწმუნებული იყავით, რომ თავისი სულის დახმარებით, ღმერთს შეუძლია იმდენი ძალა მოგცეთ, რამდენიც თქვენს სიტუაციასთან გასამკლავებლად გჭირდებათ (რომ. 15:13).

      წმინდა სული დაეხმარა ბეცალელს

      6—8. ა) რის გაკეთება შეაძლებინა ღვთის სულმა ბეცალელსა და ოჰოლიაბს? ბ) რა ცხადყოფს, რომ ბეცალელსა და ოჰოლიაბს ღვთის სული ხელმძღვანელობდა? გ) რატომ არის ბეცალელის შემთხვევა განსაკუთრებით გამამხნევებელი?

      6 მოსეს თანამედროვე ბეცალელის შემთხვევა ცხადყოფს, როგორ შეუძლია ღვთის სულს დახმარება (წაიკითხეთ გამოსვლის 35:30—35 ). იეჰოვამ ბეცალელს დაავალა მოემზადებინათ ყველაფერი, რაც კარვისთვის იყო საჭირო. ჰქონდა მას ამის გამოცდილება? შესაძლოა. მაგრამ შეიძლება მისი ბოლო სამუშაო ეგვიპტელებისთვის აგურების დამზადება იყო (გამ. 1:13, 14). როგორ გაართმევდა თავს ბეცალელი ამ რთულ დავალებას? იეჰოვამ „აავსო იგი ღვთის სულით, რათა ჰქონდეს სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა და ყოველგვარი ხელობის ოსტატი იყოს, რომ შეადგინოს გეგმები . . . ყოველგვარი ნაკეთობის გასაკეთებლად“. წმინდა სულის წყალობით ბეცალელის უნარი დაიხვეწა. იგივე შეიძლება ითქვას ოჰოლიაბზეც. ბეცალელი და ოჰოლიაბი ისე კარგად დაეუფლნენ თავიანთ ხელობას, რომ არა მარტო მათთვის დაკისრებულ დავალებას ასრულებდნენ, არამედ სხვებსაც ასწავლიდნენ. მართლაც, ღმერთმა მათ გულში ჩაუდო სწავლების უნარი.

      7 კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბეცალელსა და ოჰოლიაბს ღვთის სული ხელმძღვანელობდა არის ის, რომ მათმა ნამუშევარმა ჟამთა სვლას გაუძლო. მათ ნაკეთობებს დაახლოებით 500 წლის შემდეგაც კი იყენებდნენ (2 მატ. 1:2—6). დღევანდელი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ბეცალელსა და ოჰოლიაბს ნაკეთობებზე თავიანთი სახელები არ მიუწერიათ. მათ სურდათ, რომ შესრულებული სამუშაოს გამო ხალხს მთელი დიდება იეჰოვასთვის მიეგო (გამ. 36:1, 2).

      8 დღეს ჩვენ შეიძლება ისეთი დავალების შესრულება დაგვავალონ, რომელიც გარკვეულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს; მაგალითად, მშენებლობაში მონაწილეობის მიღება, ბეჭდვა, კონგრესების ორგანიზება, დაზარალებულთა დახმარება და სისხლთან დაკავშირებით ბიბლიური პოზიციის საავადმყოფოს პერსონალისთვის ახსნა. ზოგჯერ ამ საქმეებს პროფესიონალები ასრულებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ყველაფერს აკეთებენ მოხალისეები, რომლებსაც პროფესიული ცოდნა არ აქვთ. დავალების წარმატებით შესრულებაში მათ ღვთის სული ეხმარება. ოდესმე გითქვამთ უარი იეჰოვას ორგანიზაციაში რომელიმე დავალების შესრულებაზე იმის გამო, რომ თქვენი აზრით, სხვები უფრო გამოცდილები არიან და უკეთ შეასრულებდნენ ამას? გახსოვდეთ, იეჰოვას სულს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ცოდნისა და უნარის უკეთ გამოყენებაში, რათა შეძლოთ დაკისრებული დავალების შესრულება.

      ღვთის სულის დახმარებით იესო ნავეს ძემ წარმატებას მიაღწია

      9. რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისრაელები ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და რა კითხვა წამოიჭრება?

      9 ღვთის სული მოსესა და ბეცალელის თანამედროვეებსაც ხელმძღვანელობდა. ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლის შემდეგ მალევე ამალეკელებმა ღვთის ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ისრაელებისთვის დადგა დრო, წინააღმდეგობა გაეწიათ მტრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბრძოლაში გამოუცდელები იყვნენ, ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად მოუწიათ ბრძოლაში ჩაბმა (გამ. 13:17; 17:8). ამიტომ მათ სჭირდებოდათ ვინმე, ვინც ბრძოლაში წაუძღვებოდა. ვინ იქნებოდა მათი მხედართმთავარი?

      10. რამ განაპირობა, რომ ისრაელმა იესო ნავეს ძის წინამძღოლობით გამარჯვება მოიპოვა?

      10 ამ საქმისთვის იეჰოვამ იესო ნავეს ძე ამოირჩია. მაგრამ, რის თქმა შეეძლო იესო ნავეს ძეს თავისი საბრძოლო გამოცდილების შესახებ? ვინ იყო ის? მონა, მუშა, რომელიც აგურებს ამზადებდა თუ მანანის შემგროვებელი? იესოს პაპა ელიშამა ეფრემის ტომის თავკაცი იყო და, როგორც ჩანს, 108 100 კაცისგან შემდგარ ისრაელის ერთ-ერთ სამტომიან დანაყოფს წინამძღოლობდა (რიცხ. 2:18, 24; 1 მატ. 7:26, 27). მაგრამ იეჰოვამ მოსეს მეშვეობით ბრძანა, რომ მტრის დასამარცხებლად ჯარს იესო ნავეს ძე გაუძღვებოდა და არა ელიშამა ან მისი ვაჟი ნავე. ბრძოლა თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. იესო ნავეს ძემ დააფასა ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობა, დაემორჩილა მას და შედეგად ისრაელმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (გამ. 17:9—13).

      11. იესო ნავეს ძის მსგავსად, როგორ შეგვიძლია წარმატებით შევასრულოთ ღვთისადმი ჩვენი მსახურება?

      11 მოგვიანებით „სიბრძნის სულით“ სავსე იესო ნავეს ძემ მოსე შეცვალა (კან. 34:9). წმინდა სულს მისთვის არ მიუცია წინასწარმეტყველების ან სასწაულების მოხდენის უნარი, როგორც ეს მოსეს შემთხვევაში იყო, მაგრამ ეს სული დაეხმარა მას ბრძოლებში გაძღოლოდა ისრაელს და ქანაანი დაეპყრო. შეიძლება დღეს ჩვენც ვგრძნობთ, რომ არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება ან უნარი, რომ ღვთის მსახურებაში გარკვეული პასუხისმგებლობები შევასრულოთ. მაგრამ იესო ნავეს ძის მსგავსად შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ წარმატებაში, თუ ზუსტად მივყვებით ღვთის მითითებებს (იეს. 1:7—9).

      „იეჰოვას სულმა მოიცვა გედეონი“

      12—14. ა) რა ჩანს იმ ფაქტიდან, რომ 300-მა კაცმა სძლია მიდიანელთა მრავალრიცხოვან ლაშქარს? ბ) როგორ განამტკიცა ღმერთმა გედეონი? გ) როგორ განგვამტკიცებს ღმერთი დღეს ჩვენ?

      12 იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ იეჰოვა თავის ძალით კვლავაც აძლიერებდა თავის ერთგულ მსახურებს. წიგნ „მსაჯულებში“ ვკითხულობთ მრავალი უძლურის შესახებ, რომლებიც ძლიერდებოდნენ (ებრ. 11:34). წმინდა სულის საშუალებით ღმერთმა გედეონს ძალა მისცა, რომ ებრძოლა თავისი ხალხის სასარგებლოდ (მსაჯ. 6:34). აღსანიშნავია, რომ გედეონის ჯარი მიდიანელების ჯართან შედარებით ოთხჯერ მცირერიცხოვანი იყო. მაგრამ იეჰოვას თვალში ისრაელის ეს მცირე ჯარიც კი მრავალრიცხოვანი ჩანდა. იეჰოვამ გედეონს ორჯერ შეამცირებინა ჯარი ისე, რომ საბოლოო ჯამში, ერთ ისრაელ მეომარზე 450 მიდიანელი მოდიოდა (მსაჯ. 7:2—8; 8:10). ეს შეფარდება იეჰოვასთვის მოსაწონი იყო. თუ ისრაელები ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებდნენ, განა ვინმე იფიქრებდა, რომ ეს ადამიანური ძალისხმევისა თუ სიბრძნის დამსახურება იყო?!

      13 გედეონი და მისი ჯარისკაცები თითქმის მზად იყვნენ. ამ მცირერიცხოვან რაზმში რომ ყოფილიყავით, იგრძნობდით თავს უსაფრთხოდ, რადგან გეცოდინებოდათ, რომ ყველა, ვისაც ეშინოდა და ვინც ფხიზლად არ იყო, სახლში დააბრუნეს? შიში ხომ არ აგიტანდათ იმაზე ფიქრისას, თუ როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი? ჩვენ არ ვიცით, რას გრძნობდა გედეონი იმ დროს. მაგრამ ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უთხრა (წაიკითხეთ მსაჯულების 7:9—14 ). იეჰოვას საყვედური არ უთქვამს გედეონისთვის იმის გამო, რომ ნიშანი სთხოვა. გედეონს, უბრალოდ, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ იეჰოვა მასთან იყო (მსაჯ. 6:36—40). ღმერთმაც განამტკიცა მისი რწმენა.

      14 იეჰოვას ძალა უსაზღვროა. მას შეუძლია იხსნას თავისი ხალხი ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან. ღმერთს შეუძლია ამისათვის ისეთი ადამიანებიც კი გამოიყენოს, რომლებიც ერთი შეხედვით უმწეონი და სუსტნი ჩანან. ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ბევრი ადამიანია ან გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ არ მოველით, რომ ღმერთი ხილულ ნიშანს მოგვცემს, როგორც გედეონს მისცა, მაგრამ ღმერთს შეუძლია თავისი სიტყვისა და წმინდა სულით მოქმედი კრების საშუალებით გვიხელმძღვანელოს და გვანუგეშოს (რომ. 8:31, 32). იეჰოვას მიერ სიყვარულით მოცემული დაპირებები რწმენას გვიმტკიცებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ის მართლაც ჩვენი დამხმარეა.

      „გადმოვიდა იფთახზე იეჰოვას სული“

      15, 16. საიდან ჰქონდა იფთახის ქალიშვილს სწორი განწყობა და რისკენ უნდა აღძრას ამან მშობლები?

      15 განვიხილოთ სხვა მაგალითი. როდესაც ისრაელები ამონელებს უნდა შებრძოლებოდნენ, იეჰოვას სული „გადმოვიდა იფთახზე“. მას სურდა გამარჯვება, რათა იეჰოვას სახელი განდიდებულიყო, და დადო აღთქმა, რომელიც ძვირად დაუჯდა. ის ღმერთს შეჰპირდა, რომ თუ ამონელებს ხელში ჩაუგდებდა, იეჰოვას შესწირავდა მას, ვინც თავისი სახლიდან პირველი გამოეგებებოდა. ბრძოლიდან გამარჯვებით დაბრუნებულს, პირველი თავისი ქალიშვილი გამოეგება (მსაჯ. 11:29—31, 34). იყო ეს იფთახისთვის მოულოდნელი? ალბათ, არა, რადგან მას ერთადერთი შვილი ჰყავდა. მან შეასრულა თავისი აღთქმა და ქალიშვილი შილოში გაგზავნა, სადაც ის საწმინდარში იეჰოვას განსაკუთრებულ მსახურებას შეუსრულებდა. იფთახის ქალიშვილი იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი იყო, ამიტომ სწამდა, რომ მამის აღთქმა უნდა შეესრულებინა (წაიკითხეთ მსაჯულების 11:36 ). ორივე მათგანს საჭირო ძალა იეჰოვას სულმა მისცა.

      16 როგორ განივითარა იფთახის ქალიშვილმა თავგანწირვის ასეთი სულისკვეთება? ეჭვგარეშეა, მისი რწმენის განმტკიცება მამის გულმოდგინებამ და ღვთისადმი ერთგულებამ განაპირობა. მშობლებო, თქვენი მაგალითი ბავშვებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ გჯერათ ის, რასაც ამბობთ. შვილები ისმენენ თქვენს მხურვალე ლოცვებს, ყურადღებას აქცევენ, თუ როგორ ასწავლით და ხედავენ, როგორ ცდილობთ მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას. ყოველივე ეს, ალბათ, დაეხმარება მათ, განივითარონ იეჰოვას მსახურების სურვილი. ეს კი სიხარულს მოგანიჭებთ.

      „ამოქმედდა სამსონზე იეჰოვას სული“

      17. რა მოიმოქმედა სამსონმა ღვთის სულით?

      17 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ფილისტიმელებმა ისრაელები დაიპყრეს. მაშინ „დაიწყო იეჰოვას სულმა . . . მოქმედება“ სამსონზე, რათა ეხსნა ისრაელი (მსაჯ. 13:24, 25). ღმერთმა სამსონს საოცარი, შეუდარებელი ძალა მისცა. ერთხელ, როცა ფილისტიმელთა წაქეზებით თავად ისრაელებმა შებოჭეს სამსონი, „ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული; მხრებზე შემოხვეული თოკები დამწვარ სელს დაემსგავსა და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა“ (მსაჯ. 15:14). მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სამსონმა სერიოზული შეცდომის გამო ფიზიკური ძალა დაკარგა, თავისი ცხოვრების ბოლო მომენტში „რწმენით“ გაძლიერდა (ებრ. 11:32—34; მსაჯ. 16:18—21, 28—30). იეჰოვას სული სასწაულებრივად ამოქმედდა მასზე, ვინაიდან სამსონი განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, ეს შემთხვევა ჩვენთვის ძალიან გამამხნევებელია. რატომ?

      18, 19. ა) რაში გვარწმუნებს სამსონის მაგალითი? ბ) რაში დაგეხმარათ პირადად თქვენ ამ სტატიაში განხილული ღვთის ერთგული მსახურების მაგალითები?

      18 ჩვენც იმავე სულზე ვართ მინდობილი, რომელიც სამსონს ეხმარებოდა. ეს ვლინდება იმ საქმის შესრულებისას, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, კერძოდ, „ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქ. 10:42). ამ დავალების შესასრულებლად საჭიროა უნარი, რომელიც ბუნებრივად არ გვაქვს. რამდენად მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ თავისი სულით გვეხმარება ჩვენთვის მონდობილი სხვადასხვა დავალების შესრულებაში! ამგვარად ესაია წინასწარმეტყველის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: „ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა“ (ეს. 48:16, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). დიახ, საქადაგოდ ღვთის სული გვგზავნის. იეჰოვა კვლავაც გვეხმარება, დავხვეწოთ ჩვენი უნარი, როგორც ის მოსეს, ბეცალელსა და იესო ნავეს ძეს დაეხმარა. ჩვენ ვიყენებთ „სულის მახვილს, ანუ ღვთის სიტყვას“ და დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა მოგვცემს ძალებს, როგორც ეს იყო გედეონის, იფთახისა და სამსონის შემთხვევაში (ეფეს. 6:17, 18). თუ იეჰოვაზე ვართ მინდობილი და დაბრკოლებების გადასალახავად მისგან ველით დახმარებას, შეგვიძლია სულიერად ისევე გავძლიერდეთ, როგორც სამსონი — ფიზიკურად.

      19 ცხადია, იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც გაბედულად დგება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს. ჩვენი რწმენა უფრო მტკიცე ხდება, თუ მივყვებით ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც არაერთი მაგალითია მოცემული იმ ერთგული მსახურების, რომლებიც ღვთის სულის ხელმძღვანელობით დადიოდნენ. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვას სული პირველ ქრისტიანებზე, როგორც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე, ისე მის შემდეგ.

  • ღვთის სულის ხელმძღვანელობა პირველ საუკუნეში და დღეს
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 დეკემბერი
    • ღვთის სულის ხელმძღვანელობა პირველ საუკუნეში და დღეს

      „ამ ყველაფერს ერთი და იგივე სული აკეთებს“ (1 კორ. 12:11).

      1. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

      ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე აღმაფრთოვანებელი მოვლენები მოხდა (საქ. 2:1—4). ამ დროს პირველი საუკუნის ქრისტიანებზე წმინდა სულის გადმოსვლით ცხადი გახდა, რომ ღმერთმა თავისი მსახურებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. წინა სტატიაში განვიხილეთ, რომ ღვთის სული სხვადასხვაგვარად ეხმარებოდა პირველ საუკუნემდე მცხოვრებ ერთგულ მსახურებს, ზედმიწევნით შეესრულებინათ რთული დავალებები. მაგრამ, რა განსხვავებული სახით მოქმედებდა ღვთის სული პირველი საუკუნის ქრისტიანებზე? და როგორ მოქმედებს ღვთის სული ქრისტიანებზე დღეს? მოდი, განვიხილოთ.

      „იეჰოვას მხევალი ვარ“

      2. წმინდა სულის რა გამოვლინება იხილა მარიამმა?

      2 მარიამი ზემოთა დიდ ოთახში იყო, როდესაც იერუსალიმში მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა (საქ. 1:13, 14). მაგრამ ამ მოვლენამდე სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ მან იეჰოვას სულის სხვაგვარი სასწაულებრივი გამოვლინება იხილა. იეჰოვამ თავისი ძის სიცოცხლე ქალწულ მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. ეს ყველაფერი „წმინდა სულით“ მოხდა (მათ. 1:20).

      3, 4. რა განწყობა ჰქონდა მარიამს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

      3 რატომ აირჩია ღმერთმა მარიამი ამ განსაკუთრებული მისიისთვის? მას შემდეგ, რაც მარიამმა ანგელოზისგან ღვთის განზრახვა გაიგო, თქვა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკ. 1:38). მარიამის რეაქციიდან მისი გულის მდგომარეობა გამოჩნდა, რაც ღმერთს უკვე შემჩნეული ჰქონდა. მისმა დაუყოვნებელმა პასუხმა ცხადყო, რომ ის მზად იყო, შეესრულებინა ღვთის ნება. მარიამს არც კი უკითხავს, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს მის ორსულობაზე ან როგორ იმოქმედებდა ეს საქმროსთან მის ურთიერთობაზე. იმის თქმით, რომ ღვთის მხევალი იყო, მარიამმა იეჰოვასადმი სრული ნდობა გამოავლინა.

      4 ზოგჯერ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავს ვერ ართმევთ სირთულეებსა და ღვთის მსახურებაში დაკისრებულ პასუხისმგებლობებს? კარგია, თუ თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავს ჰკითხავს: სრულად ვარ მინდობილი იეჰოვაზე და მჯერა, რომ ის აუცილებლად იმოქმედებს თავისი განზრახვის შესაბამისად? ნამდვილად ვავლენ მზადყოფნის სულს? დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი აძლევს თავის სულს მათ, ვინც მთელი გულით ენდობა და ემორჩილება მის მმართველობას (საქ. 5:32).

      პეტრეს წმინდა სული დაეხმარა

      5. რა და რა სახით დაინახა პეტრემ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე წმინდა სულის მოქმედება?

      5 მარიამის მსგავსად, მოციქულმა პეტრემაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის წმინდა სულის დიდი ძალა. იესომ მას და სხვა მოციქულებს დემონების განდევნის ძალა მისცა (მარ. 3:14—16). ბიბლიაში ბევრი ინფორმაცია არ არის მოცემული იმის შესახებ, რომ პეტრე იყენებდა ამ ძალას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე იყო. ღვთის ძალა მაშინაც გამოვლინდა, როდესაც პეტრე გალილეის ზღვაზე წყალდაწყალ გაემართა იესოსკენ (წაიკითხეთ მათეს 14:25—29 ). ცხადია, პეტრე მინდობილი იყო წმინდა სულზე და ეს სული დაეხმარა მას ძლევამოსილი საქმეების კეთებაში. მალე ღვთის სული პეტრესა და სხვა მოწაფეებს ბევრი სხვა საქმის კეთებაში დაეხმარებოდა.

      6. ღვთის სულის დახმარებით რის გაკეთება შეძლო პეტრემ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და მის შემდეგ?

      6 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრესა და სხვებს მიეცათ სასწაულებრივი უნარი, იერუსალიმში ჩასულებს მათივე ენებზე დალაპარაკებოდნენ. შემდეგ პეტრე იქ შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა (საქ. 2:14—36). დიახ, ამ მამაკაცს, რომელიც ზოგჯერ იმპულსური იყო და ზოგჯერ შიშიც იპყრობდა, წმინდა სულმა მისცა ძალა, მუქარისა და დევნის მიუხედავად, გაბედულად ექადაგა (საქ. 4:18—20, 31). წმინდა სულით პეტრემ კონკრეტული ინფორმაცია მიიღო (საქ. 5:8, 9). ამ სულის დახმარებით მან მკვდარიც კი აღადგინა (საქ. 9:40).

      7. იესოს რომელი სწავლებები გახდა პეტრესთვის ნათელი მხოლოდ სულით ცხების შემდეგ?

      7 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდეც კი იესოს სწავლებებიდან პეტრესთვის ბევრი რამ ნათელი იყო (მათ. 16:16, 17; იოან. 6:68). მაგრამ გარკვეულ დეტალებს მისთვის მხოლოდ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ მოეფინა ნათელი. მაგალითად, პეტრეს არ ესმოდა, რომ ქრისტე მესამე დღეს აღდგებოდა, როგორც სულიერი ქმნილება და, რომ მისი სამეფო ზეცაში იქნებოდა (იოან. 20:6—10; საქ. 1:6). მისთვის უცხო იყო აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანს შეეძლო გამხდარიყო სულიერი ქმნილება და ზეციერ სამეფოში მმართველი ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც თავად მოინათლა წმინდა სულით და ზეციერი ცხოვრების იმედი მიეცა, ის ჩასწვდა ამ საკითხებთან დაკავშირებით იესოს სწავლებებს.

      8. რა ცოდნის მიღება შეუძლიათ სულითცხებულებსა და „სხვა ცხვრებს“?

      8 წმინდა სულის მიღების შემდეგ იესოს მოწაფეები ჩასწვდნენ სწავლებებს, რომლებიც ადრე მათთვის გაუგებარი იყო. ღვთის შთაგონებით ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა ჩვენ სასარგებლოდ ღვთის განზრახვის საოცარი დეტალები ჩაწერეს (ეფეს. 3:8—11, 18). დღეს სულითცხებულები და „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები ერთი და იმავე სულიერი საზრდოთი იკვებებიან (იოან. 10:16). აფასებთ ღვთის სიტყვიდან მიღებულ შემეცნებასა და მისი მნიშვნელობის გაგებას, რაც წმინდა სულის დახმარებით არის შესაძლებელი?

      პავლე „წმინდა სულით აღივსო“

      9. რა გააკეთა პავლემ წმინდა სულის დახმარებით?

      9 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ღვთის ძღვენი, წმინდა სული, მიიღო სავლემ, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც პავლე. წმინდა სულის დახმარებით პავლემ ისეთი საქმეები მოიმოქმედა, რასაც დღეს ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს. მან ღვთის შთაგონებით ბიბლიის 14 წიგნი დაწერა. და როგორც პეტრეს შემთხვევაში იყო, პავლესაც ღვთის სული დაეხმარა, გაეგო და ნათლად აღეწერა უკვდავი და უხრწნელი ზეციერი ცხოვრების შესახებ იმედი. წმინდა სულის დახმარებით პავლე კურნავდა ავადმყოფებს, დევნიდა დემონებს და მკვდარიც კი აღადგინა. მაგრამ ღმერთი წმინდა სულს პავლეს უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვისაც აძლევდა, თუმცა დღეს ამ საქმის შესასრულებლად ღვთის მსახურები ძალას სასწაულებრივად არ იღებენ.

      10. როგორ დაეხმარა წმინდა სული პავლეს გაბედულად ლაპარაკში?

      10 პავლე „წმინდა სულით აღივსო“ და გაბედულად ელაპარაკა ჯადოქარს. მისმა საუბარმა კვიპროსის პროკონსულზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მიიღო ჭეშმარიტება და „განცვიფრებული იყო იეჰოვას სწავლებით“ (საქ. 13:8—12). ცხადია, პავლემ კარგად იცოდა, რომ მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით შეეძლო ჭეშმარიტებაზე გაბედულად ლაპარაკი (მათ. 10:20). მოგვიანებით მან ეფესოს კრებას სთხოვა, განუწყვეტლივ ელოცათ მისთვის, რათა მისცემოდა „ლაპარაკის შესაძლებლობა“ (ეფეს. 6:18—20).

      11. როგორ ხელმძღვანელობდა ღვთის სული პავლეს?

      11 წმინდა სული ზოგჯერ ეხმარებოდა პავლეს ქადაგებაში, ზოგჯერ კი გარკვეულ ტერიტორიებზე უკრძალავდა ლაპარაკს. მისიონერული მოგზაურობის დროს მას ღვთის სული ხელმძღვანელობდა (საქ. 13:2; წაიკითხეთ საქმეების 16:6—10 ). იეჰოვა თავისი სულით დღესაც ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმიანობას. იეჰოვას მორჩილი მსახურები ცდილობენ, პავლეს მსგავსად გაბედულად და გულმოდგინედ იქადაგონ ჭეშმარიტება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იეჰოვა თავის სულს განსხვავებულად იყენებს, ვიდრე ამას პავლეს დროს აკეთებდა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის სული გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარება (იოან. 6:44).

      „მოქმედებაც სხვადასხვაგვარია“

      12—14. ერთნაირად მოქმედებს წმინდა სული ღვთის ყველა მსახურზე? ახსენით.

      12 დღეს ღვთისთვის მიძღვნილ მსახურებს განა არ გვამხნევებს, როდესაც ვკითხულობთ, როგორ აკურთხა იეჰოვამ პირველ საუკუნეში ცხებულებისგან შემდგარი ქრისტიანული კრება? რა თქმა უნდა. გავიხსენოთ წმინდა სულის სასწაულებრივი ძღვნის შესახებ კორინთის კრებისთვის ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ მიწერილი სიტყვები: „ძღვენი სხვადასხვაგვარია, სული კი იგივეა. მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ უფალი იგივეა. მოქმედებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ იგივეა ღმერთი, რომელიც ყველა ამ მოქმედებას ასრულებს ყველაში“ (1 კორ. 12:4—6, 11). დიახ, ღვთის კონკრეტული განზრახვის შესაბამისად, წმინდა სული სხვადასხვაგვარად მოქმედებს ღვთის მსახურებზე. ეს სული მოქმედებს, როგორც ქრისტეს „მცირე სამწყსოზე“, ისე „სხვა ცხვარზე“ (ლუკ. 12:32; იოან. 10:16). მაგრამ ის ყოველთვის ერთნაირად არ მოქმედებს კრების თითოეულ წევრზე.

      13 მაგალითად, უხუცესები წმინდა სულით ინიშნებიან (საქ. 20:28). მაგრამ ყველა სულითცხებული არ არის კრების ზედამხედველი. რა შეგვიძლია აქედან დავასკვნათ? ის, რომ ღვთის სული კრების წევრებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.

      14 ეს სული, რომელიც ცხებულებს უმოწმებს, რომ „შვილების სული“ მიიღეს, იგივე სულია, რომელიც იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძის მკვდრეთით აღსადგენად გამოიყენა (წაიკითხეთ რომაელების 8:11, 15 ). ამ სულით შექმნა იეჰოვამ მთელი სამყარო (დაბ. 1:1—3). ამავე სულით დაეხმარა იეჰოვა ბეცალელს, დაეხვეწა უნარი, რომ კარვისთვის განსაკუთრებული სამუშაო შეესრულებინა; სამსონს მისცა საოცარი ძალა, რომ არაჩვეულებრივი საქმეები გაეკეთებინა; აგრეთვე პეტრეს წყალზე სიარული შეაძლებინა. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ერთია, ქრისტიანი იყოს ღვთის სულით ცხებული და მეორე — მიჰყვებოდეს ამ სულის ხელმძღვანელობას. სულით ცხება კი ღვთის არჩევანზეა დამოკიდებული.

      15. მარადიულად გაგრძელდება წმინდა სულით ნათლობა? ახსენით.

      15 ღვთის წმინდა სული ყოველთვის მრავალი სახით მოქმედებდა მის ერთგულ მსახურებზე. ვიდრე ღმერთი თავის მსახურებზე წმინდა სულს გადმოაფრქვევდა, ის ღვთის ერთგულ ადამიანებზე ათასობით წლით ადრეც მოქმედებდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული განსხვავებული სახით ამოქმედდა, მაგრამ მისი ამგვარი მოქმედება მარადიულად არ გაგრძელდება. წმინდა სულით ნათლობა შეწყდება, მაგრამ ღვთის ხალხზე სულის მოქმედება მთელი მარადიულობის განმავლობაში გაგრძელდება.

      16. რას აკეთებენ ღვთის მსახურები დღეს წმინდა სულის დახმარებით?

      16 რა განსაკუთრებული სახით მოქმედებს იეჰოვას წმინდა სული დღეს დედამიწაზე? ამ კითხვაზე პასუხს გამოცხადების 22:17-დან ვიგებთ: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი». ღვთის სულით აღძრული ქრისტიანები დღეს ყველა მსურველს იწვევენ, აიღონ „სიცოცხლის წყალი“. ცხებული ქრისტიანები ხელმძღვანელობას უწევენ ამ საქმიანობას, სხვა ცხვარი კი მათთან თანამშრომლობს. ორივე ჯგუფი ამ საქმეს ერთი და იმავე სულის ხელმძღვანელობით აკეთებს და იეჰოვასადმი თავის მიძღვნას ცხადყოფს იმით, რომ ინათლება „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათ. 28:19). თითოეული მათგანი ღვთის სულს საშუალებას აძლევს, იმოქმედოს მათ ცხოვრებაზე და განივითარონ სულის ნაყოფი (გალ. 5:22, 23). ცხებულების მსგავსად, სხვა ცხვარიც ღვთის სულს დახმარების საშუალებას აძლევს. ამ სულით ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, შეესაბამებოდნენ სიწმინდის შესახებ იეჰოვას მოთხოვნებს (2 კორ. 7:1; გამოცხ. 7:9, 14).

      ითხოვეთ წმინდა სული

      17. როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ღვთის სული გაქვთ?

      17 რა იმედიც არ უნდა გქონდეთ, ზეციერი თუ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების, იეჰოვას შეუძლია მოგცეთ „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა შეინარჩუნოთ უმწიკვლობა და მიიღოთ ჯილდო (2 კორ. 4:7). შეიძლება დაგცინონ იმის გამო, რომ განაგრძობთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. მაგრამ გახსოვდეთ: „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტ. 4:14).

      18, 19. როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა თავისი წმინდა სულით და რა გაქვთ გადაწყვეტილი ამასთან დაკავშირებით?

      18 წმინდა სული ღვთის ძღვენია მათთვის, ვინც მას გულწრფელად ეძებს. ამ სულს შეუძლია არა მარტო გარკვეული უნარი დაგვიხვეწოს, არამედ ღვთის მსახურების სურვილიც გაგვიძლიეროს. „ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“. წმინდა სულის ძვირფას ძღვენთან ერთად ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა შეგვაძლებინებს, „მაგრად ჩავეჭიდოთ სიცოცხლის სიტყვას“ და „კვლავაც ვიღვაწოთ ჩვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილ. 2:12, 13, 16).

      19 როდესაც სრულად მივენდობით ღვთის სულს, მაშინ მთელი გულით შევასრულებთ ნებისმიერ დავალებას, დავიხვეწებით ნებისმიერ საქმეში, რასაც დაგვავალებენ და დახმარებისთვის ყოველთვის იეჰოვას მივმართავთ (იაკ. 1:5). ღმერთი დაგვეხმარება, ჩავწვდეთ მის სიტყვას, გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს და ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა. „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“, — ნათქვამია ბიბლიაში. ამაში ღვთის სულის თხოვნაც შედის (ლუკ. 11:9, 13). ამიტომ განაგრძეთ იეჰოვასთვის იმის თხოვნა, რომ იყოთ ძველ დროში მცხოვრები თუ თანამედროვე ღვთის იმ ერთგულ მსახურთა მსგავსნი, რომლებიც წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება